Litclub.ge

რუხი მგელი
«ვიშ, რა მშვენიერად მოჩანს ჩვენი საწიოკე მთა!» - წამოიძახა ერთ ზაფხულის დილას სამსონ ჯიბიაშვილმა, რომელიც გამოსულიყო თავის სახლის განიერ აივანზე პერანგის ამარა და იცქირებოდა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, საიდანაც ამომავალი მზის სხივები ოქროს ფერად ღელავდა ჩაბურულს მთის კალთებში და ჯერ კიდევ ჩაბნელებული ღრმა ჭალები სინათლეზე გამოჰყავდა. 

სამსონ ჯიბიაშვილი იყო ერთი კარგად ჩასუქებული სოფლის «ადვოკატი» ანუ, ჩვენებურად რომ ვსთქვათ, ვექილი, რომელსაც ყირიმის ომის დროს სასულიერო აკადემია გაეთავებინა და სახაზინო პალატაში «სტოლონაჩალნიკათ» შესულიყო. იქ რამდენსამე წელს ემსახურნა და ადრე მიმხვდარიყო კანცელარიის პოლიტიკას, რომლის გულისთვისაც მას ბეღლის თაგვი უწოდეს. ბეღლის თაგვს, როგორც მოგეხსენებათ, სახრავი თავის დღეში არ გამოელევა, მაგრამ სამსონს-კი მეტად ჩქარა ელეოდა საკანცელარიო მასალა, ესე იგი კალმის დანები, კარანდაშები და საწერი ქაღალდები. ხშირად იტყოდა მისი უფროსი: ეს ურჯულო სამსონ რას ჩადის, რას უშვრება ამდენ კალამ-კარანდაშებს და დანა-ქაღალდებს?! ეგ ისეთ ხვრას მიეჩვია, ვინძლო, კანცელარიის ზანდუკები და განჯინებიც დახრასო. - სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, - განივლო გულში სახაზინო პალატის უფროსმა და ამისთვის მეტი საშუალება ვეღარა მოახერხა-რა, გადასწყვიტა სამსონის დაუყოვნებლივ «განპატიჟება». სამსონ ჯიბიაშვილი სრულებითაც არ შეწუხებულა ამითი, რადგან, როგორც თაგვს ბასრი კბილები, ისე იმას ბასრი კალამი ჰქონდა ყურში გაჩრილი საფხაჭუნოდ. ორი თვეც არ გასულა, რომ ჩვენ სამსონ ჯიბიაშვილს ვხედავთ მაზრის უფროსის თანაშემწედ. მაგრამ ვერც აქ მოვლო დიდ ხანს. მისმა მსუნაგობამ და დაუდგრომელმა ხასიათმა მოთმინებიდან გამოიყვანა იმ დროის გაურავებული ზოგიერთი მებატონეთაგანი, რომელთაც ხელი შესდვეს და კარგათაც გათქირეს გრძელ-ქუსლებიან ჩექმებ ქვეშ. «ჩიტი ფცქვნათ არა ღირსო», - იფიქრა გულში სამსონმა, მიანება თავი სახელმწიფო სამსახურს და, კანონებში კარგად გამოჩარხული, ელოდა ახალ დროს, ახალი სამართლის შემოსვლას, რომ დაჩაგრულების ვექილათ გამხდარიყო და კანცელარიის განჯინების მაგიერათ ხალხის ჯიბე გამოეხრა. იგი მისდევდა ქართულ ანდაზას: 
«სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულიაო». 
აი, ამისთანა ხასიათს გაესუქებინა კიდეც ჩვენი სამსონ ჯიბიაშვილი. მისი მოკლე კისერი ურმის მორგვს ჰგავდა, რომელზედაც თათრული გოგრის სიმსხო თავი დამხობოდა. მისი ბეჭებ-წახრილი ტანი კოკა-ნახევრიან გაბერილ ტიკს მოგაგონებდათ, რომელიც ორ მომსხო და მოკაკუჭებულ ფეხზე იყო შესკუპებული. 
ტიტველი კოტიტა ფეხის თითები დილას ფოსტლებში ჩაეყო სამსონსა, გრძელ ტარიანი ჩიბუხი ხელში დაეჭირა და როცა აივანზე მიდი-მოდიოდა, მის ფეხის გულებზე ფოსტლებს ტკაცა-ტკუცი გაჰქონდა, თან ხვნეშოდა, თან ჩიბუხს აბოლებდა, თან იძახოდა: «ოჰ, ოჰ, ოჰ!! რა სიცხე იყო წუხელი, რა ბუღი, რა სულთახუთვა!.. მთელი ღამე ლული არ მომკიდებია თვალებზე, სულ კიტრივით ვგორავდი!» მაგრამ ვისაც მისი შუადღის ძილი ენახა და მის ზმუილა ხვრინისათვის ყური მოეკრა, იგი აღარ გაიკვირვებდა მის საჩივარსა. სადილს შემდეგ რომ გაგორდებოდა, დღე-და ღამის გაყრამდი თვალებსაც აღარ გამოაჭყეტდა. მაგიერად მზე ვერასოდეს ვერ მოასწრებდა ამოსვლას. სამსონის სახლი ისეთ სერზე იყო გამოჭიმული, რომ არც დილის ნიავი დააკლდებოდა და არც შუადღის სიო, ირიჟრაჟებდა თუ არა, სამსონი მაშინვე აივანზე გავარდებოდა, გაღიაღებულ ბანჯგვლიან გულ-მკერდს გულის ნიავს მიაპყრობდა და იყო ასე ერთხანს საგრილებელზე ხარლაღსავით გაჩერებული. იგი შესცქეროდა საწიოკე მთასა, საიდანაც მოჰქროდა სულის ჩამდგმელი სიგრილე. ეს თვალ გაუწვდენელი მამული ბარიდან მოკიდებული კავკასიის მთის იღლიამდე იყო შეფენილი. ალაგ-ალაგ ისეთი ჩანჩქერები და ჩხრიალები გადმოჰქუხდნენ მთების ხეობებში, რომ მათის ხმისაგან ყურთა სმენა აღარ იყო. ხევის წყლების ძლიერება მათგან წამოღებულ უზარ-მაზარ ხეებს ეტყობოდა, რომელნიც მთის მიხვეულ-მოხვეულებში ერთმანეთს გადაჭდობოდენ, გახიდულიყვენ და ზედ ხევის წყალი აქაფებული ღრიალით ეხეთქებოდა და მუსრავდა უზარ-მაზარ ხეების ტოტებს ნაწილ-ნაწილათ. ამ გაშმაგებულ ხევის წყალს ზოგგან მთელი გორის ფერდები ზვავათ ჩამოექცია და ზოგჯერ ისეთი კლდის ნამზღვლევები აეგორებინა, რომ სიგანითა და სიმაღლით ორ-სართულიან ქვითკირის სახლებს მოაგონებდა კაცსა. მთაგრეხილები დაბურული ტყეებით იყო მოცული და ქედი-ქედს გადახლართოდა. ზოგგან მთებს კალთები შეეკეცა, ჭალები გაეგანიერებინა და გაშლილ ვაკე-გორებზე აქა-იქ მოჩანდა ფიცრული დარბაზები ეზო-გარემოიანად და ყანა-საბალახოიანად. შორს კავკასიის ქედი, თეთრი არშიით ზურგ-მოვარაყებული, რგოლად შემორტყმოდა ამ მთასა. აი, ასეთი ქედი-ქედს, გორი-გორს, ხევი-ხევს, ველი-ველს მიდგმული მთიანი ადგილები შეადგენდა საერთო გაუყოფელ მამულს, რომელსაც საწიოკე მთა ერქვა. შიგადაშიგ მთაში გაფანტულიყვნენ დროებითი ვალდებული გლეხები. მათ გარდა მრავალი ოსიც იყო ხიზნად ჩამოსახლებული ამ მთაში. ესენი უფრო მიუდგომელ ადგილებს ირჩევდენ სამოსახლოთ კლდის ნაპრალებში, რომ საწიოკე მთის მებატონეებს მათი ხშირად სტუმრობა გასჭირვებოდათ. ისინი აშენებდენ საქონელს, გაემრავლებინათ თხის ჯოგები, ეს უწყალო მტერი ახალ-გამოღებული ტყის კვირტებისა: აკეთებდენ ყველსა და ერბოს, აგროვებდენ თაფლს, თუ-კი სადმე წაატყდებოდენ ფუღურო ხეში გარეულ ფუტკარსა, ნადირობდენ კლდის ნაპრალებში არჩვებზე და ჯიხვებზე, მდინარეებში იჭერდენ კალმახსა და ორაგულს. ზაფხულობით მოაწყობდენ მთის ნაკადულზე სახარატო და სათლელ ჩარხებსა, თლიდენ ხის ჭურჭელსა, ჯამებს, გობებს, კოვზებს და ფიცრებს. 
საწიოკე მთა ეკუთვნოდა ას კომლ მებატონეს, რომელთა შორის ირიცხებოდა სამსონ ჯიბიაშვილიც. ეს მებატონეები ყველანი, სამსონის გარდა, ესახლენ საწიოკე მთის შესავალში, დიდ-ხევის პირად სერებზე და შიგ ჭალაში მიმოფანტულნი. ამ მთაში სხვა გზით ვერავინ შევიდოდა, თუ არ მებატონეების სოფლიდგან. 
თვითონ სამსონ ჯიბიაშვილი ესახლა სხვა სოფელში, ათი ვერსის მანძილზე საწიოკე სოფლიდან. მას სხვა საქმე არ ჰქონდა, ყოველთვის სასამართლოს კარზე იყო ატუზული და მოსამართლეც სასწორს იმისკენ ხრიდა. ამიტომაც მისი ხათრი ყველას ჰქონდა - მებატონეს, გლეხსა და ხიზანსაც. იმას არა ერთხელ დაეწიოკებინა საწიოკე მთის მცხოვრებლები სამოსამართლო ბოქაულის წყალობით. სამსონს ეგრე რიგათ არ უყვარდა თვითონ მთაში სიარული, მაგრამ ან თუ მებატონეები ოსებს მიუხტებოდენ, ან თუ სხვებს ვისმე დააწიოკებდენ, არც ერთი ამისთანა ამბავი მას არ გამოეპარებოდა. როგორც-კი შეიტყობდა, მთაში «საჭმო» გაჩენილაო, ისიც მაშინვე ამხედრდებოდა თავის ლურჯაზე, რომ საუფლისწულო არ დაჰკარგოდა. აი, ამიტომაც უყვარდა მას თავის სახლის აივანზე ჯდომა და საწიოკე მთისკენ ცქერა. 
მისი პატარა ციმციმა თვალები ძლივღა ბჟუტავდენ სიმსუქნით დასივებულ ლოყებში, მაგრამ სამაგიეროთ მათი სახედველი შუქი შორს წვდებოდა. ათ, თხუთმეტ ვერსზე ღობე-მძვრალა ჩიტიც ვერ აფრინდებოდა, რომ მის თვალებს არ შეენიშნა. მას არ გამოეპარებოდა საწიოკე სოფლიდან გამოსული ცხენოსანი. იმას ჰყავდა საწიოკე მთის მებატონეებში ერთი გულითადი მეგობარი აზნაური ავთანდილ კვიმატაძე. იმის სისვა ცხენს ათას ცხენში გამოიცნობდა. 

II 
ავთანდილ კვიმატაძე ერთი საწიოკე მთის მებატონეთაგანი იყო. ცხონებულ მამა-მისს მეასედი მონაწილეობა ერგებოდა საწიოკე მთაში, მაგრამ რადგან მის სიკვდილს შემდეგ ოთხი ვაჟკაცი დარჩა, ამისთვის ავთანდილ კვიმატაძეს გაუყოფელ მთაში მეოთხასედი-ღა თუ ექნებოდა. ძმები რომ გაიყარენ, მას აქეთ ათი წელი მეტი იყო, მაგრამ ავთანდილ კვიმატაძე მაინც ჯერ კიდევ ვერ დასახლებულიყო, როგორც შეეფერებოდა ჩაქვირითებულ აზნაურის ოჯახს. მისი გამოწყებული იმერული ოდა თუმცა წაბლის გულისაგან იყო აშენებული, მაგრამ სახლის დამთავრებას ჯერ კიდევ ბევრი აკლდა. ეს სამთვალიანი სახლი ცხრა მუხის ბოძზე იყო შესკუპებული; მხოლოდ ერთ თვალს ჰქონდა იატაკი და ჭერი; მაგრამ იატაკის ფიცრებს ისე დაეღოთ პირი, რომ თუ კაცი გაფრთხილებული არ იყო ზედ სიარულის დროს, შეიძლებოდა ფეხის ცერი ჩავარდნოდა ფარღალალაში. სხვა ოთახებს და აივანს ჯერ არც ჭერი და არც იატაკი არ ღირსებოდათ. ისინი უჭერ-იატაკო და კარებ-აუბმელები გამოიცქირებოდენ. აივანზე ორი-სამი ფიცარი იყო გადებული იატაკდაგებულ ოთახამდის, რომ აქ შესვლა შეძლებულიყო. კიბის მაგიერად ორი ხე იყო აივნის დირეზე აყუდებული და ზედ საფეხურების მაგიერად მსხვილი ჯოხები იყო გარდი-გარდმო დაკრული. სტუმარი თუ მოინდომებდა ამისთანა კიბით ოდაში შესვლას, ცოტა ჯამბაზობაშიაც გავარჯიშებული უნდა ყოფილიყო. თვით ოდის იმ ერთს თვალს, საცა ჭერ-იატაკი დაგებული იყო, არც შუშები ჰქონდა ჩასმული, არც ბუხარი მიშენებული. მხოლოდ გრძელი ფიცრები იყო გაჭიმული ერთი კედლიდან მეორე კედლამდის და ერთ კუთხეში ზეწარ-გადაფარებული ქვეშაგები ელაგა. ავთანდილს ჰქონდა კარგი ძელური საჯალაბო სახლი, შუაგულ კერა-გაჩაღებული, საცა სახლობა ჰყავდა დაბინავებული. სტუმარი რომ მოვიდოდა, იატაკიან ოთახში შეიყვანდა და როცა სტუმარი თიკანსავით კვინტრიშით შეირბენდა ციცაბო კიბესა, ავთანდილი ბოდიშს მოჰყვებოდა: «უკაცრავათ, ჩემო ბატონო, რომ ჯერ ოდა კიდევ რიგიანად არა მაქვს მოწყობილი; მაგრამ ახალი მოსახლე გახლავარ. სულ ათიოდე წელიწადია, რაც დავესახლე, თუ ღმერთმა მომასწრო ამ სახლის მოთავება, ვგონებ, კარგი შენობა უნდა დადგეს. თქვენ როგორ გგონიათ?» - ცნობისმოყვარეობით შეეკითხებოდა სტუმარს, რომელსაც თან გულის კანკალი მოსდიოდა, ოჩაფეხა კიბეზე არ დავიმტვრეო და ზრდილობის ნიშნათ პასუხს უგებდა: «დიაღ, კარგი შენობა უნდა დადგეს, თუ მოათავეთ: მაგრამ, ვგონებ, მანამდის სახურავის გამოცვლაც დაგჭირდებათ». რამდენადაც ზაფხულობით სასიამოვნო იყო ღამის სიგრილის გამო იმ იატაკ-მოგებულს ოთახში მოსვენება, იმდენათ კბილებ-საკაწკაწე ხდებოდა ზამთარში იქ დგომა. ამის გამო ნათესავები და მეგობრები - ყველანი ერიდებოდენ ავთანდილთან ზამთრობით სტუმრობასა, რადგან იცოდენ, რომ უბუხრო და შუშა ჩაუსმელ ოთახში გაათევინებდა ღამეს. როცა მამის დანატოვარი ნივთები გაიყვეს, ავთანდილს ერგო ერთი კბილჩამტვრეული ძველი ხმალი, რომელსაც არც დღე, არც ღამე აღარ იშორებდა. «ეს მამი-ჩემის ხმალი ბედნიერ ხელზეა ნაშოვნი, დიდი აბაშ ერისთავის ნაქონები ხმალიაო, - იტყოდა ავთანდილი გულამაყად: ცხონებულმა მამა-ჩემმა ამით ნახევარი საწიოკე მთა შემოჰკოდა». 

III 
საწიოკე მთის მონაწილეთ ერთი ახირებული საქმე სჭირდათ. დილიდან საღამომდის ერთმანეთს გზირათ უდგენ, იტყობდენ ვინ რას აკეთებდა. ვთქვათ, ერთი ვინმე მეპატრონე მთაში წავიდა სათევზაოთ. მეორე და მესამე უეჭველათ მას აედევნებოდა დასაზვერავათ. ამავე გვარად მოიქცეოდნენ სხვებიც, თუ რომელიმე მათგანი წავიდოდა მთაში ან ნაცნობ ოსთან, ან ვინმე გლეხთან საქმისათვის. ხშირად მოხდებოდა, რომ ერთი მეორეს გაუდარაჯდებოდა გზაზედ, დაესხმოდა თავზე ნაშოვრის წასართმევათ: მოხდებოდა ჩხუბი, ხანჯლების ტრიალი და ზოგჯერ კაცის კვლაც. მაგრამ ყველაზე უფრო მძიმე შეტაკება შეემთხვეოდათ საწიოკელებს «ნაკოდობაზე», რადგან ვისაც მეტი ნაკოდობა ჰქონდა, ის მეტ მონაწილეობას და სარგებლობას ჩემობდა, თუნდ მემკვიდრეობითი უფლებით და კანონის ძალით ნაკლები მონაწილეობაც ჰქონოდა. «ნაკოდობას» ეძახოდენ ერთ-ნაირ ძალ-მომრეობას, რომლითაც ყოველი მეპატრონე, დიდისა თუ მცირის მონაწილეობის მექონი, თანასწორად იჩემებდა საუკეთესო მთის ალაგებსა. საწიოკე მთა იყო უდაბური, საცა ადამის წლის ხეები იდგენ, ხან-და-ხან ისეთ ხესაც შეხვდებოდა კაცი, რომ სამი-ოთხი საჟენი სიმსხო ტანი ჰქონდა. ტყე იყო აუარება, ფასი არ ედვა. ამისთვის მონაწილეები ცდილობდენ ტყე მოესპოთ და ტყის ალაგას საყანე ახოები გაეჩინათ. ამის გამო თითოეული მათგანი ცდილობდა საყანე ალაგები და გაუკაფავი ახოები დაემისებინა. ამ ანგარიშით რომელიმე მეპატრონე წავიდოდა თავის გლეხიანად, ან შეიძლებოდა, გარეშე, ბარის კაციც მოეპატიჟებინა; წაიღებდენ ხელსაწყო რკინეულობას - ცულს, ნაჯახს და სხვ., რამდენისამე დღის საგძალს, ამოირჩევდენ რომელსამე ხეობას, მოჰყვებოდენ და ყოველ უზარმაზარ ხეს - თუნდ წვრილმანი ხეც ყოფილიყო, სულ ერთი იყო - შემოაჭდობდენ გარშემო ცულით, რომ კანი და ცილა შემოეჭრათ. აი, ამ მოქმედებას ეწოდებოდა «შემოკოდვა». ყოველი ხე, რომელსაც გარშემო ქერქი და ცილა ჰქონდა შემოჭრილ-შემოსერილი, უსათუოდ უნდა გამხმარიყო ერთის წლის განმავლობაში. შემდეგ ამ გამხმარ ვეება ხეებს შეუნთებდენ ცეცხლს და ამ სახით იწვოდა, ოხრდებოდა ეს მშვენიერი ტყე, იკარგებოდა ხელ-გამოუბრუნებლათ ამდენი სიმდიდრე. ავთანდილ კვიმატაძე საკვირველი დახელოვნებული იყო სოფლის დარაჯობაში. დილიდან საღამომდის საწიოკე მებატონეების თვალ-ყურის დევნებაში იყო. ვინ რას განიზრახავდა, ვინ სად წავიდოდა, ვინ ვის დაელაპარაკებოდა, შეუტყობელი არ მოურჩებოდა; მუდამ ტყეში დარბოდა მშიერი მგელივით, ეძებდა მხოლოდ, სად რას წააწყდებოდა, ვისთვის რა წაერთმია. მამისეული ხმალი მუდამ გვერდზე ეკიდა და, თუ ვინმე შემოკოდდა ტყეს საყანეთ, ისიც იქვე იყო გაჩენილი. როგორც-კი მებატონე შინ დაბრუნდებოდა, ავთანდილი მისვე შემოკოდილს ხეებს ხელ-მეორეთ დაუწყებდა თავის ხმლით შემოსერვას, რომ თვითონაც იმ საყანეში წილი დაედვა, ან სადაოთ გაეხადნა. მისი დამამტკიცებელი საბუთი ყოველ ხეს ზედ აჩნდა - კბილ-ჩამტვრეული ხმლის შემონაკრავი. ეს ისეთი საბუთი იყო, რომ აღარავითარი საწინააღმდეგო მოწმობა აღარ გადიოდა, რადგან მისი ხმლის შემონაკრავს ყველა იცნობდა. 

IV 
საწიოკე სოფლის მებატონეებს ჰქონდათ საკუთარი ძველი ეკლესია წმიდის გიორგისა. ეს იყო ერთი პატარა საყდარი, რომელშიაც ორმოც-და-ათი კაცი თუ მოთავსდებოდა, მეტი არა. ამ საყდრის კედლები ძველი მხატვრობით იყო აჭრელებული. ჩრდილოეთის მხარეზე მეთოთხმეტე საუკუნის ერისთავთ-ერისთავი და მისი მეუღლე და ძმები იყვენ დახატული. მხატვრობა წელ ზევით კარგათ ეტყობოდა, წელ-ქვემოთ კი სურათი წაშლილი იყო მუდამ კედლებზე ხახუნითა. წირვის დროს ამ ალაგს დგებოდენ საწიოკე სოფლის უფროსი და ღრმად მოხუცებული კაცები, რომელთაც კედელზე მიყუდება ჩვეულებათ ჰქონდათ. მხატვრობის მოშლა წელ-ქვემოთ იმათი ბრალი იყო, თუმცა ისინი ამავე დროს ძალიან მოწიწებით შესცქეროდენ თავიანთ წინაპრების სურათებსა, რომელთაც ამისებდენ წმინდა გიორგის ეკლესიის აშენებასაცა. იგი იდგა შუაგულ სოფელში მაღლობზე და გარშემო დიდი ბზის ბუჩქნარით იყო შემოვლებული, რომლის შუაგულს ასწლოვანი კაკლის ხე იდგა. ამ ალაგებიდან ვერავინ გაბედავდა რისამე წაღებას, წკირის მოტეხაც არავის შეეძლო წმიდის გიორგის შიშითა. კაკალ ქვეშ ოთხი ადლი სიგრძე და ორ ადლნახევარი ბრტყელი ქვა იდვა: წირვა რომ გამოვიდოდა, საწიოკე მთის მებატონეები ამ კაკალ ქვეშ მოიყრიდენ თავსა და დადგებოდენ რიგისა და წესისამებრ, დიდ მონაწილეთაგანი პატივცემული მოხუცებულები განიერს ქვაზე ჩამოსხდებოდნენ, დანარჩენები ირგვლივ ჩამორიგდებოდენ მწვანე მოლზე და იყვენ სოფლის საქმეების განსჯაში. 
- ბატონებო, აი თქვენთვის მომიხსენებია, ჩამომეთხოვოს ავთანდილი, თვარა სისხლი დაიღვრება, - წარმოსთქვა რიხიანად ერთმა ტანმორჩილმა მოხუცებულმა. 
- რაო, ბაანა, - ჰკითხა ქვაზე მჯდომარე მებატონემ, რომელიც იყო მოხდენილი მოყვანილობისა, განიერ-ბეჭებიანი და კაბა-ქულაჯიანი. წელზე ერტყა ვერცხლის ქამარ-ხანჯალი. ეცვა ქართული განიერი შალვარი, გვერდზე ეხურა ქართული კალმუხის ქუდი და ყელზე ბაღდადი ჰქონდა ჩამოგდებული. წითლად დაბრაწული მსხვილი თვალები პირ-მოპარსულ სახეზე ნათლად ამჟღავნებდენ, რომ ამ მებატონეს ყანწების ტრიალი უნდა ჰყვარებოდა. ამასთანავე მისი დასივებული კისრის ძარღვები ამტკიცებდენ, რომ კარგი მომლხენი უნდა ყოფილიყო და მაგარი ხმის მეპატრონეცა ქართულ სიმღერებში. 
- როგორ თუ რაო? გუშინ მთაში ავედი ჩემი საახოვეს დასათვალიერებლათ, ყოველ ჩემ შემოკოდილს ხეს მისი ხმლის კვალიც ეტყობოდა! აქ თქვენ კრებაში გამომიცხადებია, თუ თავი არ დამანება, ან ის უნდა იყოს, ან მე. მეორეთ რომ ვნახო ჩემ ნაკოდობაში, ცოცხალს არ გავუშვებ. ეს გატენილი თოფი თან დამაქვს - გაათავა ბრაზ-მორეულმა ბაანამ ლაპარაკი. 
- რამდენი ხანია მაგრე გატენილს თოფს ატარებ? - ჰკითხა ქულაჯიანმა. 
- ეს ერთი წელიწადია, მაგის თოფის ხმა არ გაგვიგონია, - წამოიძახა ვიღაცამ. 
- მაშ, აქამდის სულ ჩაიჟანგებოდა შიგ ტყვია-წამალი, - დასძინა ქულაჯიანმა. 
- ბაანა, ვაი თუ საფალიეზე წამალიც არ მოგიყრია? - ჰკითხა ხუმრობით ერთმა ახალგაზრდა მებატონემ, რომელიც მართლა მივიდა ამ დროს, ფალია გადუშალა და გადუპნია წამალი. - აკი, მართლა ერთი მარცვალიც არ ყოფილა! - სიცილით წამოიძახა ისევ მანვე. 
- მე არაფელი მელაზღანდარება! - გაჯავრებით უთხრა ბაანამ. ისევ დააყარა თოფის წამალი საფალიეზე და ფალია შემართა. 
- ნიგუზალიც რომ დაადვა ბაანას თოფს, მაინც არ გავარდება, - აგდებით უთხრა მესამემ. 
ხალხში სიცილია. 
- იქ მობრძანდით, მთაში, როცა ყანას ვუდგივარ და მაშინ ნახავთ, თუ არ გავარდება. 
- ხუმრობა იქით იყოს და მართლაც ამ მცირე მონაწილეებმა მთა გაგვიფუჭეს, - გადუჭრა სიტყვა დინჯმა მოხუცებულმა, რომელიც ქულაჯიანის გვერდით იჯდა ქვაზე და ორივე ხელებით ჯოხზე იყო დაბჯენილი. 
- მაგათ, ასე გასინჯე, ჩვენი საკუთარი დროებით ვალდებული გლეხებიც-კი გაგვიორგულეს. ერთხელვე გადაჭრილ შეშის ფასსაც აღარ გვაძლევენ, - დაუმატა მესამემ. - იმ დღეს ავთანდილს ჩემი ნაყმევი გაებრიყვებინა, ეთქვა, შე სულელო, ბატონი შეშის ფასათ თუმანს არ გჯერდება, ჩემთან მოდი, მე ექვს მანეთად გაგირიგდებიო; მთა თუ მისია, ჩემიც არისო. მცირე მეპატრონეების წყალობით დღეს ნაყმევები თითქმის აღარ გვემორჩილებიან. ისინი ბევრნი არიან, ჩვენ დიდი მონაწილები-კი, ცოტანი ვართ. ისინი მუდამ მთაში ჰყრიან; ვისაც შეისწრებენ, ყველას ჰგლეჯენ, ჩვენ კაცებსაც აწიოკებენ. 
- ეგ ყველა ავთანდილის ბრალია, - დაუმატა რამდენმამე ხმამ. - ის არის ყველა უქუდოებისა და ხელმოკლე მონაწილეების მოთავე. 
- ჰეი, ჰეი!.. უკაცრავათ გახლავართ! - წამოჰყო თავი ბარე ათიოდე მონაწილემა: - ვინ გიშლით, თქვენც იარეთ ტყეში, თქვენც ისარგებლეთ. ვინც ხელსა და ფეხს გაანძრევს საერთო მთაში, სარგებლობაც იმისი უნდა იყოს. 
- დიაღ, როგორ არა! - დაიყვირა ქულაჯიანმა. - მამა-პაპეულს თქვენ გაგატანთ! იქ მობრძანდით, სასამართლოში და დაგველაპარაკეთ. კანონია ჩვენი მონაწილეობის გამრჩევი. 
- აბა, თქვენ მობრძანდით და ჩვენი ნაკოდობა წაგვართვით. რაც ტყე გაგვიკაფავს და ყანებათ გადაგვიქცევია, იმას ვერავინ შეეხება. 
- რამდენიც შეგხვდესთ მონაწილეობისამებრ, იმდენი გაკაფეთ, მეტს ვინ დაგანებებთ, - უპასუხა ქულაჯიანმა... 
- ჩვენ რა ვიცით, სად თავდება ერთის მონაწილეობა და სად მეორისა. მთა ხომ საერთოა. ვისაც გული და მაჯა ერჩის, რამდენიც უნდა, ისარგებლოს. 
- ეგრე რომ იყოს, მაშ მთელი მთა ავთანდილ კვიმატაძეს წაუღია და ის არის! ერთი ხეც აღარ არის მთაში, რომ ავთანდილ კვიმატაძის კბილ-ჩამტვრეული ხმალი არ მოხვედროდეს. 
ამ კაცის სახელის გაგონებაზე ყველანი შედგენ, თითქოს მოპირდაპირენი შერიგდენ, ერთმანეთში დავა შესწყვიტეს და მოჰყვენ ავთანდილის საყვედურს. 
- იმ დღეს ავთანდილმა ჩემი შეყვანილი გლეხი გამიცარცვა! - თქვა ერთმა. 
- საწიოკე მთის ხევზე რომ წისქვილებია, წასულა იქ ავთანდილი და საერთო მინდი აუღია მეწისქვილეებისაგან! - განაცხადა მეორემ. 
- შარშან ჩვენ შეყვანილ მეცხვარეებს რომ მატყლი მოსტაცა, ის არ იყო? საქმე სასამართლოშია, მეცხვარეები გაცარცვას უჩივიან, გაიხსენა მესამემ. 
- გუშინწინ მთაში ჩემს გლეხს მიხტომოდა და სადილი მოეთხოვა. მამაკაცები შინ არ ყოფილიყვნენ. დედაკაცს გამოეტანა ხელათ ხონჩა: კარგი ცხელ-ცხელი მჭადები, ყველი და ღვინო, ავთანდილს, მადლობის მაგიერათ, წიხლი ეკრა სავსე სუფრისათვის და გადაეყარა: «რატომ შემწვარი ქათამი არ მომართვიო». დედაკაცს თავზარი დასცემოდა, ბოდიში მოეთხოვა: «უკაცრავათ, ჩემო ბატონო, ასე უცებ ვერ მოვასწრეთ, თუ მოგვითმენთ, იმასაც მოგართმევთო». ერთი სიტყვით, საღამომდის სუფრა აღარ აეღო. ერთი დიდი დოქი ღვინო დაელია, ჩაბრუჟებულიყო და წამოსულიყო. აბა ჰკითხეთ, რა ნება ჰქონდა, რომ ჩემი ნაყმევის ოჯახში ასეთი ძალა მიიტანა. მე ის აღარ მემსახურება, აწ ავთანდილს გაიხდის ბატონათ? - თქვა მეხუთემ. - სულ ვფიქრობ და ვერ მომიხერხებია, როგორ გადავარჩიო ჩემ გლეხებში წანწალს. 
- სასამართლოში ბევრიც რომ ვეცადოთ, მაინც ვერას მოვუხერხებთ. - თქვეს რამდენმამე. - იქ ცალმხრით სამსონ ჯიბიაშვილი ამოუდგება გვერდით, მეორე მხრით ორი ცრუ მოწამე: მამუკა და შიუკა. გინდა ხატზედ დაუფიცნიათ იმათ, გინდა ჯოხზე. როგორც სამსონი დაარიგებს, ისინიც მისთანა ჩვენებას მისცემენ მოსამართლეს. 
- გაჩერდეს ის სამსონი ატუკანტი, ის მაჩვი, ის ხარაბუა, ის რაჭველების გუდა, თვარა მის ატუკანტობას მისსავე ტყავში გამოვხვევ, ოთხში ამოვიღებ და ისე ჩავაბარებ თავის პატრონს. მე ვიცი, ავთანდილსაც წინ გავუძღოლებ. - თქვა ერთმა შავწვერა მებატონემ, რომელიც ხატის შერისხულსავით აფეთებდა თვალებს. 
- სამსონმა და ავთანდილმა ჩემ გლეხს ცხრა თუმანი გადაახდევინეს ამას წინეთ ტყის მოჭრის ფასი. - თქვა მეორე მებატონემ. 
- რამე უნდა მოვუხერხოთ მაგათ. ჩვენი საქმის ამრევ-დამრევი სულ ეგ ორი კაცია. - ერთხმად წამოსთქვეს ყველამ. 

ამ დროს ერთმა ვიღაცამ წამოიძახა: «მოდის, მოდის!» ყველამ ერთად ხმა გაკმინდეს და დაიწყეს ცქერა დასავლეთისაკენ. მოშორებით დიდ ხევის ხიდზე გამოდიოდა სამი კაცი. რომელიც წინ მოდიოდა, ის იყო პირხმელი, ჭაღარა კაცი. მას ეცვა რუხი ჩოხა, უკან მოსდევდა ორი ახალგაზრდა, ახლად ამწვანებულ წვერ-ულვაშიანები. 
- აბა, არ გაგიწყრეს ღმერთი, ის წირვაზე არ წამოსულიყოს! იცის, რომ იმაზე გვექნება ლაპარაკი და უნდა დაგვზვეროს, - თქვა ერთმა. 
- წირვა-ლოცვის მადლი გაუწყრა მაგას! მგონია, ერთი წელიწადიც არის, წირვა-ლოცვა არ მოუსმენია, - დაატანა მეორემ. 
- ეს ხუთი წელია, ეგ აღარ ზიარებულა ჩვენ საყდარში, - თქვა მესამემ. 
- ქუდი რომ შეუგდო საყდარში, მის გამოსატანათაც ვერ შეიტყუებ შიგ, ხატების ეშინია. 
- ეშმაკის ფირცხალს ღვთის ტაძარში რა უნდა? - თქვა დინჯათ ჯოხზე დაბჯენილმა მოხუცმა. 
- ნამდვილი რუხი მგელივით მოწანწალობს. - შენიშნა ქულაჯიანმა. 
ყველამ გაიცინა. 
მართლაც, ამ კაცის სახე რაღაც დაუნდობლობას და თვალთმაქცობას გამოხატავდა. პაწია ჭროღა მისი თვალები ვერცხლის წყალივით დაუხტოდენ თვალის უპეებში. მოგრძო პირხმელი სახე მისი მგელსავით წამწვეტებული ცხვირით იყო დამშვენებული. ჭაღარა თმა და წვერი ძალიან შეხამებული იყო მის რუხ შალის ჩოხასთან. წელზედ მაგრათ შემოჭერილი ქამარი მიმხმარს მუცელს კიდევ უფრო აკრავდა ფერდებზე. ის მიდიოდა სწრაფად, ფეხ-აკრეფით, თითქოს საშოვარს რასმე ეპარებაო. 
- ნამდვილი რუხი მგელია, - თქვა ბაანამ. 
- ი, შვილებიც რომ მგლის ლეკვებს ჰგვანან, დიდება შენდა ღმერთო! - დაიწერა პირჯვარი ჯოხიანმა მოხუცებულმა. 
- სულ ტყეში ჰყრიან მამასთან, თითქოს მგელი ლეკვებს ნადირობას აჩვევდესო. 
- იმ დღეს მაგათ ოსისთვის თიკანი წაერთმიათ და შეეჭამათ; პატრონს მხოლოდ თავ-ფეხი მიუყარეს. - თქვა ბაანამ. 
- «რუხი მგელი» ზედ გამოჭრილი სახელია ავთანდილისა. - თქვა ქულაჯიანმა. - ნეტა ვიცოდე, პირველად ვინ დაარქვა მაგას ეს სახელი? 
- ოსებმა დაარქვეს. - წამოიძახა ერთმა. - არ შეიძლება რომ მაგას სახარატო ჩარხი დაემალოს, საცა უნდა მომართონ, გინდ უდაბურ ტყეშიაცა, რომ არ ეგონოს, ისე წაადგება თავზე და დასჭყივლებს: «ჰატ, შე ქუჯო ოსო! ეგ რა ამბავია, რომ ჩარხი მოგიმართავს წყალზე უჩემოთ. თაბახებსა და ჯამებს თლი და ჩემთვის-კი აქამდის არ შეგიტყობინებია. მოიტა ხელათ ხუთზე ერთი. ისე არ წავა ტყეში ოსებისაკენ, რომ ოცი და ოც-და-ათი თაბახი არ ჩამოიტანოს. მაგის სახელით ოსის დედაკაცები ბალღებს აჩუმებენ. გაჩუმდი თორემ რუხი მგელი მოვა და წაგიყვანსო. 
ამ დროს ავთანდილიც მოვიდა თავის შვილებიანად. 
- ბატონებს გაუმარჯოთ! შეგეწიოთ წირვის მადლი. 
მებატონეები ზრდილობის ნიშნათ ფეხზე წამოდგენ და მიესალმენ. 
- ნუ ირჯებით, ბატონებო, დაბრძანდით. 
ყველანი დასხდენ. ავთანდილიც დაჯდა. 
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. 
- სად ბრძანდებოდით, ავთანდილ? - გამოელაპარაკა დარბაისლურად ქულაჯიანი. 
- არსად, ბატონო, სამსონ ჯიბიაშვილთან გახლდით. ორშაბათს სასამართლოში საქმე მაქვს დანიშნული, ვთხოვე, დაეცვა ჩემი საქმე. 
- ავთანდილს სასამართლოში საქმეს რა გამოულევს! - შენიშნა ბაანამ. 
- ნეტავი დამაყენებდენ, თვარა სასამართლოს კარებს თვალითაც არ დავინახავ. ყველა მე მემტერება, უსამართლოთ მდევნიან. მეტი რა ღონე მაქვს, უნდა ვიწანწალო თავის დასაფარავად. 
- ნეტა შენ არავის ემტერებოდე, თვარა და შენ ვინ გაგიბედავს დამდურებას. - უპასუხა ბაანამ და შემართა ჩახმახი, თითქო საომრად ემზადებაო. 
- არა, ჩემო ბაანა. მე ყველას ფეხ-ქვეშ ვეგები, მაგრამ არავინ გამიტანა, ყველა მე მძალადობს. 
ზოგიერთებმა ამ სიტყვაზე ჩუმ-ჩუმათ დაიწყო სიცილი. 
- შე, კაი კაცო, იმ ჩემ შემოკოდილს რომ მივარდნილხარ, სხვაგან ვერ იშოვე? - ჰკითხა ბაანამ. 
- ჩემ ნაკოდს ყველა იცნობს, ჩემო ბაანა, ჩემ კბილ-ჩამტვრეული ხმლის შემონაკრავს ვინ არ იცნობს? 
- დიაღ, ვიცანი და იმიტომაც მოგახსენებ. 
- თუ ჩემი ხმლის შემონაკრავი იცანი, ჩემი ნაკოდი ყოფილა და შენ, ჩემო ბაანა, ძალიან დაგიშავებია, თუ ჩემ შემდეგ მოჰყევი ჩემი ადგილის შემოკოდვას. 
- ამ წმინდის გიორგის ხატზე შემოგფიცავ, პირველად თუ მე არ შემომეკოდოს ის ალაგი. 
- მაგას, ჩემო ბაანა, სამართალი გაარჩევს. 
- არა, ჩემო ავთანდილ, სულ სამსონი ვერ დაგიფარავს. დღეს შენ და სამსონის წყალობით სამართალი ვეღარ ჭრის სამართალს, სულ უმართლო მხრისკენ იწევს სასწორი. 
- მე და შენზე უფრო იმათ ესმით, ჩემო ბაანა. ჩვენ იმათ სამართალს ვერ გავუსწორებთ. 
- ამ საზოგადოების წინაშე გთხოვ, ავთანდილ, დამეხსენი, ნუ გადამკიდებიხარ, ჩემ ნაკოდს თავი დაანებე, თუ არა სისხლი დაიღვრება. 
- თუ დაიღვრება, ისევ შენკენ დაიღვრება, ჩემო ბაანა. 
- როგორ თუ ჩემკენ?! - წამოვარდა ბაანა და თოფი მოიმარჯვა. 
ხალხი ავარდა ზეზე და შემოეხვია ბაანას. 
- მომეცალეთ, ერთი დამანახვეთ ეგ რუხი მგელი, ბარემც ჩავაძაღლო და მოვასვენო ქვეყანა მაგის ტაციობისაგან. 
ქულაჯიანმა უტაცა ხელი დამიზნებულ თოფსა და შესძახა: 
- ბაანა, რა შენი საკადრისია მაგნაირი გაფიცხება! 
ავთანდილი უცბად მოშორდა იმ ადგილს, გადგა წრეს გარეთ და იქიდან დაიყვირა: 
- აი, ბატონებო, ხომ ხედავდით, ბაანა მოკვლას მიპირებდა თოფით. თქვენ ყველანი მოწმეთ უნდა იყოთ. შვილებო, წამოდით. გამოეცალეთ მაგ ავაზაკს! - დაუძახა ვაჟებს და ფეხმარდათ გაჰქუსლა შინისაკენ. ისინი უკან გაჰყვენ. 
- დამაცა, შე რუხო მგელო, თუ კაცი ვყოფილვარ ჩაგაძაღლებ შენცა და იმ შენ სამსონსაც! - მიაძახა ბაანამ. 
ხალხი ამშვიდებდა გაფიცხებულ ბაანას. ზოგი ასე ამბობდა, სანამდის ავთანდილს კარგათ არ დავზელთ და სისხლს არ წამოვაღებინებთ შიგნეულიდან, მანამდის ეგ რუხ მგლობას არ მოიშლისო. ცოტა ხანს იქით ყველანი წავიდ-წამოვიდენ. დარჩა მარტო გრძელი საჯდომი ქვა კაკალ-ქვეშ დადუმებული და დაღვრემილი, თითქოს გულში ასე ფიქრობდა, ვაი თუ ამ ცოტა ხანში ვისიმე გულმკერდზე დამადვან და დამატენინონო. ამ დროს ხევიდან მოჰბერა სიომ და კაკლის შორს გადაწვდილი ტოტები ერთბაშად შეანძრია. თვითონ კაკალიც დინჯათ აღელდა, აბუტბუტდა, თითქო ღრმა მწუხარებას მიცემოდეს ამ სოფლის დაუდგრომელობაზე და კაცების გაუტანლობაზე. 

VI 
ბაანა იყო ერთი ხელმოკლე აზნაურთაგანი, რომელსაც ცხენი აღარ ჰყოლია მას აქეთ, რაც ცოლი შეირთო. ცხენი მოკვდომოდა ქორწილში გალახულობით, მომეტებული ჭიმვა-გრეხით და ჭენებით. შემდეგ რაღაი წვრილშვილი დაეხვია, სადღა ჰქონდა ცხენის ყიდვის თავი. იმ დროს, როცა ბაანას ავთანდილთან ჩხუბი მოუხდა, ის სამოც-და-ხუთი წლის მოხუცებული იყო; მაგრამ ჯერ კიდევ ჭარმაგათ იყო და მთაში სიარულით მუხლები არ ტკივოდა. ორ კოდნახევარ ხორბალს სამი ვერსტის სიშორეზე ამ მოხუცებულობაშიაც ციმციმით მიარბენინებდა. როცა მთაში წავიდოდა, თავის სტამბოლის პირგვალი მუდამ მგლის ტყავის ბუდეში ჰქონდა და მხარზე ეკიდა. ბაანა ისეთი ჩქარი და დაუღალავი ქვეითი იყო, რომ კარგი ნაბიჯის ცხენი ვერ გაასწრებდა. ერთი ხელი საგარეო ტანისამოსი: მაუდის ჩოხა, ყანაოზის ახალუხი და ერთი წყვილი მაღალ-ქუსლებიანი ჩექმები შინ ჰქონდა შენახული; წელიწადში სამჯერ, ოთხჯერ თუ ჩაიცვამდა, მეტად არა, ისიც მაშინ, როცა დღეობაში წავიდოდა მოყვარესთან, ან სამარიობით, ან საგიორგობოთ, აგრეთვე აღდგომას და შობას; სხვა დროს კი შინ ნაკეთები შალის ჩოხა ეცვა, ლურჯად შეღებილი ხამის ახალუხი, ხამის პერანგი, შავი ღაზლის პაჭიჭები და თვალებიანი ქალამნები. მისთანა თვალებ-ასხმულს ქალამნებს სოფელში ვერავინ შეჰკერავდა. როცა სადღესასწაულოთ გამოეწყობოდა, ის გადიკიდებდა მხარზე თავის ჩექმებს, ტანისამოსს ფუთაში გამოიხვევდა და გაემგზავრებოდა წინ დღით მოყვარეში. მასპინძლის სახლს რომ დაუახლოვდებოდა, ჯერ წყაროზე ჩავიდოდა, ხელპირს დაიბანდა. ტანისამოსს გამოიცვლიდა, ახალს ჩაიცვამდა, ძველს ისევ ფუთაში გაახვევდა, ულვაშებს გადიკრავდა და როცა მასპინძლის ეზოში შევიდოდა, ულვაშსაკრს მოიხსნიდა და გამოწკიპინებული ულვაშებით მიეგებებოდა სახლის პატრონსა. 
ჩვეულებრივათ ბაანა ძალიან მოუწყინარი მუშა იყო თავის ოჯახში. იმას ჰყავდა ორი კომლი დროებით ვალდებული გლეხი, რომელთაც ძმურად ეპყრობოდა და გლეხებიც არ აკლებდენ თავის გადასახადს. ამ ორი გლეხით ბაანას თავი მოჰქონდა მეზობლებში და ათასი თუმნისათვისაც არ დაახსნევინებდა თავს. ბაანას არ უყვარდა სასამართლოს კარები და იქ წასვლა სიკვდილივით ეზარებოდა. სხვისი არა უნდოდა-რა და არც თავისას გაატანდა მტერს აგრე ახირებულათ. 
ერთ დღეს გავარდა საწიოკე სოფელში ხმა, რომ ბაანას გამომძიებელი იბარებსო. მართლაც, უწყება მოსვლოდა. ბაანას ნაცრის ფერი დაედვა სახეზე; მისი ოჯახობა ჯავრში ჩავარდა. თვითონ მისთვის დანა რომ ყელში გაეყარათ, ცვარი სისხლი არ გამოუვიდოდა. საწიოკე სოფელში დიდი მითქმა-მოთქმა შეიქნა. ზოგი ამბობდა, ავთანდილმა სასმართლოს მოსამსახურენი კალმახით დაალაღაო. ეს კი იყო, რომ ბაანასა და ავთანდილს ჩხუბის შემდეგ, მეორე კვირეს მთაში ერთ ხევის წყალში ავთანდილს საპალნე კირი ჩაეყარა და ორი ბათმანი კალმახი ეშოვნა. სად გააქრო, სად არა ამდენი კალმახი, კაცმა არ იცოდა. ზოგი ამბობდა, ბაანას დაჭერას უპირებენ და საქალაქო საპყრობილეში წაყვანასაო, რადგან სამსონს საჩივარი შეუდგენია მაზე და სამძიმო სისხლის სამართლის კანონის მუხლები უჩვენებიაო. საჩივარში გამოუცხადებია, რომ ბაანა ავთანდილს დღე-და-ღამე მოსაკლავად დარაჯობსო და ამის გამო ავთანდილს თავის ოჯახში მისვლაც ვეღარ გაუბედნიაო. შიუკასა და მამუკასთვისაც ჩვენება ჩამოურთმევიათ და იმათაც ფიც-ქვეშ უთქვამთ, რომ ბაანა გატენილი თოფით დასდევდაო ავთანდილს მოსაკლავათ. ეს ჩვენი თვალით ვნახეთო. 
როცა ბაანა დაიბარეს, იმ დღეს რამდენიმე მებატონე საწიოკე მთისა დაბარებული იყო მოწმეთ, დამსწრეთ იმ ჩხუბისა, საცა ბაანას ავთანდილზე თოფით მიეწია. მოწმეები საღამოსვე მობრუნდენ სოფელში, ბაანა კი იქ გაეჩერებინათ... 
ერთ კვირას შემდეგ საწიოკე სოფელში გავარდა ხმა, რომ ბაანა როგორც მძიმე დამნაშავე, საქალაქო სატუსაღოში წაუყვანიათო. მეტად საზარელი იყო ამ ამბის გაგონება. ბაანას ცოლშვილმა ისე შეიცხადა, თითქოს ბაანა მოკვდომოდეთო. მთელი დღე მისი სახლიდან კივილ-ჟივილი ისმოდა. ცოლი მეტი სიმწარით თავს არახუნებდა კედელზე და მოსთქვამდა: «ვაი, ჩემს ბედისწერას, როგორ ერთ დღეს გამიცუდდა ყველაფერი! ოჯახის საძირკველი გამომაცალეს და ოჯახი თავზე დამანგრიეს. მე რომ ჩემი უბედური ქმრის ამბავი ვიცი, სანამდის ქალაქის სატუსაღოში მიიყვანდენ, მანამდის გაუსკდება ჩიტსავით გული. ის იქიდან ცოცხალი აღარ დაბრუნდება, ისემც ნუ მისულა ავთანდილი ცოცხალი თავის ოჯახში!» საწიოკე სოფლის მცხოვრებლები მეტად ააშფოთა ასეთმა უსამართლობამ. ვისაც ავთანდილის გულის ჯავრი სჭირდა, იმისმა გაიძვერობამ კიდევ უფრო გააფიცხა ისინი. ბაანას ჰყავდა ერთი ცხრამეტი წლის ვაჟი და ორი ქალ-ვაჟი ჩვილი წლოვანებისა. უფროსი ვაჟი ოჯახის მოვალეობაში გამოუცდელი იყო. ის ახლა სულ მარტოხელა დარჩა და თავისი წვრილი და-ძმა მოხუცებულ დედიანად თავზე დააწვა სარჩენად. 
საწიოკე სოფელში რამდენიმე ახალგაზრდა შეითქვა, რომ ავთანდილისთვის უსათუოდ ამის სამაგიერო გადაეხადნათ, ისინი უწინაც უპირებდენ მობრეგას; მაგრამ ახლა, რომ თვალით ნახეს ბაანას ოჯახის უბედურება, ავთანდილზე ბრაზი იმ ახალგაზრდებს გაუორკეცდათ და ამას იქით დაუწყეს ავთანდილს მთაში დარაჯი. 
ბაანას დიდი ხანი აღარ უცოცხლია საპყრობილეში. მთის წმინდა ჰაერში დაბერებული მისი აგებულობა ერთბაშად მოსხლტა მძიმე და მყრალ სატუსაღოს ჰაერში. ოჯახის მოცილების მწუხარებამ კიდევ უარესი დამართა. გალიაში ჩამწყვდეულს ბაანას მთის ნადირსავით გული გაუსკდა. ორი კვირაც არ გასულა მას აქეთ, რაც საპყრობილეში შეაგდეს და საოფლე დამართოდა. ბაანამ საავადმყოფოში დალია ვაგლახი სული. იმის სიკვდილის ხმამ მალე მიაწია საწიოკე სოფლამდის და ყველანი შეაწუხა. ბაანას ცოლს, უმისოთაც მეტად შეწუხებულს, აღარ ეჭირვებოდა ახალი უბედურების გაგონება. ყველანი უმალავდენ ამ ამბავს მის სახლობას. მხოლოდ ამის შემდეგ მეზობლები ძალიან გულ-ლმობიერად ექცეოდენ მის ობლებს. საკუთარი გლეხები მაინც ერთი-ორად გაუერთგულდენ. ბაანას უფროსმა ვაჟმა ამასობაში ხელი წამოიწყო და კარგი ცხენი იყიდა. და-ძმა კარგათ დამოსა და სოფლის სკოლაში გაგზავნა სასწავლებლათ. დედა მისს თან-და-თან ეძლეოდა შვილის იმედი; ცოტა არ იყოს, გულიც დაუმშვიდდა და შეურიგდა თავის მდგომარეობას. 

VII 
ერთ დღეს სამსონ ჯიბიაშვილმა იხმო ავთანდილი და უთხრა: «მოდი ერთი მთაში წავიდეთ სათევზაოთო». ავთანდილი დიდი სიამოვნებით დაეთანხმა და საჩქაროდ მოახდინა განკარგულება. იმას უნდოდა სამსონისათვის კარგი დრო გაეტარებინა. როგორც დაბრუნდა შინ, იხმო თავისი შიუკა გლეხი, რომელიც თევზაობაში განთქმული იყო. მოამზადეს სასროლი ბადე, დააცხობინა ავთანდილმა შინ ჩინებული შოთები, ნაზუქები, მოახარშვინა დედლები და გაგზავნა შიუკა სამსონთან, რომ კვირა საღამოს მიეყვანა იგი ავთანდილის ოჯახში. მერე იქიდან ერთად გამგზავრებულიყვენ მთაში. მზე ერთ ცულის ტარზე იდგა დასავლით, როცა სამსონ ჯიბიაშვილმა თავისი ლურჯა შეაქროლა საწიოკეს ხეობაში. უკან მოსდევდა ძუნძულით ფეხ-და-ფეხ შიუკა, რომელსაც თავის სასროლი ბადე ზურგზე გადაეგდო და ჩოხის კალთები აეკეცნა. კალთაში ეწყო რამდენიმე ახლად გამომცხვარი მჭადი და ორი კბილა ყველი. სამსონ ჩამოხტა ავთანდილის ოჯახში ჩაის დასალევათ. მასპინძლის ეზოში მწვანე კოლინდარი მუხლამდის იდგა. შუაგულ აიმართებოდა ერთი დიდი კაკალი და ქვეშ ფიცრის ტახტი იყო გამართული. მასპინძლის შვილებმა ცხენი ჩამოართვეს და კაკალ ქვეშ მიიპატიჟეს პატივცემული ვექილი. 
- ავთანდილ! აბა, სუფრა გამოატანინე, კაკალ ქვეშ დავლიოთ ჩაი. ამ შენს ეზოში ყოფნას არა სჯობია-რა. 
- ბატონი ბრძანდებით. შენი ნახვა ეღირსა ჩემს ოჯახს და მერე რა იქნება ისეთი, რომ არ მოვახერხო! - უთხრა ავთანდილმა მხიარულად და თან განიერ ხის სუფრას მოარბენინებდა. 
- ავთანდილ! არ დაგვიგვიანდეს, მალე მოახერხე ჩაი. 
- რას მიბრძანებთ? განა მე-კი არ მინდა, მაგრამ რაც სიგრილით წავალთ, ის გვირჩევნია. ახლა ღამით მოგზაურობას მთაში არასჯობია-რა. ცა მოკაშკაშებული იქნება. მთვარე ღამეში ისე ანათებს, როგორც დღე. ჩვენ უნდა ვინადიროთ ჟინჟილებით. ბადეს ხან მე ვესვრი, ხან შიუკა. კალმახი ღამით უფრო ხვდება ბადეს. ჟინჟღილებს რომ ავანთებთ, თევზი მაშინვე სინათლეს მიაშურებს და თითო ბადის სროლაში ოთხი-ხუთი კალმახი შეიძლება ამოვიყვანოთ. 
- აბა, შენ იცი, ჩემო ავთანდილ, როგორ დროს გამატარებინებ. 
- შიუკა! - მიუბრუნდა გლეხს მასპინძელი. - შენ დროს ნუღარ ჰკარგავ. გასწი ახლავე შენი ბადით და ქურდის ხეობაში მოგვიცადე, საცა დიდი ცაცხვი დგას, იმის მახლობლათ რომ ერთი მორევია. ხომ გინახავს? 
- როგორ არა, ბატონო! იქ ძალიან ბევრი კალმახი იცის, თუ რომ ვისმე არ უნადირნია ამ ცოტა ხანში. 
- არა, მე განზრახ შევანახვინე ის მორევი ჩემ ვაჟებს. ერთი თვე მეტია, რაც შიგ არავინ ყოფილა. 
- რაკი ეგრეა, სწორედ კარგი სათევზაო იქნება, ბატონო. 
- იქ რომ მიხვალ, ერთი პატარა კარავი დადგი ხელათ. ეს პაწია ქვაბიც თან წაიღე, თევზის მოსახარშავად დაგჭირდება. 
- ოჰ, რა კარგათ მოიფიქრე, შე წყეულო! ხელათ რომ ცოცხალ-ცოცხალ კალმახებს ჩავყრით ქვაბში და უცბათ მოვხარშავთ, იმის ჭამას არა ჯობია-რა. ყოველიფერი რიგზედ იცი, ავთანდილ, იმიტომაც მიყვარხარ კიდეც... ე, მაგისთვის დაგიჩაგრე მტრები! შეიტყე ავთანდილ, ბაანა რომ მომკვდარა? 
- მის მეტი ნუ რა მომკვდომია-რა! შენი ჭირი წაუღია! ძაღლი იყო და ძაღლსავით გადაათრევდენ... 
- ავიცა ხარ, ჩემო ავთანდილ, და კარგიცა. 
- შენ თუ ცოცხალი მეყოლე, მეტი რა მიჭირს! ამ საწიოკე მთას ხელში დაგაჭერინებ, ოღონდ ის აღსრულებითი ფურცლები დაატაკე საწიოკელებს. სამოქალაქო ბოქაული ჩაუყენე ყველას. კაპეიკი არავის მოეძევა. ავუწეროთ მთაში მონაწილეობა და გავუყიდოთ. მაგ ძაღლების ჭამას, მე და შენ ვჭამოთ, არა ჯობია? 
- ჰო, ჩემო ავთანდილ, ეგრეც იქნება. 
ამ ლაპარაკში საჯალაბო სახლიდან გამოვიდა დიასახლისი. ავთანდილის მეუღლე, თავისი ქალით და მოწიწებით მიესალმა სამსონს. 
- ოჰ, ნათლიდედას ვახლავარ! ნათლული როგორ დამშვენებულა! ისეთს კაცს უნდა მივათხოვოთ, რომ «ბლამანჟე» და «მაროჟნები» არ გამოულიოს, სულ ხავერდის და ატლასის «ბოთინკებში» ატაროს. 
ამ ლაპარაკზე ავთანდილის ქალს თავი ჩაეღუნა და სიამოვნების ღიმილი მოსდიოდა პირი სახეზე. 
- შენი მოწყალება ღმერთმა ნუ მოუშალოს შენ ნათლულს, ჩემო ბატონო. 
- დედაკაცო, აბა გამოიტანეთ სტაქნები, სამოვარი! ამდენი-კი არ გვცალიან. ეგ შენი ქალიც მოიხმარე! - შესძახა ავთანდილმა. 
ქალები ისევ უკან გაბრუნდენ საჩქაროთ საქმეზე. 
- როგორი კარგი ქალი გამხდარა ჩემი ნათლული!.. ავთანდილ, ერთი შენი ქალი სამოსამართლო ბოქაულს უნდა ვუჩვენოთ. თუ მოეწონა, შენი მთის მონაწილეობა უნდა ამზითვო. აქვე ჩამოგესახლება. 
- ნეტა შენი მოწყალებით ეგ-კი მოხდებოდეს და საწიოკე მთის მონაწილეობას ძალიან კარგს ვუშოვნი. - სთქვა ავთანდილმა, რომელიც ამ დროს ჩაის ასხამდა. 
მზე უკანასკნელი სხივებით ემშვიდობებოდა კაკლის ხეს და მთელი სოფლის ხეობაც ოქროსფრად შეეღება. 
ამ დროს საწიოკე სოფლის სერზე ზოგიერთს სახლში რაღაც საიდუმლო მოძრაობა იყო. ორი თუ სამი ახალგაზრდა ვაჟი, შავ-ჩაბალახში გამოხვეული, ჩამოდიოდა ძირს და იცქირებოდა. ხან ერთმანეთს დაუახლოვდებოდენ, თითქოს რაღაც მოლაპარაკება ჰქონებოდეთ, ხან ისევ გაშორდებოდენ ერთმანეთს და თავ-თავიანთ სახლში შევიდოდენ. ბოლოს, ცოტა რომ მობინდდა და გაბადრული მთვარის შუქმა იმატა, ერთმა მათგანმა ჩამოირბინა სერი და ჩავარდა მოშორებით ხეობაში: ის მიეშურებოდა მთაში; სხვა ორი მისი ამხანაგი-კი აღარსად ჩანდა. 

VIII 
- დროა, ბარემ წავიდეთ, სამსონ, - დაცალა თუ არა ჩაის სტაქანი, წამოდგა ავთანდილი. 
- მეც მზათ ვარ! - შესძახა სამსონმა. 
- შვილო, გამომიყვანე ცხენები! - დაუძახა ავთანდილმა უფროს ვაჟს. 
სამსონი გამოეთხოვა დიასახლისს, გაჰკოცნა ნათლული და შეჯდა თავის ლურჯაზე. ავთანდილი ჩამორჩა უკან და შვილს დაუძახა, ხვალ კარგი სადილი დაეხვედრებიათ იმათთვის და მეზობლებიც მოეპატიჟებინა. მერე შეჯდა ცხენზე, ხურჯინი და ბადე უკან შემოიკრა და გააჭენა ცხენი. ავთანდილი ძალიან თადარიგიანი კაცი იყო მგზავრობაში. საგძალს გარდა, იმას არც სტაქანი, არც მარილი და არც დანა არ დავიწყებია. ცალ ხურჯინის თვალში რომ პური და ხორცეულობა მოექცია, მეორე თვალში ერთი ტიკჭორა ღვინო ჩაედო. ისინი გაკვრით მიდიოდენ დიდხევის პირათ რიყიან-ქვიან გზაზედ. ბუნება დამყუდრებული იყო. ოდნავ სიოც არ ჰქროდა, მხოლოდ დიდხევის შხუვილს მოეცვა იქაურობა. ჭალა თან-და-თან ვიწროვდებოდა, შავი მთის ქედები ბუმბერაზივით იყვენ დიდხევის პირად გამწკრივებული. მთვარე ზევიდან დაქათქათებდა ამ დიდებულს ბუნებას. ცხენების ფეხის ხმა ხევის შხუილს ისე რიგათ შესწყობოდა, თითქოს ჭიანურზე დოლს აყოლებენო. სამსონი და ავთანდილი, ხმაგაკმენდილები, ყურს უგდებდენ ხევის შხუილსა. მთები ბოხი ხმით ბანს აძლევდა და თან ცხენთა ფეხების ბაკა-ბუკი სასიამოვნო საკრავების ხმით მოისმოდა. ბუნების ღრმა საიდუმლოება ამ თავისებურის მუსიკის კვრაში გამოიხატებოდა. ჩვენ ორს მგზავრს ღრმა ფიქრი დასწოლოდა თავზე. ვერც ერთი, ვერც მეორე ვერ ბედავდა ამ დროს ერთმანეთის ხმის გაცემას, რომ არ დაერღვიათ საშიში ბუნების დუმილი. მთვარის შუქზე კლდის ნამზვლევები ათასნაირი მოჩვენების სურათებათ ეხატებოდა თვალწინ ავთანდილს. იმას წარმოუდგა ბაანას აჩრდილი, რომლის სიკვდილი ახირებული გულ-ცივობით განუცხადა სამსონმა წამოსვლის წინათ. მაშინ ყურადღებაც არ მიუქცევია და ახლა რაღა დაემართა?! ამ მთებითა და ტყით დაბურულ ხეობაში რომ მიდიოდა ღამით, უცბათ გაუცოცხლდა დატანჯული ბაანას პირხმელი სურათი თვალწინ. ის წყალ-და-წყალ ხტებოდა ქვიდან ქვაზე, ხელში თოფი ეჭირა და, დიდება შენთვის ღმერთო, სულ ავთანდილს უმიზნებდა! ავთანდილი ცდილობდა არ მიეხედნა წყლისაკენ და ვერც მოეხერხებინა. 
- ეს რა ამბავია, - აკანკალებული ხმით უთხრა მან სამსონს: - რომ ხევის წყალში დიდრონი ქვები კაცის სურათებათ გვეჩვენება? 
- როგორ, ავთანდილ, ღამით ხომ არ გეშინია? - ჰკითხა ხუმრობით სამსონმა. 
- ჩემს დღეში ეს არ დამმართნია. ისეთი ბურუსიანი ღამეები მახსოვს ამ მთაში, რომ თვალთან თითი ვერ მიმიტანია. ბევრჯერ ნადირიც შემფეთებია წინ, მაგრამ ჩემი გული არ შედრეკილა. როგორც-კი შორიდან შევნიშნავდი ორ ბრიალა წერტილს - ღამე ნადირის თვალები ცეცხლივით ანათებს - მაშინვე გავკრავდი ტალკვესსა და ისიც გზას მიტევდა. ბევრჯერ თოფიც დამიყოლებია ზედ. ახლა-კი, ამ წუთას, არ ვიცი, რა მემართება! ყოველ ფეხის გადადგმაზე ხევში ქაჯები მეჩვენებიან, ჩემი გული ფოთოლივით თრთის. 
- ჰეი, ჩემო ავთანდილ, მოხუცებულხარ. შიში შეგპარვია გულში, თორემ იმ წყალში ლოდების მეტი არა ყრია რა, ხან-და-ხან ტოტებიანი ხეების კუნძებიც გვხვდება. განა ვერ შეამჩნიე, რომ მათი ტოტების ჩრდილი ბევრნაირ სურათებათ გვეხატება თვალწინ მთვარის შუქზე? 
- ვაიმე, სამსონ, სამსონ, მიშველე - დაიყვირა ამ დროს ავთანდილმა და თავი ძირს დაიღო. 
- რა იყო, კაცო?! ფუ, შენს ვაჟკაცობას. ზარნაშომ როგორ შეგაშინა ეგრე?.. ის არ იყო, რომ ამ წუთას თავზე გადაგვიარა?.. ეგ ღამის ფრინველია, თრითინებს იჭერს და იმით ირჩენს თავსა. 
- სწორედ ცუდს ფეხზე წამოვედით. ჩვენ ამაღამ კარგი არა მოგვივა-რა, ბატონო, - წამოიკვნესა ავთანდილმა. - ცხონებული მამიჩემისაგან მაქვს გაგონილი, რომ ღამით ზარნაშოს თავზე გადაფრენა უბედურებას მოასწავებსო. 
- დაუჯერე შენც სოფლის ჭორებს! როგორ ვერ გაგწურთნე, ჩემო ავთანდილ, ამდენი ხანი!.. მაგისთანა ამბები სულ სოფლის მკითხავების მოგონილია, რომ ხალხი შეაშინონ და ფული გამოსტყუონ. 
სამსონი რაკი დარწმუნდა, რომ ავთანდილი შეშინდა, მოჰყვა სხვა-და-სხვა ამბებს მის გასართობათ: ხან ბაიათებს იმღეროდა, ხან რამდენიმე მოტივიც იგალობა თბილისის თეატრში გაგონილი ოპერებიდან. იარეს ასე ერთხანს, სანამ ბოლოს ცეცხლი არ დაინახეს. ავთანდილმა, ცოტა არ იყოს, გული გაიმაგრა და წამოიძახა: 
- ძლივს არ მივედით!.. - უკივლა კიდეც შიუკას. იმანაც ხმა მოაწვდინა და ამ გარემოებამ ავთანდილი კიდევ უფრო გაამხნევა. 
- მე კიდეც მომშივდა, - სთქვა სამსონმა. 
- ისეთი მსუქანი დედლები წამოვიღე, რომ უკეთესი არ იქნება. მასთან ერთი ტიკჭორა საფერის ღვინოცა. ცოტა სიგრილემაც დაჰკრა. ვახშამი ძალიან გვიამება, - მიუალერსა ავთანდილმა სამსონს. 
- ჰატ, შე ლაჩარო, ახლა გამხიარულდი! წეღან, აკი, ქაჯები გელანდებოდენ! 
ამ ლაპარაკში მივიდენ კიდეც კაკალ ქვეშ, სადაც შიუკას პაწია კარავი გაეკეთებინა ნედლი ხის ტოტებისაგან და წინ ჩინებული ცეცხლი დაენთო. 
- შიუკა, ცხენი ჩამოართვი სამსონს! - შესძახა ავთანდილმა. 
ისინი ჩამოხტენ ცხენიდან და დასხდენ ცეცხლის პირას. კარგად რომ დაისვენეს, მერე ავთანდილმა მიითრია სავსე ხურჯინი, ამოალაგა რგვლად მოხარშული ორი დედალი, რომელშიაც მარილი გამოეხვია. შიუკამ ცხენები საბალახოთ გარეკა იქვე, მოტეხა ნოშოიანი ტოტები, სუფრად დააფინა ბალახზე და ზედ საჭმელი დაალაგა. ავთანდილმა მოხსნა თითი ტიკჭორსა და ჩამოასხა წითელი საფერის ღვინო სტაქანში. 
- ასე გემრიელათ ჯერ ვახშამი არ მიჭამია! - წამოიძახა სამსონმა. 
- ამისთანა ღვინო საწიოკეში ჩემს მეტს არავისა აქვს. ძალიან კარგი ღვინო დამიდგა წელსა, ბატონო სამსონ. 
- მართლაც რომ კარგი შუშხუნა ღვინოა! - წამოიძახა სამსონმა და გადაუსვა სავსე სტაქანი. 
სამნივე მადიანათ შეექცენ ვახშამს. გაახშირეს სადღეგრძელოები და ღვინით სავსე ჭიქა გადადიოდა ერთი ხელიდან მეორე ხელში. მგზავრებს ღვინო კარგათ გაუჯდათ ტანში, შეხურდენ და კიდეც შეზარხოშდენ. 
 
IX 
- აწ კი დროა კალმახების ჭერას შევუდგეთ, - სთქვა ავთანდილმა. 
- შენ იცი, ავთანდილ, როგორ სეირს მიჩვენებ. 
- შიუკა! - დაუძახა ავთანდილმა: - ჟინჟღილები ხომ კარგები დაამზადე. 
- რვა ჟინჟღილი ისეთი მაქვს, შენ ნუ მოუკვდები ჩემ თავს, რომ თითო სამ-სამი ადლია და დღესავით გაანათებს მთელს მორევს. 
- მთვარეც ჩავიდა. დილის რიჟრაჟი შორს აღარ უნდა იყვეს. ცეცხლი მიანელე, შიუკა, და ჟინჟღილი აანთე, მე ხვირჯინში ჩავდებ ჭურჭელს, ფეხს გავიძრობ. შენ ბადეს ჩემსავით ვერ ისვრი. ჯერ მე დამაცალე. შენ მხოლოდ ჟინჟღილი მომინათე ხოლმე. რაკი მთვარე ჩავიდა და ცეცხლიც ჩაქრა, ჟინჟღილი უფრო გაანათებს მორევს, კალმახიც სინათლეზე დაიწყებს დენას. ღმერთმა ნუ ქნას, თითო ბადის სროლაზე ხუთი ექვსი ცოცხალი კალმახი თუ არ ამოვიყვანე. 
- ჰაი, ჰაი, შენი ღმერთის ჭირიმე, ავთანდილ! მეც უნდა გიყურო. როცა ბადეში კალმახის ფართხალსა ვნახავ, მიამება! 
- თქვენ, ბატონო, აი, აგერ კიდეზე დაბრძანდით. მე კალმახებს გადმოგისვრით და არ გაუშათ, საშინელი ეშმაკია ახალი დაჭერილი კალმახი, ერთ საჟენზე ახტება და ისევ წყალში ჩავარდება, თუ მარჯვეთ არ იყავით. 
ცოტა ხანს იქით შიუკას გრძელი ანთებული ჟინჟღილი ეჭირა და ზედ შუაგულ მორევზე ჰქონდა გაჩერებული. 
- ბატონო, ბატონო, გამოდის კალმახი, უჰ, ერთი როგორი დიდი კალმახი დაიზლაზნება! - წამოიძახა შიუკამ, რომელიც ჟინჟღილით წყალში იცქირებოდა. 
ავთანდილმა გაშალა ბადე, დაიწერა პირჯვარი და ნელა, თითქოს ეპარებაო, ისე შევიდა წყალში. სამსონ წყლის ნაპირზე იჯდა, წყალში ჩასცქეროდა, უნდოდა მცურავი კალმახი დაენახა. ავთანდილმა ისროლა ბადე და მთელს მორევს გადააფარა. ბადე ზღართანით დაეშვა წყალში. ცოტა ხანს შემდეგ მეთევზემ მოშუპა ბადე და ორი კალმახი, თითო მტკაველ ნახევარი სიგრძე, ამოისროლა იქითკენ, საითაც სამსონი იჯდა. ცოცხალი კალმახები ხტოდნენ მინდორზე. სამსონმა სიხარულისაგან ჭყლოპინი დაიწყო, უნდოდა დაეჭირა, თავი ვეღარ შეიმაგრა და ყირამალა წაკოტრიალდა მინდორზე. 
- ოჰ, შენი ღმერთის ჭირიმე!.. თუმცა დავეცი, მაგრამ მაინც დავიჭირე, მაინც, ჰი!.. 
ჯერ კიდევ ბნელოდა, მაგრამ აღმოსავლეთისაკენ ცა უკვე წითლად შეიღება. ჩაბნელებული ტყე გადანარინჯდა, გადახალისდა. დილის რიჟრაჟი მოტანებული იყო. 
ამ დროს უეცრად მოხვდა შიუკას ხელზე მსხვილი ქვა და ჟინჟღილი ხელიდან გავარდა, ჩავარდა წყალში და დაიწყო შუშხუნი. 
- ვაიმე, ბატონო, წყლის ქაჯები დაგვეცენ, თავს ვუშველოთ! - გააბა გლეხმა ყვირილი და თავდაღმა მოკურცხლა. 
სამსონმა და ავთანდილმა მიხედვაც ვერ მოახერხეს: ერთი ქვა ბეჭის ფრთაზე დაეცა ავთანდილს და წყალში თავი წაარგვევინა, მეორე ქვა მოხვდა სამსონს მსხვილ კისერში და დათვივით დააწყებინა ღრიალი. ამის შემდეგ რა იყო და რა არა, ვეღარც ერთმა გაიგო, ვეღარც მეორემ. შავათ შეფუთვნილნი არსებანი დაესხენ თავზე ორსავე. ავთანდილი ნაპირზე გამოიტანეს და მოურთეს კეტები. მათს ზურგს, ბეჭებს, მუცელს და კისერს დალაბანდივით გაჰქონდა ბრაგა-ბრუგი. სცემდენ ორსავე უწყალოთ და კრინტიც არ ისმოდა მათგან. ბოლოს, ცემით რომ მოიღალენ ეს ქაჯები, შიუკას სიტყვით, დაადვეს ყური გალახულებს, უნდოდათ შეეტყოთ, კიდევ სუნთქავდენ თუ არაო. როცა დარწმუნდენ, რომ სამსონ და ავთანდილ თითქოს გრძნობაში აღარ იყვენ, უცბათ მოშორდენ და გაჰქრენ დაბურულს ტყეში. 
 
მშვენიერი დილა გათენდა. ავთანდილის ოჯახში დიდი სადილის მზადება იყო. მის ცოლსა და შვილებს მოეპატიჟნათ მეზობლები. უნდოდათ სამსონისათვის კარგი დრო გაეტარებინათ, გაერთოთ, მოელხინათ, ემღერნათ და ეთამაშებინათ იმ სოფლის ქალ-ვაჟები. საჯალაბო სახლთან, იქვე ეზოში, დიდი ცეცხლი გიზგიზებდა. ცალი მხრით მსუქანი გოჭი ტრიალებდა შამფურზე, მეორე მხრით რძის ბატკანი. სოფლის სადილობა კარგა ხანი იყო გადასული. სტუმრები დიდი ხანია მოგროვილიყვენ ავთანდილის ეზოში. მის ვაჟებს მწვანით შეფოთლილი გრძელი ფანჩატური გაეკეთებინათ და შიგ სუფრა გაეშალათ სტუმრებისათვის. ყველანი მომშეული იყვენ და აღმოსავლეთისაკენ იცქირებოდენ. თვალ-გაფაციცებით ელოდენ: სამსონი და ავთანდილ, აი, აგერ გამოჩნდებიან და, აი, აგერო. სტუმრებს იმედი ჰქონდათ, რომ აუარება ახალ დაჭერილს კალმახებს მოიტანდენ და წინდაწინ იტკბარუნებდენ გულსა მისი გემოვნებით. უეცრად მოისმა ხმა-მაღალი ტირილი. ყველანი განცვიფრებაში მოვიდნენ, შეჯგუფდენ და ერთად გაექანენ ჭიშკრისაკენ, რადგან ეს გოდების ხმა თან-და-თან უახლოვდებოდა ავთანდილის სახლსა. ბოლოს დაინახეს, რომ ძვირფასი სტუმრის მაგიერათ, მოდიოდენ ცხენები, რომლებზედაც დაკლული ღორებივით გადაეკიდნათ სამსონი და ავთანდილი. იქით-აქეთ ამოდგომოდენ გლეხები, რომ ცხენიდან არ გადმოვარდნილიყვენ. უკან მოსდევდა ტირილით შიუკა და მოსძახოდა: «ქაჯებმა, წყლის ქაჯებმა, დამიბეგვეს ბატონები! რომ არ გავქცეულიყავი, მეც მომკლავდენ ცემით. ჩემი თვალით ვნახე, რომ ქაჯები იყვენ, ბანჯგვლიანი პირისახე შავი მურივით უჩნდათ, თავზე რქები შევნიშნე... პირველად მე მომარტყეს ქვა და ჟინჟღილი წყალში ჩამაგდებინეს. მაშინვე მოვკურცხლე, ენა პირში აღარ მედვა ისე მივირბინე შინამდის. ჩემი ძმები გაეშურენ მეზობლებთან, ისინიც თან გავიყოლიეთ. იქნება მივუსწროთო ვამბობდით, მაგრამ რომ მივედით, თქვენი მტერი იყოს, რაც ჩვენ სანახავი ვნახეთ. ორივე ასე დალილებული, დაბეჟილები ეყარენ მინდორზე და კვნესოდენ. მოვძებნეთ ამათი ცხენები. შევდევით ზედ და წამოვიღეთ». 
ავთანდილის მეუღლემ ისე შეიცხადა ეს ამბავი, თითქოს ქმრის ცხედარი მართლაც სახლში სვენებოდეს. დედა-შვილის გაპოტნამ და მათმა კივილმა ის მოწვეული სტუმრებიც ააშფოთა. სამსონს მსხვილი კისერი რუმბივით გახდომოდა. მაშინვე აფრინეს კაცი მღვდელთან, რომ ზეთი ეკურთხებინათ. ექიმი და გამომძიებელიც მალე მოიყვანეს. ექიმმა გაშინჯა, თავი გადააქნია, სამსონის მორჩენაზე იჭვი განაცხადა, ჯიგარი აქვს დაბეჟილიო. ავთანდილს კიდევ უფრო ეტყობოდა გალახულობა. კეტების ცემით ზურგზე, წელზე და მკლავებზე ხორცი ჰქონდა დამსკდარი და სისხლი სდიოდა. 
გამომძიებელი შეუდგა საქმის გამოკვლევას, მაგრამ ვერა ახსნა რა. ბოლოს ავთანდილის ვაჟებმა ბაანას უფროს შვილს დააბრალეს ეს საქმე, რადგან იმ ორ ოჯახს მტრობა ჰქონდათ ერთმანეთში. საწიოკე სოფლელებს სრულებით არ სჯეროდათ მისი დანაშაულობა, ის იყო მეტად მშვიდობიანი, უწყინარი და მხოლოდ თავის ოჯახის ერთგული მუშა; მაგრამ ხალხს ვინ დაუჯერებდა?.. ავთანდილის შვილებმა შიუკას ძალა დაატანეს და გამომძიებელთან, ათქმევინეს: «ბაანას ვაჟი ვიცანი იმ გამლახველებშიო». ამ მიზეზით ბაანას ვაჟს ტომსკში ამოაყოფინეს თავი. მისმა მოხუცებულმა დედამ მეორე უბედურება ვეღარ გადაიტანა. დარჩენ პატარა და-და-ძმა, ბაანას შვილები, უპატრონოთ. მაგიერათ სოფელმა გამოიღო ხელი. მეზობლებმა და ბაანას გლეხებმა ითავეს ობლების გამოკვება. ყველანი ეწევოდენ, რაც შეეძლოთ და ბაანას პაწია ქალ-ვაჟი ისე დაზარდეს, როგორც იმათი ალალ-მართალი მამის კაცობას შეეფერებოდა. 
სამსონ ჯიბიაშვილს დიდხანს აღარ უცოცხლია. მას მოერია სიყვითლე და ექვსის თვის განმავლობაში მოკვდა. ავთანდილი თუმცა მორჩა, მაგრამ სისხლის ფურთხება დააწყებინა. ის სახლიდან აღარ გამოდიოდა... 
მთაში ნადირობდენ მხოლოდ მისი ვაჟები და ვისაც წაეწევოდენ, გაუცარცველს არ გაუშვებდენ. 
«თვითონ რომ იყო, იმაზე კიდევ უფრო ავი ლეკვები დაზარდა რუხმა მგელმა, სენი წილიმე!» - იძახოდენ დანაღვლიანებული ოსები.