Litclub.ge

მოგონება
აჰა ადგილი, აჰა ის არე, 
სად ხელმწიფობდი მშვენიერებით; 
ჭალაკი იგი, იგივ მდინარე 
და გაზაფხული მის ფეროვნებით! 
საცა შენ იყავ, მუნცა ყვავილნი 
უმეტეს სუნნელთ აღმოფშვინვიდენ; 
მზე ბრწყინვალებდა; აშიკ-ბულბულნი 
შენდამო ქებას ტკბილად გალობდნენ! 
გახარებული შენის მშვენებით 
ნიავიც ფრთეთა ამოდ განშლიდა; 
ხან შენსა კავებს ნაზად შეხებით, 
ხან შენსა ლეჩაქს ეთამაშიდა! 
საცა შენ იყავ, მუნცა მე ვრბოდი, 
გულ-მხიარული, სულ აღტაცებით; 
ვითა წყალობას ცისას, ველოდი 
შენს ერთს მოხედვას ლმობიერებით! 
სულ განაბული, ვით ანგელოზსა, 
გიმზერდი კრძალვით, გულ-ძგერით, სურვით; 
გისმენდი ტკბილად ხმა სირინოზსა, 
ტრფიალი შენდა სულის შეწირვით! 
აწ მასვე ადგილს ვჰზი მარტო ჭმუნვით, 
და დრო წარსული თვალ-წინ მეხატვის, 
როს გულს მინათდი მშვენების სხივით, 
მსურდა ცხოვრება შენთან და შენთვის! 
დრონი წავიდნენ... თანა წარიღეს 
გულისა გრძნობა, ძალი ტრფობისა: 
მარამა მე კი მარად მახსოვდეს 
იგივე დრონი ნეტარებისა! 
აწ არც კი მიცნობ, - გულით იცვალე... 
ამ მოგონებამ არ შეგაწუხოს; 
შენ განსვენებით ოღონდ იცოცხლე 
და მე, თუ-გინა, საფლავმა მფაროს. 
 
1851 წ.