Litclub.ge

არგვეთის ღამეები
ცაზე ვერცხლის მერცხლები
სხედან ლურჯ ბუდებში,
მთვარე ცივად ეცემა
შქერის ტყეში გამართულ ტოტების ბადეებში.

მთვარე _ თეთრი ხოხობი
გაეხირა ტოტებში,
ძაღლი მცველი ორღობის
რამეს ათევს ყეფაში და ძაღლურად  ბოდვებში.

ალვის ხეებს აცვია
სირმიანი ნაბდები,
ტკბილი სიზარმაცეა
და მდინარეც სავსეა თითქოს თეთრი ბატებით.

ღამეში დაფარფატებს
უბედური ღამურა,
ნეტავ არვინ დაჰფანტოს
ხმები იდუმალების ქცეული სალამურად.
 
1926