Litclub.ge

დუოსი

ჩემი სიყვარული დუოსის ტელეფონია- 
არასდროს ცალმხრივი, 
იცვლება ნომრები, პასუხი ერთია: 
შემეშვით! მაცილებ, 
როგორც ყოველთვის, როცა შორს მივდივარ, 
თან მუდამ ვცივდები 
და ტუჩის კუთხესთან ჰერპესი მრავლდება, 
თუ გინდა დამცინე. 

ძონძებს რომ ვეძახით(ვითომ არ გვიყვარს), 
ქვია ტანსაცმელი... 
სარკეს თავს ვაბეზრებ, დილიდან დავიწყე 
ვარჯიში, საცდელი... 
ქალაქი ჭურია, მოდა საჭურისი გახადეს, 
სხვაგვარად ჩავიცვა? 
როგორ მეზარება წვიმა და ტალახი, საქმე მაქვს 
ნუ მაცდენ. 

გახდა შუადღე და მიწევს შესვენება, რა ვჭამო? 
არ მშია არასდროს, 
მიმტანის წინსაფარს აცხია შვიდფერი ლაქები 
(ყავა და 
გავა დროც), 
ისე შემომხედა, სადღაც მინახავსო გაიფიქრა, 
არ ჰგავს ორატორს 
(სხვადასხვა ხარისხის სიგარეტის ბოლს 
დარბაზი ვერ იტევს). 

რა მალე ღამდება. არავინ მირეკავს, გადავრეკო? 
არა, მერიდება. 
სხეულში სინდისის ჯირკვალსაც სურდო აქვს, 
ნეტავ ვინ გადამდო? 
ისეთი ამინდია, თუ მოინდომებ დროსაც გაუსწრებ, 
ღირს კი შერიგება? 
მოაქვს ანგარიში და ჩემი დუოსიც 
გამოვრთე ვადამდე.