Litclub.ge

პროტესტი
მე არასოდეს დავწერ სხვების გასაოცებლად,
და არ გავხდები ყალბ გრძნობათა მოდელიერი,
მექანიკურად დასაქოქმა ხარბმა დროებამ
სტრიქონ-სტრიქონ რომც დამახიოს ყოველი ლექსი.

ლექსის კითხვისას მე ლოთები გამიღიმებენ,
თქვენ დაგაყრუებთ ოვაცია კლაკიორების,
დაფნის გვირგვინებს მოირგებთ და იტყვით - "ave მე"-ს,
მე კი არასდროს ვაღიარებ, რომ ვარ პოეტი.

გხიბლავთ თემები მგრძნობიარე, ტრაგიზმით სავსე,
ხალხზე გათვლილი, გლობალური, მომგებიანი,
(წერთ აფეთქებულ ცათამბრჯენზე(ამერიკაში)
და დღემდე გლოვობთ ტრაგედიას მომხდარს ბესლანში)-
-როცა უცრემლოდ ასფლავებთ საქართველოში,
დეკემბრის სუსხში, მარტოდმარტო ღამენათენებ,
ნაგავსაყრელზე დედის მიერ გადაგდებულ და
ვირთხის ნავახშმარ, უსახელო ბავშვს მერამდენედ...

არ მჯერა თქვენი ნიჭიერო ფარისევლებო,
სავსე გაქვთ სული განდიდების მეტასტაზებით,
ფანტეთ სიყალბე, როგორც გსურთ და როგორც გენებოთ,
(საიქიოში თქვენ უთუოდ განსხივოსნდებით).


მე არასოდეს დავწერ სხვების გასაოცებლად,
და არ გავხდები ყალბ გრძნობათა მოდელიერი,
მექანიკურად დასაქოქმა ხარბმა დროებამ
სტრიქონ-სტრიქონ რომც დამახიოს ყოველი ლექსი...