Litclub.ge

ზღაპარი თევზისა, თუ როგორ ასწავლა სოფელს შრომა
არც რა იყო არაფრისა, არც რა ჰქონდათ არაფრისი, ამბავ იყო ზღაპრად თქმული, ამ მთისა და ამ ბარისი. პატარა სოფელი იყო ერთ ხეობაში გაშენებული. თუმცა, რაღა გაშენება ეთქმოდა სოფელს და იქ მცხოვრებთ. გაშენება ხომ სახლის აშენებას, ხეხილის დარგვას, ვაზის ჩაყრას ნიშნავს. იქაურთ, არც სახლ — ფუძე გაემართათ და არცა რა ბაღ-მამული. ხელის გამოღებასა და ოფლის ღვრას გაურბოდნენ, თორემ მხარე, სადაც ისინი სახლობდნენ, ისეთი მოსავლიანი და ბარაქიანი იყო, თუ გსმენიათ, სიმიდის მარცვალი უკუღმა რომ ჩააგდო, წაღმა ამოვაო, სწორედ რომ იქაურობაზე იყო ნათქვამი. ისხდნენ ადრიან დილიდან გვიან საღამომდე თავთავიანთ შემომტკავლულში, რომ იტყვიან, მზის ხახაში ჩაცვენილნი და მუდამ ღმერთის წყალობაზე ეჭირათ თვალი. წყალობას ცოტაოდენი ბედიც უნდა ახლდეს თან. ამდენ უსაქმურ ჯდომას, წოლას და დგომას — ძღომაც ხომ უნდა? ჰოდა, მდინარეც იქვე, ხელის განაწვდენზე ჩამოუდიოდათ. ადგებოდნენ, ჩაჰყოფდნენ მდინარეში ხელს და ისე წუმწუმ ამოჰყავდათ თევზი, რომ ლიფსიტები ფარფლის დაკვრასაც ვერ ასწრებდნენ. ეს დაზამთრებამდე. ზამთრობით, ყველა შველი და ირემი მათი სოფლის მდინარის ნაპირებიდან სვამდა წყალს.
წყალობაცაა და წყალობაც, და აი, ერთ დილით, მდინარის ნაპირს ერთი თევზი მიადგა. თევზმა ისეთი ფართქალი ასტეხა, რომ იტყვიან, ქუდზე კაცმა მდინარისკენ იბრუნა პირი.
— რას შვრებით, გამაგებინეთ ვინ ხართ, რა რჯულ-ჯილაგისანიო, — ფართქალებდა თევზი, — ვერა ბატონო, ჩემს ჯიშს — ნაგრამს თქვენ ვერ გაგაჟუჟვინებთო! — თევზი ადგა, მდინარეს ფარფლი მოუსვა და ლიფსიტ-ქვირითიანად იქაურობას გასცილდა.
ვერცრა სიტყვა გაიგო სოფელმა თევზის პირიდან თქმული და ვერცრა მისი გულისწყრომისა. კვლავ წინანდებურად მიუბრუნდნენ თავთავიანთ კერებს. დღის ჩანასვალზე მზემაც ჩვეულებრივად იწყო სხივთა ამოკრება სანახებიდან.
მეორე დღეს, სისხამზე მიაშურა სოფელმა მდინარის ნაპირს. რა ბადე არ მოისროლეს შიგ. რა გოდორი და რა ფაცერი არ ჩააგდეს. მაგრამ, ერთი ლიფსიტა რაა, ისიც კი ვერ გამოსძალეს წყალს.
ასე მესამე, მეოთხე დღესაც.
მეხუთე დღეს კი, იცოცხლე, მოჰკიდეს ხელი ვინ ხვედასა და ვინ ნაჯახს. ვინ წალკატსა და ვინ თოხს. ვინ ჭაღვსა და ვინ ნამგალს. გავიდნენ კარში. გაკაფეს ტყე უსიერი და კლდე ქორაფისა. შეაბეს უღელი და გამართეს ერქვანი. მოხნეს მიწა ყანდი და მიწა უშალი. ჩაყარეს ვაზი და ნერგი ხილნარისა, მიწას შემოარტყეს ყანა პურეულის, ქვევრებს - მოძახილი მთვრალი საწნახლისა...
გამიგრძელდა,
ზღაპარს ავყევი.
კიდევ კარგი, თქვენ მაინც იცით, რომ ზღაპარს გიყვებით და არ მომთხოვს იმ ქვეყნის საძებრად წასვლას.
გინდათ, წავიდეთ რა;
გგონიათ, ვიპოვით?!
მორჩა ზღაპარი.