Litclub.ge

მიხმობს სამყარო
მიხმობს სამყარო და მირიადი გალაქტიკები,
გარიჟრაჟზე მოციაგე სხივებს მიგზავნის
შეკითხვების ვრცელი უსტარით;
რას ვუპასუხებ მე ამ შეკითხვებს,
ნათელღებული და განდობილი ჯერ კიდევ არ ვარ;
დედამიწაზე კი ფსიქოლოგიური ტესტებით
აპირებენ გამოიცნონ კაცთა ბუნება;
ვინა ვართ, რა ვართ, საით მივდივართ,
რა ხასიათი გვიბოძა ღმერთმა _
მხიარული თუ ნაღვლიანი,
ან იქნებ სულაც გულცივი, როგორც მრავალი?
ჰო, ალბათობა აინტერესებთ.....
ჰორმონალური სიმფონია თითქოს ყალბად ჟღერს,
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი აჩქარებს რეაქციას
და ემოციური პალიტრაც მდიდრდება:
ამბივალენტური განცდები მიპყრობს _
სიცოცხლე მშვენიერია, არა, სიცოცხლე სასტიკია,
სიცოცხლე ბედნიერებაა, არა, სიცოცხლე სასჯელია....
და ჩემი სულის უკაცრიელ და უსიერ ტყეში
ვით გადაბურდულ ხეთა ჩრდილებში
ფესვებს ჩავცქერი, ფესვს ვაკვირდები არსებობისა,
საცნაურდება გენში ჩაქსოვილი ადამიანის მოდელი _
ძლიერს მომავლის დიდი რწმენა აქვს,
სუსტი კი ცხოვრობს მხოლოდ დროებით....
კიაფობს ჩემში იდუმალი სამყაროს სხივი....