Litclub.ge

დაგვიანებული სიტყვა ილია ჭავჭავაძეს
არ დავცემულვარ თუმცა არაგვთან,
რადგან თვით ჭოროხს სიმწრით ვიცავდი.
დაიქცეს ის დღე, როცა თანამხად
ნდობით _ `ვიღაცის~ მამულს მიყოფდნენ.
ისე დავგლახდი, ისე დავთანხმდი,
საკუთარ სხეულს ისე დავხარბდი,
ბევრი ვეცადე, ბევრიც ვიწადე,
ბოლოს იმ `დიდი აზრის~ თანამხად,
დღეს მამულში ვარ ცით და მიწათი.
(ეს ისე ჩვენში მარტოკას გითხარ,
სხვას არ ვეტყოდი ამდაგვარ სიტყვას),
მე იმ ტკივილებს არ გავაღვიძებ,
დღეის ეპოქებს არ რგებს არაფრით,
მაგრამ ვუსურვებ გადაღმელ ღვიძლებს _
გადარჩნენ ისე, ჩვენ რომ გადავრჩით,
ბევრჯერ ვილოცე მტკვართან, რიონთან
და მაინც ის ვარ, ვინც ჭოროხს უვლის,
იცი შენ, თუ რამ სისხლი გდიოდა,
იქ გახლდა ჩემი ფიცხი ხორუმიც.
უცხო, რომ იყო ალბათ მადლობებს
გეტყოდი, ძმას კი მეტიც შეგეძლო,
მაგრამ ვაი, რომ შენც იქ დაგკოდეს
სადაც მე სული შხამით შემევსო.
მიტომ არაგვთან ვეღარ გეახელ,
აქ აფსაროსთან თვითონ მიჭირდა,
დღეს გულში ვიდგამ ძეგლად იმ სახელს,
კვლავ ავღორძინდეთ ვისი ნიჭითაც.
თუმც ყველას გვილხინს, ლხინი ტკბილია
და ზეიმებიც ერთობ მომრავლდა,
მაგრამ ვით შოთა, ისე ილია,
უტეხ ფარ-შუბად გვყავს მომავალთა.