Litclub.ge

ერთად წავიდეთ მთაში
გაზაფხულია.
გთხოვ ქალაქიდან
ერთად წავიდეთ მთაში,
მთის ფერდობებზე თოვლი აცრემლდა,
როგორც აკვანში ბავშვი.

შეგვეგებება ჩხართვების გუნდი
ბექობთან ფრთების ტაშით,
ქალწულის მსგავსად მზე იღიმება
გაშლილ,
უღრუბლო ცაში.

სტუმრის წინაშე მთიელი ახლა
როდი დავრჩები ვალში,
კაკლების ჩრდილში, წყაროსთან ახლოს
მეგობრულ სუფრას გავშლი.

დავლოცოთ მთის და ბარის ერთობა,
რა სჯობს?-
ვართ მუდამ მხარში,
გაზაფხულია. გთხოვ ქალაქიდან
ერთად წავიდეთ მთაში.