Litclub.ge

საჩეჩელი
ზვიგენივით კბილებს ხმარობს,
სისხლს არ ითხოვს მისი ეშვი,
ქალის მუხლებს შორის ხარობს,
მატყლის ფანტელს იხვევს ხელში.

ნეტავ რამდენ ქალის მაჯას
ახსოვს მისი სითბო ხელის.
იმათ შრომას, ლტოლვას, გარჯას
ამშვენებდა საჩეჩელი.

სად არ იყო იგი სტუმრად
მზიან დღეში , თუ ავდარში,
ყველასათვის სითბო სურდა,
ჩეჩავდა მატყლს ცივ ზამთარში.

მოქსოვნილი მატყლის ძაფით
ნენეს წინდა ვის არ ეცვა,
და ელოდნენ მოსვლას ზამთრის,
შესცქეროდნენ ნატვრით ზეცას.

მახსოვს ნენემ თეთრი სვიტრი
მატყლის ძაფით მომიქსოვა,
მეორე დღეს ადრე დილით
გავიხედე კარში თოვდა.

იცით როგორ გამიხარდა
მქონდა მატყლის წინდა,სვიტრი,
ხალისისგან ცაში მართლა
დავფრინავდი როგორც ჩიტი.

საჩეჩელო , სად ხარ ახლა,
ტანზე ჟანგი მოგეკიდა,
შენს კბილებზე დაჩეჩილი,
ნენეს დართულ-მოქსოვნილი
მოგვენატრა მატყლის წინდა.