Litclub.ge

მაცხოვრის კვართის
მაცხოვრის კვართის, ღვთისმშობლის კალთის, 
წმინდა გრაალის მადლით ფენილი, 
აღორძინდება მამული ქართის, 
ენა და რწმენაგადარჩენილი.
ენთოს სამშობლოს საკურთხეველთან 
სიცოცხლე ჩვენი, როგორც სანთელი, 
ქართველს, მამულზე უფრო დალხენილს, 
არ შეიძლება ერქვას ქართველი.
ციხე-გალავნად დავუდგეთ ივერს, 
ლექსად ჩამოქნილს, ტაძრად აგებულს, 
ლაჟვარდის ციაგს, მყინვართა ქიმებს, 
მიწას, ათასფრად აფარდაგებულს 
და მაღლით ფარად დაგვეფინება 
უკუმქცეველი მრავალი ჭირის, 
დავითის სიბრძნე და მოთმინება 
კავკასიონზე მიჯაჭვულ გმირის.
მუმლს არ დაიხვევს მუხა ჭაღარა, 
ქარტეხილებში ეულად მდგარი, 
რომ ვაზის ჯვარი გვიძღოდეს მარად, 
რომ მარად რეკდეს სიონის ზარი.
და ჩვენ კი, ძმანო, ვუმღეროთ ვაშა 
მამა-პაპათა აჩრდილებს ნეტარს 
და მერმისისკენ ჩავუდგეთ კვალში 
წმინდა გიორგის, სიმართლის მხედარს,
დე იბერია იქნას მთლიანი
სამართლიანი და დარიანი, 
და საუკუნოდ ეწეროს დროშას
“ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!”