Litclub.ge

კარმელი მართალი
1915 წელს შემოდგომაზე ჩემთან მოვიდა ბავშვი, რომელმაც დამიტოვა რვეული ლექსების და თითქმის ვერაფერი ვერ მითხრა. ის იყო როგორც ნიბლია.გადავიკითხე ლექსები და იმღამესვე წავედი ვალერიან გაფრინდაშვილთან. ბავშვურ შთაგონებაში ჩვენ დავინახეთ მომავალი ძმა ჩვენს ორდენში -შალვა კარმელი. იმ დღიდან ჩვენ ძმები ვიყავით. როდესაც ქუთაისი მთელი შემადგენლობით ხევდა "ცისფერი ყანწების" პირველ რვეულს, შალვა კარმელი მას გულთან ატარებდა და ის გახდა წევრი ჩვენი ღამეების და ჩვენი მარტოობის. ის მუდამ სუსტი და გაფითრებული იყო. ჩვენ მას ვეფერებოდით, ვაიმედებდით, თუმცა გვეშინოდა,მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის ყოველთვის ჩუმი ცრემლებით გვეტყოდა თავისი დების სიკვდილის ამბავს. ეს ორი კუბო მან შემდეგში გააზღაპრა ვარდის სურნელებით დაწერილ ლექსებში. 

შალვა კარმელი ჩუქურთმების ოსტატი იყო პოეზიაში. ყველა მისი ლექსი ამოჭრილი იყო მარმალილოზე თუ სპილენძზე.მას, როგორც მთვარეულს იტაცებდა რითმა და ლექსის გამართულობით ის ყოველთვის საკვირველი იყო ... ის რითმაზე ფიქრობდა ისევე, როგორც თავის ტუბერკულოზზე. მისი ლექსი ხშირად გაუგებარი იყო, მაგრამ არასოდეს არ იყო გაუგებარი მისი რითმა. ყველაზე დიდი სიხარული ცხოვრებისა იყო მისი წიგნი ლექსების “ბაბილონი“. ეს წიგნი იყო მისთვის იმედი, ამ წიგნით გრძნობდა ის სიცოცხლეს,თუმცა იცოდა,რომ მისი ფილტვები ჭკნებოდნენ და იცოდა,რას ნიშნავდა ხშირი სისხლი მის ბავშვურ პირზე. 

შარშან აღდგომას,მან ყოველთვის სიცხიანი ხელით მომიტანა სიონიდან სანთელი აღდგომის სუფრაზე ის რძის მეტს ვერაფერს სვამდა. 

უკანასკნელ თვეში ჩვენ უკვე დავრწმუნდით,რომ შალვა კარმელი ქუთაისიდან ვეღარ დაგვიბრუნდებოდა. 

პირველი ტრაური ყანწელების... ჩვენ წავიღებთ ქუთაისში პირველ გვირგვინს პოეტების ორდენის სახელით. 

ყველაზე უმცროსი ძმა,ყველაზე უფრო ჩუმი და გაფითრებული-დავკარგეთ ქუთაისში...