Litclub.ge

26 მაისი-პირველი შვილიშვილი

 

  ჩიტები გალობენ თუ ეს გულია? _

  ბაბუ ვარ! ბაბუ! ბაბულია!

 

  მაისის სამზითვო წვიმებია,

  ყვავილებს მირონი დასდენია,

  როგორი ბროლ-ციალა მძივებია!

  ღრუბლების გედები რამდენია!

 

  მეხი მოგუდულად დაღიღინებს,

  ხანაც ნაგაზივით დაიღრინებს.

 

  ყოველი ჭუჭრუტანა ფერმწერია _

  სხივთა ლიფსიტების ფაცერია.

 

  მზეა და ვარდივით დაღაღანებს,

  ცვარი საციაგოდ დაახანებს.

 

  ყაყაჩო _ გუშინ მწვანე ჯვალოსანი

  გამხდარა წითელი ჯვაროსანი.

 

  ჩიტები გალობენ და დარისაა,

  ურემი ჭრიალებს და ხარისაა.

 

  ციალებს და იალკიალებს

  თვალგახარებული ზაზა აქებს,

  ხატის დროშასავით აწკრიალებს

  ზეცა ნამგალების ზანზალაკებს.

 

  მონატრებებიც ბერდებიან?!

  აბა ნეტავი რა მემართება:

  მოხუცი მშობლები მომელიან,

  მე კი შვილიშვილი მენატრება.

 

  ჩიტები გალობენ თუ ეს გულია? _

  ბაბუ ვარ! ბაბუ! ბაბულია!

 

                           2009