Litclub.ge

საქართველოს მეფის ირაკლის ძე ლევან
ლევან მეფის ირაკლის ძე მესამე ცოლს დედოფალ დარეჯანთან ნაყოლი დარეჯან დედოფლის შვილებში ყველაზე უფროსი იყო. ეს ლევან ასეთი რამ ყოფილა, თუ რომ იმისი სიცოცხლე გრძელი ყოფილიყო, საქართუელო დღეს ამაღლებული იქნებოდა ბაგრატიონების გვირგვინს ქვეშა! მეფე ირაკლიმ დიდი ანტონ ქათალიკოზი და ეს თავისი შვილი ლევან ორნი გონიერები რუსეთში გაგზავნა, ეკატირინა ხელმწიფას კარზედ, შეიტყონ და გამოიკვლიონ იქაური დაწყობილობა,როგორც ადმინისტრაცია, ისე მხედრობის რიგი რომ იქაურს კუალობაზედ საქართუელოშიაც ისე დააწყონ. მართლა ისეც იყო.

როდისაც რომ საქართუელოში მოვიდნენ,მაშინვე სამი ესე სახელოვანი კაცი: მეფე ირაკლი, ანტონ ქათალიკოზი და ბატონიშვილი ლევან შეუდგნენ საქართუელოს დაწყობილობასა წესიერად. მოიგონეს მორიგე წესიერი ჯარი და გაამაგრეს საქართუელოს საზღვრები ამით, რომლისგანაცა საქართუელომ ხელმეორეთ შენობა დაიწყო. მოიგონეს ჩამოსასხმელი ზარბაზნებისა და სადაც კი წაიღებდნენ ხოლმე,

უეჭველად კიდეც იმარჯუებდენ, როლებიცა ამისა შემდგომ მეფე ირაკლი ქუეყნის გამართუას მოჰყუა, ანტონი ქათალიკოზი ეკლესიების გამშვენიერებასა და ლევან ბატოიშვილმა მტერს დაუწყო დევნა, რომელიცა ყოუელს ადგილს სწყლავდა და მარადის იმარჯუებდა იმათზედ.

ეს სამი საკვირუელი კაცი: მეფე ირაკლი, ანტონი ქათალიკოზი და ბატოიშვილი ლევან სამნივ ხშირათ იყვნენ ერთად და სართუელოს საქმეს აწყობდნენ. მაგრამ ეს მეფის ირაკლის საიდუმლოს მტრებს არ იამებოდათ, რა ქნან როგორა ქნან, რომ მოშალონ იმათი თათბირობა? აი მოიგონეს: ლევან ბატოიშვილი მოწამლეს, საწამლავით საიდუმლოთ მოკლეს და ამის შედგომ ანტონ ქათალიკოზიც სამი თუ ოთხის წლისა შემდგომ აღარ იყო, მგონია, ისიც საწამლავით გაათავეს. 

ეს ლევან ყუელას დიდი საყუარელი იყო, როგორც მთელი საქართუელოს ხალხისა, ისე სულერიან თავადაზნაურობისა და უკანასკნელად მთელის მეფის სახლეულობისა, ნამეტნავად ბატონიშვილს გიორგის (შემდგომ მეფეს) უფრო დალიან ჰყუარებია, ასე რომ მეტი სიყუარული აღარ იქნება, როგორც იმას უყ(ვ)არდა თავის ძმა ლევან. ამ ლევანმა ორი ათასი მეტი ამალა შეიკრიბა, სულერთიან თავისავით ყმაწვილკაცობა, გამოჩენილი ვაჟკაცები, სადაც ყოუელს ომში პირუელი მეომრები ისინი იყუნენ და გამმარჯუებელიც ისინი.

ის ამალა ასე რიგათ ჰყოლია გაწყობილი თითქმის რეგულსავით, როგორც საუცხოვოს ცხენებითა, ისე იარაღებითა და სრულიად ის ამალა ვერცხლის ყაწიმებში პრიალებდა თურმე. მთელი საქართუელოს ხალხი შეჰყურებდა ლევანს საქართუელოს იმედათა და ყუელანი ერთობითა მოელოდნენ იმისაგან ბევრსა კარგსა. კვლავად ვიტყვი, ნამეტნავად ბატოიშვილი გიორგი უფრო ყუელაზედ საიმედოდ ხედავდა ლევანს და დიდი სასოებაც ჰქონდა იმაზედ დადებული.

ერთხელ ლევან ბატოიშვილს გამოგზავნილი მახარობელი მოუვიდა მეფეს ირაკლის ქ. ტფილისში ყარაიას ლეკოსმალოს დიდს ჯარზედ გავიმარჯვე, ძალიან დავამარცხე ისინი და მეც ეხლა ჩემის ამალით გიახლები, ჩემო ხელმწიფეო. ამაზედ მთელი ქალაქი გაეგება ლევანს და დიდის დღესასწაულით შემოიყუანეს, სადაც მეფის სასახლის მოაჯირზედ ბატოიშვილი გიორგი თავის გონიერის ცოლის ქეთევანით და სულერთიან მთელი დიდკაცობა ცოლებითა იქ ელოდნენ ლევანს მეფის ირაკლითურთ და დედოფლის დარეჯნით. ამ დროს დაიძახეს: ბატოიშვილი ლევან მოვა თავის ამალითა გამარჯვებული მტერზედ აგერ მეიდანზედაო. ყველამ მოუთმენელის სიხარულით ყურება დაუწყეს მოაჯირიდგან, საიდგანაც დაინახეს რომ თავის საუცხოვოს ამალის შუაში, წითელს ბედაურს ცხენზედ, წითელისა ტანისამოსით, რომელსაცა აქეთიქით დიდი კაცის შვილები სულ ყმაწვილი კაცნი ბედაურის ცხენებითა, წითელისა ტანისამოსებით, ვერცხლის კრიალისა ყაწიმებით თან მოსდევდნენ ლევანს გამარჯვებულები და ამაყად მოდიოდნენ ერთად შეჯგუფილი. ბატოიშვილის გიორგის გულმა ვერ გაუძლო, მაშინათვე ქვემოთ კიბეზე ჩამოვიდა და იქვე კარებიდგან ორივ ხელები განუბყრო ლევანს და მაღლის ხმით დაუძახა:

–ძმაო ლევან, ძმაო ლევან! მამილოცავს გამარჯვება იმ ჩუენს უსვინდისოს მტრებზედ. შენმა გაზდამ ჩემო სიცოცხლეო ლევან, ადრევეც ხომ ბევრჯველ მამილოცავს გამარჯვება და ეხლა უფრო კიდევ გულმხურუალედ გილოცავ გამარჯვებას, ამიტომ რომ ეს ყუელაზედ დიდი მტერი იყო – და თვალებიდგან ცრემლები გადმოყარა. იქიდგან ლევან ცხენიდგან გადმოიჭრა, გამოექანა და ეს საყუარული ძმები სიყუარულით ერთმანეთს გადაეხვივნენ. იქიდგან ხელი დაუჭირა თავის ძმას ლევანს გიორგიმ, ზევით მაღლა მოაჯირზედ ამოიყუანა და სიხარულის ხმითა დაიძახა:

–ჩემო ხელმწიფენო, მეფე დედოფალო! აი ჩუენი ოჯახის ბედნიერება ეს არის ჩუენი შეურყეველი მკიდრი საფუძუელი ჩუენი სახლეულობისა. ყუელამ ერთიანათ ამის დღეგრძელობისათვის ვილოცოთ ღვთისადმი.

დიდი ენა მჭევრიც იყო გიორგი ბატოიშვილი და ყოვლის კარგის სიტყუუებით აამსო მეფე დედოფალი. 

მასუკან მეფე ირაკლიმ: 

–შენმა გაზდამ, ჩემო ბიორგი, შენის გვირგვინისთვის თავს დასდებს ლევან.

მერეთ დედოფალმა დარეჯანმა:

–არამც თუ მაგის გვირგვნისთვის მხოლოდ თავი უნდა დადოს, ლუკმა ლუკმათ უნდა დაიკუწოს. რაც მე ბატოიშვილს გიორგიზედ ჭინახული მაქვს, ის იმთენი დიდი ჭინახული, რომელსაც არცერთს ჩემს შვილებზედ არა მაქუს, ის ჩემი ჭინახულის სიყუარული უნდა ლევან ჰქონდეს ყოველთვის თუალწინ და ისეთიც ერთგული იყოს ამ ჩემის სიცოცხლის გიორგისა.

ამასთან დედოფალი და ბატონიშვილი გიორგი გულმობიელად ცრემლით ერთმანეთს გადაეხვივნენ. რომელიცა ამ ამბავსა ქეთევან ბატოირძალი ბატოიშვილის გიორგის მეუღლე შორიდგან უყურებდა და მეტის სიხარულით ტიროდა ამისთან სიყვარულისათვის მეფის სახლეულობისა მიერ. ვინცა და რომელმაც იმათ ამისთანა სიყვარული დაურღვია ყოვლის ეშმაკურის ცფიერობით, ღმერთმა იმისთანა სამართალი მისცეს იმის სახლსა.

ზევით რომ ვთქვი: ლევან ბატოიშვილი მოწამლეს მეთქი, დროა, ეხლა ის უნდა გავარკვიოთ რომ ეს ანბავი სიბნელეში არ დარჩეს, მაგრამ ამისთან ანბავი აქედგან რომ დავიწყოთ ყუელას უფრო რიგზედ დავინახავთ და ავკარგობა ნათლად გამოჩნდება.

ბატოიშვილი გიორგის ცოლის ქეთევანის ნათესავი თვით ენდრონიკაანთ ქალი ელენე მშვენიერი თუალტანადი, ასე ეგონა: როგორც მე ვარ კარგი დედაკაცი, ისე ის ჩემი გუარეული და ის ჩემი ნათესავი ელენეც ისეთი კარგი დედაკაცი იქნებაო. რომელმაცა ამისგამო მოინდომა, რომ თავის მაზლს ბატოიშვილს ლევანს მისცეს, რომლისაცა იმის სიტყუა, მეფის ირაკლის სახლისათვის ბეჭედი იყო და კიდეც მოახდინა მაშინათვე, მაგრამ შეცდა იმისთანა გონიერი დედაკაცი: თავისთანა კარგი დედაკაცი ის არ გამოვიდა, მეფის ირაკლის სახლის საკადრისი რძალი.

ბატოიშვილს ლევანს ის ძლიერ ჰყუარებია, იმ ქალს ისიც, მაგრამ ქარიანი ქალი ყოფილა და სუბუქი ჭკვისა. მეფის სასახლეში ბევრს რაღაც სულელობას თურმე წამოროშავდა. მაგრამ მაინც კიდევ დიდათ ჰყვარებია ლევანს. მეფე ირაკლი და დედოფალი დარეჯანი ისე არა სწუხდნენ იმის არეულის ხასიათისათვის, როგორც ბატოიშვილი გიორგი და ნამეტნავად უფრო კიდევ იმის ცოლი ქეთევან. თურმე ეტყოდა ბატოიშვი გიორგი თავის ცოლსა:

–გამიგონე რა გითხრა, ქეთევან, შენ ასეთი საქმე უყავ ჩემს ძმას ლევანს, რომ საუკუნოთ გაუბედურე იმ შენი ნათესავის შერთვით.

–მართალს ბრძანებ, მაგისთვისა ჯოჯოხეთიც ცოტარის ჩემთვის. - ცრემლით მიუგებდა ისიც.

ესენი აი საიდგან ვიცი: 

ერთხელ დედიდა ჩემი ქეთევან ბატოიშვილი და დედაჩემი ამაებს ასე ლაპარაკობდნენ, სადაც მეც იქ ვიყავ იმ დროს და მერეთ ძალიან გმობა დაუწყეს ლევან ბატოიშვილის ცოლსა. მე იმათ ლაპარაკსა მხოლოდ ყურს უგდებდი: ვნახოთ რისთვის გმობენ, ეგება მიზეზი თქუან მეთქი. მაგრამ მიზეზი არა თქუეს, არა ექნა იმას იმისთანა რომ ისე ჰგმობდნენ და ბოლო დროს ამ სიტყვით გაჩუმდნენ: საძაგელი ისა. მე მაშინ ყმაწვილი კაცი ვიყავ და ამ გუარების ძალიან ცნობის სიყუარული მქონდა, რომელმაცა გაუბედე და ორთავ ვკითხე:

–ბატოიშვილებო, შეინჭემე, არა უქნია იმ თქუენს რძალსა, რომ აგრე ჰგმობთ იმას?

დეიდა ქეთევან ბატოიშვილმა წარბშეკრულმა შემამხედა და ცოტაოდენის მრისხანებით მითხრა:

–როგორც გამოკითხუაში ხარ ძუელი ამბებისა,კიდევ ისა გკითხე, მაგას თავი დაანებე ,ეგ შენი საქმე არ არის - და მრისხანეს სახით გაჩუმდა. მასუკან დედა ჩემა მუთაქა მიართო, ახალ სადილ მირთმეულნი იყვნენ, ერთი ერთს მუთაქაზე წამოწუა, მეორე მეორეზე და მოსუენებას მიეცნენ. მეც ავდექ და ფეხაკრეფილი დაფიქრებით მეორე ოთახში გამოველ. ეს ამბავი ჩუეთან იყო, ჩუენს სახლში, სადაც იმ დროს ჩუენ სამის მეტი სხუა არავინ ყოფილა იქა.

ეს კიდევ არაფერი, აი ეს უფრო გასაგონი არის, რომელსაცა ვიტყვი ეხლა. ამ ლაპარაკის შედგომ ორ თუ სამი წელიწადი გამოვიდა რომ ერთს დილაზედ ჩემი 

ნათესავის თავადის თომა ენდრონიკაშვილის კაცი მამივიდა, შემოეთვალა: ავლაბარს ამ და ამ სახლში მოდი, ბატოირძალი გადიცუალა, უნდა დავმარხოთო. მე იმ დროს ჩაცმულიც ვიყავი და ვემზადებოდი სადმე წასვლას. ეს რომ მითხრა, მაშინვე გავეშურე, რომ სახლში აღარ შევტრიალდი და იმ ბიჭსა ვკითხე გზაზედ:
-ბიჭო,რომელი ბატოირძალი გარდაიცუალა? 

–რა მოგახსენო, ასე ამბობდნენ: ბატოირძალი გარდაიცვალაო და ის კი აღარ ვიცი, ვინ ბატოირძალი.

მივიდოდი გზაზედ და გაკვირუებაში ვიყავი: ის იმისთანა რომელი ბატოირძალია, რომ მე იმას არ ვიცნობდი? ამ ფიქრში კიდეც მივედი, ვნახე, რომ ბევრი თავადაზნაურობა და ამქარი შეყრილიყვნენ და სამღვდელოს მოელოდნენ, იმისი ცხედარი გამოესვენებინათ. თომა ენდრონიკაშვილი კარზე დამხვდა, ვკითხე:

–რომელი ბატოირძალი გარდაიცუალა, რომ მე იმას არ ვიცნობდი? ხელიდამიჭირა, ცალკე გამიყუანა და მითხრა: 

–ლევან ბატოიშვილის ცოლი.

–როგორ თუ ლევან ბატოიშვილის ცილი, რომელი ლევანისა?

–მეფის ირაკლის შვილი რომ იყო, იმ კარგი ლევანის ცოლი.

რაღამაც გაყინულმა ჟრუანტელმა დამიარა ტანში თომას ამ სიტყუაზე და ძლივს სული მოვიბრუნე. ვკითხე:

–რას მეუბნები, თომავ, აქამდისინ ლევან ბატოიშვილის ცოლი ცოცხალი იყო, აქ ქალაქშიაც ცხოვრობდა და მე იმისი არა ვიცოდი რა?

–აი, ჩემო ალექსანდრე, ასე. არამც თუ შენ, არც ერთი თავის მული ბატოიშვილები და არც ნათესავები არას დროს არ იკითხავდნენ, არამც თუ სანახავათ მოსულიყვნენ. ერთი მე მოვიდოდი ხოლმე, ისიც ხანდისხან, ასე ქუეყნისგან იყო დავიწყებული.

–ერთხელ ლაპარაკში როგორ არ მითხარი მაგ ბატოირძალის ამბავი?

–როგორ არ გეტყოდი, მაგრამ ლაპარაკი არ ჩამოვარდნილა იმაზედ.

მაშინ მამაგონდა ბატოიშვილი ქეთევანის სიტყუა და ვკითხე:

–რაო, რისთვის იყო ისე მოძაგებული ყუელასაგან ისა?

–დრო არ არის, აგერ სამღვდელონი მოვიდნენ, უნდა ცხედარი გამოასვენონ, წავიდეთ.

ამასთანავე გაეშურა. იმის ხარჯი იყო იმ ბატოირძლის დამარხუა, ახლო ნათესავი იყო იმისი.

ცხედარი რომ გამოასუენეს და ზევიდგან დავხედე, ეტყობოდა იმის გამხდარს და სანთლის ფერს სუფთას სახესა, რომ იმასაცწილი სდებოდა მშუენიერებაში. ერთი ფჩხილი გაყოფილი შავი წარბები ბრტყელს შუბლზე მოხროდა შვილდურადა და თხელი წმინდა ცხვირი ბალახთ ბაგებით ცოტათ გრძელს პირის სახეს მეტად აშვენებდა,რომელსაცა ის თავისი მოდიდო თუალები სამუდამოდ დახუჭვილი, იმის ქუემოთ ბაიაზედ იმ თუალების შავი გძელი წამწმები ასე გაჰფენოდა გაყოფითა, რომ თვითუეულად დაითვლებოდა. ის ქალი ,როგორცა თქუეს, მთავარანგელოზის ეკლესიაში დაემარხათ. იმ მცხედარსა მე ყუელას უკან მივდევდი მწუხარებით და ჩემს თავსა ვგმობდი: როგორ არ შევიტყვე იმისი სიცოცხლე, რომ იმისგან ბევრს ძუელს ამბებს შევიტყობდი, ნამეტნავად თავის ქმრის ლევანის, რომელიცა ისტორიისათვის გამოსადეგი იქნებოდა მეთქი? ამ ფიქრში და მწუხარებაში რომ ვიყავი,როგორღაც მოწყუეტილსავით შევიქენ, იქვე ავლაბრის ერთს დუქნის დაზგაზე დავჯექ, წყალი მოვატანინე, დავლი(ე) და პატარა ხანს უკან შინათკენ წამოველ. ეს დრო მგონია ზაფხული იყო. 

შინ რომ მოველ, ბატოიშვილს დედაჩემთან უკმაყოფილოდ შეველ და დაფიქრებული ცოტა მოშორებით დივანზე დავჯექი. დედამ მკითხა:

–ალექსანდრე, რატომ აგრე ხარ, რათა ხარ დაფიქრებული?

–შეინჭიმე, იმ თქუენი სახელოვანის ძმის ლევანის ცოლი გარდაიცუალა, იმის გამოსასვენებლად გახლდით - მე უკმაყოფილოდ მოვახსენე.

–მომკვდარა? ცივათ მითხრა.

–დიახ, შეინჭიმე.

ამ სიტყუაზე აღარა მითხრა რა, გაჩუმდა. მე მაინც გავბედე და მოვახსენე:

–მიკვირს, შეინჭიმე, ასე მოძაგებული რათა გყუანდათ თქვენი მული, იმისთანა კაცის ცოლი?

დორზე იყო მიყუდებული. მე, რომ ეს მოვახსენე, მაშინვე გასწორდა, სათაკილოდ ხელი გამამიშვირა, პირი იქით მიიღო და გაჯავრების გულით მიბრძანა:

–კარგი, კარგი, ნუღარას მეტყვი იმისას.

დორზე მიესვენა და ჩაფიქრდა. ბოლოს თავი აიღო და მედიდურის სიტყვით მითხრა:

-ალექსანდრე ყმაწვილი კაცი ხარ, შენს ნათესავებში წადი სადმე ან არა და გაიარ გამოიარე, მინდა ვილოცო დღეს დილით ლოცუა ვერ შევასრულე, ეხლა მინდა შევისრულო.

ამისთანა ზრდილობიანისა სიტყუებითა დამითხოვა, თორემ იმან ადრე იცოდა ლოცუა, დილაზედ რომ ადრე გაიღვიძებდა, ისევ ქვეშაგებში. მე მაშინვე ავდექ და გამოველ. ვანბობდი: ახა ღმერთო ჩემო, რა ანბავი უნდა იყოს, რა მიზეზი იმ ქალზედ, რომ ასე მოძაგებული ყოფილა არამც თუ მულებისაგან, თითქმის ყუელასაგან? მასუკან ვთქვი: უნდა შეუდგე, ამთენი ძუელი კაცები არიან, იმათგან შევიტყობ მეთქი. დედაჩემს ხომ ვეღარ გაუბედე მეკითხა და ახლა სხუებთან დავიწყე გამოკითხუა, მაგრამ ახლა უფრო ფრთხილად, კიდევ გაუფრთხილებლობით ისეთივე საქმე არ მამსლოდა. გაიგონეთ.

ეს ხომ გაიგონეთ, ბატოიშვილი ლევანი როგორი გამოჩენილი ყმაწვილი კაცი

იყო, ამაზედ რაღა ვილაპარაკოთ, ისევ ამ საგანზედ დავიწყოთ უბნობა როგორ 

და ვითარ? ბატოიშვილმა ლევანმა ალაზნის პირზედ ლეკის ჯარი დაამარცხა, იქიდგან გამობრუნებული მოვიდა და სოფელს ველისციხეში გადახდა, იქ კიდევ ლეკის ჯარსა მოელოდა, ალაზანში უნდა გამოსულიყვნენ და ქართუელის სოფლებისთვის დაეკრათ. ამ დროს სადილზედ ლევან ბატოიშვილი მძიმეთ ავად გახდა და საღამო ჟამს კი გარდაიცუალა. ყუელას გაუკვირდათ იმისი ასე უეცრათ სიკვდილი და რასაკვირველია იმაზედ დიდი გლოვა იქნებოდა, მაგრამ ამით რისთვის შეგაწუხოთ, ისევ საქმეს მოვუყუეთ.

მაშინდელმა მეფის ირაკლის ოჯახობის მტრებმა მითამ ამით ისარგებლეს, რომ იმ უსვინდისოებმა ხმები დაყარეს: ლევან ბატოიშვილზედ მისწრობია ერთი კაცი და იმ კაცსა თავის ცოლზედ ხანჯლით გაუგმირამსო ლევან. ეს ამბავი მაშინვე მეფეს ირაკლის მოხსენდა, და რომელმაცა აღარც თვითონ და აღარც სხუები აგლოვა, უბძანა: იქ ტფილისში ჩამოიტანეთ იმისი გვამიო, რომელთაცა მოასვენეს და დარიის ეკლესიაში დაასვენეს ავლაბარს. ამის მეორე დილაზედ სასულიერო წოდება, ბატოიშვილები, დიდრონი კაცები და თვით მეფე ირაკლი ავლაბარში წასასვლელად რომ ემზადებოდნენ, იმათში ბრძანა მრისხანებით მეფემ:

-თუ მართლა ჩემი შვილი ლევან ხანჯლით გაგმირულია დედაკაცზე ქმრისაგან, ჭეშმარიტებას ვფიცავ, სახალხოთ ვათრევინებ.

ამასთანავე გამოვიდნენ და ცხენებით გაეშურნენ ავლაბრისკენ, მაგრამ დიდათ დაღონებულები. იმ ლევანის სიკვდილს ხომ აღარ სწუხდნენ, იმას სწუხდნენ, უთუოდ ათრევინებს და საგანგაშო შეიქნება ყოველს ქვეყანაშიო.

როდისაც მივიდნენ და ეკლესიაში შევიდნენ, უბრძანა: ეგ ცხედარი კარზედ გაიტანეთო. გაიტანეს და იქ სრულიად ცხედრის გატიტვლება უბრძანა. როდისაც რომ გაატიტვლეს, კიდევ უბრძანა: კარგად გაჩხრიკეთ, რომელს ადგილს არის გაგმირულიო და თვითონ თავზედ დაადგა. კარგა ხანი ჩხრიკეს, მაგრამ არსად არა იყო რა, მხოლოდ ამის მეტი, რომ მთელი სხეული ძალიან გალურჯებული ჰქონდა და სიშავე დასცემდა. მაშინ მეფე ირაკლიმ დაუჩოქა და როგორც რიგია მოთქმით ტირილს მოჰყუა. ეს ამბავი მაშინვე დედოფალს აცნობეს, სადაც მთელ სასახლეში და ქალაქში შეიქნა გლოვა. მეფის ირაკლის ოჯახობის მტრები ამით რომ ვერა გახდნენ რა, ახლა ეს ხმები დაყარეს: მითამ ლევან ბატოიშვილს ბევრი ორაგული ეჭამოს და უეცრათ ჯდომით მომკვდარიყოს. მაგრამ რას იფიქრებდნენ, ამ დროს თავადმა ლუარსაბ ონანაშვილმა ვაჩნაძემ თავადი შერმაზან აფხაზი დააბეზღა მეფეს ირაკლისთან, რომ შერმაზან აფხაზმა ბატოიშვილი ლევან მოწამლაო. მოწამლაო და სულერთიან იმისი ოჯახი აიკლო მეფე ირაკლიმ, ყმა და მამულიც სულერთიან ჩამოართო და იმასაც სიკვდილს უპირებდნენ, მაგრამ შერმაზანი შეევედრა მეფეს: უბრალოების სისხლს ნუ დაიდებ, სწორეთ გამოიკითხე და ისე მომკალიო. ამაზედ მეფე ირაკლი დამშვიდდა, მაშინვე საიდუმლოთ გამოკითხვაში შევიდა, ნახა, რომ ის დაბეზღება სულ სიცრუე იყო, თავისი ყმა და მამული ისევ დაუბრუნეს, ის აკლებულიც სულ ერთიან და შედგომ პატივითაც მოებყრა მეფე.

ახლა მოკლეთ მოვჭრი და მეტს ვეღარას ვიტყვი, რომ მეფის ირსკლის საიდუმლოს მტრების მოწყალებით ლევან ბატოიშვილის ცოლი ზრდილობიანის მოქცევით სასახლედგან გაიყუანეს და ცალკე მისცეს ცხოვრება. ეს ანბავი ეხლა არ შეიძლება ითქუას, იქნება ოდესმე, მაგრამ გონიერი კაცი კი მაინც ყუელას მიხვდება, თუნდა ის ამბავი ვეღარ აღიწეროს.