Litclub.ge

ფსევდონიმი ჯიმი ვალენტინი
მთარგმნელი ნათაძე მაია

შრომით გასწორების ბანაკის ფეხსაცმლების სახელოსნოს, სადაც ბრალდებული ჯიმი ვალენტინი წაღებს კერავდა, ციხის ზედამხედველი ეწვია და ჯიმი უფროსის ოფისში წაიყვანა. ციხის უფროსმა ჯიმის გუბერნატორის მიერ იმ დილით ხელმოწერილი შეწყალების ბარათი გადასცა.

ჯიმი ვალენტინს ოთხი წლის პატიმრობის ვადა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ციხეში მხოლოდ ათი თვე გაატარა. მას ეს ვადაც ებევრებოდა და მოელოდა, რომ ციხეში მხოლოდ სამ თვეს "იჯდებოდა". ისეთ კაცს, როგორიც ჯიმია, ისეთი მზრუნველი ჰყავს "გარეთ", რომ ციხეში დიდხანს არ ამყოფებენ და ციხიდან ისე მალე ათავისუფლებენ, რომ ხშირად თავის გადაპარსვასაც კი არ აქვს აზრი.

-ვალენტინ! - უთხრა მას ციხის უფროსმა, - ხვალ დილიდან თავისუფალი ხარ.

აბა შენ იცი, მოიკრიბე ნებისყოფა და კაცად იქეცი! კაი გულის ბიჭი ჩანხარ, სეიფების გატეხვას თავი ანებე და პატიოსნად იცხოვრე!

-მე? - თქვა გაოცებულმა ჯიმიმ, - ჩემს სიცოცხლეში არ გამიტეხია სეიფი.

- ჰო მართალია, - ირონიულად უთხრა მას ციხის უფროსმა, - რა თქმა უნდა არ გაგიტეხია. მაგრამ, როგორ მოხდა, რომ "სპრინგფელდის საქმეზე" ციხეში გიკრეს თავი? ნუთუ იმიტომ, რომ შეგნებულად არ წარადგინე ალიბი, რადგან საქმეში მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩარეულნი? თუ ეს იყო ხელოვნურად შეთითხნილი, ბინძური საქმე, რომელშიც უსამართლოდ გაგხვიეს? შენი თავი ყოველთვის უცოდველ კრავად მიგაჩნდა.

-ბატონო ციხის უფროსო. მე არასდროს ვყოფილვარ სპრინგფელდში. - თქვა ვალენტინმა ისე ალალმართალად, გამოცდილ მსახიობსაც კი შეშურდებოდა.

- კრონინ, - ღიმილით უთხრა ციხის უფროსმა მცველს, - ხვალისთვის გაუმზადე მას ციხიდან გასასვლელი ტანსაცმელი და დილის შვიდ საათზე გაუშვი! - მერე კვლავ ჯიმის მიუბრუნდა, - ვალენტინ, იფიქრე იმაზე, რაც გირჩიე!

მეორე დღეს, დილის რვის თხუთმეტ წუთზე ჯიმი ვალნტინი ციხის უფროსის ციხისგარეთა ოფისში იყო. მას დაბალი ხარისხის, უხეშად შეკერილი ტანსაცმელი და ფეხსაცმლები ეცვა, რასაც სახელმწიფო უფასოდ აძლევდა ციხიდან გასულ პატიმრებს. გარდა ამისა, ციხის მოხელემ ვალენტინს რკინიგზის ბილეთი და ხუთი დოლარი გადასცა, რითაც თავი უნდა ერჩინა, სანამ რაიმე სამუშაოს იშოვიდა. ციხის უფროსმა კი მას სიგარა აჩუქა და ხელი ჩამოართვა.

ამრიგად პატიმარი ჯიმი ვალენტინი გათავისუფლდა გუბერნატორის შეწყალებით, რაზეც სპეციალურ ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა.

გარეთ, მზის სინათლეზე გამოსული ჯიმი ვალენტინი ყურადღებას არ აქცევდა ჩიტების გალობას, ხეების რტოთა შრიალს, მინდვრის ყვავილების სურნელს, რასაც ის ათი თვის მანძილზე მოკლებული იყო.

თავისუფლების მიერ მინიჭებული სიხარული პირველად მხოლოდ მაშინ იგრძნო, როცა მახლობელ რესტორანში შემწვარი ქათამი და ერთი ბოთლი თეთრი ღვინო მიირთვა, მერე კი ციხის უფროსის მიერ ნაჩუქარ სიგარაზე ბევრად უკეთესი სიგარა გააბოლა.

საუზმის შემდეგ ჯიმი ვალენტინი რკინიგზის სადგურისკენ გაემართა, სადგურის შესასვლელთან მჯდომ ბრმა მათხოვარს ოცდახუთი ცენტი უწყალობა და მატარებელში ავიდა. სამი საათი იმგზავრა, ვიდრე შტატის საზღვრის მახლობელ პატარა ქალაქს მიაღწევდა. მატარებლიდან გადმოსვლისთანავე ჯიმი ვინმე მაიკ დოლანის კაფესკენ გაემართა, შევიდა კაფეში და ბარის დახლთან მდგომ კაფეს პატრონს - მაიკს ხელი ჩამოართვა. 

- ვწუხვარ, რომ უფრო ადრე ვერ მოვახერხე შენი განთავისუფლება, ჯიმი, ჩემო ბიჭო. - უთხრა მას მაიკმა, - საქმე იმაშია, რომ შენი გათავისუფლების განზრახვა სპრინგფელდის მესვეურებმა გააპროტესტეს და კინაღამ უარი არ ათქმევინეს გუბერნატორს შენს შეწყალებაზე. ხომ კარგად გრძნობ თავს, ჯიმი?

- კარგად. ჩემი გასაღები ხომ შენთანაა?

ჯიმიმ გამოართვა გასაღები, ზემო სართულზე ავიდა.

შევიდა ოთახში და კარი ღია დატოვა.

ყველაფერი ძველებურად, ზუსტად ისე გამოიყურებოდა როგორც მან ეს ოთახი დატოვა. იატაკზე ეგდო პოლიციის გამომძიებლის, ბენ პრაისის ფერადი ღილი, რომელიც მის ქურთუკს მოსძვრა ჯიმის დაკავებისას. 

ჯიმიმ კედელში ჩაშენებული კარადის კარს მასზე მიყუდებული გასაშლელი საწოლი მოაშორა, გააღო კარი და კარადიდან მტვრით დაფარული პატარა ჩემოდანი გამოიღო. ახადა სხურავი და სიყვარულით შეავლო თავი სპეციალური ფოლადისგან დამზადებულ სეიფების გასახსნელ საზეინკალო იარაღების კომპლექტს: ბურღებს, ტვიფრებს, სამაგრებს, სატეხებს, პატარა ძალაყინებს და კავებს. მათ შორის ორი თუ სამი ხელსაწყო თვით ჯიმის გამოგონილი იყო, რითაც იგი ძალიან ამაყობდა. ცხრაას დოლარზე მეტი დაუჯდა ჯიმის ერთ-ერთ იატაკქვეშა ფირმაში მათი დამზადება და შეძენა.



ნახევარი საათის შემდეგ ჯიმი პირველ სართულზე ჩამოვიდა და კაფეში შევიდა. ამჯერად მას ფაქიზი გემოვნებით შეკერილი ტანსაცმელი ეცვა, ხელში კი საგულდაგულოდ გაწმენდილი და გაპრიალებული ჩემოდანი ეკავა.

- უკვე იშოვე ახალი საქმე? - ჰკითხა მას მაიკმა.

- მე? - შეუბრუნა კითხვა ჯიმიმ, - მე ახლა ნიუ იორკის ერთ-ერთი საკონდიტრო ფირმის წარმომადგენელი ვარ.

მხოლოდ ერთი კვირა იყო გასული, რაც ჯიმი ვალენტინი გათავისუფლდა, როცა რიჩმონდში, ინდიანას შტატში "სუფთად" გახსნეს სეიფი და რვაასი დოლარი გაიტაცეს.

დამნაშავის კვალს ვერ მიაგნეს. ამ დანაშაულის ჩადენიდან ორი კვირის შემდეგ - ლოგენსპოტში ასეთივე ხელწერით გახსნეს ახლადგამოგონებული, საიმედო კონსტრუქცისს სეიფი და ათას ხუთასი დოლარი, ოქრო-ვერცხლი და ფასიანი ქაღალდები გაიტაცეს.

ამ ფაქტებმა სამართალდამცავი ორგანოები შეაშფოთა და სეიფების "გამტეხების" თვალყურის დევნება გააძლიერეს. ყოველივე ამის შემდეგ კი ჯეფერსონ სიტისბანკის სეიფიდან ხუთი ათასი დოლარის ბანკნოტები გაქრა. ამჯერად დანაკარგი იმდენად დიდი იყო, რომ საქმე სახელგანთქმული ბენ პრაისის ჯგუფის გამომძიებელს გადაეცა, იმ ბენ პრაისისა, რომელმაც ერთხელ უკვე დააპატიმრა ჯიმი ვალენტინი. როცა ერთმანეთს შეადარეს ჩადენილი დანაშაულები, საოცარი მსგავსება აღმოაჩინეს მათ შორის. ბენ პრაისმა გამოიკვლია დანაშაულთა ჩადენის ადგილები და საგამოძიებო ჯგუფის წევრებს განუცხადა:

- ეს ჯიმი ვალენტინის ხელწერაა, როგრც ჩანს, მან განაახლა სეიფების ძარცვა.

დააკვირდით ამ ღილაკებს. მძარცველმა ისე ადვილად ამოაძრო ისინი სეიფიდან, როგორც ბლოკს აძრობენ წვიმით დანამული მიწიდან. ღილაკები ერთიდაიმავე კავით არის ამოძრობილი. მხოლოდ ჯიმის აქვს ესეთი კავი. შეხედეთ რა ზუსტად არის გახვრეტილი ღილაკები. მხოლოდ ჯიმი აკეთებს რამდენიმე ნახვრეტს ერთ ღილაკში. ვფიქრობ, ჯიმი სასწრაფოდ უნდა დავაპატიმროთ, თორემ ის არ დააყოვნებს და მორიგ დანაშაულს ჩაიდენს.

ბენ პრაისი კარგად იცნობდა ჯიმი ვალენტინის ძარცვის მეთოდებსა და თავისებურებებს, რაც მან სპრინგფელდის საქმეზე მუშაობისას შეისწავლა.

მან იცოდა, რომ ჯიმი მარტო მუშაობდა; მუშაობდა სწრაფად და მოუხელთებლად; განსაცდელისგან თავის დაძვრენის საოცარი უნარი ჰქონდა; უყვარდა კარგი საზოგადოება. ვალენტინის ამ თვისებების გამო პოლიციას ყოველთვის უძნელდებოდა მისი დაჭერა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბენ პრაისმა, დაუყოვნებლივ მოეძებნა და დაეპატიმრებინა ეს მოუხელთებელი მძარცველი.

ერთ დღეს, ნაშუადღევს, ჯიმი ვალენტინი საფოსტო მატარებლით არკანზასის შტატის ცენტრიდან ხუთი მილით დაშორებულ პატარა ქალაქ ერმოლში ჩამოვიდა და ფეხით პირდაპირ სასტუმროსკენ გაემართა. მას ხელში თავისი განუყრელი, იარაღებით სავსე ჩემოდანი ეკავა. ათლეტური აღნაგობის ჯიმი სასიამოვნო შესახედავი იყო. იფი კოლეჯიდან სახლში მიმავალ უფროსი კურსის სტუდენტს მოგაგონებდათ.

ჯიმის თვალწინ ახალგაზრდა ქალმა ქუჩა გადაკვეთა და ქუჩის კუთხეში ჯიმის ჩაუარა. ჯიმიმ უნებურად თვალი შეავლო ქალს, რომელიც ამ შეხედვის გამო ოდნავ წამოწითლდა და მორცხვად დახარა თვალები.

და მოხდა უცნაური რამ - ჯიმიში ჭეშმარიტმა ადამიანმა გაიღვიძა. ქალი შევიდა შენობაში, რომლის შესასვლელშიც გამოკრული იყო ფირნიში წარწერით "ელმორის ბანკი".

ჯიმიმ თავისთან მოუხმო ბანკის შესასვლელთან უსაქმოდ მდგარ ბიჭუნას და საუბარი გაუბა. საუბრისას ჯიმი დროდადრო ბიჭუნას ათცენტიანი მონეტებით ასაჩუქრებდა და ცდილობდა მისგან შეეტყო ყველაფერი, რაც კი აინტერესებდა. ცოტა ხნის მერე გოგონა, გვერდით რომ ჩაუარა ჯიმის, გამოვიდა ბანკიდან და ინტერესით შეავლო თვალი ბრწყივალე გარეგნობის, ჩემოდნიან ახალგაზრდა კაცს, რომლის მსგავსიც ნელმორში ცოტა თუ მოიძებნებოდა.

- ეს ახალგაზრდა ქალი ქალბატონი პოლა სიმპსონი ხომ არ არის?! - შეეკითხა ჯიმი ბუჭუნას.

- არა, ეს მისს ანაბელ ადამსია, ამ ბანკის მეპატრონის ქალიშვილი. - მიუგო ბიჭუნამ. - რისთვის ჩამოხვედი ამ ქალაქში, სერ? საათის ძეწკვისთვის ხომ არა? კიდევ გაქვთ მონეტები? ბულდოგის ყიდვა მინდა.

ჯიმი მივიდა სასტუმრო "პარმელში", რეგისტრაციაში გატარდა, როგორც რალფ დ. სპენსერი და დაიქირავა ოთახი.

სასტუმროს განაწესის შესაბამისად სასტუმროს მოხელეს წარუდგინა წერილობითი განმარტება, თუ რა მიზნით იყო ჩამოსული ქალაქში. განმარტებაში ჯიმიმ აღნიშნა, რომ ფეხსაცმლების ბიზნესის დაწყება სურდა და ქალაქში აქაური პირობების შესასწავლად ჩამოვიდა.

სასტუმროს მოხელეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯიმის ჩაცმულობამ და დახვეწილმა მანერებმა. ამ მოხელეს ახალგაზრდული მოდის საუკეთესო მცოდნედ მოჰქონდა თავი, მაგრამ როცა ჯიმის ჩაცმულობა ნახა, აღიარა, რომ ბევრ რამეში ცდებოდა. ჯიმისთან საუბრისას მის ჰალსტუხს აკვირდებოდა და ცდილობდა გამოეცნო მისი განასკვის წესი. ამ საკითხში მოხელემ რჩევაც კი მისცა ჯიმის.

ელორში არ იყო ფეხსაცმლის უნივერსალური მაღაზიაც კი, რომ არაფერი ვთქვათ წარმოებაზე და ამიტომ საუკეთესო პირობები არსებობდა ფეხსაცმლების ბიზნესისთვის. ჯიმიმ გადაწვიტა, ნამდვილად დაეწყო ეს ბიზნესი ამ ქალაქში. იგი იმედოვნებდა, რომ დაფუძვნდებოდა ელმორში, ის გახდებოდა მისი საყვარელი ქალაქი და იპოვიდა აქ თანაზიარ და გულღია საზოგადოებას.

ბატონი სპენსერი ფიქრობდა, ამჯერად რამდენიმე დღით დარჩენილიყო ამ ქალაქში და შეესწავლა აქაური ვითარება.

სასტუმროს მოხელეს ისე მოეწონა სტუმარი, მისი ჩემოდნის ასატანად ოთახში მუშას კი არ მოუხმო, თვითონვე აიტანა, თუმცა ჩემოდანი ძალიან მძიმე იყო.

ამრიგად, ელმორში სიყვარულისგან ჩაიფერფლა ჯიმი ვალენტინი და მერე ამ ფერფლიდან ამავე სიყვარულის ძალით ფენიქსივით აღსდგა, როგორც რალფ სპენსერი. მან გახსნა ფეხსაცმლების საწარმო და მაღაზია და გააჩაღა საქმიანობა პატიოსანი ბიზნესის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად.

დიდი წარმატება მოიპოვა ჯიმიმ საზოგადოებასთან ურთიერთობებშიც, ბევრი მეგობარი შეიძინა, ყველა ცდილობდა მასთან დამეგობრებას. იგი ხშირად ხვდებოდა მისს ანაბელ ადამსს და მისი სათნოება და მომხიბვლელობა სულ უფრო და უფრო ატყვევებდა.

წლის ბოლოსთვის ბატონ რალფ სპენსერის საქმიანი, საზოგადოებრივი და ინტიმური მგდომარეობა ასეთი იყო:

ჯიმიმ მოიპოვა საზოგადოების პატივისცემა. მისი ბიზნესი იფურჩქნებოდა. მან და ანაბელმა გადაწყვიტეს, ორ კვირაში დაქორწინებულიყვნენ. ბატონ ადამსს ძალიან მოეწონა ჯიმი. ანაბელი მასთან დამოკიდებულებაში საკუთარი ღირსების გრძნობას კი ინარჩუნებდა, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან შეუყვარდა იგი.

ჯიმი ხშირად დადიოდა სტუმრად ბატონ ადამსთან და აგრეთვე მისი გათხოვილი ქალიშვილის ოჯახში. მას საკუთარი ოჯახის წევრად თვლიდნენ.

ერთ დღეს ჯიმი ჩაიკეტა თავის ოთახში და სენტ ლუისში მცხოვრებ ერთ ძველ მეგობარს სანდო მისამართით შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა:

ჩემო ძველო მეგობარო!

მომავალ ხუთშაბათს საღამოს ცხრა საათზე მინდა შეგხვდე ქალაქ ლითლ როკში სელვანის მოედანზე. მსურს დამეხმარო იმ ტვირთის ჩამოხსნაში, ჩემს სულს მაჯლაჯუნასავით რომ აწევს. საქმე ეხება ჩემს საზეინკალო იარაღების კომპლექტს.

მინდა გაჩუქო ეს უნიკალური კომპლექტი, რადგან ვიცი გამოგადგება. მსგავს კომპლექტს ათას დოლარადაც ვერ იშოვი. ბილი, მე ერთი წლის წინ თავი დავანებე ჩემს ძველ ხელობას.

ახლა კი საუკეთესო საწარმო და მაღაზია მაქვს და პატიოსან შრომას ვეწევი. ორ კვირაში მთელს ქვეყანაზე ულამაზეს გოგონაზე დაქორწინებას ვაპირებ. ცხოვრების ერთადერთი სწორი წესი პატიოსანი შრომაა. არასდროს არავის აღარაფერს მოვპარავ. მას შემდეგ რაც დავქორწინდები ვაპირებ, რაც მაბადია გავყიდო და დასავლეთში გადავსახლდე. იქ ბევრად ნაკლები ხიფათი მელის ყოველივე იმის გამო, რაც აქამდე ჩავიდინე. ბილ, დამიჯერე, ჩემი საცოლე ნამდვილი ანგელოზია.

მას სჯერა ჩემი და მეც აღარასდროს გავტეხ სეიფებს. დარწმუნებული ვარ, მოხვალ პაემანზე. აუცილებლად უნდა გნახო. თან მექნება იარაღების კომპლექტი.

შენი ძველი მეგობარი ჯიმი.

ორშაბათს ღამით, მას შემდეგ რაც ჯიმიმ წერილი მისწერა მეგობარს, ბენ პრაისი ელმორში გაემგზავრა. იგი დიდხანს დაეძებდა შესაფერის ადგილს, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა ჯიმისთვის თვალყურის დევნება. ბოლოს, როგორც იქნა იპოვა ასეთი ადგილი. ეს იყო აფთიაქი რალფ სპენსერის მაღაზიის პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარეს.

"მაშ ასე ბანკირის ქალიშვილზე დაქორწინებას აპირებ არა? კეთილი, მე ეს არ ვიცოდი". ფიქრობდა ბენ პრაისი.

მეორე დილით ჯიმიმ ისაუზმა ადამსების ოჯახში. ლითლ როკში გამგზავრებას აპირებდა. ადამსებს განუმარტა, რომ ლითლ როკში თავისთვის საქორწინო კოსტუმსა და ანაბელისთვის საჩუქრების საყიდლად და ბიზნესის ზოგიერთი პრობლემის მოსაგვარებლად მიდიოდა. მთავარი მიზანი კი, ცხადი, პაემანზე მისვლა იყო. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ლერმონიდან უნდა გამგზავრებულიყო. ერთ წელზე მეტია, რაც ძველ ხელობას თავი დაანება და ეშინოდა, შეძლებდა თუ არა ქალაქიდან უსაფრთხოდ გამგზავრებას.

ჯიმის გასაცილებლად შეიკრიბნენ ბატონი ადამსი, ანაბელი და ანაბელის გათხოვილი და თავისი ორი - ხუთი და ცხრა წლის შვილებით.

ისინი ჯერ იმ სასტუმროსთან მივიდნენ, სადაც ჯიმი ცხოვრობდა. ჯიმი სასტუმროში შევიდა და თავისი ჩემოდანი გამოიტანა. მერე ბანკისკენ გაემართნენ, სადაც ჯიმის წასაყვანად გამზადებული ეტლი იდგა. იქვე იყო მეეტლე როლფ გიფსონი, რომელსაც ჯიმი რკინიგზის საგურამდე უნდა მიეყვანა. 

ჯიმი ვალენტინი და ყველა გამცილებელი ბანკში შევიდნენ. ბატონმა ადამსმა სტუმრები ერთ მოჩუქურთმებულ მუხის ფურცლებით მოპირკეთებულ ოთახში მიიწვია, სადაც ისინი ადამსის გერმა მიიღო. ბანკის მოხელეებს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ლამაზი გარეგნობის, თავაზიანი ჭაბუკის ხილვა, მის ანაბელზე დაქორწინებას რომ აპირებდა და გულითადად ესალმებოდნენ.

ჯიმიმ ძირს დადო ჩემოდანი. ანაბელმა, სიყვარულისა და ბედნიერებისგან ძალუმად რომ უძგერდა გული, ჯიმის ქუდი დაიხურა და ჩემოდანი აიღო ხელში.

- შემომხედეთ, განა კომივოიჟერს არ ვგევარ? - შესძახა ანაბელმა. მერე ჯიმის მიუბრუნდა - რალფ, ძვირფასო, რა მძიმეა ეს ჩემოდანი, გეგონება ოქროს ზოდებით არისო სავსე.

- ჩემოდანში ნიკელით დაფარული ფეხსაცმლების თარგებია. - მიუგო ჯიმიმ, - სასწრაფო შეკვეთების გაფორმებისთვის გადავწყვიტე, მე თვითონ წავიღო ისინი. ეს დიდ ეკონომიას მომცემს.

ბანკში ახლახან უახლესი კონსტრუქციის სეიფი დადგეს, რითაც ბატონი ადამსი ძალიან ამაყობდა. სეიფი პატარა იყო, მაგრამ უაღრესად საიმედო კარი ჰქონდა, რომელიც კოდით მართვადი მექნიზმებით იმართებოდა. კარის დასაკეტად გამოყენებული იყო სამი მძლავრი ჭანჭიკი, რომლებიც ერთდროულად იხრახებოდნენ ერთი საერთო სახელურით.

ბატონი ადამსი თვალებგაბრწყიბული უხსნიდა ჯიმის სეიფის დაკეტვის პრინციპს, ჯიმის კი თავი ისე ეჭირა ტიტქოს არაფერი გაეგებოდა ამ საქმისა. ანაბელის დისშვილებს მოსწონდათ სეიფის მოლაპლაპე ნაწილები და ღილაკების მოტრიალებით ერთობოდნენ. ამასობაში ბანკში ბენ პრაისი შემოვიდა და სალაროს ფანჯრის რაფას დაეყრდნო. მან მოლარეს აუხსნა, რომ ნაცნობს ელოდებოდა. სინამდვილეში კი ჯიმის უთვალთვალებდა.

უცებ ქალების წივილ-კივილი გაისმა და ატყდა ალიაქოთი. ამ წიოკების მიზეზი ის იყო, რომ ცხრა წლის გოგონამ - მეიმ, ღილაკების მოტრიალებით რომ ერთობოდა, უნებურად სეიფში ჩაკეტა მასში შემძვრალი ხუთი წლის აგათა. ადამსი ეცა სეიფის სახელურს მაგრამ უკვე გვიანი იყო.

- სეიფის გაღება შეუძლებელია, - დაიკვნესა მან, - რადგან კოდის დაყენებამდე დამკეტი მენიზმი არ იყო ამოხრახნილი.

აგათას დედამ ისტერიკულად დაიკივლა.

- გაჩუმდით! - შესძახა ადამსმა როგორც კი შეეძლო ხმამაღლა, - აგათა, გესმის ჩემი ხმა?

სიჩუმეში ძლივს გაიგონეს პანიკაში ჩავარდნილი ბავშვის ხმა.

- ჩემო საყვარელო შვილო, - ქვითინებდა დედა, - ვაიმე შიშისგან მომიკვდება შვილი.

გააღეთ სეიფის კარი! იხსენით ჩემი შვილი! კაცებო, იღონეთ რამე ჩემი შვილის გადასარჩენად!

- ახლომახლო არავინაა ისეთი, ვისაც სეიფის გახსნა შეუძლია. ამბობენ, ლითლ როკში არისო ასეთი კაცი. - თქვა ადამსმა. მერე ჯიმის მიუბრუნდა, - სპენსერ, იქნებ რაიმე ვიღონოთ? ო, ღმერთო! ბავშვი დიდხანს ვერ გაძლებს იქ. სეიფი პატარაა და ჰაერი არ ეყოფა.

აგათას გამძვინვარებული დედა მუშტებს ურტყამდა სეიფს. დამსწრეთაგან ზოგმა გამოთქვა მოსაზრება, დინამიტით აეფეთქებინათ სეიფი. დამწუხრებულმა ანაბელმა ჯიმის მიაპყრო მზერა.

იმედის რაღაც ნაპერკალი გამოსჭვივოდა ამ მზერაში.

- იქნებ იღონო რამე, რალფ - უთხრა მან ჯიმის.

ჯიმიმ შეხედა ანაბელს რაღაც გამოუცნობი, ნაზი ღიმილით. მისი თვალები მტკიცე გადაწყვეტილებას გამოხატავდა, გაეთავისუფლებინა ბავშვი.

- ანაბელ, - უთხრა მან, - მომეცი გეთაყვა, ეგ ქინძისთავი, გულისპირზე რომ გაქვს დამაგრებული.

ანაბელს არ სჯეროდა, რომ ქინძისთავით შეიძლებოდა სეიფის გაღება, მაგრამ მოიხსნა და გადასცა ჯიმის.

- გთხოვთ დაცალოთ ოთახი! - მიმართა ჯიმიმ ოთახში მყოფთ.

ჯიმიმ თავისი ჩემოდანი მაგიდაზე დადო და გახსნა იგი. ჯიმი მარტო იყო, ხელს არავინ უშლიდა და თავდავიწყებით შეუდგა საქმეს. მან თანმიმდევრობით გადმოალაგა ჩემოდნიდან იარაღები და დაიწყო მუშაობა. ერთი წუთის შემდეგ ჯიმის საყვარელი ბურღი წყნარად, მდოვრედ ხვრეტდა სეიფის ფოლადის კარს. ჯიმიმ მოხსნა თავისივე რეკორდი - ათ წუთში გამოიღო ჭანჭიკები და გააღო სეიფი.

გრძნობადაკარგული მაგრამ სავსებით უვნებელი აგათა დედამ გულში ჩაიკრა.

ჯიმი ვალენტინმა ჩაიცვა პალტო, გავიდა ოთახიდან და ბანკის გასასვლელისკენ გაემართა.

"რალფ" - მოესმა საყვარელი ადამიანის ხმა, მაგრამ მისი გადაწყვეტილები ურყევი იყო, მან წასვლა გადაწყვიტა.

ბანკის გასასვლელთან ახოვანი მამაკაცი იდგა.

- გამარჯობა ბენ. - მოესალმა მას ჯიმი. - როგრც იყო, ჩამიგდეთ ხელში არა? კეთილი გნებდებით, წავიდეთ.

- მისტერ სპენსერ, მგონი რაღაც შეგეშალათ. მე თქვენ არ გიცნობთ. გარეთ ეტლი გელოდებათ. მიხედეთ თქვენს საქმეს გეთაყვა. - უთხრა მას ბენ პრაისმა და იქაურობას გაეცალა..