Litclub.ge

ჰიმნი ტრადიციული
შენ ხარ წარსული. . .
მაგრამ არასდროს
მხოლოდ ნამყო და მხოლოდ წარსული,
სუნთქვას განაგრძობს,
ბრწყინვას განაგრძობს
შენი საუნჯე და საგანძური.

შენ ხარ სიცოცხლე,
რადგან გაუძელ
ათას ჭირსა და ხმლით გაციებას;
ათას გაქრობას დღესასწაულზე
ხარ მარად უქრობ ცეცხლის ძიება.

შენ ხარ ძიება
მარად მაღალის,
მარად კეთილის, მარად მართალის,
შენ ხარ ძიება
ჯერ უნახავის,
ჯერ უდაბურის, ჯერ უმართავის.

შენ ხარ ძიება, დაუდეგარი,
მხოლოდ მომავლის,
მხოლოდ ახალის,
სწორედ ეგ არის
სწორედ ეგ არის
სწორედ აქ არის,
სწორედ აქ არის!

შენ ხარ მარჯვენა, მარად მფეთქავი,
შენ ხარ სანთელი დაუქრობელი,
შენ ხარ სიმკვრივე გაუკვეთავი,
შენ ხარ სიმაღლე დაუპყრობელი.

ხარ გაქანება, ხარ წინმსვლელობა,
ხარ ცად ასროლა ადათ-წესების,
როგორც სხივები უსასრულობას -
ათასწლებს გაჰყვეს შენი ფესვები.