Litclub.ge

კარეტა
ჭიშკართან დადგა ლურჯი კარეტა
და უცნაურად აენთო ქუჩა.
მე ვიცდი სახლის ღია კარებთან
და იქით წასვლას პირი არ უჩანს.

ჩურჩულებს გული - თუ გინდა, მიდი,
ის ასე მშვიდი სხვაგან არ წავა.
ჩვენს შორის ჩადგა ოცნების ხიდი
და მასზე ქროლვამ დიდხანს მაწვალა.

რა მადიანად მღერის სამრეკლო
კაცი რომ დგახარ ღია კარებთან!
მორჩილ ვარ შენი! უნდა გავრეკო,
უნდა შევუხტე იმ ლურჯ კარეტას!

ვერ გადავურჩი გრძნეულ ზმანებას,
გულში ტრიალებს ცხელი ბორბლები,
ჰეი! შემოჰკრეს მძიმე ზარებმა
და მეც ჭიშკრისკენ მივიბორგები.

თითქოს მაცილებს სუნთქვა ჩინართა,
ისე ეხვევა ცეცხლში მუხლები.
ლურჯი იმედი დადის ჭიშკართან,
ვით ბანოვანი ჯერ ხელუხლები.

არადა მშვიდი არის კარეტა,
ჩემი სნეული სულის თავმდები.
თეთრი მინდორი აკრავს გარედან
და მოციმციმე ვრცელი ლანდები.

მორჩილ ვარ შენი! ჩემო სამრეკლო,
დრომ დაჰკრა უკვე ლოცვად წასვლისა.
ხმაურით ზართა უნდა გამრეკო,
შენმა კარეტამ თუ არ გამსრისა.

არადა, მშვიდი არის კარეტა,
დაუსაბამო გზათა მხილავი.
კვლავ ისეთი ვარ ღია კარებთან,
როგორიც ადრე საზმრად ვიყავი.

ვერ გადავურჩი მე შენს ზმანებას,
გელში ტრიალებს ცხელი ბორბლები.
ჰეი! შემოჰკრეს ზანზალაკებმა
და მეც ჭიშკრისკენ მივიბორგები.

მარადიულად მოდი, გწვეულობ,
შეხვედრას ადრე რატომ მიშლიდი?!
ამორახრახდი ჩემო წყეულო,
ბობოქარი ვარ შენი სიმშვიდით.