Litclub.ge

მწვანე სურათი
გამთენიისას ქარმა იცის ნერვების მოშლა
და ნაბიჭვრების მილეული სახე ყვითლდება.
შენ დაგაბერა უმწიფარი ცრემლების როშმა
და მზე ჩამქრალი გგონია, რომ ვერ აინთება.

მიგორაობენ კამათლები ირიბდარიბად
და მე ვგიჟდები ჩამოხრჩობის დარდით სნეული.
ნუთუ ქვეყანა ერთხელ მაინც პირს ვერ დაიბანს -
მწვანემ შეხედოს, რაც ყალბია და იჭვნეული.

ოი, ცოცხლების სასაფლაო - გველის პერანგი!
თავმოკვეთილი გაზაფხული - სარჩო მატლების.
ვერ გააღწია ამ ჯუნგლებში ქვეყნად ვერავინ...
არარაობას ხმელ ჯოხივით შემოატყდები.

ეს - ხეიბრებით გატენილი ქუჩა ზანზარებს,
მდედრი თოჯინა დამპალ თოვლზე წაიბილწება.
ვარ თანამგზავრი, ასაფრენად არვინ მამზადებს,
პირველყოფილი გაზაფხული აღარ იწყება.

ცალყბად მიყურებს გამთენიის ქარი პირუტყვი
და მიაქანებს ტანსაცმელში ჩამალულ ჩონჩხებს.
პატიოსანი დროა, ძმაო, თორემ ვინ უწყის,
ბოროტი უფრო შეწეოდა ჩვენნაირ ცოცხლებს.

ვხატავ ნატურმორტს და ვიგონებ სელ სხვა სიმწვანეს,
იქნებ როგორმე გამოირღვეს გველის პერანგი.
გამთენიისას საჭიროა იყოს სიწყნარე,
რომ ვერ ხედავდეს სასაფლაოს ქვეყნად ვერავინ.