Litclub.ge

* * * ოდესღაც შორი მწვერვალი ვნახე
ოდესღაც შორი მწვერვალი ვნახე,
სად დამეკარგნენ თვალები მარდი.
ახლა სფინქსი ვარ და ვეღარ ვამხელ
ჩემი ტანსაცმლით გზაზე ვინ გადის.

დაჭრილ არწივებს ცრემლები ტბორავს,
განუკითხავად იღება კარი...
და უპატრონოდ დაყურსულ ბორანს
უსაშველოდ ღლის ამდენი მკვდარი.

შორი მწვერვალი გახდა მოკლული,
ვემშვიდობები თვალებს უნახავს,
შემოპარულა ბაღში ორგული,
ჩემი ლამაზი ხე დაუმარხავს.

მე ვიყიდები გროშად, მიყიდეთ,
სფინქსი - უდაბნოს ცხელი მწვერვალი,
გასათენებლად ვინღა იყივლებს,
ცრემლის მაგიერ მტანჯავს მკბენარი.

შემოიხედავს სხეულში ვინმე,
ახალი ჯოგის მოვა ბელადი.
შეუჭამიხარ, მწვერვალო, ხილვებს,
წუხელ საღამოს აღარ ელავდი...

ოდესღაც შორი მწვერვალი ვნახე,
იქეთ გარბოდნენ თვალები მარდი.
ახლა სფინქსი ვარ და ვეღარ ვამხელ,
ჩემი სამოსით გზაზე ვინ გადის.