Litclub.ge

* * * ორივე მხრიდან ღია რომ ვარ
ორივე მხრიდან ღია რომ ვარ,
გამჭოლი ქარი ცენტრში მიგუბდება
ცეცხლად და შხამად.
გადამწვარ კოინდარს შხაპი ენატრება,
მაგრამ სანაგვე მოფრინავს მხოლოდ
მასკარადული ახარხარებით
და იჟანგება ცეცხლი და შხამი
და ვიჟანგები.
ცარიელ ბოთლების, კონსერვის ქილების,
გადაყრილ წიგნების, ცოცხლად მკვდრების
და სრულიად მკვდრების ვარ მუზეუმი,
რომელიც დადის ქუჩაზე ხანმოკლე პეპლების,
დამთვალიერებელთა გარეშე.
გაივსო ჩემი სიცარიელე,
მთელი დედამიწით გაივსო.
აღარავინ დარჩა გარეთ და ახლა ისე მძიმე ვარ,
საცაა მოვწყდები დედაჩემის ყუნწს
და სამუდამოდ დავიკარგები.