Litclub.ge

* * * ავტობუსში
ავტობუსში ყველა ერთნაირები ვისხედით,
სხვადასხვანაირად ჩაცმულები,
არც თვალები ჰგავდა ჩვენი ერთმანეთს,
არც ნიკაპი, არც ტუჩები, არც ცხვირი,
სქესიც სხვადასხვა გვქონდა.
მე ყველაზე ჭკვიანად მიმაჩნდა თავი,
მას ქათმის გაყიდვით სურდა ბედნიერი გამხდარიყო,
ხოლო მის გვერდით მჯდომი სხვის გაყიდვაზე ფიქრობდა,
ცოტა იქეთა, ქერათმიანი, თავისივე ძუძუების აქავებას
მარტივი ღიმილით გამოხატავდა,
ჩემი ხელები ამდროს სრულიად უსაქმონი იყვნენ
და მე ჭკვიანი მქვიოდა.
პატარა მამაკაცი საერთოდ ვერ ფიქრობდა,
მისი ერთიოდე უჯრედიც დაჟანგულიყო.
მძღოლი ხშირ-ხშირად გადაგვითვლიდა მგზავრებს,
ერთი სული ჰქონდა, როდის მიაღწევდა ბოლო გაჩერებამდე.
ანიკო მოსწავლე გოგონებს არღვევდა თვალებით,
არ მოსწონდა მათი აღკაზმულობა,
თუმცა თვითონაც მოსწყურდა, ყოფილიყო გოგონა.
უკანა რიგებში გოჭი აჭყვიტინდა,
იმასაც რაღაც უჭირდა,
მაგრამ ვერ შეძლო ჩართული თავების დაინტერესება.
ავტობუსი უამრავჯერ ჩახტა სასოფლო ორმოებში,
ჩაგვინგრია გულ-მუცელი,
მაგრამ მე ისევ ჭკვიანი ვიყავი,
ისევ უსაქმოდ მქონდა ხელები,
ანიკოც უწინდელად გაყოფილი იყო ორად,
პატარა მამაკაცი საერთოდ ვერ ფიქრობდა,
მძღოლიც მიისწრაფვოდა საბოლოო სიხარულისკენ,
შალიკოს მოძველებულ ჰალსტუხს არავინ უყურებდა,
არც ფაცოიას შეუცვლია ცხელი სურვილი,
ერთ საათში რომ უნდა გაჰყოლოდა დემურიის ბიჭს.
ავტობუსი ბოლო გაჩერებისკენ მიიჩქაროდა,
უფერული ბოლო გაჩერებისკენ,
მგზავრებს არაფერში ეპიტნავებოდათ ერთმანეთი,
მაგრამ არავის სურდა ამ ავტობუსიდან ჩამოსვლა.