Litclub.ge

"კანი, რომელშიც ვცხოვრობ"

გუშინ მთელი ღამე ქუჩაში ქაოტურად მძრწოლვარე ფანტომებს
გავურბოდი, ვსვამდი, ველოდი, იქნებ გამბედაობა მოვიკრიბო
და შევებრძოლო კიდევაცმეთქი, მაგრამ ისე გამოვილიე ბოლო
წვეთამდე, თვალებში შეხედვის ძალაც ვერ შევიმატე... მე დიდი ხანია
გავიზარდე, გავიზარდე და აღარაფრის მეშინია... ახლა კი სწორედ ეს
აღარაფერი მზარავს და მშლის...
შენს თითოეულ გამოხედვაში ვკითხულობ - ნუო, მაგრამ მეც ხომ
ვიცი რომ აღარ... მეც ხომ ვიცი, რომ აღარასოდეს დავლევ,ოღონდ
მას შემდეგ, რაც ქუჩაში მობორიალე ფანტომებს გავუმკლავდები;
ფანტომებს, ჩემს ოთახში შემოხეტებას რომ ლამობენ... შენ დაიფიცე,
რომ დემონები აღარ არსებობენ, რომ სამყარო ახლა ფერადი ფანქრებით
ნახატი ბურთია, ბავშვობაში ასე რომ გვიყვარდა, შენ მითხარი რომ
მე უბედური ადამიანი ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ დამინახე ღამით
როგორ ვტიროდი მოხუცი ქალის გამო, რომელიც გაყინულ ყუჩაში
ყვავილებს ყიდდა, მე კი არ მივედი იმიტომ რომ მეჩქარებოდა... ხო!
ასე მარტივად-მეჩქარებოდა... ახლა აღარაფერი მახსენდება, მაგრამ
ვიცი, რომ მაშინ ჯერ კიდევ შემეძლო თავისუფლად სუნთქვა...
ახლა ვგრძნობ - აღარ მჭირდება იგი, რადგან ასე უკეთ ვარ, სიცივე
შემიყვარდა,სული გამეყინა, შენ კი პროთრომბინი ხარ გადამეტებით,
ჩემი სისხლის უმცირესი უჯრედებიც რომ აითვისე, რომ შეაფერადე,
მიწამლავ, მბურძგლავ, მაწუხებ და ვხვდები,რომ შენს გამო აღარ
მეკუთვნის „ კანი, რომელშიც ვცხოვრობ“.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაც სხვა მმასპინძლობს და სულ
სისულელებს ვწერ, რაღაცის კითხვით მაინც გავართო-მეთქი.
გული აღარ მიმდის პირადი ჩანახატების საწერად. ალბათ, იმიტომ,
რომ ემოციები სხვაგან გადამაქვს, სხვაგან – სადაც გადმონთხეულ
სენტიმენტებს ვერავინ ნახავს ჩემს მეტი. დიახ! მე უბედური
ადამიანი ვარ, დიახ, სისულელეებზე მეტირება, ჩემი ოთახი ბინძური
ბოთლებითაა სავსე, მას შემდეგ, რაც ერთმა საძაგელმა ფანტომმა
ჩემს კარებთან ბოთლი ააყუდა...ხო ფანტომმა! მაშინ აღარაფრის
კიარა ყველაფრის მეშინოდა, მაგრამ იმ წამს არ შემშინებია, მაშინ
მე ჯერ კიდევ ბედნიერი ვიყავი, შემეძლო თავისუფლად სუნთქვა:
ჯერ კიდევ ვიძინებდი საათებით გაჟღენთილ ოთახში, ახლა
კი... ახლა ოთახი სავსეა მლაშე ცრებლებით, დემონებით, გულის
წამლებით. ახლა საზარლად შრიალებს ფარდები, ფარდებს მიღმა კი
შემოდგომაშერეული ჭადრები.
სიფხიზლე მომერია და გეძებ... გეძებ, რომ გითხრა, რომ მარტოობის
მეშინია, რომ დემონები აღარ არსებობენ, რომ ფანტომები დავამარცხე,
რომ თავისუფლად სუნთქვა შემიძლია...სიფხიზლე მომერია, შენ
გამიქრი, დამიდნი, გაიქეცი... ჩემი ბავშვობის აჩრდილი ხარ შენ, ჩემი
აუხდენელი ოცნებები, ჩემი გაზაფხული და ჩემი დაზამთრება, მაგრამ
აღარ ხარ, აღარ ხარ მას შემდეგ, რაც სიფხიზლე მომერია, აღარ ხარ მას
შემდეგ, რაც ფანტომები დავამარცხე...