Litclub.ge

მშიშარა
მახსოვს, ჯერ კიდევ მაშინ,
როცა, უცნაურს სულ არ მეძახდნენ,
როცა, ჯერ კიდევ არ ჩამდგომოდა თვალში
ამდენი ცრემლსადინარი _
ამ ჩვენს ქალაქში ქარის სეზონის მოსვლასთან ერთად
ვხურავდი კარებს,
ფანჯრის ჩარჩოში
ნატეხ–ნატეხ ჩალაგებული მინის ნაჭრების
ბზუილ-ღმუილით იბზარებოდა
მდუმარე ღამე.
ვიკეტებოდი ჩვენი სახლის ბოლო ოთახში.
ჩამოვჯდებოდი მწვანედყოფილ ძველ ხალიჩაზე
და ბევრს ვფიქრობდი იმ პარალელურ სამყაროებზე –
რომლებისგანაც შორს ცხოვრებას ვარჩევდი მაშინ.
და უსათუოდ მეგონა: სადღაც, უჩემო ალაგს,
ვიღაც სხვას ერგო ყველა საამო თუ სახიფათო
თავგადასავალი, ფაქტი, შემთხვევა –
რაც ყველა წესით თუ კანონით – მე მეკუთვნოდა.
და დიდსულოვნად (მაშინ სწორედ ასე ვფიქრობდი) ვუთმობდი იმ სხვას:
მინდვრებს, რომლებზეც მე უნდა მევლო,
გზებს, რომლებიც ჩემ სავალად მეგულებოდა,
ხიდებს, რომელთა მოაჯირიდან თავგადამხობილს
რეტის დასხმამდე უნდა მეცქირა დინებებისთვის.
მაშინ მეგონა, მაშინ ვფიქრობდი,
რომ ყველაფერი მქონდა ისედაც.
ფერები, რომელთა შეზავებითაც სულაც ახალი,
სხვისთვის უცნობი ტონალობებით ვღებავდი ყოფას.
ბგერები, რომელთა ჩემებურად გაჟღერებისას
სამოთხის ჩიტი მიგალობდა, ასე მჯეროდა.
ცვილის ლამაზი ფიგურებით ვრთავდი იმ კედლებს,
რომელთა ბზარებს უსიამო მოჰქონდა გრძნობა.
ადამიანი_ სულგამთბარი, სულიერი და
მიწისაგან თავისუფალი მეგონა მაშინ.
ოცნებაც მქონდა:
ველოსიპედით შემომევლო მთელი მსოფლიო.


და დღეს, როდესაც, კვლავ
მკბენარივით დასევიან ჭადრის ფოთლები
ქალაქის ჰაერს,
როცა, ქარი დაკბენილ სხეულს ხის ტოტებში
ქროლვით იქავებს,
როცა, კარის დაკეტვა არ ვისურვე და მტვრის ულუფით
მხედველობა დავიზიანე –
გამახსენდა:
განმარტოება,
გაუცხოება
და სიახლოვე ფერებთან, ჩიტთან.
და ის ოცნება, ვერახდენილი ერთადერთი მიზეზის გამო–
ველოსიპედის არ ვიცი მართვა.
მიჯობს მჯეროდეს, რომ ოცნების ვერასრულება
ისევ და ისევ,
მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია.
ჩემი არცოდნის,
უუნარობის.
სხვანაირად კი არ შემიშლიდა ცხოვრება ხელს, რომ
იქ წავსულიყავ– სადაც მე მსურდა.
ჰოდა, მე დღესაც ასე ვფიქრობ,
რომ დიდსულოვნად დავუთმე იმ სხვას
მინდვრები, გზები, სავლელი გზები.
გადასახდენის, არგადამხდარის
მოგონებები – მოგონებებად.
უკეთესადაც იცხოვრებდა, მას რომ ენება.

არ გაბედოთ და მშიშარააო, ჩემზე არა თქვათ.
მე ხომ, უბრალოდ, ველოსიპედის არ ვიცი მართვა.