Litclub.ge

ქვას ამოფარებული კაცი
მხოლოდ თვალები უჩანს– წვრილი, უხამსი. ქვას ამოფარებული, წელში მოხრილი დგას და აკვირდება.
რა გამოეპარება მის მზერას ან მის სმენას?! როგორი მონდომებით ცდილობს ადამიანების
არც ერთი სიტყვა და არ ცერთი ქმედება არ გამორჩეს –
მერე გზაზე დაეშვება და უკლებლივ ყველა შემხვედრს სრულიად საიდუმლოდ მოახსენებს , რომ:
„მექუდემ უშნო ქუდი შეკერა!“!
„ხაბაზს თონეში დღეს სამი პური ჩაუვარდა და დაეწვა!“
„მეტივემ ხარჭას არცთუ მთლად ძვირფასი ძღვენი მიართვა და ძვირფას საჩუქრად გაასაღა!“
„ბაზარში ბოშამ ხილის დახლიდან ვაშლები აწაპნა!“
„ შეყვარებულმა მოსწავლემ სატრფოს ფანჯარაში წერილი შეაგდო...“
მერე, სხვა ქვასთან გადაინაცვლებს – იქ ჩასაფრდება წელში მოხრილი, წვრილ,
უხამს თვალებს მიმოაცეცებს და „საქმიანობას“ შეუდგება. ქვებს რა გამოლევს
ამქვეყნად და არც კაცთა საიდუმლოებები შემოაკლდება.
სულ ძიებაშია, სულ პოულობს და სხვებსაც ანდობს – ამან უნდა თქვას, რომ მის სიცოცხლეს აქვს აზრი – ძალიან მოსწონს ეს ყველაფერი. გაფაციცებით მოპოვებულ ამ ცხელ–ცხელ ამბებს რა გულისყურით ისმენენ სხვებიც?! მოკლედ, საჭირო კაცია.
რა სიხარულით დაეშვება ხოლმე თავდაღმართზე ხელების ქნევით,
ერთი სული აქვს ვინმე შეხვდეს და ის გაანდოს, რაც ქვის უკან ჩასაფრებულმა
ეს–ეს არის რომ აღმოაჩინა!
სიხარულისგან კბილების ღრჭიალით, წვრილ–თვალებ–აციმციმებული
ჩაირბენს ხოლმე ქვა-ღორღიან გზას.
თანაც, რამხელა რიდი აქვთ?! მისალმებასაც ძლივს უბედავენ – მათი ყველა ცოდვა იცის და არც უკვირს, რომ რცხვენიათ. და ცხოვრობს ასე – ქვიდან ქვამდე, სხვათა ცოდვების დაუცხრომელი მოდარაჯე.

* * *
ბოლო დროს ცოტა ძვლები სტკივა – მოხრილი დადის. რა ქნას?!
მისმა პროფესიამ იცის ეს დაავადება – უკლებლივ ყველა ქვას ამოფარებულ კაცს
უჭირს მხრებში გამართვა. მხედველობითაც ვერ დაიკვეხნის, სმენაც შესუსტდა – ალბათ, დროა დამსახურებულ პენსიაზეც იფიქროს.
გზაზე ეშვება სევდიანი. მიდის და ფიქრობს – რამდენი იშრომა,
რამდენ დაფარულს ახადა ფარდა. რამდენის საიდუმლო დაიტია და
რამდენიც დაიტია –იმდენივე გასცა. დიდი ღვაწლი აქვს გაწეული.
წელში მოხრილი მხოლოდ ხმელეთს ხედავს – ახლა დროა ზეცაზეც იფიქროს!
მაგრამ არ შეუძლია, იმდენად სტკივა ძვლები, რომ თავს მაღლა ვერ სწევს.
გზას აგრძელებს.
უეცრად გუბეს გადააწყდა – გუბეში ცა სჩანს!
უახლოვდება, იხედება წყალში და ხედავს: მოხუცი, ნაოჭებით დაღარული,
წვრილ–თვალებ–ციმციმ–ჩამქრალი, კუზიანი კაცი იხედება გუბეში.
მხოლოდ მისი ანარეკლი ჩანს – სხვა არვინ არის.
* * *
დიდ საქარავნო გზაზე, ზეცა–ქალაქისგან საკმაოდ მოშორებით, მიწაჭამიათა
ქალაქისკენ გადასახვევთან ერთი უცნაური ლოდია – კუზიანი კაცის ფორმა აქვს,
ნაწვიმარზე მის ძირას გუბურა ჩნდება.
გუბეში ზეცა ჩანს და მხოლოდ ეს ლოდი.
მექარავნეები რაღაც აუხსნელი ძალით არასდროს ჩერდებიან ამ ქვასთან.