Litclub.ge

***ყველას გვეშველება
ყველას გვეშველება,
ყველა დავისვენებთ,
ღმერთს თუ შეეშლება,
ეშმა გაგვიხსენებს.
ეს დღე დაღამდება,
ღამეც გათენდება,
ვიღაც გაწამდება,
ვიღაც აშენდება.
ყველა მარტვილია,
ყოფნა - მხოლოდ ჟინი,
მოვკვდე - ადვილია,
ძნელი - მოლოდინი.
ვაჟი წვერს გაუშვებს,
ქალი შავს ჩაიცმევს,
კარგი მეგობარი
მკერდში მჯიღს ჩაიცემს.
ზღვა ცრემლით რომ მორწყან
მიწა - ბალდახინი,
ზემოთ ვერ ამოხვალ
სულელ ბალახივით.
ნუ ნაღვლობ ვინც დასთმე
და ნუღარც გეეჭვება;
ცოცხალს ვინც გხედავდა,
მკვდარსაც შეგეჩვევა.
ვიდრე სული გიდგას,
შენებრ უდღეურებს, -
გინდა უმუხთლე და
გინდა უერთგულე.
სიცოცხლე ძილისპირ
თქმული ზღაპარია, 
ჩვენ ვინ შეგვეკითხა,
ჩვენი რა ბრალია?!
ვისიც მეშვეობით
სოფელს გაეცანი,
იცის რასაც შვება,
არ ღირს კაეშანი.
ყველას გვეშველება,
ყველა დავისვენებთ,
ღმერთს რა შეეშლება,
ღმერთი გაგვიხსენებს.