Litclub.ge

მე თქვენ ვეღარასოდეს გნახავთ (თარგმანი: ალექსანდრე ელერდაშვილი)
სამზარეულოში ფრთხილი კაკუნი გაისმა და როდესაც მისის ო'ბრაიენმა კარი გამოაღო, იქ, უკანა დერეფანში, თავისი სასტუმროს საუკეთესო ბინადარი მისტერ რამირესი დახვდა ორი პოლიციელის თანხლებით, რომლებიც აქეთ-იქიდან ამოსდგომოდნენ; ასეთ გარემოცვაში მყოფი რამირესი კიდევ უფრო პატარა და მოკრძალებული ჩანდა.
- რაო, მისტერ რამირეს?! - გაიოცა მისის ო'ბრაიენმა.
რამირესი კი იყო დაპატიმრებული, თუმცა არაფერი ეტყობოდა საიმისო, რომ აქ ამ ამბის სათქმელად იყო მოსული.
ორ წელზე ცოტა მეტი იყო, რაც რამირესი პირველად გამოჩნდა მისის ო'ბრაიენის სახლში და იქ დასახლდა კიდეც. იგი მეხიკო-სიტიდან ავტობუსით ჩამოსულა სან-დიეგოში და იქიდან ლოს-ანჯელესამდეც მოუხერხებია ჩამოღწევა. და აი, ამ ქალაქში დაიქირავა პატარა, სუფთად გაწყობილი ოთახი, სადაც ლურჯი პრიალა ლინოლიუმი, ყვავილებით მოხატული კედლები, რამდენიმე სურათი, კალენდარი და მკაცრი, მაგრამ გულკეთილი დიასახლისი მისის ო'ბრაიენი დახვდა. ჩამოსვლისთანავე საავიაციო ქარხანაში დაიწყო მუშაობა და, სანამ ომი მიმდინარეობდა, ყველა იმ თვითმფრინავის აწყობაში მიიღო მონაწილეობა, გაურკვეველი მიმართულებით რომ გაფრინდებოდნენ ხოლმე; თუმცა ომი რომ დასრულდა, იგი ქარხნიდან არავის დაუთხოვია და კვლავაც იქ განაგრძობდა მუშაობას. თავიდანვე დიდი ხელფასი დაუნიშნეს მისტერ რამირესს, ასე რომ, რაღაც თანხის დაგროვებაც მოახერხა და კვირაში ერთხელ ნასვამი რომ მოდიოდა შინ, გაკიცხვასა და საყვედურებს არ იმსახურებდა, რაკიღა მისის ო'ბრაიენი ამგვარ საქციელს ყოველი პატიოსანი მუშაკის უფლებად მიიჩნევდა.
სანამ მისის ო'ბრაიენი თავის ბინადარს მისჩერებოდა, სამზარეულოს ღუმელში ღვეზელები ცხვებოდა და სადაცაა ისე შეიბრაწებოდა, როგორც მისტერ რამირესის მზისგან გარუჯული, მბზინავი სხეული, ხოლ ამ ღვეზელების ჰაერისთვის დატოვებული ჭრილები სწორედ რომ მისტერ რამირესის თვალთა ჭრილებივით იწყებდა ჩამუქებას. სამზარეულოში მადის აღმძვრელი სუნი ტრიალებდა და პოლიციელებიც, ალბათ, ამიტომ იყვნენ წინ წამოხრილები, მისტერ რამირესი კი თავის ფეხებს ისეთი დაჟინებით დაშტერებოდა, თითქოს მათ ადანაშაულებდა, ამ სახლში უსიამო ამბავი რად შემოიტანეთო.

- რა შეგემთხვათ, მისტერ რამირეს? - იკითხა მისის ო'ბრაიენმა.
რამირესმა თავი რომ აწია, მისის ო'ბრაიენის ზურგსუკან გრძელი მაგიდა დაინახა, თეთრი ქათქათა სუფრა რომ ჰქონდა გადაფარებული და ზედ პურის ლანგარი, გრილი, ბრჭყვიალა ჭიქები, ყინულის ნატეხებჩაყრილი წყლის ჭურჭელი, ერთი ჯამით კარტოფილის სალათა, მეორეთი კი შაქარმოყრილი, პირდახურული ბანანი და ფორთოხალი ეწყო. მაგიდას მისის ო'ბრაიენის შვილები შემოსხდომოდნენ - სამი მოზრდილი ვაჟი, ერთმანეთთან საუბარი რომ გაემართათ, და ორი ქალიშვილი - ისინი პოლიციელებს მისჩერებოდნენ და თან ჭამასაც ახერხებდნენ.
- მე აქ ოცდაათი თვე ვიცხოვრე - ჩაილაპარაკა რამირესმა და მისის ო'ბრაიენის ჩათქვირებულ მკლავებს შეხედა.
- მას მხოლოდ დროებითი ვიზა ჰქონდა - თქვა ერთმა პოლიციელმა - ექვსი თვე გადააცილა დადგენილ ვადას და ამიტომ დაგვავალეს, მოგვეძებნა და დაგვეპატიმრებინა.
იმ სახლში მისვლისთანავე ერთი პატარა რადიო იყიდა რამირესმა თავისი ოთახისთვის, საღამოობით ჩართავდა ხოლმე, აუწევდა ხმას და სიამოვნებით უსმენდა. მერე მაჯის საათიც შეიძინა და მასაც სიამოვნებით დააცქერდებოდა ხოლმე. ერთხანობას, შემოღამებისას, ჩაჩუმებულ ქუჩებში უყვარდა სეირნობა; ათვალიერებდა ვიტრინებში გამოფენილ თვალისმომჭრელ სამოსს და ზოგი რამ შეიძინა კიდეც. იქვე ძვირფას ქვებსაც შეათვალიერებდა ხოლმე და თუ მოსაწონი იყო, თავისი ორიოდე მეგობარი ქალისთვის ყიდულობდა ხოლმე საჩუქრად. კვირაში ხუთ საღამოს კინოფილმების ყურებაში ატარებდა, მერე ჩაჯდებოდა ტრამვაიში და - ზოგჯერ მთელი ღამის განმავლობაში - ყურს უგდებდა ელექტროდენის ზუზუნს, შავი თვალებით მიაცილებდა აქეთ-იქით მიმქროლავ ღამის რეკლამებს, პატარა სასტუმროებისა და დიდი ოტელების ჩირაღდნებს და სიამოვნებდა იმის შეგრძნება, თუ როგორი გრუხუნით მიგორავდნენ მის ქვეშ ბორბლები. ზოგჯერ დიდ რესტორნებშიც შეივლიდა ხოლმე, სადაც ძვირადღირებულ სადილებს მიირთმევდა და ხანაც ოპერას ან თეატრს მიაშურებდა. მოგვიანებით ავტომობილიც შეიძინა, მაგრამ ერთხელ დარჩენილი ვალის გადახდა დაავიწყდა, გაბრაზებულმა მეპატრონემ მოაკითხა და უკანვე გააქროლა მისის ო'ბრაიენის სასტუმროდან.
-  მისის ო'ბრაიენ - ძლივს აღმოთქვა რამირესმა, - იძულებული ვარ ოთახი უკან ჩაგაბაროთ, ჩემი ნივთები და ტანსაცმელი უნდა ავიღო და ამ კაცებს გავყვე.
- მექსიკაში ბრუნდებით?
- დიახ, ლაგოსში, ეს პატარა ქალაქია ჩრდილოეთ მექსიკაში.
- ვწუხვარ, მისტერ რამირეს.
- ყველაფერი მზად მაქვს... - თითქოს ხმა ჩაუწყდა რამირესს. წამიერად აუციმციმდა შავი თვალები და ხელები უმწეოდ აამოძრავა, მაგრამ პოლიციელები არც-კი შეხებიან, რადგან არავითარი საჭიროება არ იყო ამისა.
- აი, გასაღები, კვლავ ალაპარაკდა რამირესი, - ბარგი უკვე ჩალაგებული მაქვს. 
ახლაღა შენიშნა მისის ო'ბრაიენმა ჩემოდანი, რომელიც პოლიციელების უკან, დერეფნის შემოსასვლელში დაედო. 
რამირესმა ერთხელაც გახედა სამზარეულოს, ვერცხლის ბრჭყვიალა დანა-ჩანგალს, ჭამით გართულ ყმაწვილებს და კარგად მოპრიალებულ იატაკს, მერე თავი მოაბრუნა და ხანგრძლივი მზერით გამოეთხოვა მთელ სახლს, სამ სართულად აზიდულს, ვეებასა და მშვენიერს, აივანსაც და ბუხარსაც გახედა, მერე დრეფნის კიბეებს ჩააყოლა თვალი, სამრეცხაოში გაჭიმულ თოკებს მიაშტერდა, ქარში ნელინელ რომ ირწეოდნენ.
- თქვენ კარგი ბინადარი იყავით, - თქვა მისის ო'ბრაიენმა.
- გმადლობთ, გმადლობთ მისის ო'ბრაიენ, - ჩაიჩურჩულა და თვალები დახუჭა რამირესმა. მისის ო'ბრაიენი კვლავაც ნახევრად ღია კარის წინ იდგა. ერთ-ერთმა ვაჟმა შეახსენა, სადილი გიცივდებაო, მაგრამ მან მხოლოდ თავი დაუქნია პასუხად და ისევ რამირესს მიუბრუნდა. რამირესს გაახსენდა, ერთხელ მექსიკის საზღვრისპირა ქალაქებში რომ მოუხდა ჩასვლა. გაახსენდა საშინელი სიცხე და ჭრიჭინები - ზოგი მხტუნავი და აწრიალებული, ზოგიც მკვდარივით ძირს მიგდებული და უძრავი, როგორც მაღაზიის ვიტრინებში გამოფენილი პატარა სიგარები. თვალწინ დაუდგა მდინარიდან გამოყვანილი არხები, ფერმებისაკენ რომ მიედინებოდნენ, დანაგვიანებული გზებიც და სიცხისაგან გადატრუსულ მცენარეთა ღეროებიც. გაახსენდა ზლაზნია, ფეხათრეული ცხენები და მზით დასიცხული პატარა ბოცვრები, გაახსენდა რკინის მთები, დამტვერილი ხეივნები და ასობით მილზე გადაჭიმული ოკეანისპირა პლაჟები, ტალღების გარდა აღარაფერი რომ არ ახმიანებდა და გარშემოც რომ აღარაფერი მოჩანდა - არც მანქანები, არც ნაგებობები.... აღარაფერი.
- ნამდვილად ვწუხვარ, მისტერ რამირეს!
- მე არ მინდა იქ დაბრუნება, მისის ო'ბრაიენ - ძლივსღა ლაპარაკობდა რამირესი. აქაურობა მომწონს, აქ მინდა დარჩენა; აქ ვმუშაობ, ფულიც დავაგროვე, მგონი, კარგადაც მოვეწყე, აღარ მინდა იქ დაბრუნება.
- ვწუხვარ მისტერ რამირეს! რომ შემეძლოს, ნამდვილად დაგეხმარებოდით.
- მისის ო'ბრაიენ, - მოულოდნელად წამოიძახა რამირესმა და ცრემლები გადმოუგორდა. მერე ხელები გაიწვდინა და ქალის ხელს მღელვარედ მიეძალა, მაგრად ჩაეჭიდა, ჩამოქაჩა, თითქოს ზედ დაკიდება უნდაო... - მისის ო'ბრაიენ, მე თქვენ ვეღარასოდეს გნახავთ, მე თქვენ ვეღარასოდეს გნახავთ.
პოლიციელებმა გაიღიმეს, მაგრამ რამირესს არც-კი შეუხედავს მათთვის და ღიმილიც უმალ შეაშრათ სახეზე.
- მშვიდობით, მისის ო'ბრაიენ! თქვენ ძალიან კარგად მეპყრობოდით. ო, მშვიდობით, მისის ო'ბრაიენ, მე თქვენ ვეღარასოდეს გნახავთ. 
პოლიციელები დაელოდნენ რამირესს, სანამ იგი გამობრუნდებოდა, ჩემოდანს აიღებდა და კარს მოშორდებოდა. შემდეგ თვითონაც დაემშვიდობნენ მისის ო'ბრაიენს ქუდის მოხდით და პატიმარს აედევნენ. მისის ო'ბრაიენმა კვლავ თვალი გააყოლა დერეფნის კიბეზე ჩამავალ კაცებს. მერე ფრთხილად მიიხურა კარი და თავისი სკამისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. სკამი გამოწია და დაჯდა. ბრჭყვიალა დანა-ჩანგალი აიღო და თეფშს დახედა.
- დედა, ხორცი გაგიცივდება, - მოესმა ერთ-ერთი ვაჟის ხმა.
მისის ო'ბრაიენმა ერთი პატარა ნაჭერი აიღო და დიდხანს ჩაფიქრებული ღეჭავდა. მერე მიხურულ კარს მიაშტერდა, დანა-ჩანგალი მაგიდაზე დააწყო.
- რა მოხდა, დედა? - იკითხა ვაჟმა.
- ახლაღა წარმოვიდგინე, - თქვა მისის ო'ბრაიენმა და ხელები სახეზე აიფარა, - რომ ვეღარასოდეს ვნახავ მისტერ რამირესს!