Litclub.ge

გმირი ანაბაჯის ლექსი
"ანამ სთქვა: მეტი სახელი
ბაჯი მაზედა მქვიანო,
მტერს რომ მეხივითვუხვდები
მისთვის დას მეძახიანო.”

ანა ქალის ქებას ვიტყვი, ყური იყოს გდებულია,
მის გმირობა ვის არ ახსოვს, ყველგან გაგონებულია.
თუმც მიწაში განისვენებს, სულით განათლებულია, 
თფილისიდან სამხრეთითა სოფელ მუხათ დებულია,
კოდა სოფელს რომ იტყვიან მის გვერდ მოშენებულია,
ანა იყო თფილისელი, მუხათ გათხოვებულია,
მისი მსგავსი გმირი ქალი ჯერ არ დაბადებულია;
თათრები ბაჯის უძახდნენ, მისგან შეშინებულია,
ყაჩაღებსა თავსზარს სცემდა გული ფოლად გებულია 
ავაზაკნი და მძარცველნი ჰყავდა დამონებულია,
მუხათისა გარეშემო რაც სოფლები დებულია,
ანაბაჯის წყალობითა იყვნენ გამარჯვებულია.
ღარი_ღატაკთ ფარად ედგა, მათთვის გადადებულია.
ყველა მის მზეს ლოცულობდა პირზედ მიკერებულია,
მის მშვენება რომ შევამკო და გმირობა ქებულია;
ტანმაღალი, შავთვალწარბა, შუბლი მირონცხებულია,
სახე გაბადრული მთვარის, ნიკაპ, ხალად ქებულია,
სიგრძე თმისა კოჭებამდის მეტად დამშვენებულია,
გული, მკერდი და მკლავები, როსტომ მიგვანებულია,
ჩვეულება მარცხნივ გვერდზე ხანჯალ დაკიდებულია,
ცხენზედ მჯდომი ვის უნახავს მისებრ გაჭენებულია,
მოთამაშე, მოჯირითე, ხმალი მოღერებულია,
ჭიდაობა, მუშტის გარტყმა, მისგან მოგონებულია.
ერთი გარტყმით წააქცევდა კამბეჩსა გაგიჟებულსა,
მთლად ვერავინ ადგებოდა მისი დახეთქებულია,
ზარის ხმაზედ იმღერიდა ტკბილად დაძახებულია.
მაგრამ სიკვდილს ვერ დასძლია, ახლა დავიწყებულია,
გვარი ბაჯიაშვილისა დღეს ხომ გამრავლებულია.
უკბდავია მის სახელი თვითონ დამიწებულია.
ანაბაჯის ამბავს მოვთვლი მსმენელნი ვალდებულია,
ახლა დავიწყებ მის ამბავს, ყურისგდება იყოს თქვენში,
თუ რა სახელი დატოვა ანამ თავის სიცოცხლეში.
ორი წლისა გათხოვილი იყო მეთვრამეტე წელში, 
სტუმრად იყო მიწვეული მოკეთესთან სოფელ წყნეთში, 
ისიც გითხრათ რა დრო იყო: სწორედ მარიამობის თვეში,
წყნეთის ქალ_რძალნი წავიდნენ, ანაც წაიყვანეს ტყეში.
შვინდსა კრეფდნენ, ხმაურობდნენ, მასხარობდნენ ერთმანეთში
ამ დროს ზაქარ მონადირის თოფმა დაიჭექა ხევში:
თურმე დათვსა დაახალა და მოარტყა უკან ფეხში.
ქალებსა ფერი ეცვალათ, როგორც მკვდართა სამარეში. 
მტრის შემოსევა ეგონათ, როგორც წინათ იყო ჩვენში, 
სუყველა ერთად შექუჩდნენ, იმ დიდ დაბურულ ფოთლებში.
სულგანაბულნი ერთმანეთს კი შესცქეროდნენ სახეში,
ამ დროს დაჭრილი დათუნა მათ მიაწყდა საფარეში.


თავსაშველად რომ გარბოდა დასამალად `საირმეში’’, 
კაი ხარის ტოლა იყო, დაერია თან ქალებში.
წივილ_კივილი გააბეს, ეცნენ აქა_იქ ჭალებში.
დახე, ჩვენი ანაბაჯის, ვენაცვალე იმ მკლავებში!
`ნუ გეშინიათ, ქალებო, არვის შეგრცხვეთ თქვენ თქვენს ქმრებში.”
ერთი მაგრა შეჰკივლა, და გასწორდა გმირად წელში, 
გადახტა და დათუნასა მუშტი მიაკერა გვერდში:
რა რომ დათვმა შეუტია, ანა დასწვდა წინა ფეხში, 
როგორც ბურთი, ისე დასცა, სუმთლად შეარყია ძვლებში,
შვინდისა ტოტი მოსტეხა, დაუშინა თავში, წელში,_
აგერ ზაქარაც გამოჩნდა, განთქმული მთელ სოფელშია
~დაჰკარ, ქალო, ყოჩაღ ქალო”! მორბოდა თოფით ხელშია.
ანამ ხანჯალი წაჰგლიჯა, დათვსა შეურჭო ყელში.
დაჰკრა, დაჰკრა, გამოუსვა, მარტო თავი შერჩა ხელში.
დათვი მოჰკლა ანა ქალმა, ხმა გავარდა მთელ სოფელში,
ეს სახელი შეიძინა სულ პირველად თვრამეტ წელში.
კოდასთან ახლო მინდვრისთავს კვირაცხოველი ჰქვიანო, 
დღესაც ეტყობა ნიშნები, ნანგრევები ჰყრიანო;
აღდგომის სწორსა მლოცვანი დღეობით მოიყრიანო,
ყოველ წელს ხალხი მრავალი ხატის კარს ილხენიანო.
იქ იყო მისი დღეობა, ხალხნი საღმრთოსა ჰკვლიანო, 
ურმების ძირში მიმსხდარან, ლურჯ საფარს გაიშლიანო,
სავსე ტიკები იცლება, ზოგნი სამწვადეს თლიანო, 
მამაკაცები დამთვრალან, მრავალჟამს დასძახიანო.
გადი_გამოდის ყანწები, ძველსა მკვდრებს იხსენიანო, 
ქალნი დაირას უკრავენ და თანაც გაუსვიანო,
იქ დასანიშნი ბიჭები სატრფოსა ინატვრიანო, 
მეზურნეც უკრავს გმირულსა, ქადილსაც ემზადიანო, 
ჩოხაჩაცმულსა ბიჭებსა, სარტყელი დამშვენიანო, 
ყველა სოფელი იქ არის: `ჩვენ ვერვინ გაგვლახიანო”,
ზოგნი ახლად მოდიან, ცხენებით მოჰქროლიანო.
ჰა, კიდეც დაჰკრეს გმირული, ბიჭები სწორდებიანო, 
სხვადასხვა სოფლის გმირები მეიდან გამოდიანო,
ზოგი გმირულად უხვდება, ზოგი ძირს ეცემიანო,
`ჩვენმა აჯობა თქვენსასა~, ერთმანეთს უყვირიანო
ახალი მოჭიდავები მზად დგანან ელოდიანო,
`ახალი ვინ ხართ, გამოდით,” შუიდან იძახიანო, 
ანაბაჯია ქმარ_შვილით, ისინიც იქ არიანო;
თავის ძვირფასი სტუმრებით ილხენენ, იმღერიანო,
ანა დამღერის ტკბილადა, იმის ხმას შენატრიანო, 
ჭიდაობიდან ხმა ესმათ: `მუხათო ხომ გრცხვენიანო”,
თქვენი ნაქები სიმონი გავლახეთ მუხათ ტიალო!
ანამ ეხვეწა მამამთილს: `მამავ, გენაცვა, ხნიანო,
ნება მომეცი გადავხტე, ვნახო, თუ ვინ არიანო!
სოფელი სოფელს უძახის და ძლიერ იკვეხნიანო,
ჩვენი სოფლელი სიმონი დასცეს და დაგვცინიანო.
წავლენ და დაიკვეხებენ მუხათს რა შეუძლიანო,
უნდა ვუჩვენო სეირი, თუ რომ მე ანა მქვიანო.
ჩვენი სოფელი მუხათის სახელი გავაძლიერო, 
ან მეც გამლახონ ბარემღა, ან ყველა გავამტვრიანო’’.
`რას ამბობ, შვილო ანაო, აბა რა შეგიძლიანო!
მანდ ისეთი ბიჭებია ლომნიც კი გაურბიანო”.
`აბა, თუ ლომნი ყოფილან, მეც ანას მეძახიანო, 
დედა წამიწყდეს ძვირფასი თუ გასვლა დავაგვიანო.”
წელთ შემოირტყა სარტყელი, ხალხი სულ გაჰკვირდიანო,
გადახტა მოედანზედა, ყველა მას შესცქერიანო.
ვისია რძალი, ლამაზი, ვიცოდეთ, რა სწადიანო:
საკოცნელადა მოსულა, თორემ რა შეუძლიანო?
`არა, მე გავალ, არა, მე,” ერთმანეთს ეცილიანო, 
რას შემომცქერით, ბიჭებო, ეს საჭიდაო ველია, 
მე თფილისელი ქალი ვარ და რძალი მუხათელია.
რომ გამილახეთ სიმონი, ის ჩემი მეზობელია,
მუხათის ქალსაც დაუხვდით, ვისა გული გაქვთ მთელია.
აქედან ფეხს არ მოვიცვლი, რადგან რომ გამოველია,
სანამ არ დამცემთ მიწაზედ, ბარგს არ ამაკრავთ მტვერია
ვისაც გნებავდეთ, გადმოდით, ეხლა ჭიდილის ჯერია.
ერთმა თქვა: `მაგის მოხვევა ჯანისთვის მარგებელია,
თანაც ხომ ერთსაც ვაკოცებ, ისიც ზედ სარგებელია.’’
გადუთამაშა გიორგიმ, ნაქები თელეთელია;
ანამ დასტაცა, ძირს დასცა, ასო არ აჰყვა მთელია,
მეორედ ჩამოუარა სოსიამ, ბარბარელია.
მაგრამ ისეთი დაეცა ვერც კი მოჰკიდა ხელია;
გადმოფრინდა მესამე ივანე ვაშლოვნელია,
ისე ჩაემტვრა გვერდები_ექიმი საშოვნელია,
გადმოხტა ბიჭი ნაქები პოღოსა დურნუკელია.
ისიც ისეთი გაუშვა, თვალები დარჩა ბნელია.
ცალთვალა ბიჭი თამაშობს, უძახდნენ გმირი `ელია”,
მასაც ცხვირიდან ადინა, რაც ესვა, რაც დაელია.
ვართანა მაგრად დახვდება, ის ბიჭი ყაზახელია!
მაგრამ ისეთი დაემხო, დასწყვიტა შინა წელია.


შაქრუა ბიჭი მოუხტა, მარდია, ქიზიყელია, 
ისიც ასეთი დასთხლიშა, როგორც ნაბდისა ძველია,
ორიც ზედიზედ აგორა, ხეჩო და არაქელი.
კუმელი თედოც დაურთო, ყასაბი ქალაქელია, 
სომეხ დაღეთელ ბიჭებს აღარ უვარგოდათ ტანი,
ოთხივე ისე აგორა, როგორც რომ ვირის კურტანი.
მაჰმადამ ალი ახსენა, მოედანზედ ტრიალებდა, 
ანამ ისე დაამტვრია, `ალა_ვალას” ღრიალებდა,
აი, ბერძენიც მიუშვეს, შეხედულებით დევია,
მაგრამ ბედი დაიწყევლა, რისთვის დავიბადევია.
კოდელ სიძეს არ უშვებენ, გამიშვითო, მოსდის ბნედა;
თავდაყირა დაეშვა, დაიძახა: `ვაი დედა”!
`თოღექ, თოღექ”, გამოვარდა ვართანას ძმა ხაჩატურა,
რომ დაეცა სისხლი წასკდა, დაიძახა `ტერტერ ურა”?
სოფრომუკა გამოვარდა, ქვე გამიშვით, გავალ აპა, 
ანამ ერთი გამოკვრითა, ზედ მიწაზე დაათხაპა.
ანას გინებით მიუხტა, მუშტის ქნევით სირაჯ გოლა, 
ანამ როგორც ყარფუზი, შიგ ხალხისკენ გადისროლა,
გოლასთვის გულის დამწველი ძლივს წამოდგა ბოგველია,
ხალხნო, რატომ არ ეხსნებით, ხედავთ, ყველას მოგვერია,
დაიშალა ჭიდაობა, ხალხი ჰკვირობს ყოველია.
იმ დღეს ოცდაორი დასცა, არვის არ ჰქონდა ფერია,
იმაირად Aარვინ ადგა,_ასო ჰქონიყო მთელია, 
მთელი ხალხი დაეხვია, კარგად ვნახოთ რომელია,
ვენაცვალეთ შენს ქალობას, გაგინათლდეს მშობელია,
სიხარულით შინ დაბრუნდა მთელი მუხათ სოფელია.
ერთხელ ანა ქალაქს იყო, იქ სიონის უბანშია,
ყველიერში მოსულიყო თავის დედ-მამის სახლშია,
გარეთ რაღაც ხმაურობა მოხდა შიგ შუა ბაზარშია,
თურმე ყეინობა იყო _ წესი ჰქონდათ ჰამქარშია.
ოსმალურად მორთულიყვნენ, როგორც ჯარი სტამბოლშია,
ირაკლის ომს იგონებდნენ, გამარჯვებას აწყურშია.
და სოლოღანთ კამეჩები დახე, თუ რა ყოფაშია?
მიუტანიათ იერიში ამ დიდ ყეინობაშია,
როგორც ნაქები ბიჭები, არეული გარტყმაშია,
ანუ ყარამან-ყათრანი, ვითარც დევთა ბრძოლაშია,
ისე ეს ორი კამეჩი, დარეულან ამ ხალხშია,
ნახევარი გაუთელავთ ლამის ათასი კაცია,
ხალხი ერთმანეთზე გორავს, ყველა გაქცევის ცდაშია,
ვინ წინა და ვინ უკან, სულ გარბიან სახლებშია,
ანას ხმა რომ შემოესმა, გადმოდგა ფანჯარაშია,
`რა ამბავია, რა მოხდა, საქმე გავიგო რაშია~? 
დაინახა კამეჩები, როგორ ხალხის მტვრევაშია:
გულმან ვეღარ მოუთმინა, სისხლმა აასხა თავშია,
კარი გააღო, ტყვიისებრ უცებ გავარდა კარშია,
დაიძახა: `რას გარბიხართ, მაშ რათა გაქვთ ულვაშია,
გარე მტერმან რომ გაგიგოთ, ჩავარდებით სირცხვილშია,
ლომიც იყოს წინ დაუხვდით, წესი ქართველობაშია,
მხდალი, ლაჩარი, მშიშარა არ უნდა იყოს ჩვენშია~.
კამეჩს სწვდა, წამოაქცია, მეორეს ეცა რქაშია,
გადასწია, ისიც დასცა, ხალხმა დაჰკრა ტაშია:
`შენ ქალობას ვენაცვალეთ, დევიც ყოფილხარ მკლავშია”!
მისცვივდნენ და ორივ შეკრეს, ქება ისმოდა ხალხშია.
აქაც სახელი დატოვა ანამ თბილისქალაქშია,
ის ამბავი დღესაც ახსოვთ, ნაამბობი ძველ ხალხშია.
ეშმაკ კარაპეტა იყო ავლაბრელი, ნაქებია,
მუშტი_კრივის მეთაური, ის კაცია საქებია,
ბევრი კაი ვაჟკაცი მუშტით დაუმარცხებია,
მის ერთ მუშტს ვერ გაუძლებდა კაცი რკინის ნაგებია,
თუ რომ ჩხუბში მისულიყო ასამდინ კაცს გააქცევდა,
ვისთვისაც რომ შემოეკრა, გულ-მუცელსაც შეუნგრევდა.
თუ გინდ სპილოსთვის გაერტყა, უეჭველად წააქცევდა,
მთვრალ დროს ბრაზზე მოსულიყო, მუშტით კედელს დააქცევდა
სოფელ თელეთს, ამაღლებას, ბევრი ილხინა ძალზედა. 
ბოლო დროს ჩხუბი ატეხა, მან თვი დადო შარზედა,
ბევრი ხალხი აგორავა, იყურებოდა მკლავზედა,
საღმრთო ცხვრები წაართვა, ისროლა აქა-იქ ბანზედა,
სუყველაზე მიიწევდა, კაცი იყო თუ ქალზედა.
მოხუც ქალს კოკა წაართვა, წყლით სავეს იყო ძალზედა,
ასწია და შემოჰკრა სულ დაამტვრია თავზედა,
ოცდაათსა კაცსა სცემა მოქეიფეებს დუქანზედა,
ბოლოს დადგა, აეყუდა წინ ეკლესიის კარზედა,
ცუდსა სიტყვასა ხარჯავდა, სისხლი მოსვლოდა თვალზედა,
აღარავის არ უშვებდა ის ხალხსა სალოცავზედა.
სუყველანი გამორეკა, მღვდელიც მიაყოლა ზედა,
`რას ლოცულობთ, ღვინო სვითო~, ყველას შეუკურთხა დედა, 
საყდარს ჯვარი მრუდე აქვსო, რატომ არ არის რიგზედა?
ეს ხატი ვის დაუხატავს, რისთვის მიყურებს განზედა,
და ბოლოს ჯავრი იყარა თავის ჩიბუხის ტარზედა.
ქუდიც მაგრად დაახეთქა, თანაც წიხლი სცხო ძალზედა.
ვინც საყდარში შემოვა ვისვრი ყირა-ყირაზედა,
სამი მლოცავი გამოჩნდა მუხათიდგან მომავალი,
სამივე ქალები იყვნენ, ცხენებს ასდიოდათ ალი.
პირველსა ყველა იცნობდა, იყო მუხათელი რძალი,
შავი ცხენით მოფრინავდა, გვერდზე ეკიდა ხანჯალი,
ნიკაპზედ ხალი შვენოდა, იგი გახლდათ ანა-ქალი,
ახლა კი ეშმაკ კარუას გაუწყრესა ხატის ძალი.
ცხენი სხვასა ჩააბარეს და მივიდნენ სალოცავში.
ანამ უთხრა: `იქით ძმაო, რას გადაგვიდექ გზაშია~?
კარაპეტამ გაუცინა, ანა მოეწონა თვალშია:
`გენაცვალე, თუ გზა გინდა, ერთი მაკოცნინე ხალშია,~
ანამ ბევრი არ აცალა, კარაპეტას გაჰკრა ყბაში,
სამ საჟენზე გადააგდო, როგორც სამი წლის ბავშვი.
უკან არც კი მოიხედა, ისე შევიდა საყდარში.
კარაპეტა თავდაყირა მაგრად დაერჭო მიწაში,
ხალხმა `ვაშა~დასძახეს და დაარტყეს დიდი ტაში,
`ხომ მიირთვი, კარაპეტავ, როგორა გაქვს ტვინი თავში?
მაგის მეტი რას გამორჩი, შე ეშმაკო, ავობაში;
რა გეგონა შენი თავი, რომ ხარ ჩხუბის უსტაბაში?~
მთელი ხალხი დაეხვია რომ გავიდა ანა კარში,
სუყველანი ქუდს უხდიდნენ და იძახდნენ ვაშა-ვაშა,
მღვდელმაც უფალს შეავედრა ანას გმირობა ლოცვაში.
ერთი საათის შემდეგა ძლივს წამოდგა ჩვენი ლეში.
ყბა გვერდზე მოქცეოდა,_ისევ დარჩა ვაგლახ დღეში.
კარაპეტას მეგობარი ამ ამბავმა დააღონა,
მიიწევდა ანასაკენ კუკიელი იაგორა.
ბევრი ცუდი, ავი სიტყვა, ანას ყურში გააგონა.
მკვდარი ქმარიც უხსენა და გინებით მოიგონა.
ანამ ერთი მასაც გაჰკრა, ყარფუზივით გააგორა.
მუშტით კიდეც მოკვდებოდა, სულით გული შეუღონა.
კარაპეტას დასცინოდნენ, ქალაქს ვისაც გაეგონა,
შენც გაყლაპა ანა-ბაჯიმ, შენი ჭკვისა ხომ არ გეგონა?
ვერ ვიცანი, მახსოვსო და სიმთვრალე მოიგონა.
ტერტერაშვილსა გეოას კაცი ვინ დაუდგებოდა,
ვისაც მიწაზე დასცემდა სულ ვეღარ ადგებოდა,
პირში რომ თოფი ეხალათ, უკან არ გაუდგებოდა;
ლომი, ვეფხვი რომ შემბულიყო, იმათაც ეტაკებოდა.
იძახდა: `გავალ ყველასთან, ცის ქვეშ ვინც იარებოდა, 
მართლაც იყო და შეეძლო, კიდევაც ეკვეხებოდა.
გაიგო ანას ამბავი, მას გული უღონდებოდა,
ქალი და ასე სახელი, იგი ჯავრისგან კვდებოდა.
მასთან შებმასა და ცდასა დღე-დღეზე ელოდებოდა,
ადგა და ბოლოს გეუამ კაცი უგზავნა ანასა:
`ვინა ხარ ქალო, დიაცო, რაებს ჩადიხარ მაგასა,
შენი ჭკვის ბალღებს რომ ლახავ, არ შეხვედრიხარ მაგასა,
ნუ თუ გეგუას არ იცნობ, ნაქები მთელ ქვეყანასა,
ვეფხვი რო კაცად მიცვნია, ლომს რომ უგლეჯავ ჩანასა,
მაშინ იკვეხე გმირობა თუ დასძლევ ჩემისთანასა,
უნდა ერთმანეთს დაუხვდეთ თქმა აღარ უნდა ამასა,
აბა თუ რა შეგიძლიან რომ შვრები მაგისთანასა.
დაგაწყევლინებ გაჩენას და შენი დედის ნანასა,
მალე მაცნობე ამბავი, თორემ მოვიხმარ ძალასა:
მანდ მოგიხტები მუხათში, ვფიცავ ტერტერა მამასა.~
ანამ პასუხი უთვალა, როგორც მოკითხვა ძმაზედა,
რა დაგიშავე, ძმობილო, მაგრე მოსულხარ ჯავრზედა,
ნუთუ ვაჟკაცის წესია, მაგრე გაჯავრდეს ქალზედა,
მჯობს მჯობი არ დაელევა ამ დიდსა ქვეყანაზედა,
გაცნობა ახლოთი უნდა, არა მუქარა განზედა,
ყველა მაშინ გამოჩნდება, რომ გავალთ მოედანზედა
ტერტერა მამა დაგიხსნის, ილოცე იმის წვერზედა
რომ მეტი ძალა შეგმატოს, მალ-მალ ემთხვიე ხელზედა;
თუ რომ მუქარას არ იშლი დავდგეთ ამ აღთქმასა ზედა,
ვინც ჩვენში გაიმარჯვებდეს, იყოს სამასი ცხვარზედა,
თოფი, ხმალი და ისარი, შვიდი უღელი ხარზედა.
თუ გინდა დავსხდეთ, ვილხინოთ, გავცადოთ ღვინის სმაზედა
გინა სიმღერა დავძახოთ, ვინ იტყვის ტკბილსა ხმაზედა,
გინდა ცხენდაცხენ ვიფრინოთ, ვინ წავა შორსა გზაზედა,
გინდ იარაღი ვიხმაროთ, საქმეც მივიდეს ხმალზედაც,
გინდა ხელდახელ ჩავჭიდოთ, გინდა გამიდექ განზედა;
კაცი ხარ, არ გადადგები, მტკიცედ იქნები თქმაზედა,
და თუ შეშინდე, მკვეხარავ, ქუდი შეგირცხვეს თავზედა:
და თუ არა გსურს, _ ხმა წყვიტე, ნუღარ იყეფებ სხვაზედა.
თუ შეგიშინდეს ანაი _ ვირი მომაბი თავზედა.~
ეს რომ გეოამ გაიგო, ქუდი ახალა ქვაზედა.
`კაცი ვარ, ქალს შევუშინდე, რად დავალ ქვეყანაზედა~.
კაცი უგზავნა, დასთანხმდა იმავე პირობაზედა, 
უნდა ეჭიდნათ დღეობას, ბოლნისის ხატის კარზედა,
ბოლნისის ხატი ვინც იცით, წმინდა გიორგი ჰქვიანო:
თათრებსაცა სწამთ, შიშობენ დალი ხაჩს ეძახიანო.
ბევრნი `ყურბანსაც~ უკლავენ, ძლევამოსილად თვლიანო.
მაჰმადის რჯულის წესითა გულწმინდად ილოცვიანო, 
იქ მოდის მისი დღეობა გიორგობისთვის ათშია,
ურიცხვი მლოცავი მოდის იქ, იმის დღეობაშია.
ცხენით, ურმით და საზიდრით არეულობა გზაშია,
ბაირამ, თავის რვა კაცით, ნაქები ბორჩალოშია,
სახელგანთქმული ყაჩაღი, გაგონებული ჩვენშია,
მას ცხენი ჰყავდა ნაქები, ნაყიდი არაბეთშია,
განჯა, ერევანი და ყარსი, სულ გაეთელა ფეხშია,
ყაჩაღი იყო სისხლმსმელი, შობილი ჯოჯოხეთშია,
ჩასაფრებია მგზავრებსა იქ ხრამის მისავალშია.
ბოლნისში მიმავალ მლოცავს, ის იქ უხვდება გზაშია,
ხოცავს და ძარცვავს უღმერთოდ, სუყველას გაყვლეფაშია,
ალაჰიც დავიწყებია, არ იყურება ცაშია.
ანაც იქ მიდის, ბოლნისში ცხენი ჰყავს როგორც რაშია,
მაზლ-მამამთილი თან ახლავს ამოიყენა მხარშია.
ტერტერაშვილთან მიჰქროლავს, დახვდება სალოცავშია,
თან ფიქრობს: ვიცი, ვაგლახამ, ხარ-ცხვარ მოვრეკავ სახლშია
ჩამოვიკიდებ ხმალ-ხანჯალს, თოფსაც გავიდებ მხარზედა,
თანაც კი ფიქრი გადაჰკრავს, გაურბენს უცებ თვალშია,
ვაითუ გეომ გამლახოს და შემარცხვინოს ხალხშია,
სირცხვილით თავსაც მოვიკლავ, ან ჩავვარდები წყალშია,~
ამ ფიქრში იყო გართული, რომ მიატანეს ხრამშია,
საცა ყაჩაღი თათრები იქ იყო მისავალშია.
თოფებმაც დაიგრიალეს, მამთილს მოხვდა თავშია,
მის მაზლიც ძირს ჩამოაგდეს, მასაც მოარტყეს მკლავშია,
მერე მისცვივდნენ ანასა და მოეწონათ თვალშია,
ბაირამამ ხელი მოხვია და გაუსინჯა ხალიო.
ანამ უცებ ვით ელვა, სწრაფად ააძრო ხმალიო,
ოთხ ყაჩაღს დაბაირამას მსწრაფლ მოაცალა თავიო.
სამიც ცხენიდან ძირს დასცა, ისიც ცოცხალი_მკვდარიო,
ერთმა გაუსწრო გაიქცა, როგორც წყეული ალიო,
მერე დაჭრილებს მიადგა: `კიდეც ცოცხლები არიო?~
`აი, ბაჯი ბზა ოლდურმა, სევარსან ხაჩი დალიო!~
ეხვეწებოდნენ: `დაო, ჯან, გვაკმარე ნუ მოგვკალიო,
შენ ალაჰს აპატიევი, თუ რომ გწამს გიჯი ჯვარიო.
მის წონა ოქრო მოგართვათ, ნაღდი ფული და ლალიო,
რაც რომ გიღირდა მოხუცი, რახან რომ მოგიკალიო.~
,,მამთილს ფულად არ ვყიდი, მის სისხლი გადევთ ვალიო.
ჯერ დაუშინა მათრახი, აძახა `ვაი ალიო~,
გულმან რომ ვეღარ გაუძლო, გაჰკრა, გაუსო ხმალიო
რვანივე ისე დაჩეხა, როგორც ყასაბმან ხარიო,
მერე მამთილს მიხედა, ნახა საბრალო მკვდარიო,
გულაღმა მიწაზედ ეგდო, ვაი, სისხლში გასვროდა თავიო,
ასწია გულზედ მიიკრა და დაუკოცნა თვალიო,
ვაი, რა დღეშე გიხილე, სიციცხლე მე გამქრალიო
ღვინით მობანა თავპირი ვაჰ, მამავ, შენი ბრალიო,
მკვდარსა ჩასძახა ყურშია: შენ გენაცვალის რძალიო,
მე შენი სისხლი ავიღე, მეც დავარბიე რვანიო,
ვეღარც მაჰმადი უშველის, ვეღარც თავეანთ ალიო,
მის მაზლი მამას ტიროდა, ცრემლებსა ყრიდა მწარიო,
ანამ უთხრა: რა გატირებს, ცრემლით რას მოეხმარიო.
ტირილი ბალღის საქმეა, სისხლის ღვრა წესი არიო,
მოხუცი ცხენზე დააკრა, მაზლს შეუხვია მკლავიო,
უთხრა: შენ გასწი წაიღე, მე ხატს ვარ წასასვლელიო,
ტერტერაშვილი იქ მიცდის, მის თვალიც ჩემკენ არიო,
თუ არ წავიდე მას იტყვის, შეშინდა ანა ქალიო,
ის ხომ იმას არ იფიქრებს, რა მოხდა მოსავალიო.
მივალ და დღეს გავუმწარებ, გადავუხადო ვალიო.
მამამთილი რომ მომიკლეს, სულ არის მისი ბრალიო.
ბაირამას ცხენიც მას დარჩა, ტყვიაზედ იყო მალიო.
აისხა ხმალი, ხანჯალი, თოფიც ხომ ზურგზე არიო.
მუხათის წმინდა გიორგი, შენ მომიმატე ძალიო,
ზედ წამოახტა არაბულს, მათრახი დასცხო მწარიო,
ბოლნისისაკენ გაფრინდა, როგორც რომ ნიავ_ქარიო,
ცივი დღე იყო ხატობას, თანაც მზე ამოსულიყო,
იქ შორიახლო მთებზედა თოვლები ჩამოსულიყო,
ნიავს მოჰქონდა ზურნის ხმა, ოთხკუთხივ მოფენილიყო, 
ანას და გეოს თამაშით ქვეყანა იქ მოსულიყო.
ანა ბაჯიას ელოდნენ, ჯერ კიდევ არ მოსულიყო.
ტერტერაშვილი ჯავრობდა, ლურჯათი გამოსულიყო.
რად მომატყუა დიაცმან, კიდევაც გამოსულიყო.
ხალხმა ძახილი დაიწყეს: ანა ბაჯია მოდისო,
არაბულ ცხენით მოფრინავს, სულ ყველა წინ წამოდისო
მივიდა ხალხში, გაჩერდა, ცხენიდან ძირს ჩამოდისო,
სულყველას სალამი მისცა, თანაც ბრაზები მოსდისო,
ბაირამას ცხენი ანას ჰყავს, ხალხი ჰკვირობენ ამასო, 
ზოგნი ამბობენ; ~იქნება ჰყვარობსო ბაირამასო?
ზოგმა თქვა: იქნებ წაართვა, ნუ გაიკვირვებთ მაგასო,
ერთი ბეგის შვილი იყო, ეძახდნენ ალახჰვერდსა.
კაციშვილი ვერ იტყოდა სიტყვას მასზე დანაყვედრსა.
მივიდა და ანას უთხრა: გამარჯობა, დაო, ხოშ გიალდი!
თუ ბაირამნ ათიდრ, სანა ბუ ქიშ ვერდი? 
ანამ ერთი ყბაში გაჰკრა, გააცალა ცალი გვერდი,
თანაც ზედა მიაძახა, მაგრე ტკბილად დამიბერდი,
შენ ვინ გკითხავს ცხენის ამბავს, რა ეშმაკად ამიხირდი?
მერე ხალხსა გადახედა, სისხლითაც აღელვებული,
ჰკითხა: გეოა სადა გყავთ, ტერტერაშვილი ქებული,
უთხარით, თუ რას აპირებს, აქ მისთვისა ვარ ხლებული,
ვნახო თუ რა შეუძლია, რომ არის დაკვეხებული?
ეს რა გეუამ გაიგო, შეიქმნა გაცოფებული,
პირიდან ცეცხლი მოცვივა, დევია გაგიჟიბული.
მეიდანზედა გადახტა, ხმალივით ამოღებული,
თვალებში სისხლი მოაწვა, მაგრა აუტოკდა გული.
დაიძახა: აქ მომგვარეთ, ეგ თავიდან ხელაღებული,
ჩემზედ მუქარით მოდის ბალღებზედ წაქეზებული,
ეხლა კი აქ გამომგვარეთ შავდღეზე დაბადებული,
ხარი, ცხვარი, დამიმზადოს, რაც არის შეპირებული,
თოფ_ხანჯალიც კარი იყოს, ხმალიც გაპრიალებული.
შეიძრა ხალხი სუყველა, დიდი ამბავი ხდებაო,
ხალხი გარშემო დამდგარან, შუა ადგილი რჩებაო.
მეზურნემ დაჰკრა გმირული ეხლა კი იმართებაო,
ხალხი აწყდება ერთმანეთს, ვნახოთ თუ რა მოხდებაო,
განზედ გაიწიეთ, წრე დიდი შუიდან იძახებაო.
სად არი ანა_ბაჯია რატომ არ გამოჩნდებაო,
რომლისა დედა იცინებს, რომლისა ატირდებაო,
ვინ დაეცემა მიწაზედ, სახელი ვის დარჩებაო.
ტერტერაშვილი ტრიალებს, ლომივით იბღვირებაო,
გადის_გამოდის მეიდნად, ანა_ბაჯს ელოდებაო,
ივანე ბაქრაძის შვილი ანას ნათლიად ხვდებაო.
ანა მას ცხენსა აბარებს, იარაღიც მასთან რჩებაო,
ახსენა წმინდა გიორგი, შიგ მეიდანში ხტებაო,
მოვიდა ანა_ბაჯია, სულ ხმაურობა ხდებაო.
სალამი მისცა გეუას, როგორც ძმას მოუხდებაო,
გეუამ პირი იბრუნა და უკან იხედებაო,
დიაცს რომ სალამი მივცე, მე რაში მომიხდებაო.
ანას გულს წასწყდა ძალიან, თვალს სისხლი მოაწვებაო,
გაუსვა და ითამაშა, მშვენივრად ტრიალებდაო
მერე ახსენა გამჩენი, გეუას მოუხტებაო:
შენ თუ კაცი ხარ, მე ქალი ახლა აქ გამოჩნდებაო,
გაუთამაშეს ერთმანეთს, ხალხი სულ გაკვირდებაო.
დასტაცეს ხელი ერთმანეთს, გეოს სარტყელი სწყდებაო.
სწრაფად გაუშვა ანამა და განზედ გაუხტებაო,
თანაც გულში გაიფიქრა: დახე, რა მაგრად მხვდებაო,
თურმე მართალი ყოფილა, მიტომაც იბერებაო;
იქნება კიდეც წამაქციოს, მიწაც გამისკდებაო,
მერე რად მინდა სიცოცხლე სახელი თუ გამიტყდებაო.
სხვა სარტყელი შემოარტყეს, გეუას მოუხდებაო;
ხელმეორედ დაეტაკნენ, ლომს _ ლომი დაოხვდებაო;
ასწი_დასწიეს ერთმანეთს, ორივე გამაგრდებაო,
ეს ოვე იარაბ, გომეშე, გეუას ეფიქრებაო,
ეს რა ყოფილა კამეჩი, მას უნდა მორიდებაო,
აი სურფ კარაპეტ, სურფ სარქის, გეოა იძახებოდა.
ანასა მეტი სიბრაზით თვალები უბნელდებაო,
ანას გრძელი თითები, გეუას ძვლებშიაც ჯდებაო.
აწ რიგი ერგო ანასა, დახე, თუ რასა შვრებაო:
წამოიკიდა გეოა, ხალხი სულ გაჰკვერდებაო.
ტერტერასშვილის ფეხები მაღლა ჰაერში ჩნდებაო,
ისეთი დასცა დაუშვა გეუას წელი სწყდებაო.
ისევე დარჩა ქვასავით, მიწიდგან ვეღარ დგებაო.
ხალხმან `ურა~ დასძახეს: დიდი ხმა გამოხდებაო.
შეგარგოს ძუძუ დედისა, მამაც გაგინათლდებაო.
ვაშა, შენსა ქალობასა, სახელი შენი გრჩებაო,
ხარი, ცხვარი და სუყველა ხვალვე ჩაგბარდებაო.
დასწვდა და თვითონ აყენებს, თანაც მას ეუბნებაო,
არ დამენდურო, ძმობილო, ეს ყველა შენგან ხდებაო.
აისხა ხანჯალ_ხმალი, თოფი, სუყველას ემშვიდებაო.
გზა დაულოცეს სუყველამ: მშვიდობით წაგესვლებაო.
ანა არაბულს მოახტა, ჰკრა ქუსლი გაფრინდებაო,
ტერტერაშვილსა გეოას პირ_სისხლი წამოსქდებაო,
ორი დღე ბედს იწყევლიდა, მესამე დღესა კვდებაო.
მუხათში ქორწილი იყო, ზურნა იკვროდა ხმიანი.
ლხინი იყო და თამაში, ღამე იყო Mმთვარიანი,
უცებ ვაშლოვნის მხრიდანა თოფებმა იწყეს გრიალი,
თანაც ხალხი გამორბოდა, ისმოდა რაღაც ღრიალი
არიქათ, მუხათელებო, სადა გყავთ ანა ღვთიანი.
თათრებმა ქალი მოგვტაცეს თამრო ლამაზი თმიანი
ეს რომ ანამ გაიგო, სისხლმან დაუწყო ტრიალი,
დედას გიტირებთ, თათრებო, თუ არ მოგაყენოთ ზიანი.
თუ თქვენ ქალი გაგატანოთ, დღე აღარ ვნახო მზიანი,
ხუდავერდიანთ ცხენი ჰყავდათ, სწრაფი იყო ვით ფრთიანი,
სამსა დღესა გაივლიდა, გზა რომ ჰქონოდა თვიანი.
ტეტველა ცხენს წამოახტა, მათრახი დასცხო მწვიანი
თან მარტო ხმალი წაიღო, ცხენმაც დაიწყო ბზრიალი
მარაბდის ბოლოში თათრებს წინ გადაუდგა ხმლიანი.
სად მიგყავთ ქალი, თათრებო, იქნებ გგონიათ ტიალი,
აბა, ახლა წაიყვანეთ, თუ ბიჭები ხართ ფხიანი,
დასჭყივლა ზარის ხმაზედა, ხმალმაც დაიწყო პრიალი,
თეზნ, ყაჩაღ ანა ყზიდრ, იქნებ გადავრჩეთ მთლიანი.
ქალი უშვეს და გაიქცნენ, ორი დარჩათ სისხლიანი,
ანამ მაჰმადთან გაგზავნა ერთი უბედურ დღიანი,
მეორეც თან მიჰყვებოდა, აღარც დრო ჰქონდა გვიანი.
ანამ ცხენზედ შემოისო თამრო თექვსმეყი წლიანი,
ცხენით ვაშლოვანს მოჰფრინდა, პატრონს მოჰგვარა მთლიანი.
სუყველა ანას ლოცავდა, ქალი ანა _ სწორსამართლიანი,
სიმართლისთვის დარი იყო, ბოროტისთვის ავდრიანი.

*
ანას ამბავი ბევრია, სულ აღარ მაგონდებაო.
მოხუც ქალმან მიამბო, რისამე ეწოდებაო
ის ბაჯიანთ ქალი იყო, ეხლა მიწაშიდ წვებაო,
მაშინ ყმაწვილი ვიყავი და მიტომ მავიწყდებაო.
გთხოვთ, Aარვინ დამემდუროთ, რადგან ნაკლულად მრჩებაო.

*
ანასთანა გმირი ქალი აღარ დაიბადებაო,
თათრები `ბაჯის~ ეძახდნენ, შვილებს გვარად უხდებაო,
მუხათსა და კოდას შუა ავ კაცს არ გაევლებაო,
ანა ბაჯია გაიგებს და წინ გადაგვიდგებაო.
ორმოცდაორი წლისას სიცოცხლე უმწარდებაო,
აღდგომა დღე უბედურად ანასთვის გათენდებაო.
სტუმრები ჰყავს დიდი ძალი, ყველას თავზედ ევლებაო,
ქართველ, სომეხ და თათარი, ანას სუფრას უხდებაო,
ილხენიან, იმღერიან, ზოგი კარგად ითვრებაო.
გველი კაცი და იუდა არსად არ დააკლდებაო.
ვიღაც ღვთისგან წყეული, დახე თუ რასა შვრებაო:
საწამლავი შეაპარა, ანას გულშია ხვდებაო;
გულმუცელმან გლეჯა უწყო, ფეხზედ ვეღარა დგებაო.
სტუმრებს გამოემშვიდობა: ჩემს თავს რაღაცა ხდებაო.
`ნუ მაიწყენთ, მოილხინეთ~, თვითონ კი მიდის წვებაო,
სუყველა მას დაესია, ყველა თავზედ აწყდებაო.
ვერცა წამლებით უშველეს, ვერაფერი უხდებაო;
ხუთშაბათამდინ იწვალა, პარასკევს დილით კვდებაო.
საცა მისი სიკვდილი ესმათ, სუყველა დაღონდებაო,
ახლა ვიღა გვიპატრონებს, მტრებს ხო გაეხარდებაო.
კვირაცხოვლობა დღე იყო, კვირა რომ გათენდებაო,
ამ დღეს ანასა მარხავდნენ, მიწისა ტყვეთა ხდებაო,
მუხათი ხალხით სავსეა, სუყველა ატირდებაო,
ქალაქიდან და სხვა მხრიდან ცხენებით ხალხი ჩნდებაო.
იქ, გარეშემო სოფლებში ზარები ირეკებაო,
ანა საფლავში ჩაუშვეს, დიდი ცრემლი იღვრებაო.
ვინ მოგისპო სიცოცხლე, გვარი ამოუწყდებაო.
აქ ცოცხალი დაიტანჯოს მკვდრებს სულიმც წაუწყდებაო,
კვირაცხოვლობის დღე არი, რა ნიშანი უჩნდებაო, 
რამდენიმე კაცი გარბის, იქით მიეშურებაო.
კვირაცხოვლის ნანგრევიდან სამი ქვას ეზიდებაო,
ზედ სალოცავი დადგეს, ანას სახელს უხდებაო.
გლოვით მიწას მიაბარეს, სულითაც განათლდებაო.

*
გიორგობისთვის ათში მოდის მუხათს ხალხი ყოველია,
წმინდა გიორგობა იცის, აქ გიორგი ცხოველია,
იქ ანა_ბაჯის საფლავზედ ეხლა კვირა ცხოველია,
სამი ქვისგან შედგენილი წმინდა სანთლის მთხოველია.


1895.