Litclub.ge

პიანო
ლერწმებში ნიავს ეძინა უკვე,
ყანჩა ყიყინით ეძახდა ყანჩას, -
პატარა გოგომ შეხედა ღრუბლებს,
პატარა ბიჭი ნაწყენი დარჩა.

მწუხრში ნისლივით ჩნდებოდა იჭვი,
რწმენა წყალივით ითხოვდა სითბოს, -
ტანზე იხდიდა პატარა ბიჭი,
პატარა გოგოს სცხვენოდა თითქოს.

გული ჩიტივით ბუდეში იჯდა,
და გლეჯდა ლაგამს მშიერი რაში...
პატარა გოგო დნებოდა ბიჭთან
და მზე ფიფქივით ქრებოდა ზღვაში.