Litclub.ge

დარიგება
თუ როგორ უნდა წაიყვანოს მასწავლებელმა სწავლა
ანბანში და პირველ საკითხავს წიგნში

ვსთქვათ მრავალგვარი დაბრკოლება დაიძლევა და სოფელში გაიხსნა სასწავლებელი; ყმაწვილები შეიკრიბნენ და მათ შუა გამოცხადდა მასწავლებელი. საიდგან უნდა იწყოს ამ უკანასკნელმა საქმე - სწავლება? რასაკვირველია, ანბანიდგან, მიპასუხებენ მრავალნი. სრულიადა არა. ყოველ გონივრულად განწყობილ სასწავლებელში სხვა გვარად ეკიდებიან საქმესა. ჯერ მასწავლებელი ყმაწვილებს თვითეულად გაიცნობს და შეიტყობს იმათ გახსნის ხარისხსა, მერმე გააცნობებს სასწავლებლის და კითხვა პასუხის წესს, შემდეგ ესაუბრება იმ საგნებზედ, რომლებსაც ყმაწვილები სასწავლებელში ან ცხოვრებაში ხედავენ და იმათი შედარებით თვალოვნობას და დაკვირვებას დააჩვევს, და ბოლოს, როცა ყმაწვილები მასწავლებელს და სასწავლებელს შეეჩვევიან და მათი გონება გარეშემორტყმულ საგნებზედ დაკვირვებით მოძრაობას იწყებს, მასწავლებელი შეუდგება ანბანის სწავლებას. მოსამზადებელი ვარჯიშობაების გვარიანათ წაყვანა შეუძლია არა ყველა მასწავლებელს, ამიტომ აქ მოვიყვანთ რამდენსამე საუბარს ნიმუშათა.

პირველი საუბარი
პირველათ მასწავლებელი სხავს ყმაწვილებს სტოლებზედ, პატარებს წინ, დიდებს უკან და შემდეგ იწყებს საუბარსა ამ გვარათ. შენ რა გქვიან. - ვანო. ნათლობის დრო რა სახელი დაურქმევიათ შენთვისა?- ივანე. ახლა რათა გეძახიან ვანოსა? - პატარა ვარ და იმიტომ. ივანეს როდისღა დაგიძახებენ? - როცა გავიზრდები. გყავს შენი ძმები, თუ არა? დები? რამდენი ძმა გყავს? და? რა ჰქვიან შენ ძმებსა? დებსა? დედმამა ცოცხალი გყავს, თუ არა? რა ჰქვიან იმ სოფელს, სადაც შენი სახლობა სცხოვრობთ? ამ გვარ კითხვებს მისცემს თვითეულ ყმაწვილს და მოითხოვს მასწავლებელი, რომ სრული პასუხი აძლიონ; მაგალითად, კითხვაზედ: ივანეს როდისღა დაგიძახებენ, ყმაწვილმა უნდა მიუგოს: ივანეს დამიძახებენ მაშინ, როდესაც გავიზრდები.
ახლა ჩვენ სადა ვართ? მიუბრუნდება მასწავლებელი ყველასა და ჰკითხავს. აქ მასწავლებელი მოითხოვს, რომ ყველა ყმაწვილმა, ვისაც პასუხის გება შეუძლია, მაჩვენებელი თითი მაღლა აიღოს ხოლმე; რამდენიმე ყმაწვილი თითს აიშვერს მაღლა. ერთს იმათგანს მასწავლებელი დაასახელებს, ის წარმოდგება და უპასუხებს: ჩვენ ეხლა ვართ სასწავლებელი. ამ პასუხს გაამეორებინებს რამდენსამე სუსტ ყმაწვილსა. რა უნდა ვაკეთოთ აქ ჩვენა?- ჩვენ აქ უნდა ვისწავლოთ, უპასუხებს ერთი დასახელებული მოსწავლე. რა ჰქვიან იმას, ვინც ასწავლის? - მასწავლებელი. ეგ სრული პასუხი არ არის. ვინ მომცემს სრულ პასუხს? რამდენიმე უფრო გონება გამჭრიახი ყმაწვილი თითს იშვერს მაღლა. მასწავლებელი ერთს იმათგანს დაასახელებს და ის ეუბნება: ვინც ასწავლის, იმას მასწავლებელი ჰქვიან. ამ პასუხს რამდენიმე სუსტთაგანი ყმაწვილი იმეორებს. იმას რაღა ჰქვიან, ვინცა სწავლობს? - ვინცა სწავლობს, იმას ჰქვიან მოსწავლე. რა უნდა ისწავლოთ აქა? - აქ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კითხვა და წერა. - ახლა კი გავათაოთ, საკმარისია, კარში გავიდეთ და პატარა ხანს ითამაშეთ. მაგრამ თქვენ ყველამ უნდა კარგად დაიხსოვნოთ თქვენი ადგილი და იმ რიგზედ უნდა დასხდეთ დასვენების შემდეგ და კვლავ ყოველთვის, რომელ რიგზედაც ეხლა სხედხართ. შენ, მაგალითად, რომელ სკამზედ ზიხარ? რომელი ადგილი გიჭირავს? ვინ გიზის მარჯვნივ და მარცხნივ? ამ კითხვების შემდეგ ყმაწვილებს კარზედ გაუშვებს სათამაშოდ, დაახლოვებით, თხუთმეტი მინუტის ვადით.

მეორე საუბარი
აიშვირეთ ყველამ მაღლა ის ხელი, რომლითაც პურსა სჭამთ. რა ჰქვიან მაგ ხელსა? - მარჯვენა ხელი. სრული პასუხი! მეორე ხელს რაღა ჰქვიან? რამდენი ხელი აქვს კაცსა? რამდენი თითი აბია ხელზედ? რა სახელი ჰქვიან თითებსა? რაზედ აბია ხელი? - მკლავზედ. სრული პასუხი! ადამიანის ზემო ნაწილს რა სახელი ჰქვიან? - თავი. რა ასხია კაცს თავზედა? თავის ზედა ნაწილს რა ჰქვიან? - საქოჩრე. უკანა ნაწილს? - კეფა. წინა ნაწილს? - პირი სახე. თავის აქეთ იქით რა ასხია კაცსა? პირის ზემოთ ნაწილს რა ჰქვიან? - შუბლი. რითი თავდება ქვემოთ შუბლი? - წარბებითა. წარბების ქვემოთ რა ნაწილია? - თვალები. თვალებს რა ჰყოფს? -ცხვირი. ცხვირ ქვემოთ რა ნაწილებია? - ზემო ტუჩი, პირი, ქვემო ტუჩი და ნიკაპი. რითი ერთდება თავი ტანთან? - ყელითა. რა ნაწილები განირჩევა ტანში წინეთ? - გული და მუცელი; უკანა? -ბეჭები და ზურგი. ქვემო ნაწილს ადამიანის სხეულისას რა შეადგენს? - ფეხები. და სხვა ამ გვარი კითხვებით მასწავლებელი ყმაწვილებს გააცნობს ადამიანის სხეულის აგებულებას.

მესამე საუბარი
ვინ იცის თვლა. აბა დათვალეთ ხუთამდის, ათამდის. უკან დათვალე ხუთიდგან, ათიდგან; დათვალე წყვილ-წყვილი, კენტ-კენტი, მიჩვენე მარჯვენა ხელი; რა გასხია ზედა? - თითები. რამდენი? მარცხენა ხელზედ რაღამდენი თითია? ჩვენ ოთახში რამდენი ფანჯარაა? თითო ფანჯარაში რამდენი მინაა? ამის შემდეგ მასწავლებელი ათ კენჭზედ ან ცერცვზედ ყმაწვილებს შეასწავლის პირველი ათი რიცხვის შეერთებას, გამორიცხავს, გამრავლებას და გაყოფასა. ამ ვარჯიშობას იგი მოანდომებს რამდენსამე საუბარსა. რომ იმან გვარიანათ წაიყვანოს ეს საქმე, საჭიროა უთუოდ ჰქონდეს ხელში პაულსონის ან ცერინგერის არიფმეტიკა.

მეოთხე საუბარი
ეს რა არის? (წიგნი)? ეს რაღაა? (კალამი). ეს? (სტოლი, სკამი და სხვანი). არ შეიძლება, რომ წიგნს, კალამ, კარანდაშსა, სტოლსა, სკამსა და სხვებს ამ გვარს დავარქვათ ერთი სახელი? - იმათ შეიძლება დავარქვათ ნივთები. რა არის წიგნი? (ნივთი). რა არის კარანდაში? (ნივთი). დამისახელე ნივთები, რომლებიც კლასში არიან. რა ნივთები გაქვს შენა? რა ნივთები არიან სადგომ სახლში? რა ნივთებს ხმარობენ კალოზედ? ცხვარიც ნივთია თუ არა? (არა, ცხვარი ცხოველია). დამისახელე ცხოველები, რომლებიც ჩვენთან სახლში სცხოვრობენ. რომელი ცხოველები სცხოვრობენ ტყეში, წყალში? ხეხილებიც ნივთნი არიან, თუ არა? (არა, ხეხილები მცენარეები არიან). რა მცენარეები იცი? და სხვანი ამ გვარი.
გავშინჯოთ კარგათ წიგნი. ამ ნაწილს რა ჰქვიან? - ყდა. ამას? - ფურცლები. მაშ წიგნი რამდენი ნაწილიდგან შესდგება? საწერ ფიცარს რამდენი ნაწილი აქვს - ორი: შავი ქვა და ხის ჩარჩოები. რათ არის საჭირო კარანდაში? (საწერათ), რომელი ნაწილი კარანდაშისა სწერს? (შიგნით ნაწილი). რისა არის ეს შიგნითა ნაწილი? (შავი ქვისა). რაში არის ჩასმული ეს შავი ქვა? (ხის ბუდეში). მაშ რამდენი ნაწილიდგან შესდგება კარანდაში? რამდენი უმთავრესი ნაწილი აქვს ცხვარსა? - სამი: თავი, ტანი და ფეხები. უჩვენებს რომელსამე ძირიანათ ამოგლეჯილ მცენარეს და იმის უმთაფვრეს ნაწილს გააცნობებს.

მეხუთე საუბარი
საკლასო ფიცარს აქვს კუთხეები, თუ არა? სტოლსა? დამისახელეთ რამდენიმე კუთხიანი ნივთი? ბურთიც კუთხიანია? (არა, მრგვალია). დამისახელეთ მრგვალი ნივთები. სტოლი რისგან არის გაკეთებული? დამისახელეთ ხის ნივთები, რკინისა, ქვისა, ტყავისა, მაუდისა. მელანი რა ფერისაა? დამისახელეთ თეთრი ნივთები? სისხლი რა ფერისაა? დამისახელეთ წითელი ნივთები. რასა აქვს ყვითელი ფერი? რა გემოსია შაქარი? ჩამოთვალეთ ტკბილი ნივთები? როგორი გემო აქვს შინდსა? რა ნივთები იცით კიდევ მჟავე? რა გემოსია ბოლოკი? რომელ ნივთებს აქვთ მწარე გემო? ვარდს როგორი სუნი აქვს? რასა აქვს კიდევ კარგი სუნი?
რა არის ქათამი (შინაური ფრინველია). რათ ეძახიან შინაურ ფრინველსა? ჩამოთვალეთ შინაური ფრინველების სახელები. რომელი ფრინველია გალობაში განთქმული? მგალობელი ფრინველები დამისახელეთ. მერცხალი შინაური ფრინველია, თუ გარეული? ჩამოთვალეთ გარეული ფრინველები. რომელი ფრინველია გალობაში განთქმული? მგალობელი ფრინველები დამისახელეთ. მერცხალი შინაური ფრინველია, თუ გარეული? ჩამოთვალეთ გარეული ფრინველები. რომელი ფრინველი იტაცებს ქათმებსა? დამისახელეთ მტაცებელი ფრინველები რომელ ფრინველებს უყვართ წყალში ცურვა? რომელი ფრინველები რჩებიან ზამთარში ჩვენთანა? რომლები მიდიან? ამ გვარათ საუბარი უნდა გააგრძელოს მასწავლებელმა ცხოველებზედა.

მექვსე საუბარი
როცა ადამიანებს სძინავთ, იმ დროს რა ჰქვიან? (ღამე). როცა ღვიძავთ? (დღე). რითი განირჩევა დღე ღამისაგან? დღისით რათ არის სინათლე და ღამით სიბნელე? როცა მზე ამოდის, იმ დროს რა ჰქვიან? (დილა). როცა ჩადის? (საღამო). დღეს რა დღეა? (ორშაბათი). ხვალ რაღა დღე იქნება? ზეგ? მაზეგ? ხუთშაბათის შემდგომ დღეს რა ჰქვიან? პარასკევს რა მოსდევს? შაბათსა? კვირას რამდენი დღე აქვს? ოთხშაბათს წინეთ რა დღეა? სამშაბათს წინეთ? ხუთშაბათის უკან? კვირის შემდეგ? კვირის წინეთ? და სხვანი. როცა ცივა და თოვლია, იმ დროს რა ჰქვიან? როცა ცხელა? როცა გრილა?
როდესაც ამ გვარი ვარჯიშობით ყმაწვილებს გონებას გაუღვიძებს, შემდეგ მასწავლებელი შეუდგება ანბანის სწავლებასა მოძრავი ასოების შემოწმებით. ეს ასოები მან უნდა თაბახიდან თითო თითო ამოსჭრას და გააკრას ხის ოთხკუთხიან ნაჭრებზედ, ან კიდევ კარდონზედ (სქელ ქაღალდზედ). ანბანის სწავლება ასე უნდა იწყოს:
ბავშვებო, მე ეხლა ვიტყვი ერთ ხმასა და თქვენ იგი კარგათ შეისმინეთ. ამის შემდეგ მასწავლებელი წარმოსთქვამს ხმას ა (სხვა ხმა არ უნდა მიუმატოს, მაგალითათ არ უნდა სთქვას ან). ვანო, გაიმეორე რაც მე ხმა ვსთქვი; კოტე, შენც, დათიკო, შენც, - და ამ გვარათ მთელ კლასს გაამეორებინებს ხმა მაღლივ და გარჩევით ამ ხმასა.
მასწავლებელი: მე ახლა გამოვსთქვამ სხვა ხმასა - მ (ეს ხმაც ისე უნდა გამოსთქვას, რომ სხვა ხმა არ უნდა მიუმატოს, მაგალითებრ არ უნდა სთქვას მან); გაიმეორე ეს ხმა, შენ, შენ, შენ და ყველამ. ახლა ჩვენ ორმა ხმა ვიცით: ა და მ. რამდენი ხმა ვიცით ვანო? პირველი რომელი ხმაა? მეორე? ჯერ პირველი სთქვი, მერე მეორე, ახლა, შენ, დათიკო, უკუღმა სთქვი - ჯერ მეორე ხმა, მერე პირველი. შენ მეორე სთქვი, შენ პირველი და სხვანი. ამის შემდეგ ამ ორ ხმას შეაერთებინებს: კოტე, აბა სთქვი პირველი ხმა, მეორე, ახლა ეგ ორი ხმა ზედი-ზედ სთქვი, ხანს ნუ გაიყვან; რა ხმა გამოვიდა? - ამ. ამ ხმას გაამეორებინებ სხვა მოსწავლეებსაცა. ვასო, ახლა შენ ჯერ მეორე ხმა სთქვი, მერმე პირველი, ჩქარ-ჩქარა კი, ასე რომ ზედიზედ მოვაბათ, რა სიტყვა გამოვა მაშინ? გამოვა: მამა. იცით ვისა ჰქვია მამა? ამ სიტყვებში ხმა ა რამდენჯერ არის გამეორებული? ხმა მ? მაშ ეს სიტყვა რამდენი ხმიდგან შესდგება?
ახლა მე თქვენ ერთ რასმე გაჩვენებთ და კარგად გაშინჯეთ, ვინძლო: იღებს დიდ ასოს, სდებს კლასის ფიცრის თავზედ ისე, რომ ყველა მოსწავლე კარგად ხედავდეს მას და ეუბნება: ამ ასოს ჰქვიან ა. ვინ მეტყვის, რა ჰქვიან ამ ასოს? მაგ ასოს ჰქვიან ა. ამ პასუხს გაიმეორებენ ბევრნი. აბა ახლა მიყურეთ მე, როგორც დავწერო ეს ასო ხის ფიცარზედა. დასწერავს დიდათ და გარჩევით ბეჭდურ ასოს. აბა ახლა თქვენ დასწერეთ თქვენ პატარა ქვის ფიცრეგბზედა. მოსწავლეები დასწერენ. აქ სილამაზე ასოს დაწერვაში სრულიად საჭირო არ არის: ყმაწვილებმა მხოლოდ ასო უნდა მიამგზავსონ. აბა ახლა გადაშალეთ და თქვენ წიგნებში იპოვნეთ ეს ასო: ყმაწვილები პოულობენ. ამის შემდგომ ასოს ფიცრიდგან იღებს, თავის დაწერილსაც შლის ფიცარზედ და ითხოვს ყმაწვილებისაგან, რომ იმათ დასწერონ ასო ა. როდესაც მასწავლებელი დარწმუნდება, რომ ეს ასო ყველამ მტკიცეთ გაიცნო, მაშინ, მხოლოდ მაშინ, სწორეთ ამ რიგათვე გააცნობს მეორე ასოს მ. შემდგომ ორივე ასოს რიგზედ აწყობს, მ პირველათ ა მეორეთ და ეტყვის გონება გამჭრიახ მოსწავლეს: გამოსთქვი ჯერ პირველი ასო, მერმე მეორე, ახლა ჩქარა, კიდევ უფრო ჩქარა, ზედიზედ, რა გამოვიდა? - ამ. ამას გაამეორებინებს ყველა ყმაწვილს. ახლა მიყურეთ როგორ დავსწერო ეს მე ფიცარზედა, სწერავს - მა. აბა ახლა თქვენ დასწერეთ თქვენ ფიცრებზედა. ყმაწვილები დასწერენ. ახლა თქვენ წიგნებში მოძებნეთ მა და იპოვეთ. ყმაწვილები პოულობენ. ამის შემდეგ ფიცრიდგან იღებს ასოებსა, შლის მასზედ თვისაგან დაწერილსა და ითხოვს, რომ ბავშვებმა ხელახლა დასწერონ მა. ამის შემდეგ ხელ მეორეთ ამ ორ ასოს სხვა რიგზედ დასდებს ფიცარზედა, ასე რომ პირველათ ა იქნება, მერმე მ, და ჩქარა გამოათქმევინებს ერთი მეორის შემდეგ; გამოვა ამ. თვითონ დასწერავს, ყმაწვილებს დააწერინებს, წიგნში აპოვნინებს და ხელმეორეთ დააწერინებს. ბოლოს მასწავლებელი შეადგენინებს ბავშვებს სიტყვას მამა ამ რიგათა: მარცვალს მა ორჯერ დააწყობს რიგზედ ფიცარზედა და მოითხოვს, რომ ყმაწვილებმა იგინი ჩქარა ზედიზედ გამოსთქვან. ამ სიტყვას წააკითხებს თითეულსა. მერმე სასწერს ფიცარზედ, დააწერინებს ყმაწვილებსა, აპოვნინებს წიგნში ამ სიტყვასა და ხელმეორეთ კიდევ დააწერინებს. ბოლოს გაამეორებინებს მთელს განკვეთილსა. გამოუძახებს რომელსამე ყმაწვილსა კლასის ფიცართანა, მისცემს ხელში მელსა და ეტყვის: აბა დასწერე ასო ა. ამ დროს სხვა ბავშვები თავის პატარა ფიცრებზედ დასწერენ ამავე ასოსა. აბა მითხარით, კარგა დასწერა თუ არა? ჰკითხავს ბავშვებსა. შემდგომ დააწერინებს მარცვლებს: ამ, მა, ასოს მ, სიტყვას მამა. მერმე გააშლევინებს ანბანსა და ეტყვის, შენ წაიკითხე პირველი ასო, შენ მეორე, შენ გამოსთქვი სიტყვა და სხვა.
ზევით ახსნილ რიგზედ შეუდგება მესამე ასოს სწავლებასა მხოლოთ მაშინ, როდესაც პირველი გაკვეთილი მტკიცეთ და ბეჯითათ ეცოდინება ყველა ყმაწვილებსა. საზოგადოთ მასწავლებელს დიდი სიფრთხილე მართებს. მეტადრე პირველ დაწყობაში, რომ იგი არ აჩქარდეს: და თუ იგი ამ პირობას არ დაიცვამს და შეუდგება როდისმე შემდგომი ასოების სწავლებასა, როდესაც ყმაწვილებს წინა ასოები მტკიცეთ არ ეცოდინებათ, იგი ამით მოიმზადებს ბევრს დაბრკოლებას, უკმაყოფილებას, უსიამოვნო შრომას და ყმაწვილების წარუმატებლობასა. ყოველ დღეE სწავლა მასწავლებელმა იმითი უნდა იწყოს, რომ გაიმეორეს მოკლეთ წინა დღეს შესწავლილი და მერმე შეუდგეს შემდგომის სწავლასა. ასოების გაცნობის და მარცვლების შემდეგ მასწავლებელი შეადგენინებს და დააწერინებს, როგორც ზემოთ იყო ახსნილი, მეორე და მესამე გაკვეთილიდგან ორ სიტყვას: მაშა, შიში და ყოველი შემდგომის გაკვეთილიდგან სამ-სამ სიტყვას შეადგენინებს და დააწერინებს; მეექვსე განკვეთილიდგან დაწყებული პირველ სამ სიტყვას შეადგენინებს, მეორე სამ სიტყვას დააწერინებს დანარჩენ სხვა სიტყვებს წიგნში აკითხებს. კითხვა უწინდებულად კი არ უნდა წაიყვანოს: ერთს აკითხოს და დანარჩენი უსაქმოთ იყვნენ; კითხვაში ყველას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს: ერთი კითხულობს ხმა მაღლა, სხვანი წიგნში ერთგულათ ადევნებენ თვალსა და გულში კითხულობენ; ერთმა წაიკითხა პირველი სიტყვა, მესამემ წაიკითხოს მეორე სიტყვა, მეხუთემ წაიკითხა მესამე სიტყვა, მეათემ წაიკითხოს მეოთხე და სხვანი.
მეათე განკვეთილიდგან სიტყვების შემდეგ ყმაწვილები ფრაზების კითხვას იწყობენ. მასწავლებელს აქ დიდი ყურადღება მრათებს, რომ ყმაწვილებს ცხადათ ეყურებოდეთ, რასაც კითხულობენ, რომ ისინი თავდა პირველათ გონივრულ კითხვას მიეჩვიონ, და არა უაზროსა. ყოველი ფრაზის აზრი უნდა გარკვევით გააგებინოს ბავშვებს კითხვებით - რაზედ და რა წაიკითხეს. როდესაც ასოების შესწავლას სრულიას გაათავებენ, მასწავლებელი გააცნობს ციფრებს ამ სახით: დასწერეთ სიტყვა ერთი; ყმაწვილები დასწერენ. რამდენი ასოთი დაიწერა ეს სიტყვა? - ოთხითა. ამ სიტყვას ერთ სხვა გვარი ასოთი სწერენ; გასწავლოთ ეს ასო? აი ეს ასო და დასვამს კლასის ფიცარზედ 1, დასწერეთ ახლა თვენ ეს ასო; დასწერამენ. კარგათ დაიხსომეთ, რომ ეს ასო ნიშნასვ ერთსა. ამ გვარათვე აუხსნის, რომ სიტყვას ორი სწერავენ ასოთი 2, სიტყვას სამი ასოთი 3, და სხვანი. ამ ღონის-ძიებით ასწავლის წერასა ათამდის, და მხოლოდ ბოლოს კი ეტყვის, რომ ამ გვარ ასოებს ჰქვიან ციფრები.
რამდენი დრო უნდა მოახმაროს მასწავლებელმა, რომ ზემო ახსნილი მეთოდით ანბანი საფუძვლიანათ გაათავებინოს მოსწავლეებსა? უკანასკნელი სამი თვე მაინც საჭიროა ამ საქმისათვის. ანბანის გათავების შემდეგ მოსწავლეები შეუდგებიან პირველი საკითხავი წიგნის შესწავლასა. ყველა გვარიანათ მომზადებულ მასწავლებელს ადვილად შეუძლია ამ წიგნის მოხმარება. მაგრამ რადგანაც ამ გვარი მასწავლებლები ჩვენში ჯერეთ იშვიათნი არიან, ამიტომ საჭიროა მოკლეთ მაინც ავხსნათ, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება პირველ საკითხავს წიგნში. მასწავლებელს უნდა ესმოდეს და ახსოვდეს, რომ ამ წიგნმა მოსწავლეს უნდა მიახწევინოს სამ მიზნისადმის: უნდა გამართოს კითხვაში, გონება გუღვიძოს და შეასწავლოს თავისი სამშობლო ენა, ე. ი. მეტყველი გახადოს. წიგნი იწყება მინდვრის ხილის და ხეხილების აღრიცხვითა. მასწავლებელი პირდაპირ კითხვას არ დააწყებინებს. იგი ჯერ ესაუბრება პირათ ამ საგნებზედ. - ვინ დამისახელებს რომელსამე მინდვირს ხილსა? ჰკითხავს მასწავლებელი. - რათ ჰქვიან მარწყვს მინდვრის ხილი? მარწყვის გარდა კიდევ რა მნიდვრის ხილი იცით? მაყვალი უფრო დიდი იზრდება, თუ მარწყვი? მათში რომელი უფრო გემრიელია? რა ფერი აქვს ერთსა და მეორესა? რომელი უფრო ადრე მწიფდება? ვინ დამისახელებს ხეხილებსა? ვინ მეტყვის, რა განსხვავებაა უბრალო ხესა და ხეხილს შუა? რა ფერია ესა და ეს ხილი? როგორი გემოსია? როდის მწიფდება? რითია სასარგებლო - და სხვანი. როდესაც ამ გვარი კითხვებით ყმაწვილებს გამოურკვევს იმ ცნობებს, რომლებიც იმათ აქვთ მინდვრის ხილზედ და ხეხილებზედ, მაშინ გადააშლევინებს წიგნს და რამდენჯერმე წააკითხებს. ამ გვარათვე მოიქცევა შესახებ სხვა და სხვა საგნების აღრიცხვისა ყველა შემდგომ პარაგრაფებსი. შემდეგ დაბეჭდილია ხალხური სიმღერა, რომლის კითხვა მეტათ ადვილია, რადგანაც ერთი და იგივე სიტყვები ბევრჯერ იმეორებიან. ამ სიმღრის კითხვას და ზეპირათ დასწავლას პირდაპირ დააწყებინებს. რამდენიმე მოსწავლემ ერთი მეორეს შემდეგ ხმა მაღლა წაიკითხა პირველი მუხლი ამ სიმღერისა. ამ დროს, რასაკვირველია, ყველა მოსწავლეები იცქირებიან წიგნში და ჩუმათა კითხულობენ ამავე მუხლსა. შემდეგ მასწავლებელი მოაკეცინებს ყველას წიგნსა და ჰკითხავს: ვინ მეტყვის ახლა ზეპირათ იმ ლექსსა, რომელიც ახლა რამდენჯერმე წავიკითხეთ. როდესაც ყველა მოსწავლეს გაამეორებინებს ზეპირათ ამ მუხლს, მაშინ ამ გვარათვე შეუდგება შემდგომი მუხლების კითხვას და ზეპირათ სწავლასა. თანაც, რასაკვირველია, ყველა ჰაზრს და გამოხატულობას ცხადათ აუხსნას. შემდეგ ლექსსა: "პატარა მამალი", ჯერ მასწავლებელი გარკვევით წაიკითხავს რამდენჯერმე, შემდგომ აუხსნის ლექსის ჰაზრსა და თვითეულ ფრაზასა სხვა და სხვა კითხვების შემწეობით. მაგალითად ჰკითხავს: აქ რათ არის მამალზედ ნათქვამი ყიყლიყო? შეიძლება ქათამსაც დაუძახოთ ყიყლიყო? რატომ არა? რა დროს ყივის ხოლმე მამალი? რას ნიშნავს ფრაზა: ოქროს ბიბილოვანი? განა ბიბილო მამალს ოქროსი აქვს? და სხვანი. პარაგრაფი თავდება გამოცანითა. მოხერხებული მასწავლებელის ხელში გამოცანები საზოგადოთ კარგი გონების სავარჯიშო საგანი შეიქმნებიან. ყველა გამოცანის საგანზედ იგი გონივრულათ ებაასება და სხვა და სხვა კითხვებით მიახვედრებს და გამოაცნობინებს. მაგალითათ, ყმაწვილებმა წაიკითხეს გამოცანა: ცოცხალია ბალახსა სძოვს, მოკვდება, ღვინოსა სვამს. მასწავლებელი ჰკითხავს: როდესაც ცხვარი ან ხარი ცოცხალია, რასა სჭამს მაშინა? ჭურჭელს არ აკეთებენ ამ ცხოველების ტყავებიდგან? რისთვის უნდათ ეს ჭურჭელი? რა ჰქვიან ამ ჭურჭელსა მაშასადამე, რას ნიშნავს ამოკითხული გამოცანა? - წიგნში ორგან-სამგან ჩართულნი არიან ანდაზები. მათი ჰაზრის ახსნა და მიხვედრება ყმაწვილებისა ძნელი არ არის მასწავლებელისათვის. იგინი ზეპირათ უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა, რადგანაც ერთი მხრით ნამდვილი ცოცხალი ქართული ენა ამ ანდაზებში არის დარჩენილი, მეორე მხრით მათში არის გამოხატული ჩვენი ხალხის ჭკუა-გონება. რაც შეეხება გაუთავებელ ფრაზესა, იგინი ყოველთვის მოსწავლეებმა უნდა გაათაონ და არა მასწავლებელმა. ყმაწვილებს ეს სრულიად არ გაუძნელდებათ, რადგანაც ფრაზების შინაარსი წიგნის პირველი ნახევრიდან ეცოდინებათ. უმეტესი ნაწილი წიგნისა უჭირავს პატარა არაკებსა და მოთხრობებსა. პირველ დაწყებაში, მანამ ჯერ ყმაწვილები კითხვაში გავარჯიშებულნი არ არიან, ყველა არაკს მასწავლებელი ჯერ სიტყვით ეტყვის, შემდგომ წიგნში გარკვევით წაუკითხავს ყმაწვილებს, მერმე ყმაწვილებს რამდენჯერმე წააკითხებს და ბოლოს ზეპირათ ათქმევინებს შინაარსსა. როდესაც მოსწავლეები ნახევარს წიგნისას გაათვებენ, მაშინ შეუძლია მასწავლებელს თვითონ მოსწავლეებს პირდაპირ წააკითხოს წიგნში რამდენჯერმე და შინაარსი თვისი სიტყვით ათქმევინოს. ყველა არაკმა და მოთხრობამ მასწავლებელს უნდა მისცეს საგანი ცოცხალი საუბრისა მოსწავლეებთან. ჩვენდა სამწუხაროდ ადგილი ნებას არ გვაძლევს, რომ ნიმუში მოგვეყვანა ამ გვარი საუბრისა.