Litclub.ge

თ.მ. დოსტოევსკი
საშუალო ტანის, გამხდარი, მაგრამ ფართო მხარბეჭიანი; წაბლისფერი წვერი, მაღალი შუბლი და შეთხელებული, წვრილი თმა; მომცრო, ნათელი და უპეებში ღრმად მსხდომი მოყავსიფრო თვალები; სიფრიფანასავით პირის კანი, გაფითრებული და სანთლისფერი. ერთი შეხედვით - ულამაზო სახე, რომელზედაც შეკავებული სიბრაზე აღბეჭდილა. მნახველებს იგი აგონებს საპატიმროს ტუსაღის გამომეტყველებას, რომელსაც ხანგრძლივი მარტოობა უგემნია ცხოვრებაში. მაგრამ არც თუ იშვიათად ამ სახეზე აკიაფდება სათუთი, ბავშვური ღიმილი და უპეებში ღრმად მსხდომი თვალები მაშინ კეთილშობილურ შუქს გამოსცემენ.
ასეთი სახით დგას ჩვენ წინაშე დოსტოევსკი თანამედროვეთა მოგონებების, პეროვის განთქმული პორტრეტისა და მწერლის ფოტოგრაფიული სურათების მიხედვით.

* *
თეოდორ მიხეილის ძე დოსტოევსკი დაიბადა 1821 წელს. ღარიბი მოსკოველი ექიმის შვილი იყო. ახალგაზრდობისას იგი ინჟინრად ემზადებოდა, მაგრამ მალე ხელი აუღია ამ პროფესიაზე. სამწერლო ასპარეზზე დოსტოევსკი ორმოციან წლებში გამოვიდა და უმალვე მიიპყრო ყურადღება, როგორც იშვიათმა ფსიქოლოგმა და ჰუმანურმა შემოქმედმა. დოსტოევსკის პირველი დიდი ნაწარმოები „საბრალო ადამიანები“ (დაიწერა 1845 წელს, დაიბეჭდა 1846 წ.) ეხება იმ საკითხს, რომელსაც თვალსაჩინო ადგილი ეჭირა მწერლის შემდეგს თხზულებებშიაც. ეს საკითხია - სოციალური უსამართლობა, რომლის პირდაპირი მსხვერპლის მაკარ დევუშკინის თავგადასავალია მოთხრობილი „საბრალო ადამიანებში“. ცნობილია, თუ როგორი აღტაცებით შეხვდნენ დოსტოევკის ამ ნაწარმოებს გრიგოროვიჩი, ნეკრასოვი და ბელინსკი. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ დოსტოევკის ჰუმანიზმის სათავე გოგოლის „შინელშია“ საძებარი, რაზედაც თვითონ „საბრალო ადამიანების“ ავტორი მიუთითებდა: „ჩვენ ყველანი გოგოლის „შინელიდან“ გამოვედითო“.
რაგინდ თავისებური იდეური ევოლუცია არ განეცადა შემდგომ დოსტოევსკის, მისი გული ყოველთვის სცემდა დამცირებულთა და შეურაცხოფილთა გულებთან ერთად; თანაც სოციალური უსამართლობის მიერ გასრესილთა მიმართ დოსტოევსკის ამგვარი სიყვარული ოდნავადაც არ მიაგავდა ჩვეულებრივი ინტელიგენტის კაცთმოყვარეობას: ჰუმანისტი დოსტოევსკი პირდაპირ დასნეულებული იყო საზოგადოების ჩაგრული ფენების ბედ-იღბლით, იგი გულის სიღრმემდე შესძრა კაპიტალისტურ სინამდვილეზე დაკვირვებამ, დიდი ქალაქის იმ ადამიანთა ცხოვრების შესწავ;ამ, რომლებიც სოციალურ უკუღმართობას საზოგადოების ნაბოლარებად ექცია.
თვითონ დოსტოევსკიც არ ყოფილა სვებედნიერი ადამიანი, იგი არც მთლად სვებედნიერი ლიტერატორი იყო. საყვარელი დედა ადრე გარდაეცვალა, ხოლო ალკოჰოლისტ მამას უხიაგი ხასიათი ჰქონია. საერთოდ მისი ნერვიული და ავადმყოფური ცხოვრება ფიზიკურ წამებათა ნამდვილ მარტიროლოგს წარმოადგენს. 1849 წელს ყოველივე ამას დაერთო დიდი სულიერი კატასტროფა, რომელზედაც საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ.
ორმოციან წლებში დოსტოევსკი დაუახლოვდა პეტერბურგის სოციალისტურ ორგანიზაციას, რომელსაც პეტრაშევსკი მეთაურობდა. მწერლის ასეთი ნაბიჯი ლოგიკურად გამომდინარეობდა მისი იდეური განვითარებიდან. დოსტოევსკი გაიტაცა უტოპიური სოციალიზმის იდეებმა და იგი მიემხრო პეტრაშეველების უკიდურეს ფრთას - სპეშნევის წრეს, რომელსაც მოქმედების გარკვეული პროგრამა ჰქონდა და ამბოხებისათვის კი ემზადებოდა. მაგრამ ეს წრე არ ყოფილა რევოლუციური თანამედროვე გაგებით: იგი არ ეყრდნობოდა ფართო მასებს და მოკლებული იყო რეალურ პერსპექტივას. მიუხედავად ამისა, დიდად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დოსტოევსკი გახდა პეტრაშეველი - პოტენციური მეამბოხე და რევოლუციონერი.
1849 წელს პეტრაშეველები დაატუსაღეს. დაპატიმრებულთა შორის იყო დოსტოევსკიც, რომელიც პეტრე-პავლეს ციხეში ჩასვეს. რევოლუციონერებს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. იმავე წლის 21 დეკემბერს სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად დოსტოევსკი გამოჰყავთ მოედანზე დასასჯელად. მხოლოდ სიკვდილის მოლოდინში გამოუცხადეს მას და მის ამხანაგებს სასტიკი სასჯელის კატორღით შეცვლის ბრძანება. დოსტოევსკიმ წამიერად ჩახედა სიკდილის უფსკრულს და ამ საშინელი სულიერი ტრავმისაგან იგი არასოდეს განკურნებულა. „ლმობიერმა“ ნიკოლოზ პირველმა არსებითად ორგზისი სიკვდილი არგუნა პეტრაშეველებს, მათ შორის დოსტოევსკისაც.
ამის შემდეგ ოცდარვა წლის დოსტოევსკის ვხედავთ ომსკის საკატორღო ციხეში, სადაც მან ოთხი წელიწადი დაჰყო. კატორღის შემდეგ კი მთელი ხუთი წელიწადი იხდიდა სასჯელს დისციპლინარულ ბატალიონში.
კატორღამ და ციმბირმა ღრმა და მრავალმხრივი გარდაქმნა გამოიწვიეს დოსტოევსკის არსებაში. მწერლის პირადი ბარათებიდან ცნობილია, რომ კატორღის პერიოდში გაუძლიერდა მას მანამდე სუსტად გამოხატული საშინელი სენი - ეპილეფსია. უფრო საბედისწერო გარდატეხა კი მის სულიერ ცხოვრებაში მოხდა - დოსტოევსკი რელიგიურმა მისტიციზმმა მოიცვა. 1859 წლის 29 ნოემბერს იგი გადასახლებიდან პეტერბურგში ბრუნდება ყოველმხრივ დაავადებული, გაუფანტავი მელანქოლიითა და თავის საზოგადოებრივ იდეალებში იმედგაცრუებული. ერთადერთი შუქურა, რომელსაც ყოფილი პეტრაშეველი ხედავდა ამიერიდან ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში, იყო - ევანგელიური სიმშვიდე და სათნოება.
დოსტოევსკის სულიერი ბიოგრაფიის ეს მხარე შესანიშნავადაა გამოხატული სულიერი მისი ერთ-ერთი რომანის („იდიოტი“) გმირის მიშკინის მონოლოგებში. მსოფლიო ლიტერატურაში არ მოიპოვება უფრო საკვირველი და ღრმა აღწერა სასიკვდილოდ განწირული ადამიანის განცდებისა, ვიდრე ეს გადმოცემულია მიშკინის თხრობაში და რომელიც სკრუპულოზური სიზუსტით გვისურათებს თვითონ დოსტოევსკის განცდებს სიკვდილით დასჯის წინ. თანაც მიშკინის ევანგელიური სათნოება, კაცთმოყვარეობა და მისტიციზმი ნაჩვენებია, როგორცა ამ სულიერი ტრავმის პირდაპირი შედეგი.
დოსტოევსკი 1859 წელსავე, გადასახლებაში, უბრუნდება ლიტერატურულ მოღვაწეობას. რუსულ ჟურნალებში იბეჭდება მისი რომანი „სოფელი სტეფანჩიკოვო“, მოთხრობა „ძიას სიზმარი“ და სხვ. ბელეტრისტის დამქანცველ შრომასთან ერთად პეტერბურგში იგი ეწევა ჟურნალისტურ საქმინობასაც, თავის ძმასთან, მიხეილთან, ერთად სცემს „ვრემიას“ (1860 წლიდან). 1862 წელს იგი პირველად მიემგზავრება საზღვარგარეთ. „ვრემიას“ დახურვის შემდეგ, 1864 წელს, დოსტოევსკი სცემს ჟურნალ „ეპოქას“. ეს გამოცემაც ადრე შეწყდა.
„ვრემიაში“დოსტოევსკიმ დაბეჭდა ორი ნაწარმოები - „წერილები მკვდარი სახლიდან“ და „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ (1862 – 1862 წწ.), 1866 წელს კი აქვეყნებს თავის ერთ-ერთ უდიდეს რომანს „დანაშაული და სასჯელი“. ამას გარდა დოსტოევსკი წერს მთელ რიგ მოთხრობებს.
მაგრამ იშვიათმა ლიტერატურულმა ნაყოფიერებამაც ვერ იხსნა დოსტოევსკი ვალებისაგან, რომლებიც მას დაედო უიღბლო რედაქტორობის შედეგად. 1867 წელს, მეორედ დაქორწინებული დოსტოევსკი, ისევ მიემგზავრება (გარბის!) საზღვარგარეთ. დოსტოევსკი იყო შვეიცარიაში, გერმანიასა და იტალიაში. ევროპაში მან ოთხი წელი დაჰყო. მეტწილად უფულო, ნერვებაშლილი, დოსტოევსკი ეწეოდა ეწესრიგო ცხოვრებას და მისი „მფარველი ანგელოზი“ მეუღლე ანა გრიგორიეევნა რომ არა, ავადმყოფ მწერალს მთლად გაანადგურებდა ის დემონი, რომლის დაშოშმინებას იგი ცდილობდა ქაღალდის თამაშითა და სხვა აზარტული გართობებით.
და ამგვარი, ავადმყოფური და ეგზალტირებული, ცხოვრების პირობებში დოსტოევსკი გამალებული წერს რამდენიმე რომანს და ცდილობს გაანაღდოს წინასწარ აღებული ავანსები. დაუდგრომელ დოსტოევსკის დიდი პუნქტუალურობა ახასიათებდა საზოგადოებრივ ვალდებულებათა წინაშე. ფიზიკური და სულიერი ძალების არაჩვეულებრივი დაძაბულობის ნაყოფი იყო ის, რომ მწერალმა ოთხი წლის მანძილზე დასწერა ორი ვრცელი რომანი „იდიოტი“ (1868) და „ეშმაკეულნი“ (1870) და შესანიშნავი მოთხრობა „მარადიული ქმარი“ (1870).
1871 წელს დოსტოევსკი ბრუნდებოდა პეტერბურგში. ოთხი წლის შემდეგ გამოდის მისი რომანი „მოზარდი“, რომელიც ნეკრასოვისა და შჩედრინის ჟურნალში დაიბეჭდა, ხოლო 1876 წლიდან დოსტოევსკი სცემს საკუთარ ჟურნალს „მწერლის დღიურის“ სათაურით. ამ გამოცემამ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა მკითხველთა წრეში.
1879 – 1880 წლებში დოსტოევსკი წერს რომანს „ძმები კარამაზოვები“, რომელსაც ავტორი თავისი შემოქმედების სინთეზად სთვლიდა. იმავე წელს დოსტოევსკიმ მოსკოვში წარმოსთქვა განთქმული სიტყვა პუშკინის ძეგლის გახსნაზე. თავისი ლიტერატურული აპოგეის ამ პერიოდში, 1881 წლის 26 იანვარს (9 თებ. ახ. სტილით) დოსტოევსკი გარდაიცვალა პეტერბურგში და დიდის პატივით იქნა დაკრძალული.

* *
დოსტოევსკის შემოქმედება, ისევე როგორც მისი პიროვნება, წინააღმდეგობებს შეიცავს. მწერლის მკაცრი, ულმობელი ფსიქოლოგიზმი ხშირად ემსახურება უაღერასად სუბიექტურ თვალსაზრისისს, მისი შემაძრწუნებელი რეალიზმი - ყალბ რეაქციონურ იდეებს. დოსტოევსკი აწარმოებდა შეურიგებელ პოლემიკას თავის დროსთან, თანამედროვეებთან. იგი მკაფიოდ გამოკვეთილ მსჯელობათა ავტორია. ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ მასზე მსჯელობაც შეუძლებელი ხდება პოლემიკური ელემენტის გარეშე.
დოსტოევსკის პიროვნება და შემოქმედება გაორებულია. ერთი მხრით დოსტოევსკი გვევლინება სოციალურ უსამართლობათა უდიდეს მამხილებლად და ჰუმანისტად, მეორე მხრით იგი ღვარძლიანი ვნებიანობით თავს ესხმის ყველას, ვინც სოციალურ უსამართლობათა წინააღმდეგ ბრძოლის რეალურ გზებს სახავს. სადისტური მძვინვარებით იძიებდა შურს დოსტოევსკი თავის თავზედაც სიჭაბუკის იმ გატაცებების გამო, რომლებიც მან თითქოს საბოლოოდ დამარხა კატორღასა და გადასახლებაში და რომლებიც, მისდაუნებურად, მძლავრად იჩენდნენ ხოლმე თავს მწერლის არსებაში და - რაც მთავარია - მისი რომანების საუკეთესო ფურცლებზე.
დოსტოევსკიმ თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო, როგორც პატარა ადამიანების ბედზე დაფიქრებულმა მწერალმა. ღარიბი მოსკოველი ექიმის შვილს, მშიერი სტუდენტის ცხოვრება ნაგემებ ადამიანს ორგანულად სძულდა ის სამყარო, სადაც საზოგადოება სოციალურად გათიშულ ფენებისაგან შედგებოდა. ამ გარემოებამ მიიყვანა დოსტოევსკი უტოპიური სოციალიზმის კარიბჭესთან. ამანვე შეასვა მას საშინელი სულიერი საწამლავი 1849 წელს. კატორღაში მან ნახა ფსკერის ხალხი - სისხლის დამნაშავენი, ავაზაკები, მკვლელები, ქურდები და თავის საკვირველ წიგნში „წერილები მკვდარი სახლიდან“ ალექსანდრე გორიანჩიკოვის პირით მოუთხრო მათ შესახებ. დოსტოევსკიმ ჩინებულად დაინახა ამ ხალხის ზნეობრივი დაქვეითების ნამდვილი მიზეზი - იმდროინდელი სოციალური პირობები, რომლებიც დანაშაულისა და ბოროტმოქმედებისათვის აქეზებდნენ საზოგადოების დაბალ ფენებს. მაგრამ თუ გადასახლებამდე დოსტოევსკი ნახულისა და დაკვირვებულის გამო რევოლუციურ დასკვნებს აკეთებდა, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ იგი რელიგიურ-მისტიკური დასკვნების გზას დაადგა. ამიერიდან მწერალს რევოლუციასა (ე. ი. შეგინებულ ძალდატანებითს აქტსა) და სოცილიზმში კი არ უძებია ხსნა (ყოველივე ამაში დოსტოევსკი ხედავდა ქაოსს, უღმრთობის ზეიმს, ბნელ ვნებათა ორგიებს, უკიდურეს ეგოიზმსა და პატივმოყვარეობას!), არამედ ქრისტიანულ სათნოებასა და კაცთმოყვარეობაში.
დოსტოევსკის ეს ფილოსოფია დაჰბადა იმ გარდამავალმა და კრიზისულმა ხანამ, რომელიც რუსეთის ისტორიაში ცნობილია 60-იანი წლების სახელით და როდესაც დიდმა სოციალურმა ძვრებმა (საზოგადოებრივი ცხოვრების ფეოდალურ-მემამულური სისტემის ახალი, კაპიტალისტური, სისტემით შეცვლამ) დიდი ზეგავლენა მოახდინეს რუსული ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი რევოლუციის სადარაჯოზე დარჩა ჩერნიშევსკის მეთაურობით, ზოგი დაიბნა და, განსაკუთრებით რეაქციის გაძლიერების შემდეგ (რომელიც ალექსანდრე II-ის მკვლელობის ცდას მოჰყვა), დაიბნა და რელიგიაში დაიწყო გამოსავალის ძებნა. დოსტოევსკი ამ გზააცდენილთა ყველაზე დიდი წარმომადგენელია.
დოსტოევსკიმ უნდობლობა გამოუცხადა აზრს, გონებას, თეორიას საზოგადოდ, აქედან კი - სოციალურ დისჰარმონიის რაიმე ცნობიერი აქტით (უწინარეს ყოვლისა - რევოლუციით) შეცვლის იდეას. იგი ამოეფარა რწმენას, დაფუძნებულს რელიგიური ეთიკის მთავარი ატრიბუტის - ბოროტისა და კეთილის შეგნების - აუცილებლობაზე; მიუხედავად ამისა, დოსტოევსკის არასოდეს არ უფიქრია ადამიანთა სრული ბედნიერების შესაძლებლობა ჩვენს „ცოდვილ დედამიწაზე“, და კაცობრიობის მთელი ისტორია, წარსულსა და მომავალშიც. წარმოდგენილი ჰქონდა ტანჯვისა და წამების დაუსრულებელ მარტიროლოგად. დოსტოევსკის ასეთი უკიდურესი პესიმიზმის უკანასკნელ კომპონენტს შეადგენდა ტანჯვის აღიარება ადამიანის ყველაზე ბუნებრივ, ნორმალურ და, რაც მთავარია, აუცილებელ მდგომარეობად. ადამიანური სიდიადის ნიშნებს დოსტოევსკი ხედავდა სრულს მორჩილებასა და კრავისებურ სიმშვიდეში. საერთოდ - კვიეტიზმში.
აი როგორ იდეებს ქადაგებდა ოდესღაც პატრაშეველი-სოციალისტი დოსტოევსკი 70-იან და 80-იან წლებში!
დოსტოევსკი ხედავდა კაპიტალისტური სინამდვილის მთელს საშინელებებს, იგი გენიალური მხატვრული ნიჭიერებით ამხელდა კერძო მესაკუთრული საზოგადოების წყლულებს, მაგრამ უკეთესი მომავლის განჭვრეტის სფეროში მისი მზერა მღვრიე ნისლით იყოდაფარული.
მხოლოდ ამ ასპექტშია შესაძლებელი დოსტოევსკის ლიტერატურული მემკვიდრეობის განხილვა და შეფასება.

* *
დოსტოევსკი უმთავრესად ქალაქის მხატვარია. მისი გმირები კაპიტალისტური ქალაქის ან პროვინციული დაბების მცხოვრებნი არიან. სოციალურად ისინი მეტწილად საზოგადოების დაბალ ფენებს, დეკლასირებულ ინტელიგენციას ან გადაგვარებულ თავად-აზნაურობას ეკუთვნიან.
დოსტოევსკის მხატვრობაში ქალაქი გვევლინება ადამიაებისადმი მტრულად განწყობილ, ინფერნალურ გარემოდ, სადაც ცხადი და სიზმარეული ხშირად ერთმანეთშია არეული. ეს მან შეჰქმნა რუსულ ლიტერატურაში ფანტასტიკური და მერყევი სურათი პეტერბურგისა, რომლის შესახებ ავტორი ერთს თავის გმირს ალაპარაკებს: „შეიძლება იგი მხოლოდ ვისმეს სიზმარია; შეიძლება ვინმემ გაიღვიძოს და ისიც გაჰქრესო“, ქალაქისა, სადაც პროზაული და უფერული ცხოვრება „ფანტასტიკურს ემიჯნება“.
მაგრამ დოსტოევსკის გმირების სამოქმედო არეს არასოდეს არ წარმოადგენს ქალაქისა თუ დაბის საქმიანი ცენტრები. საკანის მსგვასი ოთახები. გარეუბნების ბნელი ქუჩები ან მოსახვევები, ჭუჭყიანი მოედნები ან ტრაქტირები - აი ადგილები დოსტოევსკის გმირების ვნებათა ღელვისა თუ საზოგადკაცობრიული საუბრებისა. „... я всегда переулочки любиль. - ამბობს დიმიტრი კარამაზოვი („ძმები კარამაზოვები“), - глухие и темные закоулочки, за площадью,-там приключения, там неожиданности,там самородки в грязи“. დოსტოევსკი შეგნებულად არ აფართოებს ტერიტორიულ არეს და შემოფარგლულია ქუჩით, ოთახით, ტრაქტირით...
მაგრამ რაოდენ მძიმეა ის სოციალური და მორალური პრესი, რომელსაც თავიანთ ბუნაგებში განიცდიან დოსტოევსკის გმირები! ვიწრო, სულის შემხუთველი სივრცე მათი საცხოვრებელი ადგილებისა თითქოს სიმბოლურად გამოხატავენ დოსტოევსკის ადამიანების მატერიალურ სიდუხჭირეს, მათ ზნეობრივ და სულიერ წყვდიადს.
მწერალი გვიჩვენებს იმ მიზეზებს, რომლებიც იწვევენ მისი პატარა ადამიანების ბოროტმოქმედებასა თუ დანაშაულს. მთავარ მიზეზად მწერალს მიაჩნია სიღარიბე, ის დიდი სოციალური სიმახინჯე, რომელიც კერძომესაკუთრულ საზოგადოებაშია გამეფებული. დოსტოევსკის ღრმად შესტკივა გული ამგვარი სოციალური უსამართლობის გამო. ადამიანი თავისი ბუნებით კეთილია, ის მხოლოდ ცუდი გარეგანი პირობების მსხვერპლი ხდება ხოლმე, - გვეუბნება დოსტოევსკი და ამ თავის ჰუმანურ თვალსაზრისს მხოლოდ დაბალი ფენების ადამიანებზე ავრცელებს. ეს ადამიანები, დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი, ცხოვრების ნორმალური კალაპოტიდან ამოვარდნილან; მათი სულირი სამყარო გაბზარულია; თავიანთ წრეში ისინი ერთმანეთის მოძალადეებადაც გვევლინებიან, ხოლო ზოგიერთ გაორებულს საკუთარი შეურაცხმყოფელიც კი უყვარს რაღაც ფსიქოპათოლოგიური სიყვარულით. დოსტოევსკის მიერ დახატულ ამგვარ პანორამას არსად არ ადგას გამამხნევებელი შუქი...
სხვაგვარია დოსტოევსკის დამოკიდებულება ინტელეგინციის წარმომადგენელთა („თეორეტიკოსთა“) სულიერი კატასტროფისადმი.
„დანაშაული და სასჯელი“ დოსტოევსკის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია. მასში ისმის სასტიკი პროტესტი კაპიტალისტური ცხოვრების წინააღმდეგ. რომანის გმირი ღარიბი სტუდენტი როდიონ რასკოლნიკოვი ამ პროტესტის განსახიერებაა. იგი მებრძოლი ადამიანია და თავის დანაშაულებრივ საქციელს - საზოგადოების ექსპლოატატორი მევახშე - ქალის მკვლელობას - თეორიულადაც ამართლებს; მაგრამ დოსტოევსკი ქრისტიანული ეთიკის პოზიციიდან აფასებს რასკოლნიკოვის ყოველ ნაბიჯს და ნააზრევს. ამ ღარიბ სტუდენტს გადაუწყვეტია გადალახოს მორალის საზოგადოდ ცნობილი ნორმები, უღალატოს ქრისტიანული კაცთმოყვარეობის დევიზს „არა კაცთ კლა“, რადგან ფიქრობს, რადგან კლავს პრინციპს და არა ადამიანს. მისი აზრით ისტორიული პროგრესის სათავე ძლიერი ნების ადამიანთა მიერ ჩადენილი ამა თუ იმ აქტში უნდა ვეძიოთ. ყველას არა, მაგრამ ნაპოლეონს უთუოდ ჰქონდა უფლება მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა თავისი საქმისათვის. ისტორია გამარჯვებულთა მხარეზეა და ის მსხვერპლის სიმართლეს როდი დაგიდევთ. და აი რასკოლნიკოვს სწადია ნაპოლეონის როლი ითამაშოს: მოჰკლას ერთი ადამიანი, საზოგადოების წურბელა და ბედნიერი გახადოს მრავალი. ამ გადაწყვეტილების პირადული მოტივი თითქოს იმაში მდგომარეობს, რომ რასკოლნიკოვს ჰყავს ღარიბი დედა და საყვარელი და დუნეჩკა, რომელიც ძვირფასი და ღარიბი ძმის დახმარების მიზნით მზადაა ცოლად გაჰყვეს უხამს ბურჟუა ლუჟინს (ესე იგი ლეგალიზებული პროსტიტუციის გზას დაადგეს!). უსახსრობის გამო რასკოლნიკოვს სწავლის გაგრძელება არ შეუძლია, მას ბინის ქირის გადახდის საშუალებაც არ გააჩნია, ირგვლივ სხვების საშინელი სიღატაკის სურათებსაც კარგად ხედავს, მაგრამ თუ მევახშე - ქალის მკვლელობას სჩადის, უწინარეს ყოვლისა თეორიული მოსაზრებით და არა ანგარებით (ოდესღაც მას სტატიაც დაუბეჭდავს ეთიკის სფეროში ნებისყოფის პრიმატის საკითხზე!).
მხოლოდ შექსპირის „მაკბეტის“ ფურცლები თუ შეედრება ამ მკვლელობის აღწერას.
დოსტოევსკის რომანის ძლიერი მხარე მის მამხილებელ პათოსშია და არა დასკვნებში. ულმობელი რეალიზმითაა გაშიშვლებული ამ ნაწარმოებში პეტერბურგის პერიფერიული უბნების მცხოვრებთა სიღატაკე, შემაძრწუნებელია მარმელადოვას ოჯახის თავგადასავალი, კერძოდ კეთილი სონია მარმელადოვას გზა როსკიპობისაკენ, იმ სონია მარმელადოვასი, რომელიც შემდეგ რასკოლნიკოვის სულიერ მფარველად და დასაყრდენად იქცა.
მაგრამ დოსტოევსკის მამხილებელი პათოსი იცვლება იმ მომენტიდან, როდესაც იგი იწყებს რასკოლნიკოვის იდეური და ზნეობრივი გაკოტრების დასაბუთებას. მისთვის პრინციპულად მიუღებელია რასკოლნიკოვის სოციალური რეფორმატორობის ის მეთოდი რომელშიაც მწერალი „რევოლუციურ“ შინაარსს სდებს. ნამდვილად კი დოსტოევსკი გვიხატავს ინდივიდუალურ ანარქიზმს, რომელსაც ჭეშმარიტ რევოლუციონერობასთან საერთო არაფერი აქვს. მწერლის მტკიცებით, რასკოლნიკოვის ტრაგედია მისივე თეორიულ გონებაშია: ის სულ ფიქრობს - აქვს თუ არა უფლება მოკლას! ამ საკითხის დასმა შეუძლია მხოლოდ გონებას, აზრს, რომელიც ქრისტიანული ეთიკის წიაღიდან არის გამოთიშული. სწორედ ეს გარემოება უადვილებს რასკოლნიკოვს სისხლიანი ნაბიჯის გადადგმას (ნაპოლეონად ქცევას!), მაგრამ მისი დანაშაული შინაგანად შეიცავს სასჯელს: სინდისი მაჯლაჯუნასავით აწვება რასკოლნიკოვის გონებას, თუმცა, ზოგჯერ თავის თავზეც მოსდის გული (ნაპოლეონი კი არა, „სხვებსავით მკბენარი ვყოფილვარო“!) და, ბოლოს, სონია მარმელადოვას ზეგავლენით და სინდისის ქეჯნის შედეგად ( რასკოლნიკოვი შეიგნებს, რომ მას არ ჰქონდა უფლება საზოგადოების თუნდაც უმახინჯესი წევრის-ადამიანის-სისხლის დაღვრისა), თვითონვე გაუმჟღავნებს გამომძიებელს ჩადენილ დანაშაულს. იშვიათი ძალით გამოხატული სოციალური პროტესტი მთავრდება გმირის მონანიებით. რომანის ბოლოს რასკოლნიკოვს ჩვენ ვხედავთ ციმბრიში კატორღამისჯილსა და სახარებაზე თავდახრილს.
ამ ნაწარმოებში მთელი სიცხადით გამოჩნდა დოსტოევსკის შეხედულება ყოველგვარი გონიერი აქტის უნაყოფობაზე. ძალდატანებითა და წინასწარ მოფიქრებული მოქმედების გზით სინამდვილის გარდაქმნის ცდა შინაგანად შეიცავს ამორალიზმს - გვეუბნება დოსტოევსკი. თეორია, გონება არაა სანდო, იგი ბოროტების წყაროა, ხსნა მხოლოდ რწმენაში, კეთილისა და ბოროტის შეგნებაშია. რასკოლნიკოვმაც მხოლოდ იმ მომენტში გაიმარჯვა, როცა მასში გაღვიძებულმა ზნეობრივმა კანონმა მოჰკლა ეგოისტი-თეორეტიკოსი.
ამრიგად, დოსტოევსკის შეხედულებით, შეგნებული ბოროტმოქმედება (მეტიც-მოქმედება საერთოდ!) მომდინარეობს გონებიდან, აზრიდან და მას ყოველთვის თეორიულ გამართლებას უძებნიან. ხელი უნდა ავიღოთ აქტიურ ბრძოლაზე, კაცობრიობის ხსნა ბედისადმი მორჩილებასა და ყველასადმი - თუნდაც მტრისადმი- ქრისტიანულ სიყვარულშია! და ყოველივე ამას ქადაგებდა დოსტოევსკი იმ საზოგადოებაში, სადაც უმცირესობის მგლური მადა ასე შეუბრალებლად ნთქავდა უმრავლესობის მატერიალურ და ზნეობრივ მონაგარს.
დოსტოევსკის კვიეტიზმი ღრმად რეაქციონურია თავისი შინაარსით, რადგან უმოქმედობის ფილოსოფია ობიექტურტად სწორედ კაპიტალისტური საზოგადოების გარდუვალობას უწყობდა ხელს, მაგრამ დოსტოევსკი ხომ ამ საზოგადოების უდიდესი მოძულე გახლდათ! გავიხსენოთ როგორ აქვს დახატული დოსტოევსკის ბურჟუაზია ლუჟინი: იგი უხამსობისა და გონებაშეზღუდულობის განსახიერებაა; „მოზარდში“ მწერალმა გამოიყვანა მთელი წრე, ფართო საზოგადოებრივ იდეალებს მოკლებული, ფულზე დახარბებული საქმოსნებისა და არამზადებისა, ხოლო „იდიოტში“ დაგვიხატა მომხიბლავი სახე ნასტასია ფილიპოვნასი, რომელიც მდიდართა წრეს თავისი საზიზღარი ვაჭრობის საგნად უქცევია.
დოსტოევსკის ჩინებულად ესმოდა, რომ მგლების ხროვაში ქრისტიანული მორალის ქადაგება სასაცილო იყო. მშვიდი და კაცთმოყვარე მიშკინის მაგალითიც კმარა: ტოცკებისა და რაგოჟინების წრეში მისი სრული უმწეობა ერთგვარ საბრალდებო დასკვნასაც წარმოადგენს დოსტოევსკის ეთიკური პროგრამის საზოგადოებრივ სარგებლიანობაზე.

* *
ოდესღაც პეტრაშეველი დოსტოევსკისათვის შეუძლებელია ორგანულად მახლობელი და ძვირფასი არ ყოფილიყო სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის იდეა, მაგრამ დოსტოევსკიმ დაჰკარგა რწმენა რევოლუციისადმი. არ იზიარებდა იგი რევოლუციისა და სოციალიზმის ფილოსოფიურ საფუძვლებსაც, კერძოდ, მატერიალიზმს. რომანი „ეშმაკეულნი“ ავტორის განზრახვით, რევოლუციისა და მატერიალიზმის წინააღმდეგ მიტანილი იერიში უნდა ყოფილიყო.
დოსტოევსკის ქმნილებათა შორის „ეშმაკეულნი“ ყველაზე მეტად რეალიზმის შეგნებული დისკრედიტაციის სავალალო სურათს წარმოადგენს. ავტორს ჰგონია რომ გამოჰყვას რევოლუციონერები და სოციალისტები, ნამდვილად კი მისი გმირები ავანტიურისტები, პროვოკატორები ან დეგენერატები არიან. მარიონეტებივით მოძრავი ეს ფიგურები არც მხატვრულად არიან ხორცშესხმული. ხასიათების დამაჯერებლობა რეალისტმა დოსტოევსკიმ ყალბი იდეური სქემების სამსხვერპლოზე მიიტანა.
რომანში მოქმედება სწამოებს ბნელი, ყოველგვარ ადამიანურ ღირსებებს მოკლებული პეტრე ვერხოვენსკის ირგვლივ. ამ სულმდაბალ ეგოისტს ჩამოუყალიბებია ორგანიზაცია, რომელიც გაქნილი პროვოკატორის დემაგოგიით მოტყუებული ადამიანებისაგან შედგება. ამ ვითომდა „სოციალისტურ“ ორგანიზაციაში თვითეულის ინდივიდუალური მეობა სრულიად ნიველირებულია. ვერხოვენსკის ხელთ უპყრია ძაფები იმ ზამბარისა, რომელიც უსახო, უნიციატივო და საშუალო ადამინების გროვას მოგვაგონებს. ვერხოვენსკი ამ ორგანიზაციაში შეიტყუებს ახალგაზრდა სტუდენტ შატოვს, რომელიც მის „დისციპლინას“ არ ემორჩილება. მაშინ ვერხოვენსკი მოაკვლევინებს მას, ხოლო მკვლელობას გადააბრალებს მანიაკს კირილოვს, რომელსაც თავის მხრით სწადია უმიზეზოდ მოიკლას თავი (ფიქრობს: თუ ღმერთი არ არის, მაშინ თვითონ ყოფილა ღმერთი და შეუძლია განახორციელოს თავისი ნებისყოფის უმაღლესი აქტი - მატერიალურ სინამდვილეზე ამაღლება!). ამიტომ კირილოვისათვის არაფერს წარმოადგენს თვითმკვლელობის წინ ყალბი ცნობა დაოტოვოს ისეთ კაცუნას, როგორიც ვერხოვენსკია. შატოვის მკვლელობას კი ვერხოვენსკი თავისებურად იყენებს: იგი უნდა იქცეს ორგანიზაციის განმტკიცებისა და მთლიანობის პირობად, რადგან ერთის დაღვრილი სისხლი ძნასავით შეკრავს მრავალს.
ვერხოვენსკისა და მისი ბნელი ორგანიზაციის სულის ჩამდგმელია სტავროგინი, გადაგვარებული თავადაზნაურობის ნაშიერი, პათოლოგიური პიროვნება, რომელიც მარტოოდენ გარეგნულადაა მომხიბლავი („казалось бы писанный красавец,а в то же время как будто и отвратителен“- ამბობს მის შესახებ დოსტოევსკი). ვერხოვენსკი მისი სულიერი ლაქიაა, რომელსაც სოციალურად და საზოგადოებრივად დაკნინებული არსება აურჩევია მომავალი დემოკრატიის ბელადად. დემოსს, ათეისტურ საზოგადოებას სჭირდება ზვიადი კერპი, რომელსაც ვერავინ მოეპყრობა ფამილიარულად: „Вы ужасный аристократ!Аристократ когда идет в демократию,обаятелен!“ ეუბნება იგი სტავროგინს და ეს ჯენტლემენიც ნამდვილი მებაიარაღტრეა ვერხოვენსკისა და მისი გარემოცვისა (სტავროგინის ახირებული თეორიებითაა მოწამლული არა მარტო ვერხოვენსკის, არამედ კირილოვი, კაპიტან ლებიადკინის ავადმყოფი და, ნაწილობრივ შატოვი და სხვები).
ტერორი და დისციპლინა, უსახო, საშუალო ადამიანთა ბნელი საქმიანობა, ყალბი ავტორიტეტების პატივისცემა - აი მომავალი დემოკრატიული წყობილების შინაარსი „ეშმაკეულნის“ მიხედვით.

* *
ათეიზმი დოსტოევსკის მიაჩნდა ყველა ბოროტების წყაროდ, მეტიც: სიცოცხლის დასასრულად.
მოვუსმინოთ კირილოვსკისა და ვერხოვენსკის საუბარს.
კირილოვი ამბობს:
„- ... ღმერთი აუცილებებლია და იმიტომ უნდა არსებობდეს.
- ჰო და კარგი.
- მაგრამ მე ვიცი, რომ იგი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.
- ეს უფრო სწორია.
- ნუთუ შენ არ გესმის, რომ ამ ორი შეხედულებით ადამიანს არ შეუძლია ცოცხალი დარჩეს... ნუთუ შენ არ გესმის, რომ თუნდაც მარტო ამის გამო შეიძლება მოიკლა თავი?“
ქვემოთ კირილოვი განაგრძობს:
„- თუ ღმერთი არაა, მაშინ მე ვარ ღმერთი.
- აი, მე არასოდეს არ შემეძლო გამეგო ეს თქვენი აზრი: მაინც რატომ ხართ თქვენ ღმერთი?
- თუ ღმერთი არის, მაშინ ყველაფერი მისი ნებაა, ხოლო მისი ნებით მე არაფერი შემიძლია. თუ არაა, მაშინ ნება ჩემია და მოვალე ვარ განვაცხადო ეს ჩემი თვითნებობა.“
უფრო ქვემოთ კირილოვი ამბობს:
„- ... მე არ მესმის, როგორ შეიძლება აქამდე სცოდნოდა ათეისტს, რომ ღმერთი არაა და უმალვე მოეკლა თავი? შეიგნო, რომ ღმერთი არაა და იმავე დროს არ შეიგნო, რომ თვითონ იქეცი ღმერთად - სრული სიბრიყვეა, სხვანაირად უეჭველად მოიკლავ თავს“.
კირილოვს უნდა დაამტკიცოს, რომ შეიძლება გახდეს „კაცთ ღმერთი“.
„- მე მოვიკლავ თავს, რათა დავამტკიცო ჩემი ქედმოუხრელობა და ახალი საშინელი თავისუფლებაო“.
კირილოვის აზრით კაც-ღმერთად ქცევის ერთადერთი პირობა საგნებისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებაშია და იგი თავს იკლავს.
ათეიზმისაგან ლოგიკურად გამომდინარეობს თვითმკვლელობა და თუ კაცობრიობა ამ გზით ივლის, იგი თავის არსებობას შეწყვეტს - გვეუბნება დოსტოევსკი.
სრულიად ზედმეტია კამათი კირილოვის სოფისტიკასთან. კირილოვიც ისეთივე მანიაკია, როგორც „მოზარდის“ ერთ-ერთი გმირი, რომელსაც არაჩვეულებრივად მოუნდა დაესტვინა ეკლესიაში იმ დროს როცა იქ მამამისის ცხედარი ესვენა, ბოლოს ვერ მოითმინა და დაუსტვინა კიდეც.
დოსტოევსკის ეშმაკებისადმი ჩვენ შეგვიძლია ისეთივე დამოკიდებულება ვიქონიოთ, როგორც ავტორს აქვს მათდამი: გონებააბნეული „ფილოსოფოსი“ კირილოვი საზიზღარ სიმხდალეს ამჟღავნებს სიკვდილის ჟამს (სახე დაღმეჭილი აქვს, სიბნელეში, კარადას მოფარებული, ხელზე უკბენს ვერხოვენსკის!). სტავროგინი თავს იხრჩობს; უკეთესი ბედი არც ვერხოვენსკის და სხვა ავანტურისტებს ხვდათ წილად.
რომანს ეწოდება „ეშმაკეულნი“. მწერილის აზრით, რუსეთს მოევლინენ ეშმაკები - „რევოლუციონერები“ და მათგან ისევე უნდა განთავისუფლდეს ქვეყანა, როგორც ქრისტემ გაანთავისუფლა ერთი ადამიანი მასში დაბუდებული ეშმაკისაგან (ლუკას სახარება, თავი 8,32 – 33 მუხლი). რევოლიციის ასეთ მისტიკურ და დამახინჯებულ გაგებას სინამდვილესთან საერთო არაფერი ჰქონია.

* *
დოსტოევსკი ეუბნებოდა ერთს თავის მეგობარს: „...Решитесь на какой-нибудь внезапный, отчаянный шаг, который-бы перевернул всю жизнь вашу. Сделайте так,чтобы кругом вас было все другое, все новое,чтобы вам пришлось работать, бороться: тогда и внутри вас все будет ново, тогда вы познаете радость жизни, будете жить как следует .“
დოსტოევსკის გაორებული გმირებიც სწორედ ასე იქცევიან. მათს ცხოვრებაში საბედისწერო გარდატეხის მომენტი სხვადასხვა სახეს ღებულობს. დოსტოევსკი ფიქრობდა, რომ ადამიანი, საზოგადოდ, გარეგანი პირებისაგან დამოუკიდებელიც კი, დაქვემდებარებული იყო მოპირდაპირე საწყისების ჭიდილს და რომ ადამიანის გული სატანის და მადონას იდეალების ბრძოლის სარბიელს წარმოადგენდა. თუ მის გაორებულ ადამიანში გონება ან ვნება იყოს უპირატესი - გარდატეხის შემდეგ იგი ან თავისთავს ანადგურებდა (როგორც მაგ., სვიდრიგაილოვი „დანაშაულსა და სასჯელში“) ან სულიერი კათარზისის სფეროში ექცეოდა (რასკოლნიკოვი, დიმიტრი და ივანე კარამაზოვები...). მხოლოდ ბოროტისა და კეთილის რწმენის ადამიანებში ხედავდა დოსტოევსკი თავის ედეალს (ალექსი კარამაზოვი, მიშკინი...).
ჯერ პირველი კატეგორიის ადამიანების შესახებ.
„ძმები კარამაზოვების“ ერთ-ერთი გმირი დიმიტრი კარამაზოვი ეუბნება თავის ძმას ალექსის: „თუ უფსკრულში დავექანები, მაშინ პირდაპირ თავდაყირა დავეშვები და კმაყოფილი ვიქნები კიდევაც, რომ ასეთს დამამცირებელს მდგომარეობაში ვვარდები და ჩავთვლი მის სილამაზედ. და აი, სწორედ ამ სირცხვილის ჟამს უეცრად წამოვიწყებ ჰიმნსო“. ცოდვა, დანაშაული, ცხოვრების მიმართ გონებაჩაურეველი სიყვარული, როგორც მხილება სატანური ვნებით შეპყრობილთა ბუნების ერთი მხარისა, როგორც გადახვევა ყოვედღიურობის ნორმიდან, ტკბობა „ობობას ვნებიანობით“ და, ბოლოს, ანალიზი ამ დანაშაულისა, მთელი ძალების დაძაბვა მისგან განთავისუფლების მიზნით - აი ცენტრალური მომენტი დიმიტრი კარამაზოვის სულიერი დიალექტიკისა. „ეშმაკი ებრძვის ღმერთს, ხოლო ბრძოლის ველი - ადამიანთა გულიაო“- აცხადებს იგივე დიმიტრი. „ძმები კარამაზოვები“ არსებითად ამ ბრძოლის სურათს გვიხატავს. მოქმედება სწარმოებს პროვინციულ ქალაქში, რომლისთვისაც მწერალს ტიპიური სახელი მოუძებნია - სკოტოპრიგონიევსკი. გადაგვარებული აზნაურული ოჯახი კარამაზოვებისა მართლაც პირუტყვულ, ბნელ ვნებათა ბუდეა. ამ ოჯახის მეთაურია სამი ძმის (დიმიტრის, ივანეს, ალექსის) და ერთი უკანონო შვილის (ლაქია სმერდიაკოვის) მამა ფეოდორ პავლეს ძე კარამაზოვი, წითურა, გარყვნილი ბებერი. დიმიტრი სისხლისმიერი ნაშიერია ავხორცი მამისა, ათეისტ და გონებრივად უზნეო ივანეს თითქოს მემკვიდრეობად მიუღია მამის ურწმუნოება, სმერდიაკოვი კი ფეოდორ პავლეს ძის პირუტყვული ვნების ნაყოფია (გარყვნილ მამას იგი მათხოვარ ქალ ლიზავეტა სმერდიაშჩაიასგან შესძენია). მხოლოდ „ანგელოზისებური წმინდა“ ალიოშა არ ჰგავს მამას, მაგრამ ეს ალიოშა საერთოდ არაა რეალური ხასიათი, მიუხედავად ავტორის სურვილისა - გამოაცხადოს იგი რომანის მთავარ გმირად და რეუალური თვისებითაც აღჭურვოს (თითქოს ამ კარამაზოვშიაც არის რაღაც მისი ძმებისათვის დამახასიათებელი ავხორცობისა!).
რომანის ფაბულა, ძალიან მოკლედ, ასეთია:
სკოტოპრიგოენიევსკში ცხოვრობს ახალგაზრდა ლამაზი მეშჩანი ქალი გრუშენკა, რომელიც მოწიფულობისას შეუცდენია ვინმე პოლონელ პანს და შემდეგ მიუტოვებია. მრავალი წელია უცდის გრუშენკა თავის შემცდენელს. მდიდარ ფეოდორ პავლეს ძეს კი მისი საბოლოოდ ხელში ჩაგდება სწადია და ეცილება დიმიტრის, რომელიც მამასთან არ ცხოვრობს და, რომელსაც აგრეთვე გრუშენკა უყვარს. ფეოდორ პავლეს ძე არ სცხრება, ის ეძებს მარჯვე შემთვევას და უნდა თავის ბინაზე მიიტყუოს გრუშენკა, რომლისთვისაც საჩუქრად მას ფული აქვს შენახული სასთუმალქვეშ (სამი ათასი მანეთი ჩაუდვია კონვერტში და გარედან დაუწერია: „Ангелу моему Грушенке коли захочит придти“ ამ წარწერით არ დაკმაყოფილებულა იგი და გრამატიკაზე გამწყრალს რამდენიმე დღის შემდეგ გაუგრძელებია: „И цыпленочку“). ერთხელ, ღამით, გრუშენკა ქალაქიდან გადაიკარგება. იჭვიანი და მოჩხუბარი დიმიტრი შეუვარდება მამას, მზადაა მოკლას იგი, მაგრამ რწმუნდება, რომ გრუშენკა იმ ღამით, ფეოდორ პავლეს ძესთან არ მისულა და უკანვე გარბის. გზად, მამის ბაღშივე, იგი უნებურად ასახიჩრებს უდანაშაულო სახლის კაცს გრიგორის. ბოლოს დიმიტრი მიაგნებს გრუშენკას კვალს, იგი მახლობელ სადგურში იმყოფება გზადმიმავალ პოლონელ პანთან, რომელსაც თავისი ჩამოსვლა უცნობებია გრუშენკასათვის. დიმიტრი დამთხვეულივით შეუვარდება მათ და ექსტატიურ ლხინს მართავს. მაგრამ დიმიტრის იმავე ღამეს აპატიმრებენ და მამის მკვლელობას აბრალებენ. სწორედ იმ მომენტში, როდესაც დიმიტრი სტოვებდა საძულველი მშობელის კარმიდამოს, ვიღაცას მოუკლავს ფეოდორ პავლეს ძე (როგორც შემდეგში ირკვევა - ლაქია სმერდიაკოვს, რომელიც დაინტერესებული ყოფილა ხელთ ეგდო გრუშენკასათვის განკუთვნილი ფული). ყველა საბუთი დიმიტრის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს. მართალია, დიმიტრის ძმა ივანე გამოსტეხს სმერდიაკოვს, მაგრამ ეს უკანასკნელი სასამართლო პროცესის დაწყების წინ თავს იხრჩობს, ხოლო გონებაშერყეული ივანეს აბნეულ ჩვენებას არავინ იჯერებს. დიმიტრი კარამაზოვმა უნდა იტვირთოს თავისვე ჯვარი გოლგოთამდე, თუმცა ფაქტიური მკვლელი იგი არაა.
თუ რასკოლნიკოვის სულიერი აღორძინება დაიწყო ნამდვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დიმიტრის სულიერი გარდატეხა თითქოს იწყება შესაძლებელი დანაშაულის შემდეგ: იგი დაინახავს თავისი ავხორცული ცხოვრების მთელს უფსკრულს, ადამიანებისადმი ყოვლისშემბრალებელი, ქრისტიანული სიყვარულით აღივსება და ოდესღაც თავაღებულ მოჩხუბარს ცრემლები ადგება თვალზე საპატიმროში სიზმრად ნახული მტირალი ბავშვების დანახვაზე.Почему плачет дитё?! - ათრთოლებული კითხულობს იგი.
ასე, - ყოველთვის დგება საბედისწერო და მნიშვნელოვანი გარდატეხის მომენტი, რომლის შემდეგ დოსტოევსკის გაორებული გმირების ცხოვრებაში ახალი ხანა იწყება. მაგრამ საყურადღებოა ის გარემოება, რომ ახალი ხანის სურათი მხოლოდ განყენებულად არის ნავარაუდევი და მკითხველი მის მკრთალ კონტურებსაც ვერ ხედავს. დოსტოევსკის გმირები (რასკოლნიკოვი, დიმიტრი კარამაზოვი...) შედიან ზნეობრივი კათარზისის სამყაროში, მაგრამ ეს კათარზისი, ეს ზნეობრივი განწმენდა და აღორძინება ბინდბუნდითაა მოცული.
ღრმა გარდატეხის მომენტი უდგებათ დოსტოევსკის იმ გმირებსაც, რომელთა არსებაში უპირატესია აზრი, გონება.
ივანე კარამაზოვი მოაზროვნე, მაგრამ გაორებული, სკეპსისით დასნეულებული ადამიანია. მას ჩინებული იურიდიული განთალება მიუღია და საკუთარი ღირსების შეგნებით უჭირავს თავი. ივანეს „ევკლიდური“ ჭკუა ანალიზს არის ჩვეული, მიუხედავად ამისა, იგი აცხადებს, რომ პირადპირ წარმართული, კარამაზოვისეული ვნებიანობით უყვარს ცხოვრება: „რომ არ მჯეროდეს ცხოვრების, რომ გამომეცვალოს რწმენა საყვარელი ქალისადმი, დავკარგო რწმენა საგნების წესრიგში, ვიგემო იმედგაცრუების ყველა საშინელება, - მე მაინც მოვისურვებ ცხოვრებასაო,“ - ეუბნება იგი თავის ძმას ალექსის. „ცხოვრება უნდა გიყვარდეს, ვიდრე მისი აზრი?“ - ეკითხება ეს უკანასკნელი ივანეს და ესმის პასუხი: „უეჭველად ლოგიკის უწინარეს უნდა შეიყვარო იგიო“.
მაგრამ ივანეს კრიტიკულ გონებას არ შეუძლია მთლად ბრმად მიენდოს ცხოვრების პირუტყვულ ზეიმს, არ შეუძლია სინამდვილის არსებული ცხოვრების გაზიარება. აქ იმალება ღმერთის წინააღმდეგ მიმართული მისი გრანდიოზული, პირდაპირ რევოლუციური „ამბოხის“ მთავარი მიზეზი, რომლის შესახებ ქვემოთ ვილაპარაკებთ.
ოდესღაც სოციალისტის ივანეს ათეისტურ საუბრებს გულდასმით ისმენს ლაქია სმერდიაკოვი და მოხიბლულია თავისი იდეური მოძღვრის ფორმულით - „ყველაფერი ნებადართულია“. ამ ფორმულით შთაგონებულმა სმერდიაკოვმა წუთისოფელს გამოასალმა საძულველი მამა, ხოლო შემდეგში ივანეს განუცხადა - მე კი არა, თქვენ ხართ მამის ნამდვილი მკვლელიო.
რამდენიმე სიტყვა ამ ტიპის გამო.
ეპილეპტიკოს სმერდიაკოვს ჩვეულებად ჰქონდა წვნიანში დიდ ხანს ეძებნა კოვზით რაღაც, იხრებოდა თეფშზე, აკვირდებოდა, ასწევდა კოვზს მაღლა და უეჭველად აღმოაჩენდა შიგ ხოჭოს ან ბუზს. „ანალიტიკოსი“ და „ფსიქოლოგი“ სმერდიაკოვიც ასე იქექება სხვის ფიქრებში. პოეზია არ უყვარს („ვინ ლაპარაკობს რითმებით?“ - კითხულობს იგი), სამაგიეროდ გიტარას უკრავს. მჭვრეტელია, დინჯი და შურისმაძიებელი. შემზარავი სახეა ყველა სულიერად დაკნინებულთა. ამიტომ იქცა „სმერდიაკოვი“ სულმდაბალთა ზედმეტ სახელად.
და აი ეს კაცია ივანე კარამაზოვის სულში ეშმაკის სახით ჩაბუდებული. როდესაც გონებადაბნეული ივანე ვადმყოფობის ჟამს საუბარს უმართავს ეშმაკს, იგი ეუბნება ზმანებაში მის წინ ატუზულ ლანდს - „შენ - ეს მე ვარო!“ დოსტოევსკის სურს თქვას, რომ ივანე ცდილობს თავისი გონებიდან გამოდევნოს ეშმაკი, ე.ი ათეისტური აზრი, რომელიც მახინჯია თეორიულდ და მატერიალურადაც. რადგან მის ზმანებაში გამოცხადებულ ეშმაკს ლაქიის, ე.ი. სმერდიაკოვის გარეგნობა აქვს. ცივი, ანალიტიკურად გონება ცხოვრებაში ყოველთვის, ნებსით თუ უნებლიეთ, მახინჯ არსებასთან ამყარებს კავშირს - გვეუბნება დოსტოევსკი. ამ ცივი გონებისაგან განთავისუფლებული ივანე უნდა ყოფილიყო აღორძინებული და განწმენდილი ადამიანი.

* *
ჩვენ დავინახეთ, რომ დოსტოევსკისთან მოქმედებას ყოველთვის წინ უსწრებს აზრი. „ეშმაკეულთა“ შორის აზროვნებს სტავროგინი, მოქმედებენ კი სხვები, მისი მსმენელნი; ივანეს ათეიზმი აქეზებს სმერდიაკოვს მამის მკვლელობაზე და ა. შ. დიდად საგულისხმოა, რომ დოსტოევსკის „მოაზროვნეები“ თვითონ მოკლებულნი არიან აქტიური მოქმედების უნარს ან მოქმედების დასაწყისშივე ამჟღავნებენ სრულს უსუსურობას (რასკოლნიკოვი). მათ თავში მხოლოდ იბადებიან აზრები („თეორიები“), ამ აზრების პრაქტიკული რეალიზაცია კი მახინჯი ადამიანების საქმეა. მაშასადამე: თავის გარსში ჩაკეტილი და უმოქმედო აზრი შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გაობიექტურდეს, როგორც სიმახინჯე. თუ ასეა, მაშინ აზრი, პოტენციურად უნდა შეიცავდეს თვითონ ამ სიმახინჯეს „Ум-подлец“ ! - ეუბნება ივანე კარამაზოვი თავის ძმას ალექსის და მის აღსარებაში ისმის დოსტოევსკის ხმა.
გონებისა და აზრისადმი ამგვარი სკეპსისით დოსტოევსკი გზას უკაფავდა კვიეტიზმის ყალბ ფილოსოფიას, რაზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი.

* *
მაგრამ როგორ გამოიყურებიან რწმენის ადამიანები დოსტოევსკის რომანებში?
სინამდვილისადმი პასიურ დამოკიდებულებას, სულიერ სიმშვიდესა და სათნოებას, როგორც ადამინთა შორის ძმობისა და სიყვარულის ერთადერთ დასაყრდენსა და პირობას, ასახიერებენ დოსტოევსკის საყვარელი გმირები - მამა ზოსიმე და მისი მოწაფე ალექსი კარამაზოვი („ძმები კარამაზოვები“), აგრეთვე თავადი მიშკინი („იდიოტი“). ისინი არ არიან მებრძოლნი და ფიქრობენ, რომ ბოროტებისათვის წინააღმდეგობის გაწევა ახალ ბოროტებას წარმოშობს ხოლმე. ეს თვალსაზრისი აქცევს მათ ინერტულ არსებებად. მიშკინის მისია - იქადაგოს სიყვარული აფთართა შორის - მარცხით მთავრდება. რაც შეეხება ალექსი კარამაზოვს, მისი ხალხში დაბრუნება (მონასტრის დატოვების შემდეგ) ვრცლად უნდა ყოფილიყო მოთხრობილი რომანის მეორე ტომში , რომლის დაწერა ავტორმა ვერ მოასწრო. დანამდვილებით შეიძლება ითქვას: თუ დოსტოევსკი თავისი კვიეტიზმის ერთგული დარჩებოდა, იგი ხორცს ვერ შეასხამდა პირველ წიგნში ლანდივით მოძრავ სახეს ალექსისას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ალექსიც მუხლს მოიყრიდა ცოდვილიანთა წინაშე ისევე, როგორც მისი სულიერი ამღზრდელი მამა ზოსიმე იჩოქებდა ავხორცი დიმიტრი კარამაზოვის წინაშე. მკითხველმა იცის, რომ სიკვდილის შემდეგ ამ ზოსიმეს გვამი საშინელ მყრალ სუნს გამოსცემს. ხომ არ უმზადებდა ავტორი ასეთსავე აპოთეოზს თავის ანემიურ გმირს?
მსოფლიო ლიტერატურას სრულიად არაფერი დაუკარგავს იმით, რომ „ძმები კარამაზოვების“ მეორე წიგნი არ დაწერილა. დოსტოევსკის არ ეხერხებოდა დადებითი გმირების ასახვა. მისი იდეალური გმირები მხატვრულადაც უფერულნი და უსიცოცხლონი არიან.
შეიძლება აქ ჩვენ მოგვაგონონ შატოვი, მაგრამ იგი ხომ გაორებულია. ათეიზმისა და ათეისტების ეს შეურიგებელი მტერი ამბობს: „არც ერთი ერი ჯერ არ დაფუძნებია გონებისა და მეცნიერების საწყისებსო“. „არასოდეს არ ყოფილა ერი რელიგიის გარეშე, ანუ ბოროტისა და კეთილის შეგნების გარშემო“ - უმტკიცებს იგი სტავროგინს. მაგრამ აი სტავროგინი დაჟინებით ეკითხება მას: „მინდოდა ერთი რამ გამეგო: გწმათ თქვენ ღმერთი თუ რა?“ შატოვს ენა ებმის: „,მე მწამს ქრისტეს სხეული... მე მწამს, რომ მეორედ მოსვლა რუსეთში მოხდება... მე მწამს... - წაილუღლუღა შატოვმა აღტყინებით. - მაგრამ ღმერთი? - მე... მე ვირწმუნებ ღმერთსო“ - მიუგებს იგი სტავროგინს.
მკითხველი ატყობს, რომ პასუხში ისმის კრიტიციზმი, რომ შატოვიც გაბზარული რწმენის მატარებელია.
ასეთივე გაბზარული რწმენის მატარებელი იყო თვითონ დოსტოევსკიც, რომელიც ამბობდა: ჩვენ ყველანი ურწმუნოების საუკუნის შვილები ვართო.
რელიგიური სკეპსისი, რომელიც შატოვის აღსარებაში გამოსჭვივის, ღმერთისადმი გრანდიოზული პროტესტის სახით გამოიხატა ივანე კარამაზოვის „ამბოხში“.

* *
ივანე არაა დაინტერესებული კითხვით: „ღმერთმა შეჰქმნა ადამიანი თუ ადამიანმა ღმერთი“. იგი უარს ამბობს ქვეყნის მიღებაზე საერთოდ, რადგან ეს ქვეყანა აღსავსესეა გაუმართლებელი წამებით, ქვეყანა, სადაც უაზრო სასჯელის ტვირთი წილად ხვდათ უდანაშაულო ბავშვებსაც კი. სწორედ ბავშვების მაგალითზე სურს ივანეს თვალსაჩინო გახადოს მიზეზი თავისი ამბოხებისა ქვეყნისა და სამყაროს მიმართ. იგი აჰყვება რამდენიმე ეპიზოდს. აი ერთი მათგანიც:
ხუთი წლის გოგონას რატომღაც შეიჯავრებენ მშობლები, „პატივცემული, განათლებული და ზრდილი ადამიენები“. ისინი ყოველმხრივ სტანჯავენ მას ფეხით ჰქელავენ, მთელს ტანს ულურჯებენ ცემით. ბოლოს სიცივესა და ყინვაში ბინძურ ადგილას ამწყვდევენ და ღამით რომ არაფერი მოითხოვოს („თითქოს ხუთი წლისას, თავისი ანგელოსური ღრმა ძილის დროს შეეძლო რაიმე მოეთხოვა“), „მისივე განავლით გაუთხუპნიან სახეს და აიძულებენ სჭამოს იგი. და ამას დედა, დედა აიძულებდა ბავშვს. და ამ დედას შეეძლო დაეძინა იმ ღამით, როცა ისმოდა კვნესა საბრალო გოგონასი, როცა პატარა არსება, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეეძლო გაეგო რას უშვრებოდნენ მას, სიცივესა და ყინვაში პაწია მუშტებს იცემდა მკერდში და თავისი კეთილი, სათნო ცრემლებით ემუდარებოდა „ბოჟენკას“, რათა მას დაეცვა იგი“.
არავის არ შეუძლია რომანის ამ ადგილის წაკითხვა შეურხევლად!
ივანე პირადპირ აწამებს თავის მშვიდ, ღვთისმოშიშ ძმას ალექსის ამგვარი ეპიზოდების თხრობით. აი კიდევ როგორ ამბავს ჰყვება იგი:
ერთ გენერალს, რომელიც მონადირე ძაღლებითა და ხუმარებით გარემოცული ცხოვრობდა თავის მამულში, დიდი ამბავი შეემთხვა: ყმა გლეხის ერთმა ბიჭუნამ ქვით დაუშავა ფეხი მის მწევარს. „რატომ დაკოჭლდა ჩემი საყვარელი ძაღლიო “ - კითხულობს გენერალი. უთითებენ ბალღზე. „ა, ეს შენა?! - აათვალიერ-ჩაათვალიერა გენერალმა. - წაიყვანეთ! წაიყვანეს, გამოსტაცეს დედას, მთელი ღამე ამყოფეს „კუტუზკაში“. სისხამ დილით, სანამ გენერალი მთელი თავისი ამალით, მწევრებით, მეძებრებითა და მოსამსახურეებით სანადიროდ გაემართებოდა, ბიჭუნა გამოიყვანეს მის წინაშე. იდგა შემოდგომის ცივი, მოღრუბლული დღე. გენერალი ბრძანებას გასცემს - გააშიშვლონ ბავშვი. აშიშვლებენ. ბიჭუნა ცახცახებს და შიშისაგან გაგიჟებულს არ შეუძლია ენის დაძვრა. „Гони его!“ - ისმის გენერლის შეძახილი. „Беги, беги“ - უყვირიან მას ბაზიერნი, ბავშვი გარბის. „Ату его!“ - ღრიალებს გენერალი და მიუშვებს ბალღზე ძაღლებს, რომლებიც დედის თვალწინ დაღრნიან და ნაფლეთებად აქცევენ ბავშვს. ივანე ამთავრებს ამბავის მოთხრობას და მიმართავს ძმას: „Ну...что же его? Расстрелять?Для удовлетворения нравственного чувства расстрелять? Говори, Алеша!.
- Расстрелять!- тихо проговорил Алеша, с бледною, перекосившеюся какою-то улыбкой, подняв взор на брата.
ასეთია პასუხი სათნო, ქრისტიანი ალიოშა კარამაზოვისა! მით უმეტეს სრული უფლება აქვს ივანეს უარი სთქვას იმ მომავალ ჰარმონიაზე, რომელიც ქრისტეს მცნებათა საბოლოო დამკვიდრებას უნდა მოჰყოლოდა იმ ქვეყნად. „არ მინდა ეს ჰარმონია, კაცობრიობისადმი სიყვარულის გამო არ მინდა... ძალზე ძვირად შეაფასეს ეს ჰარმონია, ჩვენს ჯიბეს არ შეუძლია ამოდენის გადახდა იქ შესასვლელად... ამიტომაც ვჩქარობ და იქ შესასვლელ ბილეთს უკანვე ვაბრუნებო“ -აცხადებს ივანე: „Я не бога не принимаю, пойми ты это, я мира-то божьяго не принимаю и не могу согласиться принять!“ - ეუბნება ივანე თავის ძმას.
ეს ამბოხია! - ასკვნის ალიოშა.
დიაღ, ეს ამბოხია და მსოფლიო ლიტარეტურაში უცნობია უფრო დიდი ამბოხი ღმერთის მიერ შექმნილი წესრიგის წინააღმდეგ. იგი თითქოს გამოთიშულია ცინიკოს ივანეს საერთო სახიდან. დოსტოევსკი შიგნიდან აფეთქებს - თავისივე სურვილის წინააღმდეგ - ბოროტებისათვის წინააღმდეგობის გაუწევლობის, ქედმოხრისა, ტანჯვის აუცილებლობისა და უდრტვინველობის ფილოსოფიას. შიგნიდან აფეთქებს რომანში აგებული რელიგიური ეთიკის მთელს შენობასაც, ყველაფერ იმას, რასაც ასეთი ფანატიზმით ემსახურებოდა იგი რამდენიმე ათეული წლის მანძილზე! რომანში ჩვენ ვერ ვპოულობთ ოდნავადაც ანგარიშსაწევ არგუმენტს ივანეს ამბოხების გასაქარწყლებლად. „დაიხვრიტოს!“ - ჰკივის დოსტოევსკის საყვარელი გმირი ალექსი კარამაზოვი. ეს არის კაცობრიობის, თვითონ დოსტოევსკის, სინდისის კივილი სინამდვილეში არსებული დისჰარმონიის წინააღმდეგ. და ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მორალისტი დოსტოევსკი უმწეოა თავისივე ღრმა ინტელექტის კეთილშობილური რენეგატობის წინაშე (დიდი ხნის მკვდარმა პეტრაშეველმა თითქოსდა მასში ერთხელ კიდევ დაამარცხა უშფოთველი და სინამდვილესთან შერიგებული მიშკინი). მართალია, დოსტოევსკი ცდილობს გაკიცხოს ინტელიგენტი და ანალიტიკოსი ივანე, დროებით გონებასაც უბნელებს მას, მაგრამ არსად და არასდროს არ უჩვენებია დოსტოევსკის სწორედ აზრისა და გონების ისეთი ზეიმი, როგორც ივანეს „ამბოხში“. მართალია, დოსტოევსკისათვის უცნობია სოციალური დისჰარმონიიდან გამოსასვლელი გზა, მაგრამ მისი აზრი, მთელი მისი გონება, ივანეს ამბოხის სახით, ამ დისჰარმონიის წინააღმდეგაა მიმართული და გასხივოსნებულია ღრმა ჰუმანიზმით. აზრი და გონება, თუ ის გამთბარია ნაწამები კაცობრიობისადმი უსაზღვრო სიყვარულით, ყოველთვის დიადი, უმწიკვლო და რევოლუციურია - ასეთი მოულოდნელი დასკვნა გამომდინარეობს დოსტოევსკი უკანსკნელი რომანის ყველაზე ძლირი ფურცლებიდან.
ეს ფურცლები ანთებული ანთებული ნერვებითა და კეთილშობილური მძვინვარებითაა დაწერილი. და თითქოს შორეული წარსულიდან შემოგვცქერიან გენიალური მწერლის მოყავისფრო, უპეებში ღრმად ჩამჯდარი თვალები, რომლებსაც სუფთა ცრემლები მოსდგომიათ.