Litclub.ge

შემომეყარა ყივჩაღი
მუხრანული

შემომეყარა ყივჩაღი
სამზღვარს მუხრანის გზისასა,
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა.
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა,
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც,
მიმყვანდა სიდედრისასა.
ან კი ცოლს როგორ მივცემდი-
შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოხვია, აკოცა,
მოზიდნა ნაწნავს თმისასა
შესტირა საბრალო ქალმა:
,,ვაი ცოლს, ცუდის ყმისასა".
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდნე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა.
მაგრამ დაუცთა მუხანათს,
ვენაცვალე მადლსა ღვთისასა,
ახლა მე შემოვუქნიე,
ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა.
გავჭერი ცხენი და კაცი
წვერიც მომიხვდა ქვიშასა,
არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას ნათელის მზისასა,
ცოლის სიდედრსა მივგვარე,
ის კი იქა სჭამს ქვიშასა.