Litclub.ge

ბანალური ამბავი
მოკლედ, იგი ფორთოხალს ჭამდა და კურკებს ნელ-ნელა ისროდა. გარეთ თოვლჭყაპი იწყებოდა. ოთახას ელექტროღუმელი სრულიად არ ათბობდა. ის მოცილდა საწერ მაგიდას და ღუმელზე დაჯდა. რა განცხრომაა! ახლა იგრძნო ცხოვრების ფასი.

მან კიდევ ერთი ფორთოხალი აიღო. შორს, პარიზში, მასკარმა მეორე რაუნდშივე დაანარცხა დოყლაპია დანი ფრაში. უფრო შორს, მესოპოტამიაში ოცდაერთფუტამდე მოთოვა. მსოფლიოს მეორე კიდეზე, შორეულ ავსტრალიაში ინგლისელი კრიკეტისტები თავისი კარის გამაგრებაზე ზრუნავდნენ. აი სადაა რომანტიკა!

ხელოვნებისა და მწერლობის მესვეურებმა ყურადღება მიაქციეს ჯურნალ “ფორუმს”, – კითხულობდა იგი. ესაა მოაზროვნე უმცირესობის მეგზური, ფილოსოფოსი და მეგობარი. პრემირებული მოთხრობები, ვინ იცის, მათი ავტორები ხვალ იქნებ ბესტსელერებს დაგვიწერენ. თქვენ მოგეწონებათ ეს გულთბილი, უშუალო ამერიკული მოთხრობები – ცხოვრებიდან აღებული და თან ჯანსაღი ჰუმორით გამსჭვალული ამბები, რანჩოების სივრცეებზე, მრავალბინიან სახლებსა და მყუდრო განმარტოებულ კოტეჯებზე.

“მე უნდა წავიკითხო ისინი”, – გაიფიქრა მან.

კითხვა განაგრძო. ჩვენი შვილების შვილები – რა მოელის მათ? როგორი არიან ისინი? საჭიროა დავსახოთ ახალი გზები, რათა მათ ფართო სამოქმედო სარბიელი მივცეთ. საჭიროა ამისთვის ომი, თუ ეს შეიძლება მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარდეს? ან იქნებ ყველას კანადაში მოგველის გადასვლა?

ჩვენი რწმენა – ნუთუ მეცნიერება მოსპობს მას? ჩვენი ცივილიზაცია – ნუთუ იგი ჩამოუვარდება ძველ წყობას…

ამასობაში შორეულ იუკატანის ნესტიან ჯუნგლებში კაუჩუკის ხის მჭრელთა ნაჯახის ხმა გაისმოდა.

რა გვესაჭიროება ჩვენ – ძლიერი ადამიანები თუ კულტურული ადამიანები? თუნდაც, მაგალითად ჯოისი. ავიღოთ პრეზიდენტი კულიჯი. რომელი დიდი ადამიანი შეიძლება დავუსახოთ მანათობელ ვარსკვლავად ჩვენს სტუდენტობას? ჩვენ გვყავს ჯეკ ბრიტონი. ჩვენ გვყავს დოქტორ ჰენრი ვან დაიკი. შეიძლება მათი თვისებების სინთეზი? გავიხსენოთ ახალგაზრდა სტრიბლინგის საქმე.

რა მოელის ჩვენს ქალიშვილებს, რომლებმაც თვითონ უნდა წარმართონ თავისი ცხოვრების გეზი? ნენსი ჰოთორნი იძულებულია თვითონ წარმართოს თავისი გემი ცხოვრების ოკეანეში, – ის გაბედულად და გონივრულად წყვეტს პრობლემებს, რომელნიც თვრამეტი წლის ასაკიდან ყოველი ქალიშვილის წინაშე წამოიჭრება.

რა შესანიშნავადაა შედგენილი ეს სარეკლამო ფურცელი.

იქნებ თქვენც თვრამეტი წლის ქალიშვილი ხართ? გავიხსენოთ ჟანა დარკის მაგალითი. გავიხსენოთ ბერნარდ შოუ. გავიხსენოთ როსის მაგალითი.

მომავალი 1925 წლის ზღურბლზე გაიხსენეთ ასეთი ფაქტები: არის თუ არა ფუქსავატური ფურცელი პურიტანების ისტორიაში? აქვს თუ არა ატცეკების ღმერთქალ პოკაჰონტას მეორე მხარე, ან აქვს თუ არა მას მეოთხე განზომილება?

და თანამედროვე ფერწერა, პოეზია – ხელოვნებაა ეს? არის და არც არის. თუნდაც პიკასო.

აქვთ მაწანწალებს თავისი ზნეობრივი ნორმები? ჩაიძირეთ ფიქრთა მორევში!

რომანტიკა ყველგან არის. “ფორუმში” წარმოდგენილი ავტორები წერენ საქმის ცოდნით, წარმტაცად და დიდი ჰუმორით. მათ როდი უყვართ ზედმეტი მეცნიერულობა და მრავალსიტყვაობა.

იცხოვრეთ სრულყოფილი გონებრივი ცხოვრებით, განიმსჭვალეთ ახალი იდეებით, დაითვერით უჩვეულო განცდათა რომენტიკით. მან სარეკლამო ფურცელი გვერდზე გადადო.

და ამასობაში ტრიენში თავის დაბნელებულ ოთახში საწოლზე გაჭიმული იწვა მანუელ გარსია მაერა, რომელსაც ორივე ფილტვში კავერნა გასჩენოდა და ფილტვების ანთებით იხუთებოდა. ანდალუზიის ყველა გაზეთმა საგანგებო დამატებანი მიუძღვნა მის სიკვდილს, რასაც უკვე რამდენიმე დღე ელოდნენ. კაცები და ბიჭები სამახსოვროდ ყიდულობდნენ მთელი ტანით გადაღებულ მის სურათებს, და ამ ლითოგრაფიებზე ცქერით კარგავდნენ მაერას იმ სახეს, რომელიც ხსოვნით შემოენახათ. იგი მოკვდა და მატადორებმა შვებით ამოისუნთქეს, რადგან მოედანზე მას ყოველთვის ემარჯვებოდა ისეთი რამეების გაკეთება, რასაც დანარჩენები მხოლოდ ზოგჯერ ახერხებდნენ. წვიმდა, ისინი ყველანი მიაცილებდნენ მის კუბოს, – ას ორმოცდაშვიდი ხართან მებრძოლი გაჰყვა მას სასაფლაომდე, სადაც იგი იოსელიტოს გვერდით დაასაფლავეს. დაკრძალვის შემდეგ წვიმის გამო ყველამ სხვადასხვა კაფეს შეაფარა თავი, – იქ მაერას ბევრი სურათი გაიყიდა, რომელსაც მრგვალად ახვევდნენ და ჯიბეში ინახავდნენ.
 
თარგმანი ირაკლი კენჭოშვილისა