Litclub.ge

სკოლა (თარგმნა ქეთი ქანთარიამ)
მოკლედ, მოვკიდეთ ხელი ბავშვებს და ხეების დასარგავად წავიყვანეთ, გესმით ალბათ, ვიფიქრეთ რომ… ვიფიქრეთ, მათთვის ესეც ერთგვარი განათლება იქნებოდა, რომ ნახავდნენ, ასე ვთქვათ, როგორ ეყრება საფუძველი სისტემებს… რომ ასე მათში პასუხისმგებლობის გრძნობას ვავითარებდით, ზრუნვას, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღებას ვასწავლიდით. გესმით ალბათ, რასაც ვგულისხმობ. ის ხეები კი დახმა. ფორთოხლის ხეები იყო. არ ვიცი, რა იყო გახმობის მიზეზი. ნიადაგს ჭირდა ალბათ რაღაც, ან, შეიძლება, სანერგეებიდან მიღებულმა მასალამ არ ივარგა. ვიჩივლეთ ამის გამო. ოცდაათი ბავშვი გვყავდა წაყვანილი, თითოეულ ბავშვს თავისი საკუთარი ხე უნდა დაერგო, მაგრამ მკვდარი ნერგები კი გვერგო. დაჰყურებდნენ თავ-თავიანთ პატარა, ყავისფერ წკნელებს, დამთრგუნველი სურათი იყო.

ხეების ამბავს კიდევ გადავიტანდით რამენაირად, მაგრამ ერთი კვირით ადრე რომ ყველა გველი დაგვეხოცა… თუმცა, მე მგონი, გველების შემთხვევაში – მოკლედ, მიზეზი, რომლის გამოც გველებმა წერილი წაიღეს, ის იყო რომ… გახსოვთ, შენობაში საქვაბე გვქონდა გამორთული ოთხი დღით, გაფიცვა გვქონდა მაშინ – ამის ახსნა შეიძლებოდა მაინც. ამას რამენაირად აუხსნი ბავშვებს, ხომ ასეა? ეტყვი, რომ გაფიცვის გამო მოხდა. მშობლებს პიკეტის ხაზზე არც ერთი ბავშვი არ გადმოუშვიათ, მაგრამ დაინახეს, რომ გაფიცვა იყო და გაიგეს, რას ნიშნავს გაფიცვა. მოკლედ, როცა სკოლა ისევ ამოქმედდა და ეს მკვდარი გველები აღმოვაჩინეთ, ბავშვები ასე ძალიან უბედურებიც არ ჩანდნენ.

ყვავილების ბაღი რომ ჩავყარეთ, ალბათ მორწყვა მოგვივიდა ზედმეტი, სამაგიეროდ, ახლა ჩვენმა ბავშებმა ის მაინც იციან, რომ მცენარეს ზედმეტი მორწყვა არ უხდება. ალბათ ბაღის მოვლას გადამეტებული კეთილსინდისიერებით მოეკიდნენ და ზოგიერთმა… გესმით, ხომ? ცოტა ზედმეტი წყალი დაუსხა ძირებს, თვალი რომ მოვაშორეთ, ალბათ მაშინ. ან, შესაძლოა… ახლა, მთლად საბოტაჟზე ფიქრი კი არ მინდა თავში გავივლო, მაგრამ არც ესაა გამორიცხული. უნდა გამოვტყდე, რომ ამანაც გაგვიელვა თავში. იმიტომ, რომ ნერგების დაღუპვამდე მექვიშია დაგვეღუპა, მანამდე თეთრი თაგვი მოგვიკვდა, უფრო ადრე – სალამანდრა… კი ბატონო, ახლა ჩვენმა ბავშვებმა ისიც იციან, როგორ უნდა დაასაფლაონ ასეთი ცხოველები ცელოფნის პარკებით.

რა თქმა უნდა, ტროპიკული თევზების სიკვდილს უკვე მოველოდით, ეგ ჩვენთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. ერთიანად მუცელზე ამოტრიალებულები და დაკრუნჩხულები დაგვხვდნენ. რას იზამ, ჩვენი გაკვეთილების გეგმა მაშინ ტროპიკულ თევზსაც მოიცავდა, ჩვენ რას გავხდებოდით, ეგ ყოველ წელს ხდება, ეგ რაღაცნაირად უნდა გადააგორო ხოლმე.

აი, ლეკვის ყოლა კი ჩვენთვის არავის დაუვალებია.

არ დაუვალებია ნამდვილად, მაგრამ ერთ მშვნიერ დღეს მერდოკების გოგონამ ,,გრისტედის“ სატვირთო მანქანის ქვეშ მიწოლილი იპოვა, შეეშინდა, რომ როცა მძღოლი საქონლის დაბინავებას მოამთავრებდა, მანქანა ლეკვს გადაუვლიდა, ამიტომ ზურგჩანთაში ჩაისვა და სკოლაში წამოიყვანა. აი, ამიტომ გვყავდა ის ლეკვი. დავინახე თუ არა, მაშინვე გავიფიქრე, თავს დავდებ, ეს აქ ორ კვირასაც ძლივს გაჭიმავს-მეთქი და მერე… მერე მართლა ასე არ მოხდა? კლასში არ იყო მაგის ადგილი, რომელიღაცა რეგულაცია გვიკრძალავს, მაგრამ როგორ გინდა, ბავშვებს გააგებინო, ლეკვის ყოლა არ შეიძლებაო, როცა ეს ლეკვი უკვე მოყვანილია, მათ თვალწინ, იატაკზე დარბის და – ყეფს და წკავწკავებს. ედგარი დაარქვეს ბავშვებმა – ანუ ჩემი სახელი. სულ კუდში დასდევნდნენ და ძალიან ერთობოდნენ, ,,მოდი ჩემთან, ედგარ! რა საყვარელი ხარ, ედგარ!“ იყო ერთი სიცილ-ხორხოცი. ეს ორაზროვნება ართობდათ. მეც კი მართობდა. რომ მაშაყირებდნენ, ეგ არ მანაღვლებდა. საკუჭნაოში პატარა სახლი მოუწყვეს, მთელი ამბავი. არ ვიცი, რამ მოკლა. ძაღლის ჭირმა, ჩემი აზრით. აცრილი არ იქნებოდა. შენობიდან მანამდე გავიტანე, სანამ ბავშვები სკოლაში მოვიდოდნენ. ყოველდღე ვამოწმებდი საკუჭნაოს, იმიტომ რომ ვიცოდი, რაც მოხდებოდა. დაცვას დავავალე მისი დასაფლავება.

მერე კორეელი ობოლი ბავშვის ამბავი მოხდა, რომელზე ზრუნვაც კლასმა პროგრამის ,,დავეხმაროთ ბავშვებს“ ფარგლებში ითავა. თვეში ერთი კვირით ბავშვებს თავ-თავიანთ სახლებში მიჰყავდათ, დახმარების იდეაც ეს იყო. სამწუხარო ამბავი მოხდა. კიმი ერქვა ბავშვს, ალბათ მეტისმეტად გვიანი იყო მასზე ზრუნვა, ან რაღაც ასეთი. წერილში, რომელიც სკოლაში მოგვივიდა, გარდაცვალების მიზეზი არ ეწერა, კიმის სანაცვლოდ სხვა ბავშვს გვთავაზობდნენ და რამდენიმე აღსაზრდელის მონაცემებს გვიგზავნიდნენ, მაგრამ ამის გული აღარ გვქონდა. კლასმა ეს ამბავი ისედაც ძალიან მძიმედ გადაიტანა, ბავშვებს ისეთი განცდა გაუჩნდათ (მე მგონია ასე, თორემ თქმით ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს), რომ თვით სკოლას ჭირდა რაღაც. თუმცა, არა მგონია, ჩვენს სკოლას რამე ჭირდეს, რამე განსაკუთრებული, ამაზე უკეთესი დროც მახსოვს და ამაზე უარესიც. უბრალოდ უიღბლობის პერიოდი გვქონდა. გასაკვირად ბევრი მშობელი გარდაგვეცვალა, მაგალითად, ორი ინფარქტით, ორმა თავი მოიკლა, ერთი წყალში დაიხრჩო, ოთხნი – ავტოავარიაში ერთად მოყვნენ. ერთს ტვინში სისხლი ჩაექცა. ამას გარდა, უჩვეულოდ მაღალი სიკვდილიანობა გვქონდა ბებია-ბაბუებს შორისაც, ან შეიძლება, წელიწადი იყო უჩვეულოდ მძიმე, ვგონებ, ასე იყო. ბოლოს კი ტრაგედია მოხდა.

ტრაგედია მოხდა მაშინ, როცა მეთიუ ვეინი და ტონი მავროგორდო იმ ადგილას წავიდნენ სათამაშოდ, სადაც ახალი სახელმწიფო დაწესებულებისთვის საძირკველი ითხრებოდა. იმ ადგილას სულ დიდი ხის ხიმინჯები იყო აქა-იქ ჩარჭობილი, ხომ იცით, როგორც აკეთებენ, ამოსათხრელი ფართობის მთელ გაყოლებაზე. ამ საქმეზე სასამართლო მოგველის, მშობლებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომ მორები კარგად არ იყო მიწაში ჩასმული. რას გაიგებ, სად სიმართლეა და სად – ტყუილი. უცნაური წელიწადი იყო. მოძღვარ ბილი ბრანდტის ხსენება დამავიწყდა, რომელიც მის ბინაში შეპარულმა ნიღბიანმა მძარცველებმა დანით სასიკვდილოდ დაჭრეს.
ერთხელ კლასში დისკუსია გვქონდა. ბავშვებმა მკითხეს, სად წავიდნენო? სად წავიდნენ ხეები, სალამანდრა, ტროპიკული თევზები, ედგარი, მამიკოები და დედიკოები, მეთიუ და ტონი – სად წავიდნენ ესენი ყველანიო? ვეუბნებოდი, არ ვიცი, არ ვიცი-მეთქი. ბავშვებმა მითხრეს, აბა ვინ იცისო? მე ვუპასუხე, ეგ არავინ იცის-მეთქი. მაშინ ბავშვებმა მკითხეს, სიკვდილია, სიცოცხლეს რაც აზრს ანიჭებსო? მე ვუპასუხე, არა, მხოლოდ სიცოცხლე ანიჭებს აზრს სიცოცხლეს-მეთქი. მაგრამ ბავშვებმა მითხრეს, განა სიკვდილი ის ფუნდამენტური მოცემულობა არ არის, რომლის მეშვეობითაც ყოველდღიურობის თავისთავად განსაზღვრული ამაოების გადალახვა შეიძლებაო?

კი-მეთქი, ვუთხარი, შესაძლოა, ასეცაა-თქო.

არ მოგვწონს ეს ამბავიო, მითხრეს ბავშვებმა.

ვუთხარი, ეგ ძალიან გასაგებია-მეთქი.

ესო, თქვეს ბავშვებმა, მაგარი სირცხვილიაო.

მართალია-მეთქი, მივუგე.

ბავშვებმა მითხრეს, იქნებ ელენთან (ჩვენი, მასწავლებლების ასისტენტი) სექსი გვანახო, რომ გავიგოთ, როგორ ხდება ესო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჰელენი მოგწონსო.

ჰელენი მართლა ძალიან მომწონს, მაგრამ ბავშვებს ვუთხარი, არაფრის დიდებით-მეთქი.

იმდენი რამე გვსმენია ამაზეო, მითხრეს, მაგრამ ნახვით არასდროს გვინახავსო. მე ვუპასუხე, რომ მაშინ სამსახურიდან დამითხოვდენ და რომ ეს სხვის საჩვენებლად არასდროს, ან თითქმის არასდროს გაკეთებულა.

ჰელენმა ფანჯრიდან გადაიხედა.

ბავშვებმა თქვეს, გთხოვთ, გთხოვთ, გვაჩვენეთ ჰელენთან სექსი, ადამიანური ღირებულებების გამყარება გვჭირდება, გვეშინია ჩვენო.

ვუთხარი, რომ არ უნდა შინებოდათ (არადა, მე თვითონ ხშირად მეშინია) და რომ ღირებულებების პოვნა ყველაფერში შეიძლება. ჰელენი მოვიდა და ჩამეხუტა. რამდენიმეჯერ შუბლზე ვაკოცე. მერე ერთმანეთი გულში ჩავიკარით. ბავშვები სიხარულისგან ჭკუაზე არ იყვნენ. მერე კარზე კაკუნი გაისმა და კლასში ახალი მექვიშია შემოვიდა. ბავშვები სიხარულისაგან სულ გადადგნენ ჭკუიდან.