Litclub.ge

ბულბული და ვარდი
ასე მითხრა ჩემმა მიჯნურმა, თუკი წითელ ვარდებს მომართმევ, ვიცეკვებო შენთან, — შესძახა ახალგაზრდა სტუდენტმა, — და ერთი წითელი ვარდიც კი არ ხარობს მთელ ჩემს ბაღში.

 

შორიახლოს, ქვა-მუხის ტოტზე ბუდე გაეკეთებინა ბულბულს. მას შეესმა სტუდენტის ნათქვამი და გაოცებულმა ფოთლებიდან გამოიჭვრიტა.

ერთადერთი წითელი ვარდიც კი არ ხარობს ჩემს ბაღში, — გაიმეორა თვალცრემლიანმა სტუდენტმახანდახან რა მცირე რამ ყოფნის ადამიანს, რომ ბედნიერი გახდეს... ბრძენთა და მისან-სწავლულთა ნააზრევს ვწვდები, ფილოსოფიის იმდუმალებას ვეზიარე და ერთმა, ერთადერთმა წითელმა ყვავილმა კი უბედური უნდა მამყოფოს მთელი ჩემი ცხოვრება.

აი, ჭეშმარიტად შეყვარებული, — თავისთვის თქვა ბულბულმა, — ასეთ მეტრფეზე ვმღეროდი ყოველღამ, თუმც ნანახი არ მყავდა აქამდე. მის შესახებ თავდავიწყებით ვუყვებოდი ღამეულ ცაზე მოკიანთე ვარსკვლავებს და ახლა ნამდვილად ვიხილე ასეთი. ამ ჭაბუკს სუმბულივით მუქი თმები აქვს და მისივე ნანატრი ვარდივით მეწამული ტუჩები. თუმცა, ვაგლახ, სახე გაუფითრა უსასოობამ, ხოლო სევდამ ღაწვნი დაუსეტყვა.

პრინცის სასახლეში დიდი მეჯლისი ეწყობა ხვალ, საღამოხანს, და იქ იქნება ჩემი მიჯნურიც, — დაიჩურჩულა ახალგაზრდა სტუდენტმა, — და თუ მივართვი ნანატრი ვარდი, მე და ის მზის ამოსვლამდე ერთად ვიცეკვებთ. მე ხელს შევახებ მის დალალებს, ის კი ალბათ მხარზე დამაყრდნობს თავს და მე მის სუნთქვას ვიგრძნობ. მე ჩემს ხელში დავიჭერ მის პატარა ხელს და ასე ვიცეკვებთ დიდხანს, დიდხანს... მაგრამ წითელი ვარდი არაა ჩემს ბაღში და ხვალ საღამოს მთლად ეული უნდა ვიყო. მიჯნური ჩემს გვერდით ჩაიარს და ალბათ ვერც შემამჩნევს... ეს კი გულს გამიხეთქავს სწორედ.

იგი მართლაც ჭეშმარიტი მეტრფე ყოფილა! — თქვა ბულბულმა, — იმის სახმილში იწვის, მე რაზეც ვმღერი, და იგივეს გაუწამებია, რაც ჩემი სიხარულის წყაროა. სასწაულმოქმედი მადლია ტრფობა. იგი უფრო მისარქმელია, ვიდრე ზურმუხტი და მოელვარე ლალივით ძნელსაპოვარია. მას ვერ მოისყიდი მარგალიტებით, ვერც ძოწით ან კი ვინმეს სმენია სიყვარულის გაყიდვა? ვინმეს უნახავს ტრფობით მოვაჭრე? საოცარი გრძნობაა მიჯნურობა.

როცა ჰაერში ტკბილ ჰანგებს დაარხევენ მუსიკოსნი, — განაგრძობდა ოცნებას სტუდენტი, — ფლეიტისა და ვიოლინოს ნარნარ ხმებს ნარნარ ტანს ააყოლებს მიჯნური ჩემი, ისე, თითქოს იატაკს არ ეხებიანო მისი ნაზი ტერფები, ბრწყინვალედ ჩაცმული კავალრები წრეს შეჰკრავენ მის ირგვლივ... ჩემთან კი ის არ იცეკვებს, რადგან ვერ მოვუტან წითელ ვარდს. — და სტუდენტმა თავი ხელებში ჩარგო და ქვითინი დაიწყო.

ნეტავი რისთვის ტირის ასე? — ჩაილაპარაკა პატარა მწვანე ხვლიკმა, რომელმაც სტუდენტის გვერდით მოლზე ჩაირბინა.

მართლაც, რა ატირებს? — განცვიფრდა სიფრიფანა პეპელაც, მზის ათინათს რომ დასდევდა ფარფატით.

შენ ხომ არ იცი, რაზე ტირის? — ჰკითხა ღიღილომ მეზობლად გაყურსულ შროშანს.

წითელი ვარდის გამო ტირის, — ჩამოსძახა მათ ბულბულმა.

წითელი ვარდის? როგორ არა რცხვენია? — განცვიფრდნენ ყველანი.

ამის გაგონებაზე პატარა ხვლიკს ხმამაღალი სიცილი აუტყდა (იგი საშინელი ცინიკოსი

იყო).  სტუდენტის გრძნობა მარტო პატარა ბულბულისთვის იყო მახლობელი, რომელიც თავის ბუდეში განაბულიყო და ტრფობის მომხიბვლელობაზე ფიქრს განაგრძობდა. უცებ ფრთები გაისწორა, ჰაერში აიჭრა და ლანდივით გადაევლო ბაღს თავზე.

ბაღის შუაგულში სურნელს აფრქვევდა შესანიშნავი ვარდის ბუჩქი. ბულბული მიფრინდა ბუჩქთან და მის რტოზე დასკუპდა..

მომეცი წითელი ვარდი, — წარმოსთქვა ბულბულმა, — მე კი ჩემს ყველაზე ტკბილ გალობას მოგასმენინებ.

ბუჩქი შეირხა.

თეთრი ვარდები მაქვს მხოლოდ, — თქვა, — ტალღის ქაფივით სპეტაკი და კლდეთა თოვლზე უთეთრესი. წადი ჩემს ძმასთან, ის უძველეს მზის საათთან იზრდება. შეიძლება მას ჰქონდეს, რასაც შენ ეძებ.

ახლა მზის საათისკენ გაეშურა ბულბული და იმ ვარდის ბუჩქთან მიფრინდა, რომელიც მის ძირში ხარობდა.

მომეცი მე წითელი ვარდი! — შესძახა ბუჩქს, — მომეცი, მე კი ჩემს ყველაზე ტკბილ გალობას მოგასმენინებ.

ბუჩქმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

მე ხომ მხოლოდ ყვითელი ვარდები გამაჩნია, — დაიჩურჩულა მან, — იმ ქერუბიმის ნაწნავებივით ყვითელი, ქარვის საწოლში რომ წევს და იმ ზაფრანაზე უყვითლესი, ველზე რომ ჰყვავის თიბვის დაწყებამდე. მიდი ჩემს ძმასთან, ის სტუდენტის სარკმლის ქვეშ ჰყვავის და შეიძლება მას ჰქონდეს, რაც შენ გინდა.

ბულბულმა ახლა იმ ვარდის ბუჩქთან მიიფრინა, სტუდენტის ფანჯარასთან რომ ჰყვაოდა.

მომეცი მე წითელი ვარდი! — დაიძახა ბულბულმა, — და მე ჩემს უტკბეს გალობას მოგასმენინებ.

ბუჩქი აშრიალდა.

მე მხოლოდ წითელი ვარდები მაქვს, — მიეგო მან, — მტრედის პაწია კანჭებივით წითელი და იმ მარჯნებზე უწითლესი, ოკეანის ფსკერზე რომ ხარობენ მარადჟამს. მაგრამ სუსხმა და ყინვამ კოკრები ერთიანად გამიფუჭა, ზამთრის ქარბუქებმა ღეროები სულ დამიმტვრიეს და წელს ვარდებს ვერ მოვისხამ.

მე მხოლოდ ერთი, ერთადერთი ვარდი მჭირდება! — შესძახა ბულბულმა, — მხოლოდ ერთადერთი ვარდი. ნუთუ არ არსებობს რაიმე გზა მის საშოვნელად?

არსებობს ერთი, — დაიჩურჩულა ვარდის ბუჩქმა, — მაგრამ ისეთი საშინელი, თქმასაც ვერ ვბედავ...

თქვი, — უთხრა ბულბულმა, — არაფერს შევუშინდები!

თუ წითელი ვარდი გსურს, — თქვა ბუჩქმა, — შენი გალობით უნდა აღმოაცენო იგი და შენივე გულიდან მდინარი სისხლით მეწამულად შეღებო. მის ეკალს გულმკერდით უნდა მიებჯინო და ასე მიმღერო მთელი ღამის განმავლობაში. ეკალი მკერდს გაგიჭრის, შენი სისხლი ჩემს ტანში გადმოვა, ჩემად გადაიქცევა.

მიმძიმს სიკვდილი ერთადერთი წითელი ვარდისთვის, — თქვა ბულბულმა, — სული მეტად ტკბილია. რა შეედრება აზურმუხტებულ ტყეში ფრენას, ოქროცურვილი მზის და ბროლის საწოლში გარინდული მთვარის ყურებას. ანდა რა ტკბილ სურნელს აფრქვევენ ხოლმე ბუჩქები გაზაფხულობით, რა კარგია ველზე მოღაღანე ღიღილოები და უცხო მანანებით გადაპენტილი კორდები! თუმცა არა, მიჯნურობა მაინც უფრო ძვირფასია, ვიდრე თავად სიცოცხლე და ფრინველის გულიც რაა ადამიანის გულთან...

ბულბულმა ფრთები გაისწორა, ჰაერში შეინავარდა და ხელახლა ფრენით გადასერა ბაღი.

სტუდენტი ისევ ბალახზე გართხმულიყო და თვალებზე ცრემლი ჯერაც არ შეშრობოდა.

ბედნიერი ყოფილიყავი, ბედნიერი!, — ჩასძახა ბულბულმა, — შენ გექნება წითელი ვარდი. მე აღმოვაცენებ მას მთვარის შუქზე ჩემი გალობით და ჩემივე სისხლით მეწამულად შევღებავ... ამის სანაცვლოდ ერთადერთს გთხოვდიჭეშმარიტ სიყვარულს, რადგან მას ფილოსოფიაზე მეტი გონი და ხელისუფალზე მეტი ძალა აქვს. მეწამულია ფრთენი ტრფობისა და მგზნებარე სახმილია მისი ტანი. ტუჩები გოლეულივით ტკბილი აქვს და სუნთქვა სურნელოვანი, ვით საკმეველი ტაძრისა.

სტუდენტმა მაღლა აიხედა და ფრინველის ჭიკჭიკს მიაყურადა. მაგრამ ვერაფერი გაიგო ბულბულის ნათქვამიდან, რადგან მხოლოდ იმის გაგება ძალუძდა, რაც წიგნებში წაეკითხა.

მუხამ გაიგო ბულბულის ნალაპარაკევი და მოიწყინა. მას ძლიერ ებრალებოდა პატარა ბულბული, რომელსაც ბუდე სწორედ მის ტოტზე ჰქონდა გაკეთებული.

მიმღერე რამე უკანასკნელად, — ჩაიდუდუნა მუხამ, — უშენოდ ხომ სრულიად მარტო დავრჩები.

ბულბულმა უკანასკნელად უმღერა მუხას და მისი ხმა ისე წკრიალებდა, თითქოს წყალი იღვრებაო პატარა ვერცხლის დოქიდან.

როცა ბულბულმა მღერა დაამთავრა, სტუდენტი ადგა, ჯიბეში ქაღალდი და კალამი მოიჩხრიკა.

-და! ამ ჩიტუნას ოსტატობა უდავოა, — წაიდუდუნა მან და პატარა ბილიკს დაუყვა, — მაგრამ გრძნობა? მეეჭვება, რომ ჰქონდეს. როგორც ყველა სხვა ხელოვანი, იგიც მარტოოდენს გარეგანს ემსახურება ყოველგვარი ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე. თავგანწირვა უცხოა მისთვის და მხოლოდ მუსიკას აღმერთებს. ისე კი მართლაც რომ მომხიბვლელი ხმა აქვს. რა სანანურია, რომ ეს ხმა უსარგებლოა და ფუჭი.

და სტუდენტი სახლში შებრუნდა, წამოწვა პატარა საწოლზე და ისევ თავის გულისსწორზე დაიწყო ოცნება. ამ ფიქრებში იყო, რომ ჩაეძინა კიდევაც.

როდესაც ცაზე ნათელი მთვარე ამოვიდა, მიფრინდა ბულბული ვარდის ბუჩქთან, ჩამოჯდა მის ტოტზე და მკერდი მის ეკალს მიაბჯინა. ასე ეკალზე მიყრდნობილი მკერდით მთელი ღამე მღეროდა ბულბული, ხოლო ზეცის თაღზე ბროლის ჭაღივით მოელვარე ცივი მთვარე გარინდებით უსმენდა მის გალობას. ეკალი ნელ-ნელა გზას იკვლევდა ფრინველის მკერდში და ბულბული თანდათან სისხლისგან იცლებოდა.

თავდავიწყებით მღეროდა პატარა ბულბული, რადგან უგალობდა ვაჟისა და ქალწულის გულში ტრფობის ალის პირველ დაგზნებას, და აი, წარმტაცი კოკორი გაიფურჩქნა ბუჩქის ტოტზე. ჰანგი ჰანგს ცვლიდა და ვარდის პაწია ფურცლები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდნენ. ჯერ მქრქალი იყო კოკორი, ვით ფთილა მდინარისპირა ნისლისა, მქრქალი, როგორც ალიონის თითები და ფითრდაკრული, ვით მისი ფრთენი. ფერმკრთალი იყო იგი,

როგორც ჩრდილი ვარდისა მოვერცხლილ სარკეში და როგორც ანარეკლი მისი, ტბის წყალზე მოლივლივე.

მაგრამ ვარდის ბუჩქმა შესძახა ბულბულს, უფრო ძლიერად მიაბჯინეო მკერდი ეკალს.

პატარა ბულბულო, კიდევ უფრო ძლიერად, — შესძახა ვარდის ბუჩქმა, — მალე ირიჟრაჟებს, ვარდი კი თეთრია.

ბულბული მკერდით უფრო მაგრად მიეყრდნო ეკალს და სიმღერა განაგრძო, თუ ვით იქცა ვაჟისა და ქალწულის გულში დაგზნებული მიჯნურობის ალი მწველ სახმილად. ჯერ მკრთალი ვარდისფერი დაედო კოკორის ფურცლებს, ვით შეიფაკლებიან პრინცის ღაწვები, ოდეს იგი სადედოფლოს ბაგეზე კოცნის. მაგრამ ეკალი ჯერ არ იყო ბულბულის გულამდე მისული, ამიტომაც კოკრის შუაგული თეთრი იყო ჯერაც. მხოლოდ ფრინველის გულის სისხლით თუ დაიფერებოდა იგი წითლად. და ვარდის ბუჩქმა მეორედ შესძახა ბულბულს, უფრო მაგრად მიბჯენოდა ეკალს.

ცოტა უფრო მაგრად, პატარა ბულბულო, — შესძახა ბუჩქმა, — მალე ირიჟრაჟებს, ვარდი კი თეთრია.

და ბულბული კიდევ უფრო ძლიერად მიაწვა ეკალს მკერდით, სანამ ეკლის წვერი მის პატარა გულს არ შეეხო. საზარელი ტკივილისაგან მცირე ხნით თვალთ დაუბნელდა. საშინელი იყო ტკივილი, მაგრამ ბულბული კიდევ უფრო ხმამაღლა და თავგანწირვით ამღერდა.

ის ახლა იმგვარ ტრფობას უმღეროდა, სიკვდილი კიდევ უფრო რომ ამშვენიერებს, მაგრამ ვერ ამთავრებს, ვერ ჰკლავს. ვარდი თანდათან მეწამულდებოდა, როგორც აღმოსავლეთის ცა მზის ამოსვლისას. მისი გვირგვინი ერთიანად სისხლისფერი გამხდარიყო, ხოლო გული ლალივით უკიაფებდა.

მაგრამ ბულბულს ხმა ჩაეხრინწა, პატარა ფრთები საბრალოდ აუცახცახდა და თვალზე ლიბრი გადაეკრა. მისი სიმღერა ნელ-ნელა უფრო და უფრო უმწეო ხდებოდა და ოდნავღა მოისმოდა. ფრინველს სუნთქვა გაუძნელდა, მაგრამ მაინც არ წყვეტდა მღერას. მთვარეს ესმოდა ბულბულის გალობა, ამიტომაც არ ჩქარობდა ჩასვლას და ცაზე ყოვნდებოდა. ახლა წითელმა ვარდმაც გაიგონა მისი ხმა და გარიჟრაჟის მაცოცხლებელ ნიავს აღტაცებით მიუშვირა მკერდი. ბულბულის ხმა ექომ შორეულ მღვიმეებამდე გაავრცელა, სადაც დაღლილ მწყემსებს ნებიერი გულისძილით ეძინათ და გამოაღვიძა ისინი. გალობამ მდინარისპირა ლერწმებამდეც მიაღწია და ლერწმებმა ზღვას უჩურჩულეს ბულბულის სევდიანი ამბავი.

ნახე, ნახე, პატარა ბულბულო, — შესძახა ვარდის ბუჩქმა, — ვარდი მზადაა.

მაგრამ ბულბულს პასუხი აღარ გაუცია. მას სული დაელია და მკვდარი ხშირ ბალახში ეგდო.

შუადღის სიცხე რომ ჩამოწვა, სტუდენტმა სარკმელი გამოაღო და გარეთ გამოიხედა.

აი, ბედიც ამას ჰქვია! — შესძახა მან, — წითელი ვარდი! ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გადამხდენია. ეს ვარდი ისეთი საუცხოოა, რომ ალბათ რაღაც გრძელი ლათინური სახელი ერქმევა.

სტუდენტი ფანჯრის რაფას გადაეყუდა და ვარდი ბუჩქს ააწყვიტა. მერე ქუდი დაიხურა და თავის ვარდიანად პროფესორის სახლისკენ გაეშურა.

პროფესორის მშვენიერი ქალიშვილი სახლის კიბეზე ჩამომჯდარიყო და თითსიტარზე ძაფს ართავდა. მის ფეხებთან პატარა ფინიას მოეკალათებინა.

თქვენ მე წითელი ვარდი მთხოვეთ, — წარმოთქვა სტუდენტმა, — ამის სანაცვლოდ კი შემპირდით, რომ ჩემთან ერთად იცეკვებდით მეჯლისზე. — აიღეთ ქვეყნად უწითლესი ვარდი, ამ საღამოს გულმკერდზე დაიბნიეთ და იგი გიამბობთ, რა ძლიერ მიყვარხართ, როცა ჩვენ ერთად ვიცეკვებთ.

ქალმა შუბლი შეიჭმუხნა.

ვწუხვარ, მაგრამ ეს ვარდი არ მოუხდება ჩემს სამეჯლისო სამოსს, — წარმოთქვა ქალმა, და რომც მოუხდეს, მე ნამდვილი თვალ-მარგალიტი მიძღვნა კამერჰერის ძმისშვილმა და მარგალიტი კი ყველა ყვავილზე ძვირფასად ითვლება.

ღმერთო ჩემო, რა უმადური ყოფილხართ, — თქვა სტუდენტმა და ვარდი გაბრაზებით მოისროლა ქუჩაში. ყვავილი არხში ჩავარდა და მასზე ეტლმა გადაიარა.

უმადური? — წამოიძახა ქალმა, — თქვენ კი დიდი გაუთლელი და უზრდელი ვინმე ბრძანებულხართ. ვინ ხართ, ბოლოს და ბოლოს... ერთი საწყალი სტუდენტი. თქვენს ფეხსაცმელებს მოვერცხლილი ზონრებიც კი არა აქვს გაყრილი, როგორსაც კამერჰერის ძმისშვილი ატარებს!

გაგულისებული ქალი სახლში შებრუნდა.

ეჰ,დიდი სისულელე კი ყოფილა ეს შენი სიყვარული! — თქვა სტუდენტმა, რომელიც უკანვე მოდიოდა, — ლოგიკის ნატამალიც არ მოიძევება მასში. ამიტომაა, რომ ყოველთვის ლამაზად გიხატავს ყველაფერს, ბევრს გპირდება და ბოლოს იმედგაცრუებულს გტოვებს. ახლა კი პრაქტიკული უნდა იყო, ისეთი დროა. ამიტომაც ყველაფერს ის აჯობებს, ფილოსოფიასა და მეტაფიზიკაში განვისწავლო კარგად. სტუდენტი თავის სახლში შევიდა. დიდი, მძიმე ტომი გამოიღო წიგნების კარადიდან, ერთიანად დამტვერილი და კითხვა დაიწყო.