Litclub.ge

*** "დაბადებიდან ეს ბედი იქავ"
დაბადებიდან ეს ბედი იქავ
ყველა არსს ბეჭდავს თავისი დაღით,
მე რომ პოეტად არ ვშობილიყავ,
დამიძახებდნენ ქურდსა და თაღლითს.

მხრებაწურული და ტანმორჩილი,
მტვრიან ქუჩაში ნამამაცები
ო, ხშირად, ხშირად გატეხილ ცხვირით
მე ვბრუნდებოდი სახლში ნაცემი.

თავზარით მჭვრეტდა დედა და ასე
სისხლიან პირით მე ვცრიდი მყისვე: —
„არაფერია! დავეცი ქვაზე,
ხვალ შეხორცდება ჭრილობა ისევ!“

ახლა განელდა იმ დღეთა ალი
და გაიარეს მწველმა ვნებებმა,
დაუდეგარი მშფოთვარე ძალი
გადმოიღვარა ჩემს პოემებად.

ყველა სტრიქონში, რაც მე თქმად ვცადე,
ბრწყინვაში ოქრო-სიტყვათა ხვავის,
აღბეჭდილია ის სიგულადე
აწყვეტილისა და შფოთისთავის.

ამაყად ვვლი და არც ვიცი დაღლა,
სიახლე ღელავს ჩემში ფარული,
თუ ადრე მცემდნენ სახეში, ახლა
სისხლიანი მაქვს ერთიან გული.

აწ დედის ნაცვლად ბრბოს ვეტყვი ასე,
ბრბოს, თავს ხარხარით რომ იხალისებს, —
„არაფერია, დავეცი ქვაზე,
ხვალ შეხორცდება ჭრილობა ისევ!“