Litclub.ge

ზამთრის მწუხრი
ქარიშხალი ტატნობს თალხავს,
ნამქრავს არეს თოვლის ფთილით,
ნადირივით ღმუის ახლა,
მერე ტირის, როგორც ჩვილი.
აშრიალებს ბულულს თივის
ჩვენს ძველ სხვენზე — განახუნებს,
ნაგვიანებ სტუმარივით
ხან სარკმელთან აკაკუნებს...
სიმწუხარე მარად სდევდა
საბრალო ქოხს ჩვენსას. მითხარ,
ეჰ, გადიავ, — ასეთ სევდით
სარკმელს რატომ მიჯდომიხარ?
ქარი ასე რომ ავქარობს,
შენს სულს დაღლა დაეფინა,
იქნებ, ჩემო მეგობარო,
ხელსაქმეზე დაგეძინა
შევსვათ, სათნო მოწმევ ჩემი
კრული სიყრმის გარდასულის,
შევსვათ, კმარა სევდით გვემა,
გახალისდეს იქნებ გული.
ამიმღერდი უთქმელ გრძნობით,
ზღვის ფრინველი როგორ ჰქროდა,
ან მიმღერე, დილაობით
ქალწულს წყალი ვით მოჰქონდა.
ქარიშხალი ტატნობს თალხავს,
ნამქრავს არეს თოვლის ფთილით,
ნადირივით ღმუის ახლა,
მერე ტირის, როგორც ჩვილი.
შევსვათ, სათნო მოწმევ ჩემი
კრული სიყრმის გარდასულის,
შევსვათ, კმარა სევდით გვემა,
გახალისდეს იქნებ გული.