Litclub.ge

მოგვი
სულით მწყურვალი დავძრწოდი ოდეს
და წინ უდაბნო გზასაყარს შლიდა,
უცხო სერაფიმს ექვსი ფრთა ჰქონდა,
რომ მომევლინა მაშინ მე ციდან.
ზმანებასავით მსუბუქი თითნი
ნაოც თვალებზე მომისვა ნელად,
ვგავდი ძუ არწივს, დამფრთხალი ვით თრთის,
როცა განვახვნე თვალნი პირველად.
შეეხო მერე ყურებს და სმენამ
იგზნო ზარები და შორი რეკვა,
ვიგზნე ცის რყევა, — ვერ იტყვის ენა,
ანგელოზთ გუნდის მთაზემოთ ფრენა,
ზღვის ბინადრებით ფსკერის დალექვა.
ველად კი ვაზის ამოსვლა ღიმით...
პირზე შემეხო მე სერაფიმი,
და ცოდვიანი ენა წარმკვეთა, —
ფუჭ მჭევრობაში ნაოსტატარი,
და ბრძენი გველის ენა მართალი
ჩამიდგა მტევნით, სისხლი რომ სწვეთდა.
კვლავ გამიწონა მკერდს ჯავარდენი
და ამომართვა გული მფეთქავი,
და მყის ნაკვერჩხლით ალადენილით
აღმეგზნო მკერდი განახეთქარი.
ქვიშას განვერთხე, ცხედარი ვითა,
ხოლო უფალმა მარქვა მე ციდან;
„ზე-ადექ, მოგვო ყოვლისმგრძნობელო,
ჰყავნ ნება ჩემი, რამეთუ იშვი,
მოიარ ხმელს თუ წყლის სამფლობელოს,
აღანთე გულნი ღვთიური სიტყვით!“
(„მოგვი“ ზემოთ დაბეჭდილი პუშკინის „წინასწარმეტყველის“ ვარიანტული თარგმანია, ოღონდ
გაცილებით თავისუფალი)