Litclub.ge

აკაკი გაწერელია
მინდა ერთი მზიანი დღე აღვადგინო ჩემს მეხსიერებაში.
1945 წლის სექტემბერი. მაჩაბლის ქუჩა.
ქალაქში თითქოს დღესასწაულია. აქ მხვდება აკაკი გაწერელია. მკლავში ხელს მკიდებს და ჩქარი ნაბიჯით მივყავარ რუსთაველისკენ.
ის ყველაზე ახალგაზრდაა იმ მწერალთა შორის, რომლებსაც ბავშვობიდან ვიცნობ. ალბათ ამის გამო, ყველაზე ყურადღებიანი.
ჩემთან სერიოზულ საუბარს არ თაკილობს. საუბარია ბლოკზე, შავთელზე, ჯალალედინ რუმიზე. მე, ცხადია, მხოლოდ ვუსმენ (ჩემი მონაწილეობა დიალოგში რამდენიმე შორისდებულით ამოიწურება) და თანდათან ვეხვე­ვი იმ მშვენიერ სამყაროში, ჩემი უფროსი მეგობარი რომ ცხოვრობს.
– ვიცი, მწერლობას აპირებ – მეუბნება ბატონი აკაკი ირონიის გარეშე – არასოდეს არ დატოვო შენს ნაწერში დაუმუშავებელი ფრაზა, არ გადადო მისი გარანდვა. მერე გაგაწამებს.
არასოდეს არ დაიწყო წერა, თუ შინაგანად მოუმზადებელი ხარ…
და კიდევ ერთი:
მხოლოდ სუფთა ქაღალდზე წერე, ქაღალდის ხარისხი ხანდახან უშუალოდ მოქმედებს ნაწერის შინაარსზე…
ქათქათა მზიანი დღეა და მე ვგრძნობ, როგორ გადმოდის ჩემს სულში თანამოსაუბრის მგზნებარება.
ვგრძნობ, რომ ის ახლა დიდი შთაგონების კარიბჭესთან დგას. ახალი გეგმებით ცხოვრობს და ალბათ მისი აჩქარებული ნაბიჯიც ამით აიხსნება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაღწიოს თავის საწერ მაგიდასთან, სადაც ათასი ფიქრი და დაკვირვება ელის მისი ხელით ხორცშესხმას.
აკაკი გაწერელია იმთავითვე ჩემი საყვარელი, სანიმუშო ლიტერატორი იყო და დღესაც, როცა მის შემოქმე­დებაზე ვფიქრობ, მე ის წარმომიდგება ყველაზე უფრო არტისტულ პიროვნებად XX საუკუნის ქართულ კრიტიკა­ში – მხატვრად, პოეტად, თავისი საქმის ბრწყინვალე ოსტატად.
ყველა მისი გამოკვლევა „სუფთა ქაღალდზეა“ დაწერილი. ის არასოდეს არ გასდევნებია გაკვალულ გზებს და მისი ფაქიზი კალამიც მხოლოდ მშობლიური მწერლობისადმი სიყვარულით თრთოდა.
ულმობელია ზოგჯერ მოპაექრეთა მიმართ, ზედმეტად მკაცრიც, პოლემიკაში ზედმეტი დროის მხარჯველიც, მაგრამ მთავარი პათოსი მისი შრომისა სიმართლე და მშვენიერებაა. მისი ცოდნა და ინტუიცია რამდენიმე მეცნიერს ეყოფოდა, ნიჭი და გემოვნება – ლიტერატურის რამდენიმე შემფასებელს და არც ერთი მათგანი არ დარჩებოდა უსახელოდ.
ძვირფასო ბატონო აკაკი! გილოცავთ დაბადების დღეს! მიიღეთ ჩემი დიდი მადლობა და სიყვარული ყველაფრისათვის, რაც თქვენში მხიბლავდა და მხიბლავს.
თქვენი სარკმელი ხმაურიან ქუჩაზე გამოდის. ღამე, როცა ქალაქი ჩუმდება, ყველაზე გვიან აქრობთ სინათლეს. ვიცი, ფიქრობთ და ამ ღამესაც ფიქრში ტეხავთ.
ვიცი, რა დიდი სინათლე დასადგურებულა თქვენს სამუშაო ოთახში.
დიდხანს, ძალიან დიდხანს ნუ ჩამქრალიყოს მისი გამამხნევებელი შუქი!