Litclub.ge

მედალი (მთარგმნელი ჭაბაშვილი კახა)
ტყისმჭრელი ვარ. ჩემი სახელი არავის არაფერს ეტყვის. ქოხი, რომელშიც დავიბადე და მალე მოვკვდები კიდეც, ტყის განაპირას დგას. როგორც ამბობენ, ტყე ზღვამდე აღწევს, რომელზედაც სხვა ხის ქოხები დალივლივებენ. თუმცა, არ ვიცი, მისი ნახვის საშუალება არ მქონია. არც ტყის მეორე მხარე მინახავს – ბავშვობაში ძმამ მაიძულა დაფიცა, რომ ტყეს ბოლო ხემდე გავჩეხდით. ძმა მოკვდა, მე კი გონებაში სხვა რამ მიტრიალებს: რაღაცას ვეძებ და მისი ძებნით არ ვიღლები. იმ მხარეს, სადაც ყოველ საღამოს მზე ჩაესვენება ხოლმე, პატარა მდინარეა და მასში ხელით ვახერხებ თევზის დაჭერას.
ტყეში მგლებიც ბლომადაა, მაგრამ ვერ მაშინებენ. ჩემს ნაჯახს არასდროს გაუცრუებია იმედი. არც წლების თვლით ვიწუხებ თავს, თუმცა, ვიცი რომ საკმაოდ მაქვს აკრეფილი. თვალებიდან ვეღარ ვიხედები. სოფელში დაკარგვის შიშით სრულებით აღარ დავდივარ. იქ ყველას ძუნწი ვგონივარ. ქოხის კარს ქვებით ვქოლავ. საღამოს მძიმე ნაბიჯების ხმა და შემდეგ კარზე კაკუნია.
ზღურბლზე უცნობია, უცნაური. მოხუცებული, მაღალი, ზოლებიან ქურთუკში შეფუთვნილი. სახეზე ნაიარევით. წლებმა, ეტყობა კი არ მოტეხეს, პირიქით ძალა შემატეს. შევატყვე, რომ ჯოხის გარეშე სიარული უჭირს. გამოველაპარაკე, მაგრამ რაზე, არ მახსოვს. შემდეგ მითხრა: - სახლი არ მაქვს და იქ მძინავს, სადაც მომიხდება.
მთელი საქსონია მაქვს შემოვლილი. მამაჩემი ხშირად ახსენებდა საქსონიას. ზოგი ინგლისსაც ეძახის. პური და თევზი მქონდა. ვახშმობისას ვმდუმდით. წვიმა შლიგინებდა. შემდეგ პირდაპირ სოხანეზე, ტყავებისაგან მოვუწყვე საწოლი. ზუსტად იმ ალაგას, სადაც ძმა მოკვდა.
დაღამდა თუ არა, დავიძინეთ.
გამთენიისას სახლიდან გამოვედით. წვიმას გადაეღო და მიწა დაფიფქულიყო. მას ჯოხი გაუვარდა და მიბრძანა მიმეწოდებინა.
- რატომ მბრძანებლობ? – ვკითხე.
- იმიტომ, - მიპასუხა, - რომ ჯერ ისევ მეფე ვარ.
გიჟად ჩავთვალე, ავიღე ჯოხი და მივაწოდე.
- დიახ, - შეცვლილი ხმით მითხრა, - სექგენების მეფე ვარ. ათასჯერ გამიმარჯვია ფიცხელ ბრძოლებში, მაგრამ ჩემი დროც დადგა, სამეფო დავკარგე. იზერნი მქვია და ოდინას გვარიდან ვარ.
- არ ვიცი ოდინა, - მივუგე, - ჩემი უფალი ქრისტეა.
თითქოს არც მისმენდა და განაგრძობდა:
- გამოძევებული დავეხეტები, მაგრამ ჯერ მაინც მეფე ვარ, რადგანაც მედალი ჩემთანაა. გინდა ნახო?
გაძვალტყავებული მუჭი გახსნა, მაგრამ იქ არაფერი იყო. 
ხელისგული ცარიელია, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ მარცხენა მუჭი მკაცრად ჰქონდა შეკრული.
მან შემხედა:
- შეგიძლია შეეხო.
შიშით შევეხე მის ხელისგულს, რაღაც ცივი ვიგრძენი და ბრწყინვალება დავინახე.
მან სწრაფად მომუჭა ხელი. ვდუმდი. ის კი მეუბნებოდა:
- ეს ოდინის მედალია. მხოლოდ ცალი მხარე აქვს. ერთადერთი რამაა, რასაც მეორე მხარე არ აქვს. სანამ ხელში მაქვს ეს მედალი, მანამ ვრჩები მეფედ.
- ოქროსია?
- არ ვიცი, ეს ოდინის მედალია, მხოლოდ ერთადერთი მხარით.
აქ კი სურვილმა შემიპყრო, მედალს დავუფლებოდი. ის ჩემი რომ გამხდარიყო, მრავალ ოქროს ვიშოვიდი და მეფე გავხდებოდი.
მაწანწალას, რომელიც დღემდე მეზიზღება, შევთავაზე:
- ქოხში ზანდუკი მაქვს, ოქროს მონეტებით პირამდე გაძეძგილი. ისინი ბრჭყვიალებენ, როგორც ცული. თუ ოდინის მედალს მომცემ, ზანდუკი შენი გახდება.
მან იუარა: არ მსურს.
- მაშინ წადი შენი გზით.
მაწანწალამ ზურგი მაქცია და თვალის დახამხამებაში ნაჯახი მოვიქნიე. წამიც არ დასჭირვებია, მკვდარი დაეცა და დაცემისას მუჭი გაეხსნა. სიკაშკაშე დავინახე, მორს ნიშანი დავადე ცულითვე. მერე მოხუცი ჯერ კიდევ ღრმა მდინარისაკენ წავათრიე. 
უკან დაბრუნებულმა მედალს დავუწყე ძებნა.
ვერ ვიპოვე. მას შემდეგ მთელი ეს წლები ვეძებ და ვეძებ.