Litclub.ge

გრიპი
სანამ დაუკრავ,
ჯერ გულდასმით უსმინე ბგერას,
სანამ სახსრებში ყრუ ტკივილად ვიგულისხმები,
და სანამ ფრჩხილებს და სურვილებს ძირში დაიჭრი,
ჯერ კიდევ შეძლებ შემაჩერო.
გადმოგილაგე მაგ დათოვლილ ხელისგულებზე
დედამიწის ყრუ წიაღები,
სიტყვები ჩემი ქვიშიანი ნაპირებიდან
დუმილის ზღვაში კუნძულებად ამოირიყა,
მე შენთან მინდა
და ამ უბრალო ორშაბათ დილით
ხალხით დაგუდულ მეტროს ვაგონში იჭრება ლირიკა.
მწიფე ჟოლოსფრად შეუღებეს ქალაქს სიზმრები,
ჩემს თმაში ბუდე გაიკეთა ზამთრის ბეღურამ
ჯერ კიდევ გუშინ ჩემი თავი თავზე მეხურა,
ახლა ასფალტზე მივაგორებ,
სტვენით მივყვები.
მუხლუხოებად დავაგზავნე ოთხსავე მხარეს ჩემი თითები –
გაუჭირდათ გზების გაკვლევა,
მეტროს სიღრმეში ჩამისაფრდა ქალაქი-გრიპი,
სასწრაფოდ უნდა გადავყლაპო მთვარის აბები.
დეკემბერია,
მომშივდა და სახლში მარტო ვარ
და ჩემს თავს, როგორც ზამთრის კონსერვს, თავი მოვხსენი –
მე ეს ქალაქი დამემართა,
ახლა მოვკვდები.
ქალაქს გრიპი აქვს,
ამ უაზრო ლექსებს სრუტუნებს,
თერმომეტრივით ამოვუდე იმის გამხელა,
რომ ვერასოდეს მომიშორებს
და ხვალ დილითაც,
მეტროს სიღრმიდან ჩვეულებრივ ამომახველებს,
შენ კი, ცოტათი მეტი იფიქრე, სანამ დაუკრავ.