Litclub.ge

აღსარება
ადამიანის სული მცემს , ღმერთო, 
ეს იმას ნიშნავს, 
გადავთიბო ჰაერი მანამ, 
სანამ კანი აბალახდება.
ადამიანის სული მცემს , ღმერთო, 
ეს იმას ნიშნავს, 
რომ ტყუილად ვაბრალებ ფუტკარს - 
თაფლი ზუზუნებს.
ადამიანის სული მცემს, ღმერთო, 
ჭრილობას, როგორც ტყის ველურ მარწყვს, 
მოვაყრი შაქარს.
ადამიანის სული მცემს, ღმერთო,
ჰაერით, 
როგორც წაბლის თაფლით
გაწებილ თითებს
ურცხვად ვილოკავ.
ადამიანის სული მცემს, ღმერთო,
სისხამზე ვწველი ღრუბლის ცურებს - 
ჩემი ირმის რძის აბაზანა.
ადამიანის სული მცემს ღმერთო
მიწას ყველივით შევატანე 
თეთრი ტაძრების ნანგრევები, 
ადამიანის სული მცემს ღმერთო
კუს დახავსებულ ბაკანს მოჰგავს
ჩემი სიმშვიდე.

ადამიანის სული მცემს ღმერთო....

სხვა დაასახლე ესკიმოსთა სამკუთხა
ქოხში
თევზის ფხისგან რომ ამიშენე, 
აჰა, ალმასის გულსაკიდი -
- ცა - ჩრდილოეთის ციალებად, 
ადამიანის სუნი მცემს , ღმერთო
სუნთქვა ფილტვებში დამითბება
სიტყვა ბაგეში დამიტკბება
თუნდ იყოს 
მჟავა ციანიდის....

ადამიანის სული მცემს, ღმერთო...