Litclub.ge

სანგარში
(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)

მოვრბივარ შენკენ და მეჩვენება რომ შენც მორბიხარ 
ჩემს შესახვედრად
რა ძალა არის ცეცხლს რომ გვიკიდებს და რომ გვადუღებს
ჩვენ ერთმანეთთან
მაგრამ უეცრად ჩვენ წინ ჯებირი აღიმართება და ვერ
ვხედავთ მერე ერთმანეთს
წინ არის თითქოს ცარცის კედელი
ცვივა და ცვივა დამსკდარი გაჯი
აქ მიწა ისე სწორად უჭრიათ აქ ნიჩბით ისე უმუშავიათ
თითქოს იდგნენ და სჭრიდნენ სტეარინს
სანგარს არ შერჩა არც ერთი ქიმი მოუგლეჯია იგი ჩვენი
მაზარის კალთებს
ო ამ საღამოს ჩემი სული ცარიელია თითქოს გაირღვა 
ჩემ წინაშე ქვესკნელი
სადაც ეცემი ეცემი ისე რომ ამ დაცემას არა აქვს ბოლო
და არც გარშემო არაფერია მოჰკიდო ხელი და მოეჭიდო
იქ რაც ცოცხლობს და იქ რაც ეცემა არის უსახო არის
მახინჯი იგი ჩემს სულში წუხილს აღვიძებს და
მე არ ვიცი საიდან და როგორ მოვიდა
ის მე მგონია შობა ცხოვრებამ ან არის რაღაც მსგავსი
ცხოვრების იგი მომავლის მომავალია
გაურანდავი დაუნერგავი და ჯერ არ არის
ჰუმანური ამაღლებული
და ჩემი სულის უსასრულო სიცარიელეს მზე არ ანათებს
რომ იმისმა სხივმა იელვოს
მაგრამ დღეს არის მხოლოდ ასე და ამ საღამოს მხოლოდ
დღეს არის და არა მუდამ
მხოლოდ დღეს არის საბედნიეროდ
ო სხვა დღეებში მე ვფიქრობ შენზე
შენ ანუგეშებ ჩემს მარტოობას და ეღობები ათიათას
საშინელებას
მე წარმოვიდგენ შენს სილამაზეს
ამ მოფუსფუსე ქვეყანაზე რომ ავამაღლო
მაგრამ უეცრად მომეჩვენება რომ ყოველივე არის ამაო
და მე არ ვიცი არაფერი შენს სილამაზეს 
ვერც გრძნობით ჩავწვდი
ვერც სიტყვით ჩავწვდი
და მე ამიტომ ამ ქვეყანაზე მშვენიერებას ამაოდ ველტვი
არსებობ ჩემო საყვარელო
თუ აღგზნებულმა ჩემმა გონებამ წარმოგიდგინა
რომ მარტოობა შეავსო ჩემი
იქნებ ბერძენთა ღვთაება ხარ შენ რომელიმე რომ შექმნეს
სულის დასამშვიდებლად
მე შენ მიყვარხარ ჩემო ღვთაებავ მე შენ მიყვარხარ
მიყვარხარ თუგინდ ჩემი ოცნების იყო ნაყოფი.