Litclub.ge

როხელეს უნაკლო საქმრო (მთარგმნელი ასიაშვილი თეა)
ამ ზამთრის მიწურულს თითქმის სასოწარკვეთილი გახლდით _ რა ხანია, ჩემი უფროსი ქალიშვილის, რახელის, ამხანაგები დათხოვილიყვნენ, დაფეხმძიმებულიყვნენ, ემშობიარათ კიდეც... და აი, ჩემმა გოგონამ მინახულა და მახარა, რომ სასურველ მამაკაცს შეხვდა, შეუყვარდა, აპრილის პირველივე კვირაში კი დაქორწინებასაც აპირებს.
ამ უეცარი ამბით “თავზარდაცემულმა” და სიხარულისაგან წაქეზებულმა, ვუსაყვედურე: 
_ ასე ნაუცბადევად ქორწინდებიან?
_ ეს არ არის ნაუცბადევი, მამა! უკვე შვიდი თვეა, ერთმანეთს ვიცნობთ.
_ შვიდი თვე? და არაფერი მიამბე!
_ ადრე, ყოველთვის, როცა გიამბობდი, არაფერი გამომდიოდა ხოლმე, შენ კი მხოლოდ გულდაწყვეტა გრჩებოდა. მერედა რა გამოვიდა იქედან, რომ გიამბობდი?! ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა _ გიყვები, როცა ყველაფერი გადაწყვეტილია!
ბავშვივით ავჩქარდი:
_ მაშ, ყველაფერი გადაწყვეტილია?
_ ყველაფერი. უკვე დარბაზიც შევუკვეთეთ... რას იტყვი? _ თან თვალებში მიმზერდა, რომ არაფერი გამოჰპარვოდა, ან ხომ არ ვსაყვედურობდი _ საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს?
_ საწინააღმდეგო? _ წამოვდექი. ისიც ჩემს წინ დადგა. გადავეხვიე, შუბლზე ვაკოცე და როგორც ჩანს, მხოლოდ მაშინ გავიაზრე ამ ყველაფრის არსი, გული სიხარულით შემიტოკდა 
_ ღმერთმა წყალობის თვალით გადმოგვხედა! რა დროს წინააღმდეგობაა! _ ესღა ვთქვი.

ახლა სახლში მარტოკა ვარ.

ტირილი მინდა. ჩემს გარდაცვლილ მეუღლეზე ვფიქრობ _ საბრალომ ჩვენი გოგონას საქორწინო ბალდახინამდე მიცილება ვერ იზეიმა... დავბორიალობ კარადებს, სავარძლებს შორის, ადგილს კი ვერ ვპოულობ. იმ წლებს ვიგონებ, როცა უშედეგოდ ვცდილობდი, როხელე სადოქტოროზე მუშაობას მომეწყვიტა _ რა არ ვიღონე, გამუდმებით ჩავჩიჩინებდი. ის კი პასუხად ხარხარებდა და აქეთ-იქეთ ფანტავდა საქმროებს... ახლა ვიხსენებ ჩვენს დიალოგებს და სასაცილოდ არ მყოფნის.
ნახევარი საათიც და ნაშუადღევს, ბრუკლინის დროით ხუთ საათზე სტაშეკს დავურეკავ. ამ დროს მაღაზიაში თავისი ვაჟი შეცვლის და ტელეფონზე საუბარს შეძლებს.
უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა, ერთად ვართ ჭირსა და ლხინში.

ომის შემდეგ ამოვედი ისრაელში, ის კი ბედის საცდელად ამერიკას გაემგზავრა. წლების მანძილზე ვცდილობდი მის გადმობირებას, რამათ-განში ეცხოვრა, სამშენებლო მაღაზიაში ჩემი კომპანიონი გამხდარიყო. თვითონ კი მთელი ეს წლები ჩემს დაყოლიებას, ბრუკლინის სამოდელო მაღაზიაში ჩემს შეამხანაგებას გეგმავდა. საბოლოოდ, მე რამათ-განში დავრჩი, ის _ ბრუკლინს დამკვიდრდა.
ორმოცდაათი წელია, ტრადიციად გვაქვს _ პირველად ერთმანეთს შევატყობინოთ ყველაფერი: ის პირველი იყო, ვინაც გაიგო ჩემი გოგონების დაბადების, მეუღლის ავადმყოფობის, უმცროსი ქალიშვილის გათხოვების, შვილიშვილის შეძენის, მატერიალური სიძნელეებისა და თავზარდამცემი ამბის, მეუღლის გარდაცვალების შესახებ. კომპანიონის აყვანა (როცა იძულებული ვიყავი, ეს გამეკეთებინა), უმცროსი ქალიშვილის განქორწინებაც მას ვამცნე პირველად. და ახლა, როხელეს ოჯახის შექმნის სიხარული მინდა გავუზიარო...
მეც პირველი ვიყავი, ვინაც შევიტყვე მისი პირველი ქორწინების, ვაჟის, მერე გოგონას დაბადების, განქორწინების, ვაჟის კატასტროფაში დაღუპვის, სამოდელო მაღაზიის ფილიალის შექმნის, მესამედ ქორწინების, ტყუპების შეძენის შესახებ...

_ რამხელა ბედნიერებაა! _ შეძახილი ყურებს მიგუბებს, მაგრამ გული მისი მხურვალე ხმებისკენ ილტვის _ ბოლოსდაბოლოს ჩვენამდეც მოაღწია დიდმა ბედნიერებამ!
_ ასეა!
_ და სასიძო ვინაა? _ მეკითხება იდიშზე. ჩვენ ერთმანეთს ჯერ კიდევ ასე ვესაუბრებით.
_ მე მხოლოდ პარასკევს გავიცნობ, ორივენი მესტუმრებიან.
_ შაბათს დაგირეკავ და ყველაფერი დაწვრილებით მიამბე.
_ კარგი.
_ შენი საქმეები როგორღაა?
_ არა უშავს.
_ ჰოდა, ძალიან კარგი! _ მისი სადღესასწაულო ტონი ყელს მიშრობს _ როხელეს გადაეცი, ყველაზე ძვირიანი დარბაზი შეუკვეთოს.
_ უკვე დაუქირავებიათ.
_ მაშ, ისღა დამრჩენია, ვთხოვო, ანგარიში ჩემზე იყოს.

აკოცე ჩემგან როხელეს... სასიძოსაც...

ხუთშაბათს, სუპერმარკეტში, დილიდან საყიდლებზე დავბორიალობდი. რაკი უარი განმიცხადა, მასზე რამე მოეყოლა და მხოლოდ ის თქვა _ “პარასკევს ნახავო”, საგონებელში ჩავვარდი _ არ ვიცოდი, რისი ყიდვა ღირდა: კოკა-კოლასი თუ ლუდისა, ტკბილისა თუ მლაშე ნამცხვრებისა, შავი ღვინისა თუ “ლიქიორისა”? ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე, ყველაფერი მეყიდა: ორივენაირი ნამცხვარი, ღვინოცა და “ლიქიორიც”, კოკა-კოლაცა და ლუდიც. ის კი არა, წამოსვლის ხანს ბევრი სხვა რამაც დავამატე _ ვაშლი, კანფეტები, თაფლის ნამცხვარი, ქაღალდის ხელსაწმენდები, საცობების გასახსნელები... 
სანამ მოვიდოდნენ, პარასკევს, ხუთ საათამდე სახლს ვაწესრიგებდი. ბოლოს სუფრაც გავშალე..
ორმოცი წუთით იგვიანებენ.
პირველივე წუთიდან უკან ვიხევ ამ კაცისაგან. ჩემი ხელი გაჭირვებით იწევს ჩამოსართმევად!..

მივაცილებ სასტუმრო ოთახის სავარძლებისაკენ და ჯერ ზურგს ვაკვირდები, მერე _ სახეს, თვალებს. ვათვალიერებ ხელებს _ ლუდს რომ ასხამენ. თითქოს არაფერია მასში დასაწუნი. პირიქით, შეიძლება ითქვას, საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობა აქვს, _ ხმაც კი. ჩემს გოგონას ავიწყდება, რომ დააგვიანა. თითქოს არ ვმჯდარიყავი მთელი ორმოცი წუთის მანძილზე შეშფოთებული და ავარიაში დაღუპულები არ მგონებოდა! ის კი, სასიძო, თავაზიანად მებოდიშება, დეტალურად მიხსნის, როგორ გაფუჭდა რადიატორის რეზინით დამაგრებული მილი, როგორ გახდა იძულებული, სადენზე სხვა მილის ქამარი მიემაგრებინა... მე თვალს არ ვაშორებ, როცა იგი მთელი სერიოზულობით აღწერს რადიატორების დავიდარაბას.
მისმა სერიოზულობამ, მომხიბვლელობამ, აი, გული მომილბო კიდეც და მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი თვალები კვლავ შეუჩერებლივ ამოწმებენ.

რა, რა არის მის სახეში, მის მოძრაობებში ისეთი, რასაც ჩემში ამოდენა მოუსვენრობა შემოაქვს?
საცაა, წავლენ. ახლაღა ვაცილებ თვალს, რადგან თითქოს თვალებმავე მიაგნეს იმ რაღაცას, რაც გონებისთვის ჯერ კიდევ უჩინარია.

მეორე დღეს, მთელი დღის უძილობის შემდეგ, როცა ბოლოსდაბოლოს მივხვდი, ვინაც გამახსენა როხელეს რჩეულმა, რეკავს ჩემი გოგონა და სიცილით მეუბნება:
_ ხომ მართალია, რომ სასიძო უნაკლო გყავს, მამიკო? შენ ამას უეჭველად აღმოაჩენდი, რადგანაც ისე უცქერდი, თითქოს თვალებში რენტგენის მოწყობილობა გქონოდა. მაინც, რას ეძებდი მასში?
სულო, ცოდვილო! მინდა, მინდა, ვუთხრა: “როხელე, როხელე, არ დაიჯერებდი, რომ მეთქვა, რასაც ვეძებდი და, გაცილებით უარესი, რაც ვიპოვე! მე მას ვიცნობ, ვიცნობ იმდენად, რომ გარწმუნებ, თვით შენც ვერ გაიცნობ, თუნდ ასი წლის მანძილზე გაუწიო ცოლობა!”
მაგრამ იმ ღამეს, როცა პირველად ვნახე და ჯერ კიდევ არ შემეძლო, იმ შოკის სიდიდე წარმომედგინა, მისგან რომ მომელოდა, მის პირისპირ ვიჯექი სავარძელში.

თვალები განუწყვეტლივ ეძებდნენ რაღაც დაფარულს, ეხებოდნენ ღაწვებს, მომხიბვლელ ყურებს, ძლიერი მხრების კუთხეებს. გამახსენდა და გადავეცი, რომ სტაშეკი მათი საქორწინო დარბაზის დაფინანსებას აპირებდა. ვუსმენდი, როგორ უხსნიდა როხელე, თუ ვინ იყო იგი ჩვენთვის: “ეს მამაჩემის ის ამერიკელი მეგობარია, რომელზეც გიყვებოდი. აი, ის, მე და ჩემს დას მოდურ ტანსაცმელებს რომ არ გვაკლებდა.” უცებ, მოეჩვენა, რომ ვერ მიახვედრა და მახსოვრობის წასახალისებლად დაამატა: “მათ ერთად გამოიარეს ომის საშინელება!”
უცნაურ გულის ჩხვლეტას, როგორც მინიშნებას, როგორც სრულიად უცნობი ადგილიდან მომავალ ბედისწერას, სტაშეკისკენ მიჰყავს ის რაღაც, რაც გულს დამიტანჯავს ჩემი მომავალი სიძის გამო.

ჯერ კიდევ არ ვიცი, რა არის “ის რაღაც”, მაგრამ რაღაც იდუმალი, ადამიანისთვის უცხო ინტუიციით ვგრძნობ, რომ ჩემი აზრთა მდინარება სწორი მიმართულებითაა...
არადა, ჩემი სასიძო მოსიყვარულე კაცი ჩანს. მიამბობს თავისი სადოქტორო ნაშრომის თემაზე, ოჯახზე: დედამისის შტო, უკვე ოთხი თაობა, ისრაელშია, მამისა კი _ ჩენსტუხოვიდანაა. მამამისს გაქცევით უშველია თავისთვის, ომის პირველივე წელს, რუსეთის სასაზღვრო მხარეში და იქ გადაუტანია შიმშილობა, სხვადასხვა ავადმყოფობა, თუმცა ის ერთადერთია, ვინც გადარჩენილა... მერე მამამისის ძმაზე აგრძელებს: იგი მოხალისედ დარჩენილა ასაკოვან მშობლებთან და ორ უმცროს დასთან ერთად. ყველანი დაღუპულან გეტოსა და საკონცენტრაციო ბანაკებში...
ყვებოდა ამ გარდაცვლილ ბიძაზე, მის კეთილშობილებაზე, დარდზე მშობლებისა და დების მიმართ... და მე თვალების კუთხეებიდან ვხედავდი, როგორ ეხებოდნენ ახალგაზრდების ხელები განუწყვეტლივ ერთმანეთს. ჩემი გოგონას თვალების ბრწყინვალება ანათებდა მთელს ოთახს და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი გული უარს ამბობდა სიხარულზე, მცოდნე ჩემი ცნობიერებისთვის ჯერ კიდევ დაფარული საშიშროებისა.
წავიდნენ.

ფიქრებში ჩავიძირე: მასზე უკეთეს სიძეზე ოცნებაც არ შემეძლო! და ბოლოს თავის დასარწმუნებლად, უკვე ხმამაღლა წარმოვთქვი: ის შეუდარებელი ახალგაზრდაა!
და აი, მთელი ღამე სავარძელში გავათენე. სასტუმრო ოთახში თითქმის ხელუხლებელი დარჩენილიყო სუფრა, როხელეს ერთი ნაჭერი ნამცხვარიც არ შეეჭამა ბოლომდე.
ვზივარ სავარძელში. მათი სტუმრობის ღამეზე ფიქრი და შორეული სახეების ამოტივტივება ერთმანეთს ენაცვლება. როგორც ფილმშია, ასევე ვხედავ კადრს კადრის შემდეგ: აი, ხაიმკე, ორი გერმანელი ჯარისკაცის პირისპირ, რომლებიც მას ყელზე უჭერენ ბაწარს. მისი ზურგი ათეულობით ადამიანის მწყობრისკენაა მიქცეული. ეს ადამიანები მდუმარედ, გაქვავებულებივით დგანან. ხაიმკე თითქოს მათ მიმართავს, _ იქნებ ემუდარება, სიცოცხლე აჩუქონ...

მისი ხელისგულები, იდაყვები მოძრაობენ, როგორც ჩიტები და, გეგონება, ფრენას ითხოვენ... ერთი გერმანელთაგანი სახეში უმიზნებს, ესვრის და მაშინვე ხევდებიან მისი ხელისგულები. ნაზი ყელი, ყელი ბავშვისა, “ბარ-მიცვამდე”1 სამი თვე რომ დარჩენია, თოკის ყულფში ტყდება... სტაშეკის იღლიის ქვეშ მოქცეული მუშტი, ვატყობ, მთელი მისი სხეულის ძალას იტევს... გერმანელების ბრძანებაზე ვასწორებ მზერას, ისევე, როგორც სხვა ასეულობით ადამიანი, ჩემი უმცროსი ძმის, ხაიმკესაკენ... დედამ მისი თავი განშორებისას მე ჩამაბარა.. ვხედავ მის გამხდარ, თოჯინასავით მოქანავე სხეულს და უზონარო ფეხსაცმელს, ფეხიდან რომ ძვრება თითქმის...

და ვხედავ ... ფელდმანს, მის კეფას. პირველ რიგში დგას. მან გადასცა გერმანელებს ხაიმკე.. მისი მხრები ფართოდ გაშლილა და თითქოს სხეულის სხვა ნაწილები აღარც უჩანს... ომის დასასრულამდე წელიწადი და შვიდი თვე რჩება, მე კი არ მასვენებს ნატვრა, მივვარდე ამ კეფას და ვთხარო, სანამ მისი სხეულიდან საბოლოოდ არ გამოვთხრი. ძილსა თუ ღვიძილში, მუშაობისას, ჭამისას, ერთი სურათი მიდგას თვალწინ: ამოგლეჯილი კეფის ხორცში თითები მიწყვია, ყურყუმალაობს ფენასა და ფენას შორის, კანზე, მყესსა და კუნთებზე, კეფის მიმართულებით, სანამ მის სხეულზე არ შევდგები...

ახლა ისვენებენ თითები და გულიც მშვიდადაა. ვუყურებ მის სხეულს, ჩემს ფერხთით _ თავი, როგორც მოკვეთილი ქათმის თავი საყასბოს დაფაზე, გდია და ფართხალებს... ნატვრა ¹3 სანგარში ხორცს ისხამს: ეს კეფა მართლაც ჩემს ფეხებთან გდია, გასრესილი, როგორც შებილწული ცომის მასა. დავყურებ გატანჯულ სახის ნაკვთებს... ჩვენ ყოველი მხრიდან შემოვრტყმივართ გარს: მე და სტაშეკი, გოტეკი და ბოშა... გარეთ უკვე დიდი ალიაქოთია _ გამთენიისას რუსები მოვიდნენ და ტყვეების დახმარებით დილიდანვე ეძებენ ბანაკში დარჩენილ გერმანელებს, მიერეკებიან სატვირთო მანქანებისკენ უკვე დატყვევებულთ. თავზე ხელები შემოუჭერიათ...

საიდანღაც სიცილი ისმის... ადამიანები, რომელთაც სიცილის უნარი შერჩენიათ, იცინიან.
სიჩუმეში ვდგავართ, ფერხთით დამხობილ კაცს დავცქერით. უკვე მკვდარია, მაგრამ იმგვარად მოხრილა, თითქოს შეწყალებას ითხოვს. ხელისგულები მუხლებქვეშ უდევს, გაპობილი თავიდან გადმომსკდარი სისხლი კი იატაკზე თაფლივით მოედინება...
ბოშა პირველი გავიდა. ჯერ ზურგზე დააფურთხა, ფეხი დაარტყა და გაშორდა. დავრჩით ჩვენ, სამნი, თავს ვადექით. შუქის ზოლმა, ღრიჭოდ დარჩენილი კარიდან რომ ატანდა, გაჭუჭყიანებული ზურგი გადაკვეთა...

გოტეკმა ჩაიმუხლა, მიცვალებულს ფეხსაცმელები და წინდები გახადა... სტაშეკმა ქამარი მოქაჩა და გვამი გვერდზე გადაბრუნდა, თან მიწურის მტვრიან იატაკზე უხმოდ დაეცა.
_ კარგი იქნება, თუ გავეცლებით! _ გამოსცრა გოტეკმა და გავიდა.
არ მჯეროდა. დაცლილი შურისძიების ჟინისაგან, რომელიც მთელი წელიწადისა და შვიდი თვის მანძილზე მწიფდებოდა, გახევებული ერთ ადგილზე ვიდეგი. თვალები მიშტერებოდნენ სისხლს, რომელიც ფელდმანის პალტოს აწყდებოდა, ლაქებად ახმებოდა და ოთახის კუთხეებს წვდებოდა. ვამჩნევდით ქალივით ნაზ ყურებს, დაშავებულსა და დამახინჯებულს.
_ კაცი მოვკალი! _ ვთქვი. 
ფეხები ლურსმნებივით დამჭედებოდა. სტაშეკი ჩემსა და მიცვალებულს შორის დადგა.

ერთი თავით მაღალი ჩემსკენ დაიხარა, ორივე ხელი ყურებზე შემომაჭდო _ თითქოს ვეებერთელა მარწუხებიაო, და მთელი ჩემი სხეული შეანჯღრია. 
_ სოლომონია, _ მითხრა ნაზი, მოსიყვარულე ხმით _ სიცოცხლე კიდევ დაგვრჩენია. რაც ნაკლები გვამი იქნება ქვეყნად, გარწმუნებ, უკეთესია!
_ გული მერევა! _ ფელდმანის შიშველ ფეხებს შევხედე.
_ ათიათასობით უდანაშაულოდ დახოცილი გვინახავს და ბპლოსდაბოლოს, აი, ისიც, ვინც სიკვდილი დაიმსახურა! აი, სულ ეს არის. მას უნდა ეზღო ხაიმკესათვის.

ხომ მართალია?!
_ ასეა! _ ვუპასუხე და მეტისმეტი დაქანცულობისაგან ავქვითინდი. პირღებინების გემო ყელში მომაწყდა, თავი დავხარე და მიწაზე ნერწყვი გადმოვანთხიე.
სტაშეკი იცდიდა, სანამ თავს ავწევდი. მანაც სახელოთი მოიწმინდა პირი, ნიკაპი და მითხრა:
_ მოდი, სანამ გავალთ, ვილოცოთ.

ღმერთს გადარჩენისა და გაძლიერებისათვის მადლობა შევწიროთ.
წუთით შეყოვნდა. მომეჩვენა, რომ მეხსიერებას ძაბავდა. სიტყვების პოვნა კი უჭირდა. თითქოს ჩემი გონებაც დაბინდულიყო... სანამ ¹3 სანგრიდან გავიდოდით, მახსოვს, როგორ მომაშორა სახიდან მარწუხებივით შემოჭერილი ხელები, მარჯვენა თვითონ მიიდო თავზე, მარცხენა მე დამაფარა და მითხრა:
_ თქვი ჩემს შემდეგ: “...და მოვაღწიეთ აქამდე”. 
ექოსავით გავიმეორე: “...და მოვაღწიეთ აქამდე”...
შემდეგ დღეებში ჯერ კიდევ ვლაპარაკობდით მომხდარზე ბანაკში. სწრაფადვე გავუგე გემო ახალ თავისუფლებას, კუჭის გაფართოების შეგრძნებასაც...

დავბორიალობდი, თვალებით ვეძებდი გოტეკსა და ბოშას. სათვალთვალო საქმიანობის შემდგომ კი ¹3 სანგარში შევიხედე; ორი დღე გასულიყო; გვამი აღარ დამხვდა: მხოლოდ ბუქსირმზიდის კვალი დასჩენოდა მიწურ, მაგრამ უკვე გასუფთავებულ იატაკს.
ერთი თვე გავიდა. მე და სტაშეკი, დაბანილნი, მაძღარნი (ჩანთაში ორიოდე პურიც გვედო), სუფთად ჩაცმულ-დახურულნი მატარებელში ავედით, მატარებელში, რომელიც გერმანიისაკენ მიექანებოდა და იქ ხელახლა შევხვდით ადამიანებს ძველი სამყაროდან. მალევე შევიტყვეთ _ ჩვენი ოჯახის წევრებიდან არავინ გადარჩენილიყო სტაშეკის ბიძაშვილისა და დეიდაჩემის ქმრის გარდა. ახლა ერთმანეთს მხოლოდ ორნი შევრჩენოდით, ყველა იმ ადამიანის შემდეგ, ვინც ოდესღაც გვიყვარდა.

ერთხელ, ქუჩაში უეცრად შევჩერდი:
_ ვინ იყო ჩვენთან ერთად, როცა ხაიმკეს გამცემი მოვკალით?
_ არ მახსოვს, _ განაგრძო გზა სტაშეკმა. ერთმანეთის გვერდიგვერდ მდუმარედ მივდიოდით. ხმა არ ამოუღია.

ბოლოს ისე, რომ სვლა არ შეუჩერებია, დაამატა _ არ მახსოვს, რომ ვინმე მოგვეკლას!
ამაზე მერე სიტყვაც აღარ დაგვიძრავს. დიდი ხანი გავიდა... მხოლოდ ერთხელ მომაგონდა ბოშა და გოტეკი, თუმცა, ვერაფრით გავიხსენე, რატომ უყვეს იგივე მათაც ფელდმანს. ის კი მახსოვს _ გამომეტყველება მათიც ისეთივე იყო, როგორიც ჩემი, მთელი თვეების მანძილზე. ბოშა ომის დამთავრებამდე გაუჩინარდა, ბანაკში მობორიალე შევნიშნეთ ფელდმანის მკვლელობის შემდეგ. მერე კი გაქრა. გოტეკს ხანდახან წავაწყდებოდით ხოლმე _ ყოველთვის სამზარეულოსთან მოყიალეს, თავის გაცვეთილ სამოსსა და გაპრიალებულ ფეხსაცმელებში.

ყვებოდნენ, რომ წასვლის წინ გამოსამშვიდობებლად გვეძებდა. ვინტერსდებოდით მისით, საერთო ნაცნობებს ვპოულობდით. ერთმა მიამბო, თითქოს პოლონეთში, თავის სოფელში დაბრუნებულიყო და ერთ თანასოფლელს მიბარებული ფულის გამო მოეკლა. სხვამ მითხრა, ფინეთში გადავიდა და ქრისტიანზე იქორწინაო... ერთხელაც, თელ-ავივში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფანჯარასთან ვიდექი. მომეჩვენა, გარეთ, ტროტუარზე იდგა და სწორედ ის ფეხსაცმელი ეცვა, ფელდმანს ¹3 სანგარში რომ გახადა... სანამ ქუჩაში გასვლა მოვასწარი, კიდეც გაქრა.
განთავისუფლების შემდგომ, პირველივე შემოდგომაზე, სხვადასხვა სენმა შემომიტია.

თითქოს ჩემმა სხეულმა ვეღარ აიტანა ამდენი წლის მანძილზე დაგროვილი ტკივილი... შიგადაშიგ მეცხადებოდა თოკების ყულფში მოქანავე ხაიმკე და მის ფერხთით გაჭიმული ფელდმანი. ორივე მიხმობდა.
_ ალბათ მალე მოვკვდები, _ ვუთხარი სტაშეკს. იგი მთელი ღამე ფხიზლობდა ჩემთან.
_ პირიქით, გადარჩენის გზას ადგახარ, _ დამაიმედა _ ჩვენ წამლები გვაქვს, საჭმელიც. ხვალ ვიმუშავებ, შენთან კი ვიღაც მოვა. ეს ამბავი უკვე მოვაგვარე.
_ არა მგონია, ვიცოცხლო, _ ვთქვი, _ ხაიმკე მეძახის!
_ ხაიმკე ორივეს მოთმინებით დაგველოდება. ახლა შენ მე გეძახი.

ჩემი ვალი გაწევს. ახლა ჩემთვის უნდა იცოცხლო.
_ მე რაღაში გჭირდები, სტაშეკ?
_ ჩემი ბავშვების ქორწილებში უნდა იცეკვო!

მილკა მეორე დღეს მოვიდა ჩემთან.
მთელი კვირა იჯდა და შუბლს მწმენდდა. დღედაღამ, როცა ზმანებათა შორის თვალს გავახელდი, ვხედავდი მის სახეს, დახრილს ჩემს თავზე და მხოლოდ დედაჩემის სახე თუ იყო მასავით მშვენიერი. 
ცხადში ქუთუთოების ქვემოდან ვუთვალთვალებდი ქალს _ ოთახში ბოლთას სცემდა. მისი ახალგაზრდა სახე ლეგენდებში აღწერილ მზეთუნახავებს მაგონებდა. ვხედავდი, როგორ დგამდა ქვაბს ოთახის კუთხეში მდგარ ღუმელზე, როგორ უსინჯავდა წვნიანს გემოს _ კმაყოფილი იერით. ხანაც, სანამ მე მომაწვდიდა, კოვზით წამალს მოსვამდა ხოლმე...

ვუცქერდი, როცა ფარდას კერავდა, მისი თითები კი ისე მოძრაობდნენ, დაფარფატებდნენ, როგორც ციცინათელები შუქის რკალში... 
_ მილკა! _ ვუთხარი მას ერთ დღეს. მისი თითების შეხებამ ჩემს განადგურებულ შუბლზე სასწაული მოახდინა, _ ვფიქრობ, ჩემი ბედი შეცვლას იწყებს, სად გიპოვა სტაშეკმა?
სიცილმა თვალები მოუჭუტა, ზედა ტუჩი დაეჭიმა, თითქოს საიდუმლოს გამხელას ერიდებოდა.
_ რატომ იცინი?
_ იმიტომ რომ მას არ ვუპოვნივარ!
_ ეს როგორ?
_ თვითონ ვიპოვე.
თითქოს მოვეშვი, მოვდუნდი. თვალები დავხუჭე.
_ ასე გულუბრყვილო რომ არ იყო, გაგახსენდებოდა. ჩვენ ხომ ადრეც შევხვედრივართ ერთმანეთს. _ მისმა ხმამ თითქოს იმ უკუნეთშიც შეაღწია, ჩემი თვალების მიღმა რომ სუფევდა. ვერაფერი ვთქვი.

მილკას გამოცანების ამოხსნა ჩემს ძალებს აღემატებოდა. _ პენია ბერეზოვსკის ოთახში _ დაარღვია ისევ დუმილი.
_ პენიას ოთახში?
_ მაშინ უკვე საკმაოდ ავადმყოფურად გამოიყურებოდი.
_ მერე, მერე?
_ მერე დავინტერესდი, თუ ვინ იყავი და სტაშეკს ვუთხარი, საჭიროების შემთხვევაში (თუ ავად გახდებოდი) ჩემთვის მოემართა.
_თვალები ფართოდ გავახილე. მინდოდა, ამ სიტყვების გაგონების შემდეგ მისი სახე დამენახა.
_ ეს როგორ გავიგო?
_ მიხვდებოდი, ასე გულუბრყვილო რომ არ იყო. _ თან ახარხარდა.
_ რომ შენ გიყვარვარ? _ წარმოვთქვი ამაყად.
_ ასე გულუბრყვილო რომ არ იყო, ამასაც მიხვდებოდი... ისრაელში წასვლა შენ გამო დავთმე.
მოვბრუნდი და თვალები დავხუჭე. მთელი ეს წლები მილკამ აქ გაატარა. ღირდა ლოდინი საიმისოდ, რომ მის ხელს შევხებოდი _ ეს სასიცოცხლო ძალებს მმატებდა! შიმშილის, სიცივისა და არაადამიანური შრომის წლები გადიოდნენ ჩემთვის ისევე, როგორც წლები, რახელის მომლოდინე იაკობისა...

ამიერიდან ხაიმკემაც მომასვენა სიზმრებში. სამი კვირის შემდეგ, რაც მილკა ჩემს ოთახში შემოსულიყო, შევატყვეთ, რომ საბოლოოდ გამოვჯანმრთელდი. იმავე ღამეს დამითანხმა ისრელში წასვლაზე. მეორე დღეს სამუშაოდან დაბრუნებულ სტაშეკს ორივენი სამზადისში დავხვდით, სტაშეკს მოწყენა მხოლოდ ერთი წუთით დაეტყო.

მილკას გამომცდელივით შეხედა, თანაც მისი თვალები ისე უცქერდნენ, თითქოს შეწყნარებას ითხოვენო. მაგრამ მილკას მისთვის არ ეცალა. _ მაგიდაზე დახვავებულ დოკუმენტებთან ფუსფუსებდა და მანაც უმალ დაიბრუნა უდარდელი იერი...

დავსხედით. გადაწყდა _ მე და მილკა პირველები ავიდოდით ისრაელში, ის შეგვპირდა, რომ თვითონაც ამოვიდოდა, მაშინ, როცა დარჩენილ სამუშაოს დაასრულებდა.
მატარებლის სადგურში ერთმანეთს გადავეხვიეთ. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამგვარ რამეზე არ ტირიან... ამაყმა გულმა არაფერი მიკარნახა მილკასადმი სტაშეკის გრძნობებზე.
გამომშვიდობებისას დავუბარე: 
_ მხოლოდ მეტრი მეტრზე რომ გაგვაჩნდეს, შენი საწოლის ადგილი ჩვენს სახლში ყოველთვის გამოიძებნება.
ამერიკაში რისთვის წავიდა, ჩემთვის არ უთქვამს. ერთხელ მილკამ თითქოს მისაყვედურა თავისი ჩვეული ფრაზით 
_ ასე გულუბრყვილო რომ არ იყო, მიხვდებოდი...
მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შევიტყვე: საქმე მასა და ერთ ამერიკელ ჯარისკაცს ეხებოდა. ეს მაშინ გავიგე, როცა სასწრაფოდ ამერიკაში გამომიძახეს, როცა საავადმყოფოში იწვა და ჩემს ნახვას ნატრობდა... გაიცინა და გადაკვრით მიმანიშნა ამერიკაში დამარხულ განძზე, რომელსაც მე და იმ ჯარისკაცს გვინაწილებდა.

ჩემთვის ცნობილ სხვა უამრავ საიდუმლოსთან ერთად ესეც დავიმარხე.
ამერიკაში სამხედრო სამსახური სტაშეკმა მალე მოიხადა. მისგან წერილი წერილს მოსდევდა. მთხოვდა ჩასვლასა და მის კომპანიონობას. გრძელ, თანაც კომენტირებულ წერილებში ყვებოდა მშვენიერ ცხოვრებაზე, ერთად რომ გველოდა: როგორ გავემგზავრებოდით კვირის ბოლოს ბაზრობებზე, დავსხდებოდით წყლის პირას სპეციალურ სკამებზე (ფრჩხილებში, წერილის მინდორში მიანიშნებდა, რომ ეს იყო დაბალი სკამი, რომელიც ქანაობს და რომლის ქსოვილიც ჰამაკივით ფაფუკია); ვეწვეოდით გასართობ მოედნებს _ და ისევ წერილის მინდორში აკონკრეტებდა _ სადაც ტრიალებს უზარმაზარი ბორბალი, რომლის წვერზეც ხალხია მოკალათებული და ჰაერში გაფრენილი ბუშტის ქვეშ ზოგიერთი ამბობს: “ამქვეყნადაც შეიძლება, თურმე, არსებობდეს სამოთხე”... ამ წერილების შემდეგ, მატყობინებდა, რომ მის ბინას მეზობელი ოთახებიც შეუერთა _ მზიანი ოთახები და ეს, ბავშვებისათვის რომ უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო, იმიტომ.
ამერიკაში ვივლიდი, რომ არა მილკა. არადა, მილკა ხომ ძალიან კარგად იცნობდა მას _ იქამდეც, სანამ ჩვენს შეხვედრას მოაწყობდა და მადლობასაც უხდიდა საჩუქრებისათვის _ ყავისა და ტკბილეულისათვის, თუმცა, ვამჩნევდი, როგორ იძაბებოდა, როცა ჩემი მეგობრის წერილებს კითხულობდა. თანაც, მუდამ დაეჭვებული გამომეტყველება ჰქონდა _ თითქოს მეტოქის შემფასებელი ყოფილიყო.
ჩემი უფროსი ქალიშვილის “ბათ-მიცვას” დღესასწაულის აღსანიშნავად სტაშეკი ამერიკიდან ჩამოვიდა.

სულ მთლად ვცახცახებდი. ჩემი გოგონები ორივე მხარეს მედგნენ თაიგულებით ხელში. აეროპორტში ველოდით. დავინახე, მიახლოვდებოდა: მაღალი, ქურთუკში გამოწყობილი, თავზე ცილინდრით. ორი ჩემოდანი მოჰქონდა. ლამის გონება დავკარგე მის მკლავებში _ თხუთმეტი წელი არ მენახა. მთელი გზა ერთმანეთის ხელები გვეჭირა, ტაქსში, როგორც სიძე-პატარძალს.

გოგონები უკან ისხდნენ და დაგვცინოდნენ. ხვდებოდნენ, როგორ გვიჭირდა ლაპარაკი და როგორ ვყლაპავდით ცრემლებს.
სახლში მივედით. მილკას გადაეხვია, ერთერთი ჩემოდანი მის ფერხით დადო და უთხრა:
_ ეს ყველაფერი შენთვისაა!
და ძალიან დიდხანს, სანამ ისინი დადა-შვილი დაკავებულნი იყვნენ ტანსაცმელების, ფეხსაცმელების, თეთრეულის, მაგიდის გადასაფარებლების, ბაფთებისა და ყელსაბამების ამოლაგებით, ჩვენ მახლობელ ოთახში ჩავიკეტეთ. ჩურჩულითა და გულიანი სიცილით ვიხსენებდით თავსგადამხდარ ამბებს. მხოლოდ, ჩენსტუხოველზე სიტყვაც არ გვითქვამს...
ღამით, მე და მილკამ ჩვენი საწოლი დავუთმეთ, სასტუმრო ოთახში რომ იდგა. ჩვენ კი ღამე გოგონების ოთახში გავატარეთ.
მეორე დღეს სტაშეკი ჩემს მაღაზიაში მივიწვიე. დიდი სიამაყით ვუჩვენებდი ერთმანეთს მიჯრილ თაროებს, ვუხსნიდი ჩემეულ კლასიფიკაციას, სახეხელას მეთოდს, რომლითაც ლურსმნებსა და ონკანებს ვუჭერდი...
_ მაღაზიაში ყველაფერი რიგზეა _ თქვა _ მაგრამ, ბინა...
_ რა, ბინა?
_ პატარაა ძალიან.
_ პატარა? _ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.
უცებ მიპასუხა:
თქვენთვის სულაც არაა პატარა, მაგრამ მე რომ ისევ ჩამოვალ, ოთახი დამჭირდება.
მომდევნო დღეები მარტო მიდიოდა სადღაც და მთელი დღით იკარგებოდა ხოლმე.

ერთ დღესაც მე და მილკა ბინების მაკლერთა ოფისში წაგვიყვანა. იქ ახალი, ფართო ბინები შემოგვთავაზეს, რომელთა სამზარეულოები და სასადილოები ჭრელი კაფელებით იყო გაწყობილი. მილკა ჩვენს შორის იჯდა და თვალები გაუბრწყინდა, როცა მაკლერმა სამზარეულოს გაუმჯობესების პროექტი წარმოგვიდგინა. ეს იყო სპეციალური მარმარილოს მოწყობილობა, რომელიც წყლის ნაკადს გაუწევდა კონტროლს. სტაშეკმაც დაიჭირა მილკას გახარებული მზერა და გაეღიმა. იმავე კვირას სტაშეკმა ჩემს ანგარიშზე ბანკში ბე შეიტანა. მერე, სპეციალურ ბლანკებსაც მოაწერა ხელი _ რომ თვეზე ადრე მოწესრიგებულიყო დოლარების ჩემს საბანკო ანგარიშზე გადმოტანა.
_ სტაშეკ _ ვუთხარი, როცა შენობიდან გამოვედით _ ფულს მაშინვე დაგიბრუნებ, როცა მექნება.
_ როცა გექნება, ბავშვებისთვის ბინა შეაკეთე.
_ მაგრამ, ძალიან ბევრი გაიღე.

ამის ასე მიღება არ შემიძლია!
_ რატომ ქმნი აქედან დიდ რამეს? ბოლოსდაბოლოს, ჩემთვის ვიყიდე ოთახი.
_ და მაინც, _ გავჯიუტდი _ არ მსიამოვნებს, შენ რომ გართმევ!
_ არ გსიამოვნებს? _ გაღიზიანდა _ შენ რომ გქონოდა, არ მომცემდი? მთელს ქვეყანაზე შენზე ახლობელი, განა, ვინმე გამაჩნია? და თანაც, მას შემდეგ, რაც ერთად გადავიტანეთ! განა, უფრო არ გამახარებს შენი ახალ სახლში ნახვა, ვიდრე უცხოელების ბანკში ჩაწოლილი რამდენიმე დოლარი?! 
ამ დღიდან რვა წელი გავიდა და ლეას, ჩემი უმცროსი გოგონას ქორწილში ისევ ჩამოვიდა. ორივე ვცეკვავდით, დიდ, სალოცავ მანტიებში გახვეულნი, ამერიკიდან რომ ჩამოიტანა. სიმთვრალისა და სიხარულისგან ერთმანეთს ვეხვეოდით, ყურებში ჩავძახოდით, ვღრიალებდით, სტუმრებს შორის ჩიტებივით დავფრიალებდით. თითქმის ოთხ ფეხზე მდგომი არსებებივით დავუყვებოდით ხოლმე დარბაზს და ადამიანებში გათქვეფილნი ბალდახინს ვაწყდებოდით. ოღონდ, ვერ ვგრძნობდით, რომ ყველაფერი თავის ადგილას იდგა და გაოცებული ხალხი დარბაზის კუთხეებიდან თვალს არ გვაშორებდა. ვერ გამოვერკვიეთ, სანამ მილკა არ ჩადგა ჩვენს შორის:
_ შეწყვიტეთ, ხალხი უკვე სიცილს იწყებს!
ხუთი წლის შემდეგ სტაშეკს გულმა შემოუტია.

მისმა ცოლმა დამირეკა და თარჯიმნის მეშვეობით მთხოვა, სასწრაფოდ გადავფრენილიყავი.

თვითმფრინავში, მთელი მგზავრობის მანძილზე, ვლოცულობდი, რომ გადარჩენილიყო... აეროპორტში მისი ცოლი _ ამერიკელი ებრაელი მელოდებოდა. ის მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობდა და, ამიტომ, ერთი ხნიერი იდიშის მცოდნე თარჯიმანი ახლდა. აღელვებულმა საავადმყოფოში წამიყვანა.
მთელი ღამე მის საწოლთან გავათენე. ვიჯექი და ღმერთს ვევედრებოდი, ვევედრებოდი მხურვალედ. არასოდეს მილოცია ამგვარად! მიკვირდა, როგორ წამოატივტივა ჩემმა დაბინდულმა მეხსირებამ ძველი, მივიწყებული ლოცვები... ღამით, უეცრად ხელზე ხელი მომიჭირა.

სახე მთლად გაჰფითრებოდა.
_ შლომია, გახსოვს მესამე სანგარი?
_ მახსოვს, რატომ მეკითხები?
_ იქ ფანჯარა არ იყო...
ჩაეძინა. გამთენიისას ისევ დაიჭირა ჩემი თითები და დაიჩურჩულა:
_ გახსოვს ის, ჩენსტუხოველი?
_ დაიძინე, _ ვუთხარი და თან საბანი დავაფარე _ მხოლოდ გესიზმრა რაღაც...

სავარძელში მჯდომს, ღამენათევს, ტელეფონის ზარი მაწყვეტინებს ფიქრს. ჯდომისაგან მთელი სხეული მტკივა. ყურმილში სტაშეკის ხმა ისმის _ ძლიერი და მტკიცე:
_ აბა, უკვე შეგვიძლია, შევსვათ სასმისი?
მე გაბზარული ხმით ვამბობ:
_ სტაშეკ, არ ვიცი...
_ რა, რა მოხდა?
_ რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს.
_ ეს რას ნიშნავს?
_ სასიძო... _ ვლუღლუღებ, ის კი, რაც ჩემთვის ცხადზე უცხადესია, ყელიდან სათქმელად გზას ვერ პოულობს.
_ რა?.. ასაკიანია? 
_ არა. ახალგაზრდაა, სიმპათიური...
_ უსაქმურია?
_ არა.

მუშაობს. სადოქტორო დაიცვა.
_ მაშ, რაშია საქმე?
_ სტაშეკ, გახსოვს განთავისუფლების დღე?
_ შეიძლება ამის დავიწყება? “მკვდრებსაც კი ახსოვთ!”
_ გახსოვს... ¹3 სანგარი?
_ ის რაღა შუაშია?
_ კაცი, რომელიც ჩვენ... _ ბრუკლინის ხაზი თითქოს წყდება, წუთით ველოდები პასუხს. მერე, ვამბობ:
_ ალო, ალო, სტაშეკ... გესმის?
უცნაური სიჩუმეა.
_ სტაშეკ! _ ვემუდარები _ რაღაც მითხარი! გესმის ჩემი?
_ აქა ვარ. _ ამბობს რაღაც უღიმღამოდ.
_ აი, ის არის...

ვფიქრობ, რომ ის იყო...
_ შენ საკმარისზე მეტს ფიქრობ! _ რაღაც საოცარი ძალაა მის ხმაში.
_ მისი ბიძა, სტაშეკ, ის მისი ბიძა იყო!
_ ვინ გითხრა? _ მისი სტაბილური ხმის მიღმა მღელვარებას ვგრძნობ.
_ ვიცოდი, რომ შენც გეშინოდა... მეც! მთელი ეს წლები მეშინოდა, რომ ერთ დღეს... ერთ დღესაც... 
_ ვინ გითხრა, რომ მისი ბიძაა? _ მისი ყვირილი უკვე ჩინებულად ნიღბავს მღელვარებას.
_ ცოტა რამ თვითონ მიამბო... მისი გვარი ჩენსტუხოვიდანაა _ ფელდმანი. ფელდმანი ჩენსტუხოვიდან, სტაშეკ! მისი სახე! ან ყური! ისე ჰგავს!
_ ყური? ყურის მიხედვით ამბობ ამგვარ რამეებს? ეს შეიძლება იყოს... ვიღაც სხვა ბოლოსდაბოლოს! ფელდმანი! ეს გვარი ხიმ ისე გავრცელებულია! მე თვითონ ოცდაათს მაინც ვიცნობ! და ისრაელში ათი ათასი იქნება! შენ იცი, რომ თუკი მსგავსებას ეძებენ...

მაშ, მე ჩემს შავ მუშას ვგავარ!..
_ ჩენსტუხოვზე რას იტყვი?
_ ჩენსტუხოვი... ჩენსტუხოვი ახლა აქაც მოდაშია. ყველა ამბობს: ჩენსტუხოვიდან ვარო.
_ სტაშეკ! _ ვამბობ კვლავ გაბზარული ხმით. _ რა ვქნათ, რა ვიღონოთ?
_ რას ჰქვია, “რა ვიღონოთ”? _ მისი ხმა ოკეანეს მქუხარედ კვეთს და ჩემს ყურებში იღვრება _ ჩვენი როხელე თხოვდება! ჩვენ ქორწილს ვმართავთ!
მომდევნო დღეები ჩემი გოგონას საქორწილო სამზადისში ილევა. ღამღამობით, კვლავ, აჩრდილები არ მასვენებენ. ისევ და ისევ ვხედავ სისხლის გველებს, ¹3 სანგრის მიწაზე გადასროლილი კაცის ყურიდან რომ მიიკლაკნებიან... დილაობით კი ჩაწითლებული თვალებით, დაბნეული, მთვარეულივით დავეხეტები ქუჩებში; ვყიდულობ ახალ ფეხსაცმელებს; ქიმწმენდას უმცროსი ქალიშვილის ქორწილისთვის ნაყიდ პიჯაკს ვაბარებ; ვიტრინებში სადღესასწაულო პერანგს ვარჩევ...

საღამოობით, ჩემს ამხანაგებს, სათითაოდ, მოკრძალებულ საქორწილო მოსაწვევებს ვურიგებ და თან, ვუბოდიშებ...
მეგობრები უცნაური, დაკვირვებული მზერით მიცქერენ, თითქოს შეძლეს ჩემი აზრების ამოკითხვა. თუმცა ერთერთი ქალბატონი მეუბნება:
_ რას გრძნობ? ბედნიერებას, არა?! კითხვა რა საჭიროა? ამას შენს თვალებში ამოიკითხავ!..
როხელე და მისი საქმრო ძალზე მოუცლელნი არიან. მე კი ეს მახარებს, რადგან მათი ნახვის მოვალეობიდან ვთავისუფლდები.
შაბათს, ქორწილამდე ორი კვირით ადრე, ჩემი გოგონა სადღესასწაულო წვეულებას მართავს და საქმროს მშობლების გასაცნობად მეპატიჟება. ტელეფონით ვუთანხმდებით ერთმანეთს _ როდის მომაკითხავს სასიძო... მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს ძალებს აღემატება. ორი საათით ადრე მანქანების სადგომი მოედნიდან ვრეკავ, ვუბოდიშებ, მისვლაზე უარს ვეუბნები _ შეუძლოდ ყოფნას ვიმიზეზებ. ვამბობ, რომ მათთვის წყენინება არ მინდოდა...

რახელი ტელეფონით კოცნას მიგზავნის. პირობას მადებინებს, რომ აუცილებლად წავალ ექიმთან. მპირდება, რომ შემინახავს დედის რეცეპტით მომზადებულ ხილის კომპოტს. ყურმილს ვკიდებ. აი, შვებით ამოსუნთქვაც ამა ჰქვია! არაფერი მინდა, სტაშეკის ნახვის გარდა. ის კი მხოლოდ ქორწილის დღეს ჩამოვა!!!
სატელეფონო საუბრისას მე და სტაშეკი შევთანხმდით, რომ აეროპორტში არ დავლოდებოდი, რომ იგი ჩემს სახლამდე ტაქსით მოვიდოდა... შორიდანვე ვიგრძენი მისი მოსვლა, იმ ძაღლივით, პატარაობიდან რომ მახსოვს.

შემოსასვლელის კარი გაიღო. მან ოთხი სართული ამოიარა. კარებში დავხვდი. ერთმანეთს გადავეხვიეთ და კარგა ხნის მანძილზე, ჩქამის გაუღებლად, შეწებებულნი ვიდექით. მან საღამომდე იძინა ოთახში, რომელსაც სიხარულით _ “ჩემი ოთახი” დაარქვა. ფრენისა და თავბრუხვევისაგან დაქანცულიყო.
საღამოს მაიძულა, კაფეში გავყოლოდი. სწორედ იქ წამიყვანა, უკანასკნელად რომ ვისხედით.

თან ნაპირისკენ მიმავალ მწვანეალმიან ნავს გავყურებდით... ის ვეღარ ვნახეთ და სხვა კაფეში მოვიკალათეთ. მის კლიენტთა უმრავლესობას მეზობელ სახლში მცხოვრები მოხუცები შეადგენდნენ. ზღვაზე ნავები არ ჩანდა. ერთმანეთს მივჩერებოდით. მე სამოცდაათი წლისა ვარ, სტაშეკი კი უკვე _ სამოცდათორმეტის. ერთად ბევრი რამ გადაგვიტანია; დღეს ჩვენ შორის მთელი ოკეანე დგას და მაინც დედამიწის ზურგზე მასზე ახლობელი არავინ მეგულება.

თვით ჩემი ცოლი, მილკა, რომლის სიყვარული მისი გარდაცვალების შემდეგაც არ გამნელებია და ჩემი გოგონები, ჩემი თვალის ჩინები _ ვერ დაიჭერენ მისთვის განკუთვნილ ადგილს ჩემში. როგორც ყველას, ვის წლებსაც ჩაუვლია, ჩვენც ძალ-ღონემ გვიმტყუნა, მაგრამ ერთმანეთს შორის ძლიერი, ძმური კავშირი არ შეგვრყევია.
_ გეძნელება მარტოობა? _ მეკითხება. 
_ მარტოობას რაღაცას ვუხერხებ... მილკას გარეშე მიჭირს...
_ ლამაზად ცხოვრობდით ერთად.

_ მეჩვენება, რომ მის ხმაში შურის მარცვალია _ ეს ისეთი რამაა, რაც ჩემთვის ძალიან უცხოა...
_ მაგრამ შენი ცოლი... _ ვბუტბუტებ.
_ ცოლები ბლომად მყავდა _ იღიმება უსიხარულოდ _ ქალები... ყოველთვის მყავდა.

იცი შენ ეს.
_ ვიცი.
_ მილკაც მიყვარდა ერთ დროს... ახლა უკვე შეიძლება ამის გამხელა... ომის შემდეგ.
ნამცხვრის ლუკმა ყელში მეჩხირება. მატყობს და იღიმება.
_ ადვილი იყო ომის შემდეგ შეყვარება... _ ამბობს.
უცებ, ვგრძნობ, უკვე რაღაც უცხო ჩადგა ჩვენ შორის და უცნაური, შიშნარევი ხმით ვამბობ
_ თხოვნა მაქვს შენთან, სტაშეკ!
_ გისმენ.
_ მინდა, ისრაელში საფლავის მიწა ერთად ვიყიდოთ...
_ მაგრამ მილკა შენი იყო პირველივე წუთიდან და, მოდი, ამისთანებზე ნუღარ იფიქრებ!
_ რას გულისხმობ? რას ვფიქრობ, როგორ გგონია?
_ მილკა მხოლოდ შენ გეკუთვნოდა, მაგრამ ლოლია და როხელე ცოტათი ჩემებიც არიან! როცა ამერიკაში მეკითხებიან, რამდენი შვილი მყავს, ვპასუხობ, ისრაელში კიდევ ორი გოგონა მყავს-მეთქი.
_ შენ ვერ გამიგე, რა გითხარი... _ არ ვიცი, რა მოვუხერხო მილკაზე თქმულ სიტყვებს...
_ გავიგონე და გავიგე...
_ ვთქვი, რომ შენ გვერდით მინდა, ვიყო დასაფლავებული. 
_ რა ლაპარაკია! _ თქვა ყრუ ჩურჩულით.

_ ხვალ როხელეს ქორწილია, შენ კი საფლავებზე ბუტბუტებ!



იმ ღამეს, პირველად ამ ბოლო დროის მანძილზე, უცებ ჩამეძინა. ფელდმანზე არ გვილაპარაკია, სანამ სულ არ დაბნელდა, თუმცა, მე განუწყვეტლივ მასზე ვფიქრობდი. სტაშეკმა ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე და სანამ დავიძინებდი, გონებაში ასჯერ მაინც ავწონ-დავწონე _ იქნებ მხოლოდ მომეჩვენა მსგავსება?! იგივე ფართო ყბა, იგივე ყური... იქნებ ტყუილად ვამსგავსებ?! ეს აზრი მომწიფდა ჩემში და ტელეფონების წიგნს ვეცი _ ვფურცლავდი, ვეძებდი... საბედნიეროდ, ფელდმანთა უამრავ სვეტს წავაწყდი. თითქმის დავმშვიდდი კიდეც _ იქნებ ისრაელში მართლაც ასი ათასი ფელდმანი ცხოვრობს... იქნებ, მართლა რაკი ვეძებ, მსგავსებასაც იმიტომ ვპოულობ?
აი, ხვალ, _ თითქოს საკუთარ თავს ვპირდები, ხვალ მეცოდინება დანამდვილებით _ სტაშეკის სახე გამიფანტავს ეჭვებს...

ქორწილის ღამეს!
და, მეორე დღეს ერთმანეთისკენ ვაცეცებთ თვალებს. თითქოს ბედისწერა ქორწინების ბეჭდებს კარგავს, მერე კი სასიძოს ავტომანქანაში (“ჯეიმს ბონდას” ჩანთასავით) აღმოჩნდება. როხელეს საქმრო თავის ხელისმომკიდესთან ერთად გაღიმებული შემოდის. ორივე გაშლილ ხელს ჰაერში იშვერს, ერთს _ ავტომობილის, მეორეს _ ბეჭდის კოლოფისაკენ. მანქანაში მსხდომი ახალგაზრდები ხარხარებენ. მათ ზემოთ კი მე და სტაშეკი ერთმანეთის თავზარდაცემულ სახეებს ვხედავთ. ჩვენი თვალები ელვარებისგან თითქოს ნაპერწკლებს ყრიან.
ქორწილი იწყება და დროსტარების მიღმა სტაშეკის თვალებში აღბეჭდილი ფელდმანის სახე ეკრანზე შენელებული კადრივითაა აღბეჭდილი.

აი, ცოცხლდება თითქოს. ¹3 სანგრის იატაკზე ორივე ფეხზე წამომართული ტანსაცმლიდან მტვერს იბერტყავს; თავს ხრის; ყურებიდან გადმომსკდარი სისხლი _ თმას, სახეს, პერანგის საყელოს, ლაბადას უსველებს... ამ საოცარი სტუმრის დამსხვრეული კიდურები ერთდებიან. გაპობილი თავის ქალაც მთელდება, გაჭუჭყიანებული კეფაც ერწყმის სხეულს, რომელიც თანდათან იბრუნებს წინდებს, ფეხსაცმელებსა და ქამარს. თანაც, ჰოი, საკვირველებავ, სასიძოს ტანისამოსში ეწყობა. ვხედავ, საკმაოდ სადა, მაგრამ ლამაზ საპატარძლო კაბაში გამოწყობილ როხელეს ეტმასნება!...
_ ეს შეუძლებელია! _ ვჩურჩულებ და თან ჩემი გოგონას თეძოებზე მოხვეულ ფელდმანის მკლავს მივშტერებივარ. ნათლად ვხედავ მის მოქანავე ხელებს.

განა, თვითონ არ მოვკალი?! ყველაფერი ხომ გოტეკის მიერ, ბოშასთან ერთად, მერე კი სტაშეკისა და ჩემი ხელშეწყობით განხორციელდა! და, განა, თითოეული თავის წილ დარტყმას არ სთავაზობდა?! განა, სამივე წრეზე არ ატრიალებდა გაშალაშინებულ სარზე დამაგრებულ მის სხეულს, სანამ მამაკაცის გაუბედურებული თავის ქალა ჩვენს ფერხთით არ დაიწყებდა ტრიალს?! ბოლოს კი საზამთროსავით არ გასკდებოდა და ერთ ადგილას გახევდებოდა?!
როგორ, როგორ მოძრაობს? ან სვლას როგორღა ახერხებს? თვალებს ვიფშვნეტ... როგორ მოხდა, რომ ზურგი ისევ სწორი აქვს, სხეული _ სავსე, კეფა _ ძლიერი?! ძრწოლისგან უკვე ჩემი თითებიც ცახცახებენ... მახსენდება შორეული, ოღონდ ძლზე ნაცნობი სურვილი, ლტოლვა: აი, ჩემი ფრჩხილები მისი კეფისკენ მიცოცავენ, აღწევენ კანის, მყესების, კუნთების, არტერიის მიღმა, აპობენ გამხმარი ტოტებივით გაძვალტყავებულ კიდურებს, ძვლებს, მიიწევენ გულისაკენ.
ყელში შხამივით ამომდის რაღაც... საპირფარეშოსკენ გავრბივარ. უნიტაზამდე ძლივს ვაღწევ... ვაღებინებ...
შორიდან ორკესტრის ხმა ისმის. 
ონკანთან ვდგავარ.

პირს ვიბან. აი, ამ დროს სარკეში სტაშეკს ვამჩნევ. მდუმარედ დგას კართან. მხრებზე მანტია წამოუსხამს. ცალ ხელში ღვინით სავსე ფუჟერები უჭირავს, მეორეში _ ბოთლი. სარკიდანვე, ჩემი შეძრწუნებული სახე მომჩერებია.
_ მითხარი რამე, სტაშეკ! _ ვლუღლუღებ.
_ რა შემიძლია, გითხრა? ღვთის თვალში სასაცილოები ვართ...
_ როგორ, სასაცილოები?
_ აი, ჩვენზე გაიცინებს... _ ბოთლსა და ფუჟერებს მაწვდის _ მე, ამასობაში, შენს სიძეს ვაკვირდებოდი.
_ მერე?
_ ის სასიამოვნო ყმაწვილია!
_ ჰოდა?..
_ და მას შენი გოგონა უყვარს.
_ მაგრამ, სისხლი...

ეს ხომ იგივე სისხლია... რა უნდა გავაწყო მის სისხლთან, სტაშეკ?.. ამ სისხლს რა მოვუხერხო?
თითქოს იდუმალებით მოცული სიტყვები წარმომეთქვას, სტაშეკი ირხევა, ფართო თვალები უვიწროვდება. მხრებში იშლება; ფუჟერებსა და ბოთლს იატაკზე ალაგებს; მთელი წუთი ზემოდან დამყურებს _ ერთი თავით მაღალი. აი, უკვე ჩემი თავი მის ხელებშია მოქცეული. თითქოს მას შემდეგ, რაც ასე პირველად ვიდექით, თითქმის ორმოცდაათ წელს არ გაევლოს... მესმის მისი ხმამაღალი მომართვა, მუდარამდე დასული:
_ რა გვესაქმება მის სისხლთან? ის სისხლი თავის კუთვნილ ადგილას მარხია...

აქ ადამიანებს ისრაელის სისხლი უჩქეფთ... შენი შვილიშვილები მილკასა და შენს სისხლს მიიღებენ... ახლა ეს გამომართვი! _ ბოთლიდან ორივე ფუჟერში ასხამს ღვინოს. ერთს მაწვდის. თან ამბობს:
_ მომავალ წელს, უფლის შეწევნით, ისევ დავბრუნდები... ახლა სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ აქამდე მოგვიყვანა. სთქვი, ჩემთან ერთად: “დიდ ხარ შენ უფალო _______”
_ აქ? _ ვანიშნებ ირგვლივ ჩამწკრივებულ უნიტაზებზე _ სალოცავად უფრო შესაფერისი ადგილის პოვნა შეიძლებოდა!
ის კი, თავზე იდებს ხელს, რომ დარწმუნდეს _ უდევს თუ არა ქუდი თავის ადგილას, ტალითს2 მაღლა წევს, ჩემს წინ სწორდება, თითქოს ფიცს მადებინებს:
_ ღმერთს უარეს ადგილებში ვუნახივართ...

სთქვი, ჩემთან ერთად, სანამ როხელესთან დავბრუნდებით.
ორივენი ტალითის ქვეშ ერთმანეთს თავებს ვადებთ და შერწყმულნი, წყნარი ხმით, ვლოცულობთ. ჩემი ხმა მოგუდულია. ის კი ჩურჩულებს: 
_ “დიდ ხარ შენ უფალო, ღმერთო ჩვენო, მეუფეო ქვეყანისა _______ !”


1 ცამეტი წლის ასაკამდე;
2 სარიტუალო სამოსი.