Litclub.ge

ქალი რომელიც მე მელოდება
ქალი რომელიც მე მელოდება, სრულყოფილია, ყოვლად უზადო,
თუმცა უზადო არ იქნებოდა სექსი რომ აკლდეს ან კაცის ვნება.

სექსი მოიცავს ყოველივეს, სხეულებს, სულებს,
აზრებს, მტკიცებებს, სისუფთავეს, შედეგს სინაზეს, 
წარმოჩინებას, ჯანმრთელობას, ამპარტავნებას,
მზერას, ბრძანებას, დედაშვილურ იდუმალებას და დედის ხსენსაც,
ყოველგვარ იმედს მოწყალებას და თანადგომას, 
მშვენიერებას, სიყვარულს ვნებას, სიამოვნებას და განცხრომას ამქვეყნად ყოველს,
ყოველ მთავრობას, მოსამართლეს, ღმერთსა და ლტოლვას, 
ამ ყოველივეს დაიტევს სქესი, როგორც საკუთარ არსის ნაწილებს და გამართლებას.

კაცი რომელსაც მე ვაღიარებ საკუთარ სქესის მშვენიერებას გრძნობს და ამჟღავნებს 
ყოველგვარი კდემის გარეშე 
ქალი, რომელსაც მე ვაღიარებ საკუთარ სქესის მშვენიერებას გრძნობს და ამჟღავნებს 
ყოველგვარი კდემის გარეშე. 

მე მსურს გავშორდე უვნებო ქალებს,
მე მინდა დავრჩე მასთან რომელიც მე მელოდება
და ცხელსისხლიან ქალებთან მხოლოდ,
ვხედავ ისინი არ უარმყოფენ და ესმით ჩემი, 
ისინი ჩემი ღირსნი არიან, იმ ქალებისთვის მე ვიქნები 
რჩეული ქმარი.

მე მათზე კარგი არ ვარ ბეწოთიც,
მზემ და ქარბუქმა მათი სახე გააუხეშა,
ქადაგის სილბო და ძლიერება დაჰყვა მათ სხეულს, 
მათ ეხერხებათ ცხენზე ჯდომა, ნიჩბების მოსმა,
ცურვა, სირბილი, ნადირობა და ორთაბრძოლა,
მშვილდისრის სროლა, უკან დახევა, წინსვლა-შეტევა და თავის დაცვა, 
მტკიცედ იცავენ თავის უფლებებს, არიან მშვიდნი, სუფთანი და თავდაჭერილნი.

მე ვექაჩები თქვენს სამოსს ჩემსკენ, თქვენსას ქალებო, 
მე აღარ მოგცემთ თქვენ წასვლის ნებას, 
მე ყოველივე კარგი მსურს თქვენთვის,
მე თქვენთვისა ვარ, თქვენ კი ხართ ჩემთვის,
და არა მხოლოდ ჩვენი სურვილით, სხვათა ნებითაც.
თქვენს ბნელ წიაღში ძინავთ მგოსნებს და დიად გმირებს,
და გააღვიძებას მათ მხოლოდღა ჩემი შეხება, სხვას
უარყოფენ.

მე ვარ, ქალებო, მე შევქმენი გზა საკუთარი,
მე ვარ სასტიკი, ენამწარე, დიდი, ჯიუტი, მაგრამ მიყვარხართ,
მე თქვენ არ გატკენთ იმაზე მეტს ვინემ გჭირდებათ,
მე ჩაგისახავთ ვაჟებს და ქალებს, ქვეყნის შესაფერთ
ნელ-ნელა მაგრამ უხეში და მტკიცე კუნთებით, და არ 
მოვუსმენ ხვეწნა-მუდარას,
ვერ მოგცილდებით ვიდრე ბოლომდე აღარ დავთესავ 
რაც ასე დიდხანს ვაგროვე ჩემში.

მე თქვენში ვაშრობ, მდინარეებს მღელვარეთ ჩემში,
თქვენში ვინახავ ათასწლეულებს,
მე თქვენში ვთესავ ჩემს საყვარელ თესლს და ამერიკის თესლს უსაყვარლესს.
ჩემი თესლიდან გაიზრდებიან ულამაზესი და ჯანსაღი ქალიშვილები, 
ხელოვანები, მუსიკოსები, და მომღერლები,
და ჩასახული ჩვილები ჩემგან ჩასახავენ თავის წილ ჩვილებს,
მე ველოდები სრულყოფილ ნაგრამს ჩემი ვნებისგან,
მე მწამს და მჯერა რომ სხვებს ისინი შეერწყმებიან ისევე კარგად
როგორც მე და თქვენ ვერწყმით ერთმანეთს,
მოვიმკი ნაყოფს, უჯანსაღესს, მათი ვნებისგან,
როგორც მე ვიმკი ახლა ნაყოფს ჩემი ვნებისას,
საყვარელ ნაგრამს ველოდები დაბადებისგან, 
სიცოცხლისაგან, სიკვდილისგან, უკვდავებისგან
ასე საყვარლად დათესილს ჩემგან...
 
მთარგმნელი: ქარდუხი ქარდა