Litclub.ge

* * * "ძმებო,რისი ლექსშაირი"

ძმებო,რისი ლექსშაირი,
,,საღმრთო საღმრთოდ'' რომ იქმნება;
შემიწირეს ამ საშაროდ
გარითმულმა ქრონიკებმა.

რუსეთუმეს გაეყრები -
შეეყრები თურქეთუმეს;
ვინ შორეულ ამერიკას
უთამაშებს თეძოდუმებს.

ხომ ღამეა,მათი ნება
დღეს დღესავით ნათელია;
უფულო და უუფლებო
სამშობლოში ქართველია.

გამოშტერდა სიბერისგან
ერთ დროს დიდზედიდი ერი;
ორღობიდან შარაგზისკენ
მიისტვენს და მიიმღერის.

ეს ევროპაც,დოხტურივით,
ან მოგვკლავს და ან გვიშველის;
დიაგნოზი რომ დაგვისვას
უნდა გვნახოს ტანშიშველი.

მოსწრებაზე არის გახდა,
რიგი დგას და რიგი ღელავს;
მგონი,,,ქართვლის დედის'' გარდა,
უკვე გაიხადა ყველამ...

გაიხადეთ,ძვირფასებო,
ასე უფრო ნამდვილი ჩანს;
ზეცა - უანგელოზებო,
წართმეული მტრისგან მიწა.

ასეა და არ სჭირდება
სათქმელს მეტი გამუქება;
რომ გავყიდეთ - ის შვილები
დაგვიბრუნეს მამლუქებად.

რისთვის გინდა(რომ დაეძებ)
ის ხანჯალი ალესილი?!.
მალე ყველას სანაგვეზე 
მოგვისვრიან ამ ლექსივით!!!


2014 წელი