Litclub.ge

მთიბელნი თიბდიან
თიბათვე…
მთიბელნი თიბდიან,
აგერა გორები, ველები…
“დასხეით, ცის პირი მშვიდია.
დააწყვით საწკეპი ცელები”.
“აბაბა!”
“ეშმაკმა დალახვროს!” -
ამინდზე წყრებოდნენ (…გულიდან…)
“მზით იფშვნიტებაო ბალახი”,
მზე სოფელს გორი-გორ უვლიდა.
“ძოღანაც გაფიცხდა სათიბი!” -
ჯავრობდა ხნიერი ბეწინა.
იქვე კი პანტის ძირ, ნათიბზე
მთვრალ გაგას ბალღივით ეძინა.
მთიბელნი თიბდნენ და ლექსობდნენ
მზე ღულის გორებზე დგებოდა.
“წინავ აქ ერისთავს ებრძოდნენ…” -
აბიკა გმირებზე ყვებოდა.
ღიღინით ქინთს ჰხდიდა მინდია
“მოდითო, დააწყვით ცელები…”
თიბათვე. მთიბელნი თიბდიან,
აგერა ნათიბი ველები.