Litclub.ge

ჟანგბადის ბალიშები

სათქმელები, ენერგიები

უიმედოდ გაბნეულა დედამიწაზე.

ის, რაც ადრე თავმოყრილი ოციოდე პოეტში იყო,

ახლა ასეულათასობით ადამიანში გადანაწილდა.

როგორ ვსდიო?

სად ვაგროვო?

ისევ როგორ გავამთლიანო?

ქინქლებივით ირევიან მელოდიებიც ჰაერში და

მათ რაღა შეკრავს?

რამდენიმე მუსიკოსი - თვითკმარი მთელი ეპოქისათვის -

აღარ არსებობს.

მუსიკოსი მილიონია,

და მხოლოდ 1 ჯოულია ენერგია თითოეულში...

და მეც უკვე ვეღარ მაძლევენ

ლექსები და სიმღერები სიცოცხლის ძალას.

თითქოს სულმუდამ არაქათი გამოცლილი მაქვს.

მკვდარივით ვწევარ,

და ვცდილობ, ღონე მოვიკრიბო რამენაირად.

ბავშვებს ვეძახი.

ვთხოვ, მომიტანონ რაღაც წიგნები.

ხელმარცხნივ დავიდე ხარანაული,

ხელმარჯვნივ კი ტრანსტრომერი,

თავქვეშ ჟადანი ამოვიდე, ვერა პავლოვა, ენცენსბერგერი... -

ცოცხლების სუნთქვა მინდა ვიგრძნო...

მინდა ყველამ ერთდროულად, მძლავრად ჩამბეროს

ამ სუსტ ფილტვებში,

პოეზიის ჭლექი რომ სჭირს,

თუ სიმსივნე...

 

თითქოს ცოტათი მოვღონიერდი.

გამთლიანდა თითქოს რაღაც...

 

მაგრამ ვერა.

გაფანტულია სათქმელები,

გაპნეულია ენერგიები...

ცოცხალმკვდარი ვწევარ, ირგვლივ

ჟანგბადისბალიშებშემოწყობილი

და მძიმედ ვსუნთქავ.