Litclub.ge

ვიცი, ღირსი ვარ
ეს მზეც მხურვალე ხსოვნას მოება,
ბინდში თანდათან შედის ტყე-ველი
და ნიავს მოაქვს, ვით საკმეველი
შენი ქართული უმანკოება.

მწუხრის გალობა ნელა ნელდება,
მშვიდ ჟრუანტელში დუმან კორდები,
შენ ჩემ ღირსებას რიდით შორდები
და უკეთესი მეიმედება.

ვიღაც იდგა და ასე ელოდა..
რა არის მართლა გული პოეტის,
ნუთუ ამ ცასთან მისთვის მოვედი,
მყვარებოდა და ისე მტკენოდა.

გადაჩვეული გზებს და ხეტიალს,
მე უაღრესი ჟინის თანადი,
ნუთუ, მზის აქეთ მისთვის გავნათდი,
რომ მემღერა და მერე მეტირა.

თუმცა რა არის ახლა სახელი,
როს უსახელოც სახელს იჩემებს,
როს გამოგონილ გრძნობებს იჩვევენ
და ბობოქრობენ დროის დახლებით.

ვინ იცის.. ალბათ ესეც ხვედრია,
ზოგი ტაძრის თუ ზოგი კარავის,
ნუთუ, ამ ქვეყნად არავინ არის,
შენს იქით მე რომ არ შემხვედრია.

შორს.. ველზე წვება წყნარი ნისლები,
ვიღაცას ვარდი ასდის ყელამდი,
ვიცი, ღირსი ვარ ქვეყნად ყველაფრის,
შენს სიყვარულს კი ვერ ვეღირსები.

და ასე კვდება ყველა ხმაური,
მიყვარხარ!.. და ჩემს დღეებს, - გადიებს,
ჩემს გაუხარელ წლებს აპატიე,
ეს ერთადერთი დანაშაული.