Litclub.ge

ორი სიშორე (სონეტი)
მე და შენ მხოლოდ გვაკავშირებს სიშორე ორი,
შენი ხორცი და შენი სული ცხრა მთის გადაღმა
ცხოვრობს და დავრჩი სიშორეს და სიშორეს შორის,
ჩარჩოში მცხოვრებ პორტრეტივით, ბედის თანახმად.

მორჩილად ვუცქერ ყოველღამე მინავლულ მთვარეს,
რომ ერთხელ მომწვდეს შენი ტკბილი მზერა პეშვებით,
ვამბობ, რომ მორჩეს ის წუთები, რაც წყალში ვყარე
შენზე ფიქრით, თუმც მეორე წუთს თავით ვეშვები.

ვყვინთავ, ვაგორებ ბედის ბორბალს კეთილი სიზმრის
ლოდინში, თორემ სიზმარგარეთ მოკვდა იმედი.
მორთავ ფერებით ჩემს ბნელ წყვდიადს, მე კი არ ვიძვრი
ადგილიდან, რომ ღვიძილისთვის არ გამიმეტო.

მერე ვიღვიძებ სიშორეს და სიშორეს შორის,
სიზმრის ნაკვალევს გულმოდგინედ შლის დილის თქორი.