Litclub.ge

ანდერძი რძის ნაცვლად
შენ არ გინახავს სხვების ტკივილი, არ გიფიქრია სხვაზე,
შენ არ გიგრძვნია ბედის ტყუილი, დაცემა უძლურ ხეთა,
და შენ არ იცი მოკლე ცხოვრება მოწყობილია ასე,
ხვალინდელ გვალვას გლოვობს გლეხკაცი მოძმის სიკვდილზე მეტად.
შენ არ გინახავს სუსტთა გმირობა, არც გმირთა თავის მოჭრა,
არ იცი, თითქოს სავსე სამყარო ცარიელია უკვე,
შენ, უწარსულოს, არ გაგიღია წარსულით სავსე უჯრა,
არავინ გმონობს და შენც შენი მხრივ გუნდრუკს არავის უკმევ.
შენ არ გისუნთქავს სავსე ოთახში მამის თამბაქოს კვამლი,
შენ არ გიგრძვნია ქალის სუნამო და ქალის მწველი მზერა,
შენ არ გქონია შიში არასდროს ეკლიან გზაზე გავლის,
რადგან ეკალი სიახლოვიდან შენ არ გინახავს ჯერაც.
შენ არ გინახავს მათხოვრის ხარჯზე მოცილებული ცოდვა,
შენ არ გქონია არც ერთი ცოდვის, არც ერთი ღმერთის რიდი,
შენ არ გსმენია სხვების სიმართლე და არც უთავო ბოდვა,
სხვის ნათრევ სხეულს შენ არ ყიდულობ, არც შენს მსუბუქ სულს ყიდი.
არაფერს ამბობ და როცა იტყვი, ხსნას ნახავ პირუტყვ ხალხში
და როგორც ყველა, უკან გაჰყვები ბრბოს ამ დინებას მალე,
არ წაწყდომიხარ ეშმას, ჰორიზონტს_ ჯოჯოხეთამდე გაშლილს,
შვილო, უფრთხილდი შენს უსპეტაკეს ჯერ არგახელილ თვალებს.